"რაც ქართველს ქართველთან აპირისპირებს, ყველაფერს 2025 წელში დავტოვებდი“
ახალი წელი მხოლოდ თარიღი არ არის, ეს ის დროა, როცა აანალიზებ წარსულს, ყველაზე მეტად ფიქრობ მომავალზე... ზაზა კოლელიშვილი საახალწლო ტრადიციებსა და იმ რეალობაზე გვესაუბრება, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება.
- ბატონო ზაზა, თქვენთვის 2025 წელი რით იყო დასამახსოვრებელი?
- ალბათ, იმ ყველაფრით, რითაც მოსახლეობის დიდ ნაწილს დაამახსოვრდა. ქვეყანაში ერთობა რომ არ არის, დღეს ყველანი "გულწაკრულები" ვართ. ეს დაპირისპირება ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანზე მოქმედებს. მთელი წელი ისეთი დაძაბული იყო, დათრგუნულია ხალხი. მთელი ცხოვრება ვცდილობ, არ ვაწყენინო ადამიანებს, უხეშად არაფერი ვუთხრა, თუნდაც იმიტომ, რომ განსხვავებულ აზრს ვცემ პატივს. "თუთიყუში ადამიანები" ღუპავენ ამ ქვეყანას, არ იციან, რა უნდა თქვან და მაინც ამბობენ. დაუფიქრებლად ლაპარაკი არ მიყვარს, ძალიან ცუდია, როცა სიტყვის მოზომვის უნარი იკარგება. თითოეული ჩვენგანის პირველი საფიქრალი სამშობლო და მისი ინტერესები უნდა იყოს. ყველა ქვეყანაში მთავრობები მიდიან, მოდიან და ხალხი რჩება. იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს სათავეში არიან, უნდათ, რომ ეს ქვეყანა ცუდად იყოს? - ამას ვერ დავიჯერებ!
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ ქვეყანას იმუნიტეტი აქვს, ცუდად ყოფნის პერიოდში იუმორიც გვშველის. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ პოლიტიკა მეხება, ავად თუ კარგად, ამ ქვეყნის ნაწილი ვარ. ქართველ კაცს სამშობლოს დაცვა არ ეშლება, მტერს რამდენჯერ შევკვდომივართ, დღესაც შევაკვდებით, მაგრამ ამით რა გამოვა? ამიტომაა, რომ დიპლომატიას დიდ პატივს ვცემ.
რომ მიბრძანებ, როგორ მოვიქცე, ეს დემოკრატიაა? შენ ვინ გეკითხება, ჩემს სახლში რას როგორ დავალაგებ. ოჯახის სიწმინდე არაფრად ჩავთვალო და უკუღმართობა წავახალისო? ეს არ შემიძლია. ამ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პირადი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდნენ, არც თავად ერეოდნენ სხვების ცხოვრებაში და არც მათ ცხოვრებას განიხილავდა ვინმე.
ჩემი აზრით, მეტი უნდა ვიფიქროთ ადამიანზე. გააზრებულად თუ გაუაზრებლად წამოსროლილი სიტყვებით ერთმანეთს ძალიან ვიმეტებთ, ეს არის ჩვენი ტკივილი. ერთმანეთს თუ გავუფრთხილდებით, ქვეყანაც გაფრთხილებული გამოვა. ჩვენ თუ ერთმანეთს დავხოცავთ, ეს ქვეყანა როგორღა იცოცხლებს, როგორღა გაიხარებს?
ხშირად ფიქრებში წავალ ხოლმე, ჩვენზე ძლევამოსილი და მრავალრიცხოვანი რამდენი ქვეყანა დაიღუპა. ამდენი საუკუნეა მოვდივართ, ჩვენ რამ გადაგვარჩინა?
- რამ გადაგვარჩინა?
- სულ მგონია, რომ ქუდბედიანი ერი ვართ. ახლაც გადავრჩებით, ესეც ჩაივლის, მაგრამ იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, დღეს ერთმანეთს რომ აგინებენ, ეს სამომავლო ურთიერთობაზე არ აისახება? საერთო სიტყვის პოვნა არ გაგვიჭირდება? იმდენს ნუ დავაშავებთ, რომ მერე ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედოთ.
