"2025 წლის ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის შავბნელი იყო, ვინაიდან დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მამა გარდამეცვალა, ერთი თვით ადრე კი სამსახურიდან გამომაგდე - კვირის პალიტრა

"2025 წლის ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის შავბნელი იყო, ვინაიდან დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მამა გარდამეცვალა, ერთი თვით ადრე კი სამსახურიდან გამომაგდეს რეჟიმის მესვეურებმა"

პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამასთან, ბატონ ზურაბ ცეცხლაძესთან, დიდი ხანია მსურდა გასაუბრება. თავადაც მრავალჯერ დაჯარიმებული გზის გადაკეტვის ბრალდებით 7 დღითაც დააპატიმრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყოველდღე რუსთაველზე დგას.

- როდესაც სახელმწიფო პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება, არსებობს მისი განმუხტვის უნიკალური საშუალება - სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ლეგიტიმურად აღიარებული არჩევნების ჩატარება. მანამდე კი უნდა გატარდეს საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული რეფორმა, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და შეიქმნას პარიტეტულ საწყისებზე; უნდა გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა. ამას კი წინ უნდა უძღოდეს სინდისის და პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება.

ქუჩის პროტესტს ალტერნატივა არა აქვს, ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, სასურველია მშვიდობიანად. პროტესტის ავანგარდში უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტური მოძრაობები და აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც მხარდაჭერილი იქნება პროევროპული პოლიტიკური პარტიებისგან. ამ ძალების გაერთიანებით უნდა შეიქმნას საერთო-სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი უხელმძღვანელებს, დაგეგმავს აქციებს, განსაზღვრავს რისკებს და აიღებს შედეგებზე პასუხისმგებლობას.

- თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად?

- უპირველესია ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნება. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, გაათავისუფლოს სინდისისა და პოლიტპატიმრები და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. შემდგომ ეტაპზე უნდა გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა პოლიტიკური წნეხისგან; პოლიცია და პროკურატურა უნდა შეიცვალოს პოლიტიკურად ნეიტრალურ პოლიციად და პროკურატურად. ეს მოიტანს პოლარიზაციის შემცირებასა და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზებას.

- მიხეილ ყაველაშვილის შეწყალება გააუმჯობესებს ზვიადის მდგომარეობის?

- ზვიადმა ამ საკითხზე გამოაქვეყნა სტატუსი მოძრაობა "დაფიონის" გვერდზე, სადაც ის მკაფიოდ აცხადებს, რომ არ საჭიროებს შეწყალებას, ვინაიდან მისი ყველა ქმედება აქციებზე სრულად ჯდება საქართველოს კონსტიტუციისა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მის წინააღმდეგ პროკურატურამ ვერ მოიტანა ვერც ერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებაც­ კი. ზვიადი ცამდე მართალია ერის, სამშობლოსა და მართლმსაჯულების წინაშე და სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, მისთვის გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანათ. სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, იქნება შეწყალება თუ საპროცესო შეთანხმება, მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება.

- როგორ ხვდებით ახალ წელს?

- ახალი წლის მოსვლა მხოლოდ იმიტომ მახარებს, რომ ძველი წელი გადის და უფრო მალე დადგება დღე, როდესაც ზვიადს საპატიმრო ვადა ამოეწურება და დაგვიბრუნდება 2027 წლის 4 აგვისტოს. 2025 წლის ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის შავბნელი იყო, ვინაიდან დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მამა გარდამეცვალა, ერთი თვით ადრე კი სამსახურიდან გამომაგდეს რეჟიმის მესვეურებმა. ყველაფრის მიუხედავად, მინდა საქართველოს მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ჩემს ერს და სამშობლოს გაერთიანება, განვითარება, "ოცნების" რეჟიმის შეცვლა, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კორუფციის აღმოფხვრა, ხარისხიანი ჯანდაცვა და მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა.

კესო ხოსიტაშვილი