მთავარი სპორტული ამბები
2025 წელს ქართულ სპორტშიც მოხდა არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი: ევროპის ჩვენთვის სადებიუტო და ისტორიულ ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ მუნდიალზე მოხვედრის ამბიციაც გაგვიჩნდა, თუმცა... ვილი სანიოლმა და მისმა შეგირდებმა პირწმინდად ჩააგდეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და შესარჩევი ქვეჯგუფი ერთადერთი მოგებით დაასრულეს. სამაგიეროდ, გაგვახარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც "პარი სენ-ჟერმენს" ჩემპიონთა თასის მოგებაში დაეხმარა, თვითონ კი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა; საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ითამაშა ევრობასკეტზე და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი ახალი მწვრთნელის Iძიებაშია.
წარმატებით ვუმასპინძლეთ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს "ბაკურიანი-2025". მთელი წლის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყვნენ ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი, პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა; ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა ვახტანგ ლოლუამ, სანდრო ბაზაძე კი პლანეტის საუკეთესო მოფარიკავე გახდა.
ახლა კი უფრო დაწვრილებით:
კვარა აქაც პირველია
18-წლიანი პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს ქართველი ფეხბურთელი დაუბრუნდა. 2007 წლის 23 მაისს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე "მილანმა" "ლივერპულს" აჯობა, კახა კალაძემ კი მეორედ აღმართა ჩემპიონთა თასი. ჰოდა, 18 წლისა და 8 დღის შემდეგ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ისევ ვნახეთ მილანური კლუბიც და ქართველი მოთამაშეც: მიუნხენის "ალიანს არენაზე" პსჟ-მ "ინტერი" გაანადგურა (5:0), პარიზული კლუბის ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა!
ნიჭსა და ქარიზმასთან ერთად, ამ ბიჭს იღბალიც თან სდევს - სადაც მივიდა, პირველივე წელს გაიბრწყინა თვითონაც და კლუბმაც. "ნაპოლის" 33-წლიანი ოცნება აასრულებინა, "პარი სენ-ჟერმენს" კი, მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავი მილიარდი და ვარსკვლავი რომ "დახარჯა", მისვლიდან ოთხ თვეში მოაგებინა ტიტული, რომელსაც კლუბი მესისთან, ნეიმართან, მბაპესა და იბრაჰიმოვიჩთან ერთად ვერ შესწვდა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ფეხბურთელი, ვისაც ერთ სეზონში ორი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონობა და ჯამში ოთხი ტიტული მოუგია: ყველამ ვიცით, რომ კვარას ნეაპოლელთა წლევანდელ ჩემპიონობაშიც დიდი წვლილი (17 მატჩში 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა) აქვს! გარდა ამისა, ხვიჩამ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონობა და თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. ბოლო სამი წელიწადია, ხვიჩა კვარაცხელია ისედაც არის ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი. თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებამ და ფინალში გატანილმა გოლმა კვარა ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ ამბავს "ცოცხლად" - მიუნხენის ულამაზესი სტადიონის მედიატრიბუნიდან ვუყურე.
ჩემპიონი ქალი

გასული წელი ქართული ძიუდოსთვისაც ისტორიულია: ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა! საერთოდ, უნგრეთის დედაქალაქში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორმაგად წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის: ბუდაპეშტის ტატამზე ჯერ ლიპარტელიანის ტრიუმფი ვნახეთ, ტურნირის ბოლო დღეს კი საქართველოს ნაკრებმა იფრინა შერეულ გუნდურ პირველობაზე და იაპონელთა შვიდწლიანი ჰეგემონია დაასრულა! დიახ, 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც გუნდური პირველობა შერეული წესით (ვაჟები და ქალები) იმართება, შვიდივე ტურნირი (2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კოვიდპანდემიის მიზეზით გაუქმდა) იაპონიის ნაკრებმა მოიგო, საქართველოს ნაკრების მაქსიმალური შედეგი კი მესამე ადგილი იყო.
