"არ არის საჭირო გარედან ასეთი მკვეთრი ჩარევები, შეგვეშვან და ჩვენ მოვრიგდებით ერთმანეთში" - კვირის პალიტრა

"არ არის საჭირო გარედან ასეთი მკვეთრი ჩარევები, შეგვეშვან და ჩვენ მოვრიგდებით ერთმანეთში"

"ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი­ კაცია. თუ პატიება არ შეგიძლია, კაცი არა ხარ. ბოღმამ შეჭამა ეს ქვეყანა, მაგის დედაც ვატირე"

მასთან შეხვედრა და საუბარი დიდი სიამოვნებაა. მგონია, რომ უკვე ყველაფერი­ მითხრა და მეც, როცა მასთან ისევ მივდივარ ინტერვიუზე, გზაში ვფიქრობ, აი, რა უნდა ვკითხო ისეთი, რაც არ მიკითხავს,­ რაზეც არ გვისაუბრია... ახლაც რომ დავურეკე, ტრადიციულად, წლის ბოლოს თქვენთან მოვდივარ ინტერვიუს ჩასაწერად-მეთქი, გაეცინა და მიპასუხა: რაღაცნაირად, მეც უკვე მესამე­ წელია ველოდები, რომ დამირეკავო... ამჯერად, მიზეზიც მქონდა - თეატრმა "ვერიკომ" ახალი სიცოცხლე იმ სპექტაკლით დაიწყო, სადაც ზურა ყიფშიძე­ საიათნოვას ასახიერებს.

- ეს მესამე თეატრია, სადაც მიგიწვიეს...

- ეს ბედნიერებაა. მე ვარ "მარჯანიშვილში", სადაც დავიბადე და გავიზარდე, და თუმანიშვილის "კინომსახიობთა თეატრში", რომელიც ერთად შევქმენით. "ვერი­კო" მესამეა, რომელიც "საითნოვათი" გაიხსნა.­ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო...

ძალიან მიხარია, რომ დაკავებული ვარ, მაგრამ ადამიანი მაინც მარტოსულია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მყავს, თითქმის მარტო დავრჩი.­ სულ ვიღაცებს ვკარგავ. ეს ძალიან მოქმედებს და მშობლებს­ ველაპარაკები ხოლმე... თან, აი, ის მხარე მაინტერესებს. სიკვდილის კი არ მეშინია, რამდენჯერმე "მოვკვდი" და არაფერი ისეთი­ არ ყოფილა, მაგრამ იმ შეუცნობელზე მაქვს ფიქრი, მერე რა ხდება იქ. დარწმუნებული ვარ, რაღაც ხდება, მაგრამ რა?

- რა გინდათ, რომ ხდებოდეს?

- გვესმოდეს ის, რაც აქ არ გვესმის. ვგრძნობდეთ... ძალიან მინორში წავედით, შემდეგი კითხვა...

- კარგი, მაშინ მომავალზე გკითხავთ...

- მომავალსაც რთულად ვუყურებ, ბუნდოვანია. ან რაღაც ძალიან უნდა შეიცვალოს, ან ხალხმა გაიაზროს შეცდომები და აღარ დაუშვას. ერთი რამ, რაც ორივე მხარეს აფიქრებს, ჩვენი ქვეყანაა. დღეს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას - უზრდელები, ხეპრეები გავხდით, სითბო დავკარგეთ, მიმტევებლობა­ დაგვაკლდა... არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის მხარესაა, ვის ვისი სჯერა და სწამს, მთავარი ადამიანური საწყისია, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. მხოლოდ სიყვარულით შეიძლება ფონს გავიდეთ, თორემ ხეპრეობით არაფერი გამოვა. არ შეიძლება ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი მომწონს - ბევრი კანონი არ მომწონს, ბევრი შეზღუდვა არ მომწონს, მაგრამ არაფერი არ მომწონსო, ვიძახო, ეს ტყუილი იქნება...

