„იმედია, მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიცაა ჩვენი ქვეყანა“ - კვირის პალიტრა

„იმედია, მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიცაა ჩვენი ქვეყანა“

"ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი­ მიყვარს­ ძალიან, განსაკუთრებით თაობა,­ რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში­ მაგარ ცხოვრებას ააშენებენ", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ რადიო­ "პალი­ტრასა" და "პალიტრანიუსის" ეთერში­ განა­ცხადა. რას მიიჩნევს წარმატებული ბიზნესის­ საიდუმლოდ, როგორი სამომავლო­ გეგმები­ აქვს, რა ახარებს და რაზე სწყდება გული - ამ და სხვა თემებზე­ თემურ ჭყონიამ გადაცემა„"საქმის" საახალწლო ეთერში ისაუბრა.

- ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ საზოგადოებაში, ყველამ იცის, ვინ არის თემურ ჭყონია. ბევრი ცნობილი ბრენდი არსებობს, მაგრამ შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, ვინ არის მწარმოებელი. დღეს "კოკა-კოლა" უფრო პოპულარულია თუ თემურ ჭყონია?

- რთული კითხვაა, არ ვარ მზად პასუხის გასაცემად... ბევრი შეხვედრები მაქვს, არასდროს ვერიდები ურთიერთობებს,­ დაცვა არ მყავს, ამიტომ ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს,­ რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენ­ებენ. იმედი მაქვს, ჯანზე ვიქნები და მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიც­ არის ჩვენი ქვეყანა. გახსნილი ვარ, ჩემთვის ზღუდე, ბარიერები ადამიანებთან არ არსებობს.

- დაცვა რატომ არ გყავთ?

- დაცვა არც მყოლია არასოდეს. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვარ. ვისგან და რისგან უნდა ვიყო დაცული?!

- წელი რომ შევაჯამოთ: ძალიან ბევრი­ გამოწვევა იყო, დაწყებული საპროტესტო აქციე­ბით, მოქალაქეებისა თუ პოლიტიკოსების დაპატიმრებით, დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობებით... ბიზნესმა­ როგორ გადაიტანა ეს წელი?

- საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს­ ისეთი რთული პერიოდი აქვთ გამოვლილი, არამარტო დამოუკიდებელ საქართველოში, იმ საქართველოში, რომელიც გაცილებით მეტად იყო დამოკიდებული იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად, გავლენების ქვეშ იყო... ისეთი სკოლა აქვთ გამოვლილი, დღევანდელი სიტუაცია შეიძლება თამაშადაც მოეჩვენოთ. ეს ხუმრობით, რეალურად რომ შევხედოთ, მე ოპტიმისტურად ვცხოვრობ და უკვე გასული წელი ჩემთვის საინტერესო აღარ არის. მთავარია, ის დამთავრდეს ისეთად, როგორც იყო და მომავალი წელი დავიწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ეს არის ჩემი სურვილი, ვიდრე ის, რომ განვლილ წელზე ვიწუწუნოთ. 2025 წლის რაღაც მომენტები - უსამართლობა, ქიშპობა, სიძულვილი, ჩასაფრება, კრიტიკა ყველაფრის მიმართ დარჩეს ამ წელში. მოდი, ასე ვისურვოთ და მომავალი წელი დავიწყოთ მხოლოდ კარგით. რა თქმა უნდა, შეუძლებელია­ ყველაფრის გაიდეალიზება, მაგრამ ხომ შესაძლებელია, აგრესიამ დაიწიოს და სხვანაირად შევხედოთ... თუ ამჩნევთ, ძალიან სწრაფად გადის­ დრო და ამ სისწრაფეში, ამ სიტუაციაში ვკარგავთ ერთმანეთის პატივისცემას, სიხარულს, სიყვარულს, შვილებს...…

- რა არის მთავარი, რაც გვასუსტებს?

- არასწორი ანალიზი და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა…- ემპათია გვაქვს დაკარგული. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ვინმეს რამე ვაპატიოთ. ხშირ შემთხვევაში, ვფიქრობ, ერთი სული გვაქვს, ვიღაც დავიჭიროთ და გავანადგუროთ, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რაც ყველაზე ცუდია.

- გული რაზე გწყდებათ?

- ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ულამაზესი, ულამაზესი ხალხით... ნორმალურ პირობებში ბევრ პოლიტიკოსს შევხვედრივარ ტელევიზიების გარეშე, რომლებიც სრულიად ნორმალურები ყოფილან, ხანდახან მიკვირს ხოლმე, როგორ შეიძლება ადამიანი აქ ასეთი კარგი იყოს და იქ რადიკალურად განსხვავებული. არ ვიცი, რა მომენტში თამაშობენ­ - აქ კეთილს თუ იქ ბოროტებას, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ითამაშებენ იმ ნაწილს, რაც ჩვენ მოგვწონს და სადაც კეთილები არიან. მართალი ცხოვრებაც არ არის მარტივი, მაგრამ არც ისე რთულია. სულ რომ შენი თავი მიუძღვნა და მთელი ცხოვრება ცდილობდე, სარგებლის მისაღებად რაღაცას მოერგო, ეს კატასტროფაა.­ ხშირად ადამიანები კარიერას მორგებით იწყებენ, ვიდრე ცოდნით და შრომით... ერგებიან კიდეც და ამასობაში ისეთ მაგარ მსახიობებად ყალიბდებიან, რომ ასეთი ფასადური სახის შექმნა ბევრ ცნობილ მსახიობს გაუკვირდება.

- ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს შევხვედრივარო, ამბობდით... მოგვიყევით, როგორ დაგეხმარათ ედუარდ შევარდნაძე საქართველოში "მაკდონალდსი" შემოგეყვანათ...

- ედუარდ შევარდნაძესთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. წარმოუდგენლად დიდი დონის პოლიტიკოსი იყო და ამას მარტო მე არ ვამბობ. ამას ამბობდნენ ის პოლიტიკოსე­ბი, ელიტა, რომლებიც ერკვე­ვიან პოლიტიკაში იმ ფორმულებით და დიპლომატიით, რითიც ქვეყნები იმართება. არსებობენ­ ადამიანები, რომლებიც შევარდნაძეს უშუქობასთან აიგივებენ. ამ დონემდე თუ დავიყვანთ, ეს სხვა თემაა, მაგრამ გლობალურად რომ შევაფასოთ, ის წარმოუდგენლად დიდი პოლიტიკოსი იყო. ეს ჩემი შეხედულებაა.

ერთ შემთხვევას მოგიყვებით. შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, შეხვედრა ჰქონდა მოწვეულ სტუმრებთან, მათ შორის იყვნენ მისი ყოფილი თანამშრომლები, თანამებრ­ძოლები და ის ადამიანები, რომლებიც­ მასთან ერთად კომუნისტურ სისტემას ქმნიდნენ. შევარდნაძე რომ დაინახეს, რატო­მღაც ყველას ეგონა, რომ კომუნისტური სისტემა­ ბრუნდებოდა, მათ შორის მეც გული გამისკდა, ამდენი ყოფილი პარტიული მუშაკი რომ დავინახე. ამ შეხვედრაზე შევარ­დნაძე გამოვიდა და თქვა არაჩვეულებრივი ტექსტი, რომელიც დამამახსოვრდა. ჯერ აღწერა­ თავისი კარიერა, რომ იყო კომკავშირის პირველი მდივანი, ქალაქკომის მდივანი, ცეკას მდივანი, მინისტრი პოლიციის, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, პოლიტბიუროს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი... და აი, კომუნისტურ სისტემაში რა პრივილეგიებიც არსებობდა, ყველაფერი ნანახი მაქვს და გეუბნებით, არ ვარგოდა, დაივიწყეთო... ამან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