- რას დატოვებდით 2025-ში და რას გაიყოლებდით 2026-ში?
- რაც ქართველს ქართველთან აპირისპირებს, ყველაფერს 2025 წელში დავტოვებდი, რაც ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შემშლელია. მომავლში იმედს გავიყოლებდი, იმედს, რომელსაც მაცოცხლებელი ძალა აქვს. მსოფლიო არეულია, ჩვენც ხომ ამ დედამიწის შვილები ვართ. დავალაგოთ ჩვენი სახლები და გავუფრთხილდებით დედამიწასაც. სუვერენული სახელმწიფოს შვილი ვარ და ჩემს სახლს თავად დავალაგებ, შენ ნუ მიბრძანებ.
- პირადად თქვენი ოჯახისთვის რით იყო გამორჩეული 2025 წელი?
- უფლის წყალობით, ოჯახში ყველაფერი ნორმალურად იყო, მატება გვქონდა, მეათე შვილიშვილი შეგვეძინა, ასე რომ, 2026 წელს ერთით მეტი ოჯახის წევრით ვხვდებით, რაც ძალიან მახარებს.
- რა ხდება წინასაახალწლოდ კოლელიშვილების დიდ ოჯახში?
- შემოგაჭყიტოთ (იცინის)? ცოტათი მე ვიყავი ავანტიურისტი, გავვარდებოდი, გამოვვარდებოდი და ვიყავი ერთ ამბავში. შენ შემოგევლე, ყველაფერს ნუ მათქმევინებ, ქეიფს 31 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან რომ ვიწყებდი, 14-მდე არ ვჩერდებოდი.
- ქართველებისთვის ეგ უცხო არ არის.
- მე 14 თებერვალს ვგულისხმობ, იანვარი გეგონა (იცინის)? ასაკი რაღაცებს ცვლის. ჩვენი საახალწლო ამბებიც წლების განმავლობაში იცვლებოდა, ერთი რამ კი ყოველთვის უცვლელი იყო და ასე იქნება მომავალშიც, ახალ წელს აუცილებლად შინ ვხვდები. ქეიფის როგორ ეშხშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ღამე ტაქსს ვქირაობდი და სახლში ვბრუნდებოდი. წარმოუდგენელია, ამ წუთებში სხვაგან როგორ უნდა ვიყო. 1-ელ იანვარს სუფრის გაშლა და ახლობლების მასპინძლობა ძალიან მიყვარს, ეს ყველაზე გემრიელი მომენტია, ყველაფერს თავისი პეწი და ლაზათი აქვს, ეს წესი ჩემი მშობლებიდან მომყვება და ახლა ნათია აგრძელებს. საახალწლო სამზადისს სხვაგვარი სიხარული ახლავს, ყველაფერი სხვაგვარი ეშხით კეთდება.
- ამ სამზადისში თქვენ თუ ხართ ჩართული?
- ხორცეულს ჩემს თავზე ვიღებ. გოზინაყის მომზადება არასდროს მიცდია, ეგ არ არის ჩემი საქმე. ჩვენი სამზადისი ბაზარში წასვლით იწყება, მე და ნათია ერთად მივდივართ, ერთად ვარჩევთ, საერთოდ ყველაფერს ერთობით და დიდი სიყვარულით ვაკეთებთ.
- 5 შვილი გყავთ, ყველანი ერთად შეკრებას ახერხებთ?
- ყოველთვის ერთად ვხვდებით. წელსაც ყველანი ერთად შევხვდებით. ახალი წელიც რომ არ იყოს, ამ შეკრებას და სიმრავლეს კიდევ თავისებური სიხარული ახლავს. საახალწლოდ ჩემი ვიტო ჩამოდის საფრანგეთიდან. ის იანვრიდან რაგბიში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება. საფრანგეთიდან ოჯახიც მოჰყავს და ეს ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ. მათ საქართველოში ცხოვრება უნდათ.
- თქვენი ბავშვობის ახალი წლები როგორ გახსოვთ?