6478892c-76a9-48c1-927d-0281073d4d53-1766953987.jpg

- "ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი­ კაცია. თუ პატიება არ შეგიძლია, კაცი არა ხარ. ბოღმამ შეჭამა ეს ქვეყანა, მაგის დედაც ვატირე" - სწორედ ამას ამბობს­ "მარტოხელა მონადირეში"­ თქვენი გმირი...

- ასეა... ჩვენ უსიყვარულობა გვჭი­რს, ქართველებს არ შეგვიძლია ერთმანეთს არ დავეტაკოთ, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ. სულ ვიღაცის გადავლას ვცდი­ლობთ, ერთმანეთის გატანის უნარი­ არ გაგვაჩნია. იმხელა რესურსი­ და სიმდიდრე გვაქვს, შეგვიძლია­ აზრიანად გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ მაინცდა- მაინც ბრძოლის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, უნდა მოვ­კლათ, თავი უნდა მოვჭრათ... არ შეიძლება ისე ვიყოთ, რომ არც არავინ მოვკ­ლათ და არც არავინ მოგვჭრას თავი?

მიუხედავად ამისა, 2026 წელს მაინც იმედიანად ვუყურებ... გული მწყდება, რომ 2025 წელს რამდენიმე ახლობელი წავიდა­ ამქვეყნიდან, მაგრამ მიხარია, რომ გამოჩდნენ რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, რომლებიც ცდილობენ, რაღაც გააკეთონ...

- ინტერვიუში ქეთი დოლიძემ მითხრა, რომ მიშა თუმანიშვილი თეატრში ერთ კაცს ელოდებოდა და ეს ზურა ყიფშიძე იყო...

- როცა მოსკოვიდან ჩამოვედი, მიხეილ ივანიჩმა შემომითვალა, თუ გაქვს სურვილი, მოდი, ადგილი გვაქვსო... იმ დღიდან მოყოლებული ამ თეატრში ვარ.

მიხეილ ივანიჩი მეკითხებოდა, რაიმე განსაკუთრებულ როლზე არ ოცნებობო? ისეთი როლები ვითამაშე, რაღაზე უნდა ვიოცნებო, თქვენ რა როლშიც დამინახავთ და გამოგადგებით, სიამოვნებით ვითამაშებ-მეთქი. მერე ჩამაცივდა, მაინც, მაინცო? ჩემი ვარიანტი მაქვს რიჩარდის-მეთქი. უცებ მეუბნება, მე სადღაც ზეცაში გექაჩები და შენ ჯურღმულში მქაჩავო... რატომ-მეთქი? აბა, შენ რიჩარდზე ლაპარაკობ, და მე სირანო დე ბერჟერაკზე მინდა დაგაკავოო...

- რა გენატრებათ...

- მე არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ცხენოსნობაზე დავდიოდი, ოღონდ ჩუმად, რადგან პატარა ვიყავი და იქ 15 წლამდე არ იღებდნენ. ნახევარი საქართველო მოვიარე, აფხაზეთი, სვანეთი...

მერე იყო სტუდენტობა. ეს პერიოდი ცოტა ჭრიჭინით­ გავიარე, კარგად არ მესმოდა მსახიობის პროფესიის სერიოზულობა... ეს მაშიIნ გავიგე, როდესაც ინსტიტუტიდან გამაგდეს - პირველ კურსზე შოთა მანაგაძის "წუთისოფელში" ვითამაშე და ამ მიზეზით ხშირად ვაცდენდი ლექციებს... მერე იღებდნენ ფილმს "როცა აყვავდა ნუში" და მაშინაც ვაცდენდი... მერე მოვხვდი მოსკოვში. ეს იყო სტუდენტობის ყველაზე კარგი პერიოდი. იქ იყვნენ გერასიმოვი, მაკაროვა, მერე ჩამოვედი და მივედი თუმანიშვილის თეატრში, რომლის სიყვარულიც დღემდე ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი.

კაცს სიყვარული უნდა გაგა­ჩნდეს, მათ შორის ქალის და გიყვარდეს მთელი ცხოვრება, ბოლომდე! იმ გოგოებს, ვისაც მე მოვწონდი, მე არ მომწონდა და ვისაც მე ვყვარობდი, მე არ ვუნდოდი. აი, ასეთი "ტრაგედიები" მქონდა. ჩემს ცოლს არასდროს მოვწონდი, ყველა მოსწონდა ჩემ გარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე ერთად ვართ.

