"ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება" - კვირის პალიტრა

"ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება"

თბილისის მთავრობა გიგი უგულავას თავკაცობით ერთბაშად მოსახლეობაზე მზრუნველ გუნდად იქცა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქში თურმე კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით გარკვეული შეღავათების დაწესება შესაძლებელი ყოფილა. ასევე, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა გადაიხედოს საბავშვო ბაღებში შემოღებული გადასახადიც. როგორც საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, მათ კომუნალური გადასახადების კუთხით დედაქალაქელებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესების რამდენიმე ვარიანტი აქვთ შემუშავებული (ეს ეხება ელექტოენერგიისა და დასუფთავების გაერთიანებულ გადასახადს.)

1. არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, სეზონური ტარიფის შემოღება, ზამთარში უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა სეზონებზე, რადგან ზამთარში დენის მოხმარება მეტია.

2. დაწესდეს დასუფთავებაზე ფიქსირებული გადასახადი, კერძოდ, ოჯახზე 7 ლარის ოდენობით.

ამგვარი ინიციატივის მიზეზად მთავრობის წარმომადგენლები იმას ასახელებენ, რომ თურმე "ნაციონალურ მოძრაობას" 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგების შესაძლებლობა აღარ ეძლევა. გვესაუბრება ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დღეს უკვე სამგორის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, რომელიც მომავალ პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს.

- უპირველესად უნდა გითხრათ, რომ უგულავა ჯერ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. მოუბოდიშოს თბილისელებს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახდების გაერთიანების გამო და მერე წარმოადგინოს ეს ინიციატივები. რაც მაგან გააკეთა, ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, ეს უგულავას გამოგონებაა. რაც შეეხება ათასლარიან ვაუჩერს და "ნაციონალური მოძრაობის" ყოვლად უსუსურ არგუმენტს, "ქართული ოცნებაც" და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ ათასლარიან ვაუჩერს ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა. სწორედ ამიტომაც ვერ გაიმარჯვა "ნაცმოძრაობამ" არჩევნებში. მათი დაპირებების ხალხს არ სჯეროდა და არც მომავალში დაიჯერებს. ამავდროულად, ქალაქის საკრებულოში დაწყებულია "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დაშლის პროცესი. უკვე ხუთი წევრი წამოვიდა იქიდან და ცალკე ფრაქცია შექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. მალე "ნაციონალურ მოძრაოაბს" აღარ ეყოლება უმრავლესობა დედაქალაქის საკრებულოში, ეს კი იქნება წინაპირობა იმისა, რომ გადაიხედოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც უგულავამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო.

- მერისა და საკრებულოს წევრების შეხევდრაზე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატებიც იყავით დაპატიჟებული, მაგრამ მისვლაზე უარი თქვით…

- მერთან შეხევდრას და ამ საკითხების განხილვას ვითხოვდით მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე საკრებულოს წევრი ვიყავი, მაგრამ ამგვარი შეხვედრა არ შემდგარა. თუმცა უგულავასთან შეხვედრის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, უბრალოდ, ეს პრობლემები მერმა უნდა გადაწყვიტოს ქალაქის საკრებულოსთან. თანაც დაუჩქაროს ცოტა, ვიდრე ამის დრო კიდევ აქვს.

- როგორც ცნობილია, მომავალ პარლამენტში თქვენ დაიკავებთ ვიცე-სპიკერის პოსტს. საინტერესოა, თქვენ რა დამოკიდებულება გექნებათ კომუნალურ გადასახადებთან ან თუნდაც საბავშვო ბაღის საფასურთან დაკავშირებით?

- ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცალსახა - კომუნალური გადასახადები საქართველოში ძალიან მაღალია და ნამდვილად შეიძლება მათი გაიაფება. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ეს უნდა იყოს აუცილებლად უფასო, რაც კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული. საფასური, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიღო, სრულიად მიუღებელია და აუცილებლად გაუქმდება.

- ბატონო ზურაბ, საზოგადოება თქვენ გენდოთ, აგირჩიათ, მაგრამ მისი ნაწილი ძალიან სულსწრაფია, ამიტომაც კონკრეტულ კითხვებზე მოითხოვს თქვენს პასუხს. მაგალითად, რა ზღვრამდე გაიზრდება პენსია და როდიდან?

- უკვე ვთქვით და ახლაც ვიმეროებთ, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება. ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და აუცილებლად განვახროციელებთ.

- აქამდე სტატისტიკის დეპარტატამენტის მიერ გამოქვეყნებული საარსებო მინიმუმის ოდენობა ახლოსაც არ იყო რეალობასთან, თქვენ ხომ დაითვალეთ უკვე, რამდენია დღეს საარსებო მინიმუმი?

- კი, ნამდვილად გვაქვს დათვლილი, ამას ვამბობდით საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, მალე უკვე სამთავრობო პროგრამად გარდაიქმნება, საშუალო გათვლით და დღევანდელი ფასებით, ეს შეადგენს 220-230 ლარს. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს ძალიან მაღალია ფასები, როგორც საწვავზე, სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე, ასევე მედიკამენტებზე. ფასების გადახედვაც მოხდება აუცილებლად. ეს ხელოვნურად იყო გაზრდილი, იმიტომ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მონოპოლიები მართავდა ქვეყანას, ფასების კლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, რიგ პროდუქტზე დაიწყო კიდეც. მთავრობის ფუნქციონირების დაწყებიდანვე ამ თვალსაზრისით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

- როდიდან მიიღებს პენსიონერი გაზრდილ პენსიას?

- ვანახოთ, შეიკრიბოს პარლამენტი, აირჩეს მთავრობა, რეალურად ავიღოთ ძალაუფლება და შემდეგ უფრო კონკრეტულად გიპასუხებთ ამ კითხვებზე.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)