თუმცა დავუბრუნდეთ ეთოს, რომელმაც ბუდაპეშტში ხუთივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო (გუნდური პირველობის ჩათვლით - ცხრიდან რვა!) და საქართველოს ნაკრებს ნანატრი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინდივიდუალურ ჩათვლაში ერთადერთი ოქრო მოუტანა. მერე იყო გუნდური ასპარეზობა, სადაც ქართველებმა ჯერ ჩინელები და იტალიელები გაანადგურეს, ნახევარფინალში კი შერეული გუნდური პირველობების უცვლელ გამარჯვებულს, ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონ იაპონიას აჯობეს და რა გასაკვირია, რომ ფინალშიც (კორეის ნაკრების წინააღმდეგ) დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
შერეული ორთაბრძოლების ქართველი მეფეები
თუ მერაბ დვალიშვილის ბოლო ბრძოლას არ ჩავთვლით, მთლიანობაში წარმატებული წელი ჰქონდათ UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ქართველ ჩემპიონებს. დაუმარცხებელმა (17:0) "მატადორმა" (El Matador ილია თოფურიას მეტსახელია) ლას-ვეგასში მორიგი სატიტულო ორთაბრძოლა გამართა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის შემდეგ ჩემპიონის ქამარს მსუბუქ წონაშიც დაეუფლა. 28 წლის ქართველმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და გახდა UFC-ის ისტორიაში მეათე მებრძოლი, რომელმაც ორი სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონობა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში უმცროსმა თოფურიამ (ილიას უფროსი ძმა ალექსანდრეც UFC-ის მებრძოლია) ქამარი ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს, სახელგანთქმულ ალექსანდრ ვოლკანოვსკის წაართვა (ნოკაუტი მეორე რაუნდში). იმავე წლის ოქტომბერში "მატადორმა" ქამარი წარმატებით დაიცვა მაქს ჰოლოუეისთან ორთაბრძოლაში და გამოცდილი ამერიკელი, რომლის დანოკაუტებაც მანამდე ვერავინ მოახერხა, მესამე რაუნდში "დააძინა".
თანამემამულის და მეგობრისგან განსხვავებით, 2025 წელს მერაბ დვალიშვილი გაცილებით მეტჯერ (ოთხჯერ!) გავიდა რინგზე! "ქართველი მანქანა" მეტსახელს სრულად ამართლებს და წარმოუდგენელი გამძლეობითაც გამოირჩევა, თუმცა, როგორც ჩანს, სამ თვეში ერთხელ ბრძოლა მისთვისაც კი მეტისმეტია. მერაბმა გასულ წელს ზედიზედ სამი ორთაბრძოლა მოიგო (მთლიანობაში, ზედიზედ თოთხმეტი!), ზედიზედ სამჯერ დაიცვა სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი უმარ ნურმაგომედოვის (18.01.2025), შონ ო,მალის (07.06.2025) და კორი სენდჰეგენის (05.10.2025) შეტევებისგან და მაშინ, როცა თავისუფლად შეეძლო 2026 წლამდე დაესვენა, დეკემბრის დამდეგს პიოტრ იანთან რევანშს დათანხმდა. კრასნოიარსკელ მეტოქესთან განმეორებითი შეხვედრა მერაბისთვის ძველებურად პრინციპული იყო, თუმცა ნამატჩევს აღიარა, რომ სანახაობრივი ორთაბრძოლის გამართვა სურდა და ჩვეული სტილით ბრძოლაზე უარი ამის გამო თქვა. სამწუხაროდ, იანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და დვალიშვილი ქამრის გარეშე დატოვა, თუმცა... დიდი ხანია, მერაბს ვიცნობ და ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსთან მესამე ბრძოლაში არნახულად მოტივირებულსა და მომზადებულს ვნახავთ!