- შეცვლიდით რამეს?

- ძალიან ბევრ რამეს. ჩემს ცხოვრებას კი არ შევცვლიდი, უბრალოდ, პატარა ეპიზოდებს ამოვიღებდი...

- მაინც რას?

- თუნდაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, რომელმაც ბევრი რამ დამაკარგვინა.

ერთი ამბავი მახსენდება ამ პერიოდიდან: ქუჩაში ვდგავარ მანქანასთან და გასაღებს ვეძებ. ამ დროს უკნიდან რამაზ ჩხიკვაძის ხმა მესმის, - რა დაკარგეთ, ბატონო ზურა? გასაღები-მეთქი. რისი გასაღები, ბატონო ზურა? მანქანის-მეთქი. მანქანის კი არა, სხვა რამის გასაღები­ გაქვს დაკარგული, წამოეთრიე ახლა ჩემთანო. წამიყვანა და ჩავითიშე... დილით ვგრძნობ, სირცხვილით არ მინდა გაღვიძება, მინდა სადმე გადავიჩეხო. თავს ძალა დავატანე, ავდექი და ოთახში შემოსულ რამაზ ჩხიკვაძეს ვეუბნები, მაპატიეთ, ბატონო რამაზ, ეს რა დამემართა... არა, კაცო, ეგ არაფერი, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს - თქვენ რომ სვამთ, მერე აღარა ფსამთ? ეტყობა, გადავდგი იმ ღამეს ოჯახი... იყო შემთხვევა, ნასვამიც გავსულვარ სცენაზე.

- რა სპექტაკლი იყო?

- "საქმე" და მაინცდამაინც მაშინ­ დედაჩემი­, დეიდები და ნათესავები იყვნენ თეატრში მოსული. თან ის დღეა, მამაჩემი­ ჩემს სიმამრს პირველად რომ შევახვედრე. პროფილაქტიკაში მოხდა ეს და წავედით დასალევად, მე ვითომ ვწრუპე... ამასობაში­ ჩემი ცოლიც მოვიდა, საჭესთან დაჯდა და წამიყვანა, მერე აბაზანაში შემაგდო წყლის ქვეშ და ვითომ გამოვედი მდგომარეობიდან, მაგრამ... ძლივს წავედი თეატრში. სპექტაკლის მერე დედაჩემს ვეკითხები, რაიმე გავაფუჭე-მეთქი? არაო... იქ მე დუდუხანა წეროძესთან მქონდა სცენა. ეს ჩემი გმირი თვრება და დაკვრას იწყებს, მერე მღერის, ცეკვავს და მერე დუდუხანას ეუბნება - ჩემო სიცოცხლეო და ა.შ. დუდუხანა კიოდა, ისე შევაშინე. არაფერი ისეთი, მაგრამ...

მერე ნარკოტიკიც გავსინჯე... გვიან მივხვდი, რომ ეს ძალიან სირცხვილი იყო. ფიზიკურადაც შემაწუხა, სახელიც გამიფუჭა. სირცხვილია, შვილები გყავს, ოჯახი...

- და რამ შეგაძლებინათ ამ ყველაფერზე უარის თქმა?

- მოსკოვში ვიყავი და სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ჩემი შვილი, გიორგი რომ არ ყოფილიყო იმ წუთებში ჩემთან, ალბათ, ახლა თქვენ წინ არ ვიჯდებოდი. კლინიკური სიკვდილი გავიარე და გონს რომ მომიყვანეს, არ მომეწონა. სადაც ვიყავი, ძალიან კარგი იყო და აქეთ მობრუნება არ მინდოდა. ასე რომ, სიკვდილის ნუ გეშინიათ...

- პატიებას ვის სთხოვდით?

