"ყველაზე დიდი ზიანი მომაყენა ადამიანმა, რომელიც მე მივიყვანე მიშა თუმანიშვილთან. პირველივე დღიდან დამიწყო ძირის გამოთხრა! თხარა, თხარა და თხარა..."
"ყველაზე დიდი ზიანი მომაყენა ადამიანმა, რომელიც მე მივიყვანე მიშა თუმანიშვილთან. პირველივე დღიდან დამიწყო ძირის გამოთხრა! თხარა, თხარა და თხარა..." - რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ქართულ თეატრსა და კინოში ახალი ეპოქა შექმნა, თუმცა მისი გზა არ იყო მარტივი...
- ქალბატონო ქეთი, არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, თუმანიშვილის თეატრი დღემდე თქვენი სახლია...
- ეს თეატრი ჩემი შვილია. შვილი გაწყენინებს, გაგებუტება, წავა, მაგრამ ვერასდროს გაწირავ. რაღა თქმა უნდა, ეს თეატრი ჩემი სახლია... უკვე 80 წლის გავხდი, მაგრამ წლების მატებას ვერ ვგრძნობ, ეს მგონი გენეტიკურია, მამაც და ბაბუაც ასე იყვნენ. ღმერთმა დაგვლოცა იმით, რომ ხანგრძლივი ცხოვრება მოგვცა და ახლა რამდენსაც ინებებს, იმდენ ხანს ვიქნები, მერე კი წავალ ჩემი წინაპრების შესახვედრად.
მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო - მატარებლამდე და მატარებლის შემდეგ, იმ მატარებლის, აფხაზეთში რომ წავედით ქალები... აი ასე, დილით გავახილე თვალი, ტელევიზორი იყო ჩართული. ოთარ შაორშაძესთან პირდაპირი ეთერში გია ჭანტურია და ჯანრი კაშია ისხდნენ. ვისმენ, რომ ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. მაშინვე მეუღლეს ვუთხარი, კოკა, 5 წუთში მზად ვიქნები და ტელევიზიაში წამიყვანე-მეთქი. იქ ზუსტად იმ დროს მივედი, როცა სტუდიიდან გამოდიოდნენ ჯანრი და გია. გიას ვუთხარი, მინდა, პირდაპირი ეთერით საქართველოს ქალებს მივმართო-მეთქი. განცხადება გავაკეთე დილის 9 საათზე, უკვე 11 საათზე ხუთი ათასამდე ქალი მაშინდელ რუსეთის საელჩოსთან შევიკრიბეთ და პირდაპირ შევიჭერით რუსეთის არალეგიტიმურ წარმომადგენელთან... მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: მე არაფერს ვწყვეტ, რაც გინდათ გააკეთეთ, ]მე არაფერი შემიძლიაო. ორი დღე ვიკრიბებოდით - ჯერ ჭადრაკის სასახლეში, იქ რომ ვეღარ დავეტიეთ, გადავედით სპორტის სასახლეში, იქიდან - ფილარმონიაში. მესამე დღეს რკინიგზის დეპარტამენტიდან კაცი მოვიდა, მატარებელი გამზადებულია და როცა გნებავთ, დაიძარითო. მაშინ მისმა უწმინდესობამ გამოგვიგზავნა მოძღვარი და უკვე ქუთაისში რომ შევედით, პატრიარქს დავურეკე. ქეთი, ნუ გეშინია, ყველას გაუფრთხილდიო... გპირდებით, უწმინდესო, არც ერთ ქალს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება, როგორც კი საშიშროება დაგვემუქრება, უკან გამოვბრუნდებით-მეთქი. უწმინდესმა დაგვლოცა და გავაგრძელეთ გზა. ამასობაში შევარდნაძემ გამოგვიგზავნა წერილი, რომელმაც ჩვენამდე თემო სტეპანოვის მცდელობით მოაღწია. წერილში ეწერა: დიდი მადლობა, რომ იქითა მხარეს უწვდით ხელს, იქითაც შვილმკვდარი დედები არიანო...