ხელბურთის მეორე... სუნთქვა
გაგვახარა ქართველ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმაც - ტიტე კალანდაძის შეგირდებმა გადაჭედილ სპორტის სასახლეში ბერძნებთან ურთულესი მატჩი გადაარჩინეს და იანვარში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ბოლო წლებში ქართულ სპორტში გუნდური სახეობების პროგრესიც აშკარაა და ამის თვალსაჩინო მაგალითად ხელბურთიც გამოდგება. სპორტის ამ დინამიკურ სახეობას საქართველოში ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია აქვს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერა და ვერ მოვახერხეთ დიდ ტურნირებზე თამაში. უსიამოვნო ტრადიცია კონტინენტის წინა ჩემპიონატზე დაირღვა - 2024 წლის იანვარში ქართველ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად გაუსინჯა გემო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, საბერძნეთის ნაკრებთან რევანშით კი ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა კონტინენტის პირველობის საგზური.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან სტუმრად წაგების და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ორივე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის ბერძნებთან განმეორებითი შეხვედრა "ფინალის ტოლფას" მატჩად იქცა. წამყვანი მოთამაშეები თამაშის დაწყებამდეც მოვისაკლისეთ და თამაშის მსვლელობის დროსაც, თანაც მოედანზე მიღებული ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო ნაკრების კაპიტანმა თემურ ორჯონიკიძემ... ერთ ეპიზოდში სტუმრები სამბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ, მაგრამ მაყურებლის გაუჩერებელმა ქომაგობამ ჩვენი გუნდი გამოაფხიზლა, ფანტასტიკურად ითამაშა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა დავით ნიქაბაძემაც (ბურთების 45% მოიგერია!) და... მასპინძლებმა 29:26 გაიმარჯვეს და ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 15 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით, სკანდინავიური სამეული - დანია, ნორვეგია და შვედეთი - უმასპინძლებს.
პირველად მეოთხედფინალში

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ითამაშა ევრობასკეტზე და მისთვის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა - ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველად მოახერხა კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გასვლა! ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში ქართველებმა სენსაციური გამარჯვებით გაგვახარეს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს (ამ გაუთვალისწინებელი წაგებით პირინეელებმა საქმე გაიფუჭეს და საბოლოოდ ჯგუფში ჩარჩნენ). მერე იყო მძიმე მატჩები იტალიასთან, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, დამაჯერებელი გამარჯვება მასპინძელ კვიპროსთან და მერვედფინალი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთთან, სადაც... კაპიტან თორნიკე შენგელიას და კამარ ბოლდუინის შედეგიანი თამაშის (24-24 ქულა) წყალობით ჩვენმა გუნდმა ფრანგებიც ესპანეთის ნაკრების გზას გაუყენა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
სამწუხაროდ, მეტის გასაკეთებლად ძალა, უფრო სწორად, დაცვა აღარ "გვეყო": ფინეთის ნაკრებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გამორჩეული ვარსკვლავი, ლაური მარკანენი კი ჰყავს, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ აქცენტი მაინც შორეულ ტყორცნებზე გააკეთა და შეასრულა კიდეც - 31 სამქულიანიდან 17 ჩააგდო, რაც სიზუსტის ფანტასტიკური მაჩვენებელია - 54%! საბოლოოდ სუომიმ 14-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა და გავიდა ნახევარფინალში, სადაც ტურნირის მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან წააგო. საქართველოს ნაკრებისთვის კი საერთო ჯამში "ევრობასკეტი-2025" წარმატებული გამოდგა: ჩვენმა გუნდმა დაამარცხა ევროპული კალათბურთის ორი გრანდი - ესპანეთი და საფრანგეთი და პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში. შემოდგომიდან ჯიკიჩის სამწყსო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთო, ნოემბრის მიწურულს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართული საშინაო მატჩის (უკრაინასთან დავმარცხდით) შემდეგ კი 20-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი შერმადინმა.
ახალი წელი - ახალი მწვრთნელით
2026 წლიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს - დეკემბერში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა "ბორჯღალოსნების" ინგლისელმა თავკაცმა რიჩარდ ქოქრილმა. ბრიტანელმა მწვრთნელმა საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2024 წლის იანვარში გააფორმა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ქართული ფრენჩაიზის - "შავი ლომის" თავკაციც გახდა.
ქოქრილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა. მთლიანობაში, ინგლისელის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა 22 მატჩი გამართა და მათგან 14 მოიგო. მათ შორის ერთი - ტიერ 1-ის გუნდთანაც (2024 წელს, სენდაიში საქართველოს ნაკრებმა 25:23 გაიმარჯვა).
სხვათა შორის, "საკურების" (იაპონიის ნაკრების მეტსახელია) დამარცხებასთან ძალიან ახლოს ვიყავით 2025 წლის ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩშიც: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ბოლო წუთზე წავაგეთ ზუსტად იმავე ანგარიშით - 23:25! მინიმალური სხვაობით წაგებაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ამ მარცხის გამო ჩვენი ნაკრები რაგბის მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით დაქვეითდა და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. შედეგად, მსოფლიო თასის წილისყრისას, "ბორჯღალოსნები" მესამე კალათაში მოხვდნენ და B ჯგუფში იასპარეზებენ სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად.