რაც შეეხება იმას, თუ რა კავშირი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს "მაკდონალდსთან" - გადავწყვიტეთ, "კოკა-კოლასთან" რადგან­ ვართ, "მაკდონალდსიც" უნდა გვქონდეს. "კოკა-კოლას" ვთხოვეთ, რომ ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში "მაკდონალდსის" ინვესტიციებს წყვეტდნენ, შეხვედრა გვინდოდა და დაგვინიშნეს შეხვედრა ჩიკაგოში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ კანტალუპოსთან. გზაშიც დიდი ისტორიები­ გადაგვხდა - ბარგი დავკარგეთ, ხუთი ზომით დიდი ტანსაცმლით მივედით, მოკლედ, ბევრი პრობლემა შეგვექმნა,­ თავისი კურიოზებით. შეხვედრის დროს ჯიმ კანტალუპომ მითხრა, რომ ერთ-ერთი პირობა, რითიც ბრენდის ფრენჩაიზის უფლებას მოგვცემდა, ლეგენდარულ შევარდნაძესთან მისი შეხვედრა იყო. ეს ის პერიოდია, როცა შევარდნაძეც და ყველაც, ყოველი კარის გაღებაზე ინვესტორს ელოდებოდა. მაშინ მე ძალიან შევიცხადე ეს ამბავი, ვუთხარი, რომ ეს რთული საკითხი იყო, თუმცა დავპირდი, რომ ამ შეხვედრისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. ჩამოვედი, შევხვდი ედუარდ შევარდნაძეს და ეს პირობა გავაცანი. მან მაშინვე მიპასუხა, რომ თანახმა იყო - ჩამოვიდეს ინვესტორი და შევხვდებიო. მოკლედ, შეხვედრა მალევე შედგა და შევარდნაძის ქარიზმით, იუმორითა­ და არაჩვეულებრივი მიღებით მოხდა ეს ფაქტი. ძალიან დიდი როლი აქვს ედუარდ შევარდნაძეს "მაკდონალდსის" საქართველოში შემოყვანაში.

- სხვადასხვა დროს სულ იყო მოარული­ ხმები, რომ თემურ ჭყონია პოლიტიკაში მოდის, მათ შორის ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროსაც, სადაც მერობის კანდიდატად მოიაზრებოდით. არასოდეს გიფიქრიათ ამაზე?

- არასოდეს მიფიქრია, მაგრამ უამრავი­ წინადადება მქონდა. ბევრი თანამდებობაც შემოუთავაზებიათ, თუმცა არასოდეს მიზიდავდა ეს, რადგან, პირველ რიგში, ჩემ თავზე­ არ მქონია ასეთი წარმოდგენა.­ მეორე რიგში, თემებს, რომელსაც ვაკეთებ, გაცილებით საინტერესოდ ვხედავ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და პარლამენტში შესვლით მომიწევდა ამ ყველაფერზე უარის თქმა. მესამე და უმთავრესი, ჩემი მეუღლისთვის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, პირობა მაქვს მიცემული, რომ პოლიტიკას არ გავეკარები.

- თუმცა ხშირად გეკითხებიან­ აზრს პოლიტიკურ თემებზე და ანგარიშსაც უწევენ თქვენს მოსაზრებას...

- კი, მაგრამ ბოლომდე არა. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება მართალს ვამბობდე, მისმენენ, მაგრამ არ მიჯერებენ.

- ძალიან კარგად გამოიყურებით, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ?

- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, მაგრამ მარტო კუნთები არ უნდა ავარჯიშო, ტვინის ვარჯიშიც საჭიროა. ჯანიანი ძლიერია, რადგან მხოლოდ კუნთებს ამუშავებს და ტვინიც რომ ამუშაოს, ბალანსი დაცული იქნება.

- ადრე თქვით, რომ არ გიყვართ სიტყვა "აკრძალულია". არის რაიმე, რასაც საკუთარ თავს უკრძალავთ?

- არ მიყვარს წარწერები "აკრძალულია" და "სასტიკად აკრძალულია". არ მესმის, რა განსხვავებაა? ანუ რა გამოდის, სადაც წერია, რომ აკრძალულია, შესვლა შეგიძლია და სადაც წერია, რომ სასტიკად აკრძალულია, არ შეიძლება?! ახლა კიდევ ახალი თემა წამოვიდა - ამბობენ, ქრთამზე­ იმიტომ დაიჭირეს, რომ წითელი ხაზი გადაკვეთაო. თურმე ქრთამი ფერადი ხაზებით ყოფილა განსაზღვრული +- ლურჯზე­ ამდენის აღება შეგიძლია, მწვანეზე - ამდენის­ და წითელი არ უნდა გადაკვეთო... ანუ წითელ ხაზამდე აღება შეგიძლია და თუ გადაკვეთე, ნიშნავს, რომ მექრთამეც აღარ ხარ, მასაც აჯობე. იუმორით შევხედე ამ ამბავს.

- არის რაიმე, რაც დღესაც ბავშვივით გახარებთ?