- მშობლების მეგობრები მოდიოდნენ, ბავშვობაში ისეთი დროსტარებები მაქვს ნანახი... მაშინ დიდი სილაღე და სილამაზე იყო. მე და ჩემი და თოვლის პაპას წერილებს ვწერდით და ისიც პირნათლად გვისრულებდა სურვილებს. 13-14 წლის ვიყავი, სიმართლე რომ გავიგე და "გამიტყდა". მერე იმავეს ჩემი შვილები აკეთებდნენ. ვთვლი, რომ ბავშვებს თოვლის პაპის უნდა სჯეროდეთ. მშობლებიც მზად უნდა იყვნენ და ქვეყანაც, პატარებს რაც შეიძლება ბევრი სურვილი აუსრულონ.
- თოვლის პაპის როლი გითამაშიათ?
- არა, არადა, როგორ ვგავარ, წვერებიც მიხდება, მაგრამ არავის შემოუთავაზებია. ახლა კი ვარ 10 შვილიშვილის პაპა, ამ ბავშვებით, ჩემი ქვეყნის კარგი ამბებით მინდა რომ დავტკბე. კარგი პაპა ვარ, ვეთამაშები, ძალიან უყვართ, როდესაც ზღაპრებს ვუკითხავ, რაღაცებს ვუხსნი, შემოსხდებიან გარშემო და მისმენენ.
- იანვარი თქვენი თვეა, 11 იანვარს დაბადების დღე გაქვთ.
- დიახ, 69 წლის ვხდები. დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან მიყვარს, ვიცი, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიქნები, ამ დღეს ყველა მეფერება. მე კი სხვა რა მინდა, კატასავით ვარ, მოფერება მიყვარს. იყო დრო, ვაჟკაცურად ვსვამდი, ახლა კომპოტს გეახლებით და სხვები ღვინოს მიირთმევენ. რაც მთავარია, ეს ჩემს განწყობაზე არ აისახება. 70 წლის იუბილე სცენაზე სხვაგვარად მინდა აღვნიშნო, ჩემს მაყურებელს ანგარიში უნდა ჩავაბარო.
მთელ საქართველოს ვეხუტები, ხალხის სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პოპულარული ძალიან მალე შეიძლება გახდე, მაგრამ სიყვარული შეინარჩუნო, ეს სულ სხვა რამ არის. მაყურებლის სიყვარული მავალდებულებს, ცუდი არ ვიყო, არ ვაწყენინო ადამიანებს, რომლებიც მოდიან, მიღიმიან, მეფერებიან.
- ახლა რომ თოვლის პაპას წერილს სწერდეთ, რას ინატრებდით?
- ახლა მივწერო (იცინის)? ძალიან ბევრი წელია, წერილი აღარ მიმიწერია, მაგრამ სიამოვნებით:
ძვირფასო თოვლის პაპა!
გთხოვ, მშვიდობა იყოს დედამიწაზეც და კოსმოსშიც. ბავშვები იყვნენ ბედნიერები. ადამიანებს შორის სულ იყოს სიხარული, ბედნიერება, მზრუნველობა... გთხოვ, იმედს ნურასდროს მოკლავ საქართველოში. ოჯახშიც და ქვეყანაშიც ყველა კარგად და ჯანმრთელად მიმყოფე!
თოვლის პაპა, კიდევ ერთ ნატვრას გაგანდობ, დიდი სურვილი მაქვს, კინო გადავიღო, ამისთვის 1 მილიონი დოლარი მჭირდება და გთხოვ, ამ ერთხელაც დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება. მე მთელი წელი კარგად ვიქცეოდი. ამ წერილს გიგზავნი დიდი სიყვარულით და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს გელოდები...
შენი ზაზა კოლელიშვილი
ბედნიერი წელი გქონდეთ! გილოცავ შენ, ვულოცავ "კვირის პალიტრას", მთელ საქართველოს, სიკეთე, ბედნიერება, სიყვარული გვქონდეს და ერთმანეთი არასდროს მოგვწყენოდეს. ამ წელს მაინც "ჩვენ" იყოს მთავარი ჩვენთვის და ერთმანეთის ატანა გვესწავლოს! ბევრნი არ ვართ და ვინც ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ უერთმანეთოდ ვერაფერს გავუძლებთ, ერთმანეთის გარეშე ბედნიერები ვერ ვიქნებით!
თამუნა კვინიკაძე