შობა მსოფლიო ომში - ამბავი, რომელიც 111 წლის წინ მოხდა, მაგრამ არავის დავიწყებია
შეიძლება ქვემოთ მოთხრობილი ამბავი დაუჯერებელი იყოს, მაგრამ სწორედაც რომ დაუჯერებელი სიმართლეა.ომში ხშირია კითხვები: რამდენი დაიღუპა? ვისი დამსახურებაა გამარჯვება? მაგრამ ამ კითხვებს შორის არასდროს ყოფილა კითხვა: მივულოცოთ თუ არა შობა-ახალი წელი მოწინააღმდეგეს?... სანამ 1914 წელს ეს არ შეიცვალა.
პირველი მსოფლიო ომი, სახელწოდებით "ომი, რომელმაც უნდა დაამთავროს ყველა ომი" (The war to end all wars) სიცრუე აღმოჩნდა. ომის დაწყების საბაბი გახდა სერბი ნაციონალისტების მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა.
1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა გერმანიის წაქეზებით ომი გამოუცხადა სერბეთს, ხოლო ვინაიდან სერბეთის დამცველად რუსეთი გამოვიდა, გერმანიამ 1-ლ აგვისტოს ომი მასაც გამოუცხადა, 3 აგვისტოს კი - საფრანგეთს; 4 აგვისტოს ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას, ხოლო 23 აგვისტოს ანტანტის მხარეს ომში ჩაება იაპონიაც.
1914 წლის შემოდგომა. გერმანიის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან საფრანგეთსა და ბელგიას. ბრიტანეთი იძულებულია კონფლიქტში ჩაებას. ორი დიდი იმპერიის დაპირისპირება - საფრანგეთი გერმანიის წინააღმდეგ.

"მოძრავი ომი" - დაპირისპირება თავშესაფრის გარეშე, ტრიალ მინდორზე. ახალი წლის წინ ბრიტანელებს უკვე 90.000-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი ჰყავდათ, გერმანელების ოცნება კი, რომ ომს იოლად მოიგებდნენ, ნელ-ნელა ზღაპარს დაემსგავსა. ორივე მხარე სანგრების თხრას იწყებს, ომი თითქოს წამიერად შეჩერებულია და ძალის აღსადგენად მიწის ქვეშ ჩადის. ჯარისკაცები ოჯახებზე ფიქრში არიან ჩაფლული, თამაშობენ ბანქოს, მღერიან სიმღერებს სამშობლოზე, ეწევიან თამბაქოს - ეჩვენებათ, რომ ასე დრო უფრო სწრაფად გადის. სენტიმენტალურობით განსაკუთრებით ბრიტანელი ჯარისკაცები გამოირჩეოდნენ. უმრავლესობას თან ჰქონდა მეუღლის ან ოჯახის წევრების სურათი, თან, როდესაც ახერხებდნენ, წერილებს სწერდნენ, რა თქმა უნდა, თუ ფურცელსა და კალამს იშოვიდნენ.
მოახლოვდა შობა-ახალი წელი და 1914 წლის 25 დეკემბერს შობის დღესასწაულის პატივისცემამ პირველი მსოფლიო ომი დროებით შეაჩერა.
შობამდე ერთი კვირით ადრე ინგლისელი და გერმანელი ჯარისკაცების ნაწილმა საშობაო მილოცვების გაცვლა დაიწყო. დაძაბულობა იმდენად შემცირდა, რომ ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე გადადიოდნენ, რათა მტერს გასაუბრებოდნენ და საჩუქრები გაეცვალათ. შობის წინადღესა და შობას ორივე მხარის ჯარისკაცები, უფრო ნაკლებად ფრანგები, გადიოდნენ ნეიტრალურ ზოლზე, ცვლიდნენ კვების პროდუქტებსა და სუვენირებს; იმართებოდა დაღუპულთა დაკრძალვის ერთობლივი ცერემონიები, ზოგიერთი შეხვედრა საშობაო სიმღერების გალობით მთავრდებოდა. ორივე მხარის ჯარი ნეიტრალურ ზოლზე ზოგჯერ ფეხბურთსაც თამაშობდა. არადა, მანამდე სველ სანგრებში ისხდნენ და ერთმანეთს ესროდნენ.