რაც შეეხება ინგლისელი მწვრთნელის შემცვლელს, უკვე დასახელდა რამდენიმე ძალიან ცნობილი და გამოცდილი სპეციალისტი და იმედი დავიტოვოთ, რომ 2026 წლიდან საქართველოს ნაკრების სათავეში ქოქრილზე გაცილებით ძლიერ სპეციალისტს ვნახავთ!
ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი
გასულ წელს კვარცხლბეკის და რეიტინგის ახალ სიმაღლეზე ავიდა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. ივლისში თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრომ ყველა მეტოქეს აჯობა და ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამოცდილ სპორტსმენს ტიტულები არც აქამდე აკლდა - ბაზაძე 2021 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული და ევროპის ორგზის ჩემპიონია, მოგებული ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, მშობლიურ არენაზე კი ნანატრ ოქროსაც დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში სანდრომ ეგვიპტელ მოჰამედ ამერს აჯობა და პარიზის ოლიმპიადაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა მოფარიკავემ პარიზის ოლიმპიადისა და ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს, ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს დამაჯერებლად აჯობა (15:9) და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
32 წლის ქართველს წარმატებული სეზონი დაუფასდა და დეკემბრის დამდეგს გამოქვეყნებულ განახლებულ მსოფლიო რეიტინგს 225 ქულით სწორედ ის ლიდერობს. მეორე ადგილზეა ზემოთ აღნიშნული ჟან-ფილიპ პატრისი, რომელსაც 206 ქულა აქვს.
ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი
2025-მა კიდევ ერთი განსაკუთრებული მიღწევით დაგვამახსოვრა თავი - 18 წლის ვახტანგ ლოლუა ქართველებს შორის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი (ოლიმპიურ სახეობებში ნამდვილად ასეა) გახდა! ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკმა ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მშობლიურ ხობში დააბრუნა. მსოფლიო ჩემპიონის წოდება ქართველ "კლასიკოსთაგან" ბოლოს, 2019 წელს, ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიგო. იმავე სახეობასა და წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ლოლუამაც, ოქროს მედალი შარშან გარდაცვლილ (27 წლის ნუგზარ წურწუმია 2024 წლის ივლისში ხობში, თავის სახლში ნახეს გარდაცვლილი) მეგობარს მიუძღვნა და საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემპიონის ქამარი წურწუმიას საფლავზე მიიტანა.
ლოლუასთვის გასული სეზონი კარიერაში საუკეთესო გამოდგა: ვახომ ასაკობრივ ტურნირებზეც წარმატებით იჭიდავა, უფროსებში ევროპის მისთვის სადებიუტო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მედალოსანი გახდა, მოგვიანებით კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც შესწვდა. თუმცა მთავარ გამარჯვებას ვახომ მანამდე მიაღწია - სამშობლოში მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი - ემიგრანტი დედა დააბრუნა! დედასთან ერთად ხობში დააბრუნა ოქროს მედალიც და შეგვახსენა, რომ ქართული სპორტი მთავარ შევსებას სწორედ რეგიონებიდან იღებს.
სხვადასხვა
გაზეთის ფორმატი საშუალებას არ გვაძლევს, გასულ წელს ქართულ სპორტში მომხდარი ყველა ამბავი გავიხსენოთ, თუმცა, ამ ქვეთავში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე მოგიყვებით:
თებერვალში საქართველომ მაღალ დონეზე უმასპინძლა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. "ბაკურიანი-2025"-ის მონაწილე ათასამდე სპორტსმენს შორის, რვა მასპინძელი ქვეყნიდანაც იყო, ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე კი გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მოგება შეძლო.
სლოვაკეთში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (ზედიზედ მეორედ) ითამაშა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. 2023 წელს კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი ვიყავით, ამჯერად კი, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ მოვხვდით. ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა საქართველოს ფუტსალის ნაკრებმაც - ავთანდილ ასათიანის გუნდი კონტინენტის პირველობაში 21 იანვრიდან ჩაერთვება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო მოკრივე ლაშა გურულმა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა გივი მაჭარაშვილი. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა. წყვილთა თანრიგში, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგეს ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ. ტრადიციულად, გვასახელეს ჩვენმა პარასპორტსმენებმა, რომლებმაც სხვადასხვა სახეობაში არაერთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს და სხვ.