„ხელის ერთი მოსმით „დაწეულ ფასს“ მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი ექნება“
მიუხედავად იმისა, რომ წლებია, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები მუდმივად მკვეთრად იზრდება, და ამაზე ლაპარაკი და მოქალაქეების წუხილიც მუდმივად ისმის, ხელისუფლებას ეს მაინცდამაინც მას შემდეგ "გაახსენდა", რაც ფინანსურ დანაშაულში ჯერ ყოფილი პრემიერი ამხილა და თავდაცვის მინისტრი დაიჭირა; მერე დააკავა უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომლის მოსყიდვა თურმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც კი შესძლებიათ(!). ქვეყანაში, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ბიუჯეტიდან იპარავენ ჯარის, საბავშვო ბაღებში კვების, სკოლების, სოციალურად დაუცველებისა და ა.შ. თანხებს, პრემიერმა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე ქვეყანაში პროდუქტის ფასები ევროპულზე ძვირი ყოფილა და საკითხის შესწავლა... სუს-ს დაავალა. ვესაუბრებით ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას:
- ფასები ნამდვილად გაძვირებულია და არა მარტო სურსათის, არამედ უძრავი ქონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, გართობა-დასვენების და ა.შ. ცხადია, საჭიროა მოქმედება და საუბარი ნამდვილად დასაწყებია, შემდეგ კი უკვე გამოსავლის გზებია მოსაძიებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს ეს ყველაფერი.
- ახლა რატომ გააქტიურდა ეს საკითხი, პრობლემა ხომ ახალი არ არის? დუმს ეროვნული ბანკი, არადა, ინფლაციაზე რეაგირება მისი მოვალეობაა.
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, გააკონტროლოს საშუალო ფასები და საშუალო ინფლაცია ახლოს იყოს სამიზნე ნიშნულთან. კონკრეტულად სურსათზე ფასების სიძვირე ინფლაციის ცალკეული კომპონენტია, სადაც ფასნამატი ძალიან მაღალია. წინა წლებშიც ასე იყო, წლეულსაც ასეა, თუმცა გასაშუალოებული ინფლაცია, ერთი შეხედვით, ზომიერია და სამიზნე ნიშნულთან ახლოსაა. ამიტომ სებ-ის ხელთაც ბევრი ინსტრუმენტი არ არის, ფიზიკურად არ შეუძლია სურსათის ან თუნდაც უძრავი ქონების ფასების მართვა, მაქსიმუმ, საშუალო ინფლაცია მართოს მეტ-ნაკლებად. განსაკუთრებით, როცა ფასების ზრდას ხშირად განაპირობებს არა, ვთქვათ, ყიდვა-გაყიდვის პროცესში ფასნამატის პრობლემა, არამედ ფასნამატის დადება ცალკეული მოთამაშეების მიერ. სებ-ს არ შეუძლია უთხრას სუპერმარკეტს, არ გააკეთოს, მაგალითად, 50%-ზე მეტი ფასნამატი. სებ-ს შეუძლია მონეტარული პოლიტიკით მართვა, ადამიანებმა მეტი სესხი აიღონ თუ ნაკლები, ამ ფულით მერე ნაკლებად გააქტიურდება ეკონომიკა თუ მეტად. ერთი სიტყვით,
ეროვნულ ბანკს ფიზიკურად არ გააჩნია *რამე ინსტრუმენტი, ფასების დაწევა მოსთხოვოს, პირობითად, დისტრიბუტორთა ასოციაციას ან სავაჭრო ქსელს.
ამგვარი ინსტრუმენტი არც არავის აქვს, კანონდარღვევით თუ არ იდება საფასო პოლიტიკის ოლიგოპოლიური გარიგება. ამას უკვე სამართალდამცავი უწყებები უნდა აკონტროლებდნენ. დასადგენია კონკრეტულად არსებობს თუ არა ოლიგოპოლიური შეთანხმება. თუ არადა, ჩემს მაღაზიაში საქონელი რომ შემომაქვს, მინდა 50%-იან ფასნამატს დავადებ, მინდა 5%-იანს ან სულაც თვითღირებულებით გავყიდი. გლეხი თავის მოსავალს რომ ყიდის, რა ფასადაც გაუვა და მყიდველი რა ფასშიც დაჰყვება, იმ ფასად ყიდის. საბაზრო პროცესში გამყიდველი ყიდის, მყიდველი ყიდულობს და თუ ორივე მხარე კმაყოფილია, ან თუნდაც უკმაყოფილო იყოს, მაგრამ მზად არის ამ ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა, მაშინ ეს ოპერაცია შედგება და აქ არავითარი კანონდარღვევა არ არის.