სამტრედიაში თენგიზ კიტოვანმა გაგვაჩერა, უკან გაბრუნდითო... კარგი, კარგი-მეთქი, მოვატყუე და გზა განვაგრძეთ. ღამე გავიარეთ სამეგრელოს ტერიტორია და ჩავედით ოჩამჩირეში, სადაც უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო... ორ დღეში დაეცა სოხუმიც. ამ დროს ჩამოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელიც, რა თქმა უნდა, კა-გე-ბემ ჩამოიტყუა და კიდევაც დაიღუპა...
- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- ეს იმხელა სტრესი იყო, ერთი კვირა ლოგინად ჩავვარდი, ვიწექი და ვერ ვდგებოდი, ხმას ვერ ვიღებდი. ჩემს ოთახში თუ ვინმე შემოვიდოდა, ვიწყებდი ტირილს. მერე ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. ჩემი ოჯახი ძალიან დამეხმარა.
- ვიცი, იმ გზაზე სასწაულით გადარჩით...
- იქიდან იყო ბრძანება, როგორც კი მატარებელი ცხენისწყლის ხიდზე გადავიდოდა, უნდა აეფეთქებინათ. ეს იყო ბრძანება და მაშინ გელა ლანჩავამ გადაგვარჩინა...
- ვინ გასცა ბრძანება?
- ზვიადისგან ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მისი უახლოესი გარემოცვისგან იყო... გიკვირთ? ახალი ამბავია ქართველებში ღალატი?! მთელი ჩვენი ისტორია ღალატით არ არის სავსე!
1993 წელს იყო მატარებელი. მერე იყო დიდი სიჩუმე... 1997 წელს გავაკეთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი", რომელიც აგერ უკვე 28-ე წელია ცოცხლობს. პირველი ორი წელი სახელმწიფო ზრუნავდა და მერე, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის წყალობით, სახელმწიფო სტატუსი მოგვიხსნეს. წლების შემდეგ ერთ-ერთმა ბოდიში მომიხადა, ყველაფერი გავაკეთე, როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, თქვენი ფესტივალი ბიუჯეტიდან ამომეგდოო!..
მე თავი გადავდე იმისათვის, რომ თუმანიშვილის თეატრს ეცოცხლა. აქვე მინდა გავიხსენო ქალბატონი ნათელა ურუშაძე. მისი უდიდესი დამსახურებაა ის სამტომეული, რომელსაც დღე და ღამე წერდა.
ახლა ვიტყვი იმას, რაც აქამდე არ მითქვამს, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ თავად შემიძლია ავირჩიო, ვის ვაწყენინო და ვის - არა... ცუდად მოგვექცა მიშა თუმანიშვილის ოჯახი, მეც და ნათელასაც. სიხარულისაგან გადარეულებმა, თუმანიშვილის სიძეს პირველი ტომი რომ გავატანეთ, ორ საათში უკან მოგვიბრუნა. შემოვიდა და დაგვიგდო წიგნი. რაშია საქმე-მეთქი? ამას ვინ აფინანსებს, ბადრი პატარკაციშვილიო?! ჩვენ მადლობის ნიშნად გვეწერა ბატონი ბადრის სახელი. თურმე ამ კაცს ოდესღაც რაღაც პროექტი მიუტანია ბადრის ფონდში და იქიდან უარით გამოუსტუმრებიათ.
იმაზე გაბრაზებული ჩვენ მოგვივარდა. მე ვუთხარი, აგერ არის ქალბატონი ლიკას (მიშა თუმანიშვილის ქალიშვილი) ხელმოწერილი ხელშეკრულება. ლიკა იღებდა მასალის ქსეროასლს თავის სახლში, მერე მოჰქონდა და გვაძლევდა ჩვენ... მოკლედ, ოჯახმა ამ წიგნების გამოცემისთვის ძალიან დიდი თანხა მოითხოვა... საბოლოოდ, სამტომეული მაინც გამოიცა, რომელიც დღეს თეატრის სახელმძღვანeლოა.