- ჩემთვის დედა იყო ყველაზე ახლობელი ადამიანი. მეუღლესაც აქვს ეს სტატუსი, მაგრამ დედა მაინც ყველაფერს გაპატიებს... აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებოდი ლენას. რაც ჩვენ ტკივილი გვაქვს მიყენებული ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის... ლენას შეხვდა ძალიან უცნაური დაავადება - ენის კიბო. არასწორი პროთეზისგან ენაზე არაერთხელ იკბინა და როცა აფრთხილებდნენ, დროზე მიხედეო, პასუხობდა, არა მცალია, სპექტაკლი მაქვს, აი, ხვალ მივალ, აი, ზეგო... და მოხდა ეს საშინელება.­ ექიმი სთხოვდა, მისთვის­ დაეჯერებინა, მაგრამ... მოიცა, კაცო, არ უნდა ვიტლიკინო, ან არ უნდა ვიკვებო ისე, როგორც მინდა? აგერ, ზურას იმდენი ახალგაზრდა ძმაკაცი წავიდა. მე, ამ ბებერმა ქალმა, ახლა ჯიჯგნა დავიწყოო?...

...ის ღამე იყო, მივხვდი, უკვე ძალიან ცუდად იყო. მთელი ღამე ჩახუტებულები ვიწექით, ვუყვებოდი ამბებს... და როცა ვიგრძენი, წავიდა, კიდევ უფრო ჩავეხუტე, ბევრი ბოდიში მოვუხადე და უფრო მაგრად ჩავიკარი - არ მინდოდა გაცივებულიყო... ვერ ვუშველე... გული მტკივა, რო­მ ძალიან დიდი სიყვარულის მიუხედავად, დედა ბოლოს მაინც მარტო დარჩა...

- მამაზე რას მეტყვით?

- დედას სულ ვეუბნებოდი, ვინ არის ეს ეროსი, რომ ყველა ეროსის ბიჭს მეძახის-მეთქი. საქმე ის არის, რომ ეროსი­ მანჯგალაძე იყო დედაჩემის პირველი ქმარი, რომლისგანაც ვგრძნობდი ძალიან დიდ ყურადღებას. ჩემთვის მამასავით იყო და ძალიან მიყვარდა. ერთ დღესაც, ძალიან რომ გავაპროტესტე, ბოლოს და ბოლოს გამაგებინე,­ მამა ვინაა-მეთქი. როგორც იცოდა: აი, ძალიან რომ გეფერება, ის არისო.­ ვინ-მეთქი? - ავთანდილ ვერულეიშვილიო. მას თეატრში სულ ვხედავდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მამაჩემი იყო. შემდეგ გავიცანი ჩემი ძმა. ძალიან დავუახლოვდი ჩემი ძმის დედასაც, რომელმაც უფრო მეტი "საიდუმლო" იცოდა, ვიდრე დედაჩემმა. ძალიან კარგი ოჯახი აღმოჩნდა.

- როგორ ფიქრობთ, რა გადაგვარჩენს?

- ძალიან გვჭირდება სიმშვიდე, დიდი გონიერება და დაღვინება. არ არის საჭირო გარედან ასეთი მკვეთრი ჩარევები, შეგვეშვან და ჩვენ მოვრიგდებით ერთმანეთში. ასჯერ დაფიქრება გვმართებს და სწორი ნაბიჯის გადადგმა... არა მგონია, ახლა ქვების სროლის დრო იყოს, პირიქით, ახლა მთავარი ერთმანეთის მოსმენაა. მინდა, ჩემს ქვეყანას სიმშვიდე და ერთსულოვნება ვუსურვო, რაც დღეს ძალიან გვჭირდება. გადავრჩებით, თუ ღმერთი ვიწამეთ, თუ ერთმანეთს მოვუარეთ, გამოვადექით! ვიმედოვნებ, შერიგების, სიყვარულის წელი იქნება. მინდა უსაზღვროდ ბედნიერები ვიყოთ და სიკეთეში შევეჯიბროთ ერთმანეთს. ჩვენ გადავრჩებით სიყვარულით, ღმერთის წყალობით, ერთმანეთის პატივისცემით!

რუსუდან შაიშმელაშვილი