მაღალი ფასი პრობლემაა, მაგრამ ავტომატურად ეს კანონდარღვევას არ ნიშნავს.
- მაგრამ თუ ყველა ქსელურ მაღაზიაში ფასი ერთნაირია, თავისუფალი ბაზარი რანაირად არის? აქ ხომ გარიგებაა საეჭვო?
- ერთნაირი ფასები ამ შემთხვევაში კი არის მინიშნება, რომ შეიძლება ერთნაირი ფასები ჰქონდეთ ბაზარზე შესვლის, მაგალითად, სავაჭრო ქსელებს, მაგრამ სხვა კომპონენტებიც არის. შეიძლება X მაღაზიამ დაინახოს, რომ მაღაზიაში ამ საქონელზე ფასი არის ამხელა და თუ მომხმარებელი მზად არის ითანამშრომლოს, რატომ დააგდებს X მაღაზია ფასს მეორე მაღაზიაზე მეტად?
- მარტივად: ბევრს გავყიდი, თუ ცოტას დავაკლებ და მეტ მოგებას ვნახავ.
- ბაზარზე "მეტის გაყიდვა" პირობითი ცნებაა. გაყიდვები მნიშვნელოვნად რომ გაზარდო მხოლოდ ფასდაკლებით, მთელი ბაზრის კონკურენციაში უნდა შეხვიდე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია - ერთ პროდუქტზე ფასის დაწევას მაშინვე სხვა პროდუქტზე საპასუხო ფასდაკლება მოჰყვება კონკურენტების მხრიდან. შენ თუ კარაქზე დააკლებ ფასს, სხვა მაღაზიამ შეიძლება შოკოლადზე გააკეთოს ფასდაკლება და ეს ჯაჭვური რეაქცია არასდროს დასრულდება, საბოლოოდ კი ყველა პროდუქტზე ფასს მაინც ვერ შეამცირებ. მაღაზიებში პროდუქციის ძირითადი ასორტიმენტი თითქმის იდენტურია, მაგრამ მომხმარებლის არჩევანს ყველაზე მოთხოვნადი 30-40 პროდუქტი განსაზღვრავს. რომელზეც მოდის გაყიდვების უდიდესი წილი: პური, ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, სხვა პირველადი მოხმარების საქონელი, ხოლო ნაკლებად პოპულარული, სპეციფიკური პროდუქტების ფასი მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს. ამ 30-40 პროდუქტის ფასები ყველგან მაღალია, რადგან მომხმარებელი მზად არის გადაიხადოს ეს თანხა. თუ მომხმარებელი აღარ იქნება მზად ამ ფასის გადასახდელად, ბაზარი ბუნებრივად დაარეგულირებს ფასებს კლებისკენ.
რაც შეეხება ფასნამატის შეთანხმებულად დაწესებას, თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ვარაუდი არ კმარა, რომ ვინმეს ფასის დაწევა მოსთხოვო.
მაღაზია ფასს ნებით არ შეამცირებს, თუ სამართლებრივად არ დადგინდა, რომ ადგილი აქვს ოლიგოპოლიურ შეთანხმებას ან ფასების ხელოვნურ ზრდას. ფასების შემცირება შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კვლევა დაადგენს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე მაღაზიებს შორის არსებობს გარიგება, მაგალითად, კარაქზე ერთნაირი 50%-იანი ფასნამატი, რაც შეთანხმებულ პოლიტიკას წარმოადგენს. ასეთ დროს კონკურენციის სააგენტოს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია სამართლებრივად მოითხოვოს ფასის კორექტირება.
