ომი ახალ წელს - კვირის პალიტრა

ომი ახალ წელს

ახალი წელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განსაკუთრებული ზეიმის დღეა, რადგან ადამიანებს სჯერათ, რომ მომავალი წელი გასულზე უკეთესი იქნება. მაგრამ, როდესაც ახალი წლის ღამეს ქვეყანა ომით ხვდება, მაშინ უკეთესი მომავლის იმედი ნაკლებად რჩება.

შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი საქართველოც ახალ 1993 წელს სწორედ გახურებული აფხაზეთის ომით შეხვდა, ხოლო მანამდე, 1992 წლის პირველი დღის "ზეიმი" ფოიერვერკებით კი არა, ნამდვილი რაკეტებისა და მანათობელი ტყვიების ზუზუნ-წივილით "აღვნიშნეთ" თბილისის ცენტრში სამარცხვინო სამოქალაქო ომის დაწყებისას.

არც მას შემდეგ მოგვკლებია ომები: 1998 წლის მაისში გალში, 2004 წლის ცხინვალის და 2008 წლის აგვისტოს ომები, მაგრამ ისინი ახალ წლამდე მთავრდებოდა. სამაგიეროდ, ჩვენზე ბევრად ტრაგიკული ბედი ერგო ასევე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ უკრაინას, რომელიც 2026 წელს, დიდი ალბათობით, ისევ ომით შეხვდება.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინა 2023-2024 და 2025 წლების პირველ დღეებს ომით შეხვდა, როდესაც აგრესორი რუსეთი, თვით ახალი წლის ღამესაც კი, არ წყვეტდა ცეცხლს არათუ ფრონტის ხაზზე, არამედ აგრძელებდა უკრაინული ქალაქების მასირებულ Lდაბომბვებს.

თუმცა, უკრაინა 2015 წლის პირველი დღიდან მოყოლებული უკვე ათჯერ შეხვდა ახალი წლის ღამეს ომში, რადგან რუსეთმა შენიღბული ომი მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულიდან წამოიწყო, როდესაც "მწვანე კაცუნების" დესანტით ჯერ ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები "ააფეთქა" ადგილობრივი პრორუსი შეიარაღებული სეპარატისტების გამოყენებით.

შეხვდება თუ არა ახალ 2026 წელს უკრაინა ისევ ომში, თუ ახალი წლის დღეებში მაინც ჩამოვარდება დროებითი ზავი ფრონტის ხაზზე და აღარც რუსული "გერანები" და "ისკანდერები" შეუტევენ უკრაინულ ქალაქებს? ამის ბოლო შანსი 28 დეკემბერს იქნება, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპს ესტუმრება, ამ უკანასკნელის აგარაკზე, ფლორიდაში. ნახევრად ოფიციალურ გარემოში ზელენსკი ტრამპს, სავარაუდოდ, შემდეგს შესთავაზებს: უკრაინა მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს კვლავ მოითხოვს, რაზეც უკრაინელი ხალხის თანხმობა იქნება აუცილებელი.

ზელენსკის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარებას პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები ახლავს თან, ამიტომ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მინიმალური აუცილებლობაა.

გასაგებია, რომ ზელენსკი თავს იზღვევს, როგორც პოლიტიკური ფიგურა, და არ აპირებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება დონბასში არაოკუპირებული ტერიტორიების აგრესორი რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარების თაობაზე, რასაც უკრაინის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას მოღალატეობრივ ნაბიჯად შეუფასებს. თუმცა ისიც ნათელია, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის პასუხი ერთპიროვნული იქნება - არავითარი ტერიტორიული დათმობა აგრესორ რუსეთს!

ამას კრემლშიც აცნობიერებენ და პრეზიდენტი პუტინი აკონკრეტებს, უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ უკრაინის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ასევე თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეცო.

ადვილი მისახვედრია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების და რუსეთის ხელისუფლების გაკონტროლებულ ასეთ "რეფერენდუმს" რა შედეგი ექნება, იმის გათვალისწინებით, რომ კრემლმა ოც მილიონამდე უკრაინის მოქალაქის მიერ რეფერენდუმზე მიცემული ხმა თავად უნდა დათვალოს. ცალკე პრობლემაა უკრაინის მოთხოვნა, რომ ამ რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, რასაც მოსკოვში კატეგორიულად არ ეთანხმებიან და მოითხოვენ ამ ვადის მინიმუმამდე შემცირებას, იმ მოტივით, რომ უკრაინის არმია ისარგებლებს ამ დროებითი პაუზით, გადაჯგუფდება, მოასწრებს თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას და უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს შეტევაზე გადასულ რუსეთის არმიას.

"კვირის პალიტრის" ეს, 2025 წლის ბოლო ნომერი უკვე გამოსული იქნება, როდესაც ტრამპი-ზელენსკის ამ წლის ბოლო შეხვედრა გაიმართება და ამიტომაც შეგვიძლია მხოლოდ ფრთხილად ვივარაუდოთ - სამწუხაროდ, ამ ახალ, 2026 წელსაც უკრაინა ისევ ომში შეხვდება, რადგან ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებების დადებითი შედეგის (რაც, თავის მხრივ, ასევე ნაკლებად წარმოსადგენია, რადგან ტრამპი ეცდება დიდი ზეწოლა მოახდინოს ზელენსკიზე, რომ დაიყოლიოს დონბასის უბრძოლველად ჩასაბარებლად რუსი ოკუპანტებისთვის) შემთხვევაშიც, პუტინი მაინც არ დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები ფლობენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის ხაზის უმეტეს მონაკვეთში და ორთვიანი ზავი მათ ამ მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას გააცამტვერებდა.