- თქვენს ცხოვრებაში სულ ასე ხდებოდა, რაღაც დიდს რომ იწყებდით, უამრავ პრობლემას აწყდებოდით...
- "შური არს მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა". ყველაზე დიდი ზიანი მომაყენა ადამიანმა, რომელიც მე მივიყვანე თუმანიშვილთან. პირველივე დღიდან დამიწყო ძირის გამოთხრა! თხარა, თხარა და თხარა...
- დღეს მასთან გაქვთ ურთიერთობა?
- არანაირი. მინდა, კარგად იყოს, ჯანმრთელად, მაგრამ გამორიცხულია, მორჩა! არ არსებობს ასეთი გაგება: შემომეღალატა!
ბატონი მიშა სულ მეუბნებოდა, მზად იყავი, ესენი ადრე თუ გვიან გიღალატებენო! შენახული მაქვს რამდენიმე მსახიობის წერილი, ბატონ მიშას სწერდნენ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მან ამ წერილების ქსეროასლები გააკეთა და მომცა. თან დასძინა, ეს არასოდეს დაგავიწყდესო!
ეს წერილები შევა ჩემს წიგნში, რომელიც ჩემს ცხოვრებაზე იქნება. "ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" - ასე ექმევა წიგნს.
- როგორი იყო ამ ყველაფრის შემდეგ ისევ იმ შენობაში შესვლა, სადაც ბევრი ტკივილი მოგაყენეს?
- რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება ცოტა მისტიკურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მჯერა სიზმრების. 5 წელი რამდენიმე ადამიანს არ ველაპარაკებოდი, არ მქონია ურთიერთობა, თეატრთანაც გავწყვიტე ყველანაირი კავშირი და ერთ დილას მქონდა ხილვა - ჩემთან სახლში მოდის ბატონი მიშა და მეუბნება, ქეთი, ძალიან გთხოვთ, დაამთავრეთ ეს კონფლიქტი და შერიგდითო... რომ გამომეღვიძა, კიდევ ჩამესმოდა მისი ხმა. იმ დღეს თეატრში რომ მივედი, პირველი ის ადამიანი შემეჩეხა, რომელზეც მითხრა ბატონმა მიშამ. გავაჩერე და ვეუბნები: პიესა მაქვს შენთვის დაწერილი და ჩემთან თამაში ისევ გინდა-მეთქი? თითქოს ეს წლები არც ყოფილა, ისე მიპასუხა: კი, მინდა! ის იყო ბატონი მიშას საყვარელი მოწაფე, მისი საყვარელი მსახიობი, მაგრამ ბატონი მიშას მიმართ ერთი პრეტენზია სულ ჰქონდა - პირადად ჩემთვის, გარდა ერთი პატარა პიესისა, არაფერი დაუდგამსო... აი, ბატონი მიშა მთელი ცხოვრება ელოდა ერთ კაცს - ზურა ყიფშიძეს, ის კი სულ გადაღებებზე გარბოდა... სასწაული მოხდა, რომ დონ-ჟუანი ითამაშა და არ გაიქცა სადღაც.

- ამ სპექტაკლით თეატრმა მთელი მსოფლიო მოიარა...
- დიახ, და ვის არ ადარებდნენ ზურას. ამის შემდეგ წავიღეთ "ზაფხულის ღამის სიზმარი", რომელმაც ასევე მოიარა უამრავი ქალაქი. 1989 წელს გავაკეთეთ დიდი ტური ევროპაში. ეჰ, მართლა იმდენი რამე მაქვს გაკეთებული ამ თეატრისთვის... წყენა არასოდეს არ გადის, მაგრამ შენ ამ წყენას ერევი. ასე გამზარდა მამამ - თუ წყენას გაყევი და გაგიყოლა, შენ ნადგურდებიო. მორალურ საკითხებში მამაჩემი იყო ჩემი მასწავლებელი, ხელოვნებაში - თუმანიშვილი.
- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული?
- ჩემი პირველი შვილის, თორნიკეს დაბადება. თამრიკოსიც, რა თქმა უნდა. ღამე გავაჩინე თორნიკე და ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე, მერე გავაცნობიერე, რომ დედა ვარ... შვილები, ფაქტობრივად, გადასაღებ მოედანსა და თეატრში გავზარდე. საბოლოოდ, ისინიც ჩემს გზას გაჰყვნენ. ჩემი სიხარული ახლა უკვე ჩემი შვილიშვილები არიან - ლუკა და ჩემი პატარა ქეთო.
- ვინ არის ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გზას გინათებთ?
- ჩვენი უწმინდესი, ჩვენი საოცარი ადამიანი. ადრე ხშირად ვნახულობდი, ახლა არ მინდა, ზედმეტად შევაწუხო. საქართველოს დალოცვაა ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა რომ მოგვივლინა, იმიტომ გადავრჩით... ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" დროიდან ებრძოდნენ მის ავტორიტეტს... რა დამავიწყებს, მიშა მახათაზე უწმინდესის სავაძელში რომ ჩაეხეთქა! მაგას არ უნდა ეპატიოს არაფერი! მე მაქვს უფლება, არ ვაპატიო და არც ვაპატიებ! ისეთ კაიფში იყო, ძლივს იდგა ფეხზე. მე 2 მეტრში ვიდექი და პირდაპირ ვუყურებდი ამ ყველაფერს. მოვიდა, გაგვიცინა და ჩაეხეთქა პატრიარქის სავარძელში. უწმინდესი დარჩა ფეხზე...
- რა რეაქცია ჰქონდა უწმინდესს?
- გაჩერდა. მეუფეებიც დაიბნენ... მახსოვს მეუფე ნიკოლოზის რაღაცნაირი, უხერხული ღიმილი. მერე სასწრაფოდ სკამი მოუტანეს უწმინდესს. გაშტერებული დავრჩით ყველა. ჩვენი უწმინდესი ყოველთვის იქით ცდილობს გამოიყვანოს ადამიანი...
- მთავარი რა არის ცხოვრებაში?
- ხანდახან ჩემი შვილები მეუბნებიან, დედა, არ გახსოვს ამ ადამიანმა რა გაგიკეთაო? მამასაც იმდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული და საპასუხოდ იმდენმა ჩაარტყა ზურგში, რა მოთვლის, მაგრამ არავისთვის არ უპასუხია... მადლობა მამას, ბატონ მიშას, მაგრამ ყველაზე დიდ მადლობა პატრიარქს! "თეთრი მანდილიდან" მოყოლებული, მას დღემდე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში, რწმენის განმტკიცებაში. და იყო კიდევ ერთი დიდი ადამიანი - ბატონი რეზო თაბუკაშვილი...
- დღეს, როცა ქვეყანა ჩიხშია, რა გამოსავალს ხედავთ?
- სამწუხაროდ, უკან არაფერი ბრუნდება - არც ის ძველი თბილისი, არც ის საქართველო. ჩემი თაობის ყველა წავიდა... დღეს სხვა მენტალიტეტია. მე თუ მკითხავთ, რწმენა და ქვეყნის ერთგულება უპირველესია! როცა ასეთ ქვეყანაში იბადები, არა გაქვს უფლება, უღალატო სამშობლოს! როცა გწამს, რომ ამის გამო სისხლს ღვრიდნენ შენი წინაპრები, არა გაქვს უფლება, რწმენას უღალატო! და რაც მთავარია, ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთთან დიალოგი უნდა შეგვეძლოს, სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა გადაიჩეხება!
რუსუდან შაიშმელაშვილი