შეიძლება გვქონდეს ფასების არაადეკვატურობის ლეგიტიმური განცდა, მაგრამ სანამ ამას სამართლებრივად არ დაადასტურებს კონკურენციის სააგენტო, პირადი შეფასების საფუძველზე ფასს არავინ დასწევს.
- რას შვრებოდა კონკურენციის სააგენტო, რომლის მოვალეობაა ოლიგოპოლიური შეთანხმებების გამოვლენა? არადა, ფასების ზრდასა და ოლიგოპოლიურ შეთანხმებებზე ლაპარაკი სულ არის.
- კონკურენციის სააგენტოს პირდაპირი ვალდებულებაა ბაზარზე შესაძლო არაკონკურენტული პრაქტიკების კვლევა, თუმცა ინსტიტუციურად ის მცირე ზომის უწყებაა და თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი მუშაობს უშუალოდ კვლევაზე. ბაზარზე პროდუქციის დიდი მრავალფეროვნებაა, მათ შორის ათეულობითაა ყველაზე მოთხოვნადი, ანალიზს განსაკუთრებით რესურსტევადს ხდის ადამიანურად და ფინანსურადაც. ხშირად კვლევა ვერც შემოიფარგლება შეგროვებული მონაცემებით, რადგან ფასის ხელოვნური ზრდა ზოგჯერ მომწოდებლის დონეზე იწყება. დოკუმენტებში შესაძლოა პროდუქტის შესყიდვის ღირებულება ხელოვნურად გაზრდილი იყოს, რის გამოც საბოლოო ფასნამატი ერთი შეხედვით მცირე ჩანს, რეალურად კი გაცილებით მაღალია. ასეთი სქემების გამოვლენას გრძელი და რთული ანალიტიკური პროცესი სჭირდება: დოკუმენტაციის მოძიება, გადამოწმება და ანალიზი, რაც შესაძლოა თვეები გაგრძელდეს, ამ დროში კი ბაზარზე სურათი უკვე შეცვლილი იყოს და კვლევის შედეგიც დაგვიანებული, ან ნაკლებად რელევანტური აღმოჩნდეს.
დაჯარიმებაც არ არის გამოსავალი - კომპანიები დანაკარგის კომპენსირებას მაინც მომხმარებლის ხარჯზე ცდილობენ, სხვა პროდუქტების გაძვირებით.
სურსათის ბაზარი დღეს, განსაკუთრებით თბილისში, კონსოლიდირებულია და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ქსელი დომინირებს. ამიტომ უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დარღვევებზე რეაგირება, არამედ კონკურენციის წახალისება - ახალი მოთამაშეების შემოსვლის, მცირე და საშუალო ქსელების გაძლიერებისა და ბაზრის დივერსიფიკაციის მხარდაჭერა.
მხოლოდ განცხადება, რომ "ფასები მაღალია", არაფერს ცვლის. ფასს კონკურენცია ამცირებს და არა მოწოდებები.
- რა შეიძლება გაკეთდეს და სუს-ისთვის ამ საკითხის გამოძიების დავალება რამდენად რელევანტურია?
- არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი ფასების დაკლება სუპერმარკეტებში სუს-ის გავლით. ტექნიკურად ასეთი ჩარევა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის სწორი გზა. მიზანს უნდა მივაღწიოთ ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკით, კონკურენციის გაძლიერებითა და ინსტიტუციური მექანიზმებით, და არა არაფორმალური ან არაეკონომიკური ჩარევით.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ფასების ზედა ზღვრის დაწესებას კონკრეტულ პროდუქტებზე, ეს არა მხოლოდ დროებით და არასტაბილურ შედეგს მოიტანს, არამედ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს როგორც საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე ბაზრის ბუნებრივ დინამიკას. დღეს დაწესებული ფასი ხვალ შეიძლება სრულიად არაადეკვატური გახდეს, ხოლო სხვადასხვა პროდუქტზე ხელოვნური ფასების "დევნა" სახელმწიფოს ფუნქცია არც არის და ვერც იმუშავებს.
ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ისიც, რომ რეგიონული კრიზისების გამო საქართველოში გაიზარდა ფინანსური ნაკადები - ფულად გზავნილებში, ტურიზმსა და ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენილი უცხოელი მომხმარებლების აქტივობაში. ეს ქმნის მსყიდველუნარიან მოთხოვნას, რომელიც ფასებს მაღალ ნიშნულზე აჩერებს ან ზრდის კიდეც და არა მხოლოდ სურსათზე. როდესაც ეკონომიკა ზედმეტად ხდება დამოკიდებული გარე ფინანსურ ნაკადებსა და იმპორტზე, ფასების ზრდა ან მათი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება ბუნებრივი შედეგია.
- სასურსათო პროდუქტის ადგილზე წარმოების პრობლემაზეც მუდმივად არის ლაპარაკი, რაც აქამდე ვერ გადაიჭრა და რომც გადაიჭრას, მოაგვარებს ფასების პრობლემას? ადგილზე წარმოებულიც ისევე ძვირია, როგორც იმპორტირებული.
- აქაც არ არის მარტივად საქმე, რომ ადგილობრივი უფრო იაფი უნდა ღირდეს. ხშირად ვიყენებთ იმპორტირებულ ნედლეულს ან შუალედურ პროდუქციას ჩვენი პროდუქტის წარმოებისთვის. იაფადაც რომ აწარმოებდნენ, გაყიდვის ობიექტები ამატებენ ისეთ ფასნამატს, რომელიც ქართულს და უცხოურს, ფაქტობრივად, აბათილებს და არ აძლევენ შესაძლებლობას ადგილობრივ მწარმოებლებს, შეღავათიანი ფასებით გაყიდონ საქონელი.
- ითქვა ისიც, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს პირველადი მოხმარების პროდუქცია.
- კარგი, დღეს გავათავისუფლეთ და დავუშვათ, 20% ნაკლები გადაიხადეთ, ხვალ თუ არა ზეგ ამ 20%-ს ისევ დაუმატებს იმ პროდუქციას და მერე უკვე ბერკეტიც აღარ რჩება. სურსათზე გადასახადების გაუქმებით გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო დაკარგავს როგორც შემოსავლებს, ისე რეგულირების ბერკეტებს.
- დაიწევს ფასები?
- ეს კვლავაც დამოკიდებულია ადეკვატური საკანონმდებლო რეგულაციების შექმნაზე და არა იმაზე, რომ მაგალითად, კიტრი 2 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს. სახელმწიფოს საქმე არ არის კონკრეტული ფასის დადგენა. ფასის რეგულირება პრობლემურია მხოლოდ მარჟის შეზღუდვითაც, რადგან იმპორტირებულ პროდუქტებზე შესყიდვის ღირებულება ზოგჯერ დოკუმენტურად ხელოვნურადაა გაზრდილი. დაჯარიმება ან ერთჯერადი საგადასახადო შეღავათიც გრძელვადიანი გამოსავალი ვერ იქნება, უკიდურეს შემთხვევაში კი მსხვილი მოთამაშის გაკოტრებამ შეიძლება ბაზარი შეამჭიდროოს და კონკურენცია, პირიქით, შეამციროს.
ფასების წნეხის შესამცირებლად საუკეთესო გზა ცხოვრების საშუალო დონის ზრდაა. დღეს მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი სურსათზე იხარჯება და ფასებიც ყველაზე სწრაფად სწორედ ამ კატეგორიაში იზრდება. შედეგად, ზოგადი ინფლაცია შესაძლოა დაბალი ჩანდეს, მაგრამ მოქალაქეებისთვის რეალური ინფლაცია გაცილებით მძიმეა, რადგან ძირითადი ხარჯი ყველაზე მაღალი ფასნამატის პროდუქტისთვის უწევთ. რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ქსელის დომინირება პრობლემას ამწვავებს. ხელის ერთი მოსმით "დაწეულ ფასს" მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი ექნება. რეალური ცვლილებისთვის საჭიროა კვლევა, სიღრმისეული ანალიზი და ისეთი ეკონომიკური გარემოს შექმნა, სადაც არა ადმინისტრაციული ჩარევა, არამედ კონკურენცია განსაზღვრავს ფასს.
რუსა მაჩაიძე