ვინ შეაჩერა აგვისტოს ომში თბილისზე რუსეთის გამოლაშქრება
აგვისტოს ომის დროს რუსული ჯავშანსატანკო კოლონები მზად იყვნენ თბილისს შემოსეოდნენ, მაგრამ კრემლი მაშინ სწორედ თეთრმა სახლმა შეაჩერა...
აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდაა გადახლართული საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან თავდახსნილი და დამოუკიდებლად ცხოვრების მსურველი იმ საქართველოსა თუ უკრაინისთვის, რომლებმაც „მფარველად“ აშშ მიიჩნიეს.…შეიძლება პარალელის გავლება აგვისტოსა და უკრაინის ომებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არც საბრძოლო მოქმედებების მასშტაბით და მით უმეტეს, არც ხანგრძლივობით, ისინი ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან, მათ მაინც აერთიანებთ ერთი მთავარი - ორივე შემთხვევაში აგრესორად იქცა რუსეთი და ორივე შემთხვევაში აშშ და ევროპა მეტ-ნაკლებად ჩართული იყვნენ პუტინის რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის შესაჩერებლად.
აგვისტოს ომი რომ თავიდან აგვერიდებინა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთი მძიმე შეცდომა დაუშვა, რამაც კრემლს აგრესიის საშუალება მისცა.
აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უმცროსის პოლიტიკური გუნდის ნაწილი აფრთხილებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ არ წამოგებოდა რუსულ ხრიკებს და არ დაბრალებოდა სამხედრო ესკალაციის წამოწყება, რაზეც მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის სასწრაფოდ ჩამოფრენა თბილისში, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე და საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება.აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების ნაწილი ცდილობდა საქართველოსთვის თავიდან აეცილება რუსეთთან ომი, თუმცა იმის ეჭვიც არის, რომ აშშ-ის ხელისუფლების სხვა ნაწილში, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის გუნდში, საპირისპიროდ ფიქრობდნენ და აინტერესებდათ, გაბედავდა თუ არა პუტინი ტანკებით შემოჭრას საქართველოში და რამდენად გაღრმავდებოდა ჩეჩნეთის ომებზე უფრო დიდი მასშტაბის ეს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც უნდა გამოჩენილიყო რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგია და რუსული არმიის მოქმედების ტაქტიკა, რაშიც საქართველოს შესაძლებელია „საცდელი კურდღლის“ როლი რგებოდა.
ამ ომამდე საქართველოში ძალიან ბევრს მიაჩნდა, რომ რუსული „ჟანგიანი“ ტანკები თურმე პრობლემა არ იყო. თუკი პუტინის "ჩამოძენძილი"“ არმია გაბედავდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრას, მას კუდით ქვას ასროლინებდნენ - არწმუნებდა მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ზოგიერთი მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არმიასაც სწორედ ის „დაჟანგული“ ტანკები ჰყავდა და თანაც იმავე რუსი სამხედროების დანატოვარი. გარდა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ თუკი პუტინის ტანკები მართლაც შემოიჭრებოდნენ საქართველოში, აშშ ავიამზიდებს გამოგზავნიდა შავ ზღვაში, "პეტრიოტებს"“ ჩამოგვიტანდა ქართული ცის დასაცავად, ხოლო "აბრამსებით"“ამერიკელი ტანკისტები ბრძოლებში ჩაერთვებოდნენ.
მოსახლეობაში ამ მოსაზრების განმტკიცებაზე შეგნებულად თუ უნებლიეთ მუშაობდა მაშინდელი ხელისუფლების პროპაგანდაც და უდიდეს გულისაცრუებად იქცა ის ფაქტი, რომ არათუ "პეტრიოტები", უბრალო „"სტინგერებიც"“ არ გამოუგზავნია პენტაგონს ქართული ცის რუსული ბომბდამშენებისგან დასაცავად. რით შეეძლო აგვისტოს ომის დროს საქართველოს დახმარება აშშ-ს და რით არ დაგვეხმარა ან დაგვეხმარა?
ის, რომ ამერიკელი ჯარისკაცი რუს ოკუპანტს ქართულ მიწაზე პირისპირ შეებრძოლებოდა, უდიდესი თავის მოტყუება იყო. ასეთი დიდი იმედის წინასწარ შექმნაში დამნაშავე ამერიკული მხარე ყველაზე ნაკლებადაა და მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომში ამერიკა ქართულ არმიას სერიოზული იარაღის მიწოდებით არ დახმარებია, სწორედ ამერიკამ შეძლო პუტინის ტანკების თბილისზე იერიშის დაწყების შეჩერება. კულუარული პოლიტიკური აქტიურობის შედეგად, სწორედ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის კატეგორიული პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რომ პუტინმა აღარ მოინდომა ან სულაც ვერ გაბედა თბილისზე იერიშის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია, რისი დავიწყებაც აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების წინაშე უმადურობა იქნებოდა.
გასაგებია, როგორ მოიქცა ამერიკის პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს, მაგრამ როგორ იქცევა იმავე ამერიკის პრეზიდენტი დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით?
ჯერ კიდევ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკური სისუსტე გამოამჟღავნა და აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს "გადატვირთვის"“ დაწყება შესთავაზა, რამაც კრემლს ხელ-ფეხი გაუხსნა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციისთვის.
ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას პუტინის რუსეთი კი დაესხა თავს უკრაინას, თუმცა უკრაინის დამცველების გმირობისა და ამერიკული და ევროპული სამხედრო დახმარების წყალობით, ვერ შეძლო ბლიცკრიგით უკრაინის დედაქალაქის აღება, რის შემდეგაც მრავალწლიანი ომის ჭაობში ჩაეფლო. და აი, 2025 წლის დამდეგიდან აშშ-ის სათავეში დაბრუნდა დონალდ ტრამპი და კარდინალურად შეიცვალა აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში - ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა უანგარო სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასებით ყიდის ევროპელებზე იმ შეიარაღებას, რომელიც შემდეგ უკრაინის ფრონტზე ხვდება. პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაიძახოდა, რომ შეეძლო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ერთი სატელეფონო ზარითაც კი, თუმცა მისი მეორე პრეზიდენტობიდან პირველი წელიც მიიწურა, მაგრამ ამას დღემდე ვერ მიაღწია... და ვერც მიაღწევს, რადგან ამ მორიგი „ომის შეჩერება“ უკრაინის ინტერესების ხარჯზე სურს, რაც არასწორი მიდგომაა ნებისმიერი მომრიგებლისთვის. პრეზიდენტ ტრამპის "თაფლაკვერისა და მათრახის"“ პრინციპით პოლიტიკური ქმედებები ისედაც უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას დამატებით უზარმაზარ პრობლემად დააწვა - ერთი მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები შეუჩერებლივ უტევენ ფრონტზე და მეორე მხრივ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკური ზეწოლაა ოფიციალურ კიევზე იმისთვის, რომ უკრაინა თითქმის კაპიტულაციაზე წავიდეს და რუსეთს უბრძოლველად დაუთმოს დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ტერიტორია.
იმის გათვალისწინებით, თუ დღეს რას აკეთებს ტრამპი უკრაინის საზიანოდ, ნამდვილად არ არის გასაკრიტიკებელი, თუ რა გააკეთა მისმა წინამორბედმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა საქართველოსთვის 17 წლის წინ, როდესაც პოლიტიკური ნებით შეაჩერებინა პუტინს რუსული ტანკების დაძვრა თბილისისკენ.