სახალისო ამბები იუმორის ქალაქიდან
ჟურნალისტი, მსახიობი, გიდი და ა.შ. დათო ლიკლიკაძე თავს გადახდენილ თუ ყურმოკრულ ამბებს, როგორც წესი, თავს უყრის ხოლმე, იუმორესკებად აქცევს და ახარებს მკითხველს თუ მსმენელს. მოყოლასაც ხომ გააჩნია? ამაშიც არ ჰყავს ბადალი. წელსაც, ტრადიციულად, შევეხმიანეთ