24 დეკემბერს სანგრების მიწაყრილებზე გერმანელებმა ხეები დააწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ იმპროვიზებულ მშვიდობას მოკავშირეებიც შეუერთდნენ: "ეს იყო პირველი მსოფლიო ომის საშობაო ზავი, რომელმაც მეომართა რიგებიდან ამოხეთქა, მიუხედავად დაძმობილების საწინააღმდეგო ბრძანებებისა," - იხსენებდა ომის მონაწილე, ბრიტანელი გრემ უილიამსი. "გერმანელებმა საშობაო სიმღერა ჯერ გერმანულად, შემდეგ კი ინგლისურად იმღერეს, ჩვენ O Come, All Ye Faithful ვიმღერეთ, გერმანელებიც შემოგვიერთდნენ ამ სიმღერის ორიგინალი, ლათინური ვერსიით, რომელსაც Adeste Fideles ეწოდება. ჩემთვის ვიფიქრე, რა საოცარი მომენტია, ორი ერი მსოფლიო ომის დროს საშობაო სიმღერას ერთად მღერის-მეთქი".
მეორე დღეს გერმანელი ჯარისკაცები სანგრიდან ამოვიდნენ. ისინი ინგლისურად ყვიროდნენ: Merry Christmas! (შობას გილოცავთ), ხელში ეჭირათ წარწერები: "თუ არ გვესვრით, ჩვენც არ გესვრით". მთელი დღის განმავლობაში ჯარისკაცები ერთმანეთს სიგარეტებს, საკვებს, ღილებსა და ქუდებს უცვლიდნენ. არადა, ამ დღემდე ნებისმიერს, ვინც ამ ტერიტორიაზე გაივლიდა, მოწინააღმდეგის ბანაკიდან ტყვია ხვდებოდა.
დროებითი ზავის შესახებ ჭორები დასავლეთის ფრონტზე მალე გავრცელდა, თუმცა მასში ყველა არ მონაწილეობდა - ზოგიერთმა ჯარისკაცმა მშვიდობას კვლავ სროლა არჩია. ბრიტანელმა ჯარისკაცმა მარდოკ ვუდმა ასეთი რამ თქვა: "ყველაფერი ჩვენთვის, ჯარისკაცებისთვის რომ მოენდოთ, ტყვია აღარ გავარდებოდა", გერმანელების მომავალმა ლიდერმა კი, ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში რიგითი ჯარისკაცი იყო, შობა-ახალი წლის ზავი ასე შეაფასა: "ასეთი რამ ომის დროს არ უნდა ხდებოდეს. თქვენ რა, ღირსების გერმანული შეგრძნება არ გაგაჩნიათ?"
ამ ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია საფეხბურთო მატჩი, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა. წარმოიდგინეთ, 25 დეკემბერი, სიცივე, სანგრები, ტყვიებით სავსე მიწა და გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ. ეს იყო დღე, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში მშვიდობიან მოვლენათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია. პირველი მსოფლიო ომი დროებით შეჩერდა, ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს შობა მიულოცეს. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტყვია არ გავარდნილა. მათ მშვიდობა სურდათ.
სანგრებიდან მხოლოდ და მხოლოდ საშობაო სიმღერები ისმოდა და ეს დღე ისტორიაში "საშობაო დაზავების" სახელით შევიდა. არ შერიგებულან, მხოლოდ შობის პატივისცემა გამოხატეს. ეს ამბავი მსოფლიო ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ მხოლოდ ზიზღი ამოძრავებდათ, ერთად შეხვდნენ შობის დღესასწაულს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებული, რადგან ამ დროს ადამიანი უკეთესი ხდება.
ცხადია, ომი იმ დღეს არ დამთავრებულა. ზოგიერთ ადგილას მშვიდობამ ახალ წლამდე გასტანა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ძველ, სასტიკ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯარისკაცები სანგრებში დაბრუნდნენ და ომი გაგრძელდა. იმ საოცარი შობის ღამის უკანასკნელმა მონაწილემ, ალფრედ ანდერსონმა, 2004 წელს The Observer-თან საუბრისას გაიხსენა: "უამრავი საშინელი დღე გამოვიარე და უახლოესი მეგობრები დავკარგე. ეს იყო საშინელ ომში ხანმოკლე მშვიდობა", - ინტერვიუს ჩაწერისას ის 108 წლის იყო და პერთშაირში მარტო ცხოვრობდა. მას კვლავ ჰქონდა შენახული ის საჩუქრები, რომლებიც 1914 წელს გერმანელმა ჯარისკაცებმა აჩუქეს, - არ დამავიწყდება დღე, როდესაც ორივე მხარეს ისევ ერთმანეთის სიძულვილმა გვძლია; არასდროს დამავიწყდება ის შემაძრწუნებელი სიჩუმე, რომელიც ჩამოწვა. ჩვენ კვლავ დავიყვირეთ: "შობას გილოცავთ!" მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან საშობაო სიმღერები ისევ ტყვიების ხმამ და ჩემი დაჭრილი თანამემამულეების ყვირილმა ჩაანაცვლა".
ნიკოლოზ თევდორაშვილი