- დიახ. ვერაფრით შევეგუე "კოკა-კოლას" ახალ წარწერას. ვერ აღვიქვამ, ისეთივე ემოცია აქვს, როგორც დასაწყისში...

- რატომ, "ზილები" რომ გადაღებეთ წითლად, მაგის მერე?

- "ზილები"... კარგი თემა გაიხსენე, ახალგაზრდებს ხშირად ვუყვები ხოლმე. ეს "ზილები" ხაკისფერი იყო და მაშინ ისეთი კარგი შესაღები საშუალებებიც არ გვქონდა, როგორც დღეს. უხეში ფუნჯით ვღებავდით, რომელიც მალე შრებოდა და იძულებული ვიყავით ნავთში დაგვესველებინა და შემდეგ ისევ საღებავში. მოკლედ, გადავღებეთ და უცხოელები რომ ჩამოვიდნენ და ნახეს ეს ხაკისფერი "ზილები", თვალზე ცრემლი მოადგათ. მე ვიფიქრე, რომ შევეცოდეთ, თურმე ძალიან მოეწონათ... მიხარია, განათებული თბილისის რეკლამებს რომ დავინახავ, ჩემს ბავშვობაში ფილმებში რაც მქონდა ნანახი, რეალურ საქართველოში ვხედავ. ვერ ვეგუები ამას, იმდენად მიხარია, რომ ჩემთვის სხვა ემოციას ტოვებს...

- რა არის მთავარი წარმატებისთვის?

- ხშირად ამბობენ, რომ საჭიროა ცოდნა, განათლება. მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორი დისციპლინით, დაჟინებული ქცევით შეიძლება ცოდნაც გადაფარო. ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება ჟინით, დისციპლინით უფრო მეტს მიაღწიო. საუკეთესო ვარიანტია, როცა ჟინიც და ცოდნაც თანაბრად გაქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ჟინი და დისციპლინა არის წარმატების საწინდარი.

- იღბლის გჯერათ?

- რა თქმა უნდა, იღბალი მთავარია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. მე მაგალითად, რაც ვარ, არის იღბლის შედეგი... ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ ანგელოზი ყველას უკაკუნებს კარზე, მთავარია, ამ დროს არ იყო მთვრალი და არ გეძინოს, რომ გაუღოო. ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შანსი, მაგრამ ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევს. მე ამისი ძალიან მჯერა, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდის დაგვიკაკუნებს ანგელოზი და არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან.

- ყველაზე არარეალისტური ამბავი, რაც თქვენს თავზე მოგისმენიათ...

- არაფერი განსაკუთრებული არ მომისმენია. ბევრი ცუდი თქმულა, ჩემი მეუღლე კითხულობს ხოლმე და მეუბნება, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ვისთვისაც მე ვცხოვრობ და ვისაც მე ვიცნობ, მათ იციან, ვინც ვარ. ვისაც აინტერეს­ებს რეალური თემურ ჭყონია, მოვიდნენ და მნახონ.

- ახალი წლის სასწაულების გჯერათ? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვთ?

- "კოკა-კოლას" წლევანდელი სლოგანია "სანტა უნდა ჰყავდეს ყველას". ეს არის არაჩვეულებრივი ტექსტი, რომ ყველას უნდა ჰყავდეს სანტა ან თვითონ უნდა იყოს ვინმეს სანტა.

- თქვენ ხართ ბევრის სანტა?

- ვცდილობ. ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო შექმნეს და ვინც ბიზნესის ფილოსოფია დააფუძნა, ყველას წვალებით აქვს მოტანილი თავი კონკრეტულ დრომდე და მერე უკვე იწყებენ იმ სიკეთის გაცემას, რაც თავად მიიღეს ცხოვრებისგან ან ადამიანებისგან. ამიტომ უნდა გესმოდეს მეორე ადამიანის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რას უსურვებთ ქართველ ხალხს, ჩვენს მაყურებელს, საკუთარ თავს?

- ხშირად ამბობენ, რომ როდესაც უნდათ რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის დაწყება, ახალი ფურცლიდან დაწყებაზე თანხმდებიან. შეიძლება ქართველ ხალხსაც შესთავაზოს მთავრობამ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება და ვისურვებდი, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან მომავალი წელი!

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ: bpn.ge., palitranews.ge (გადაცემა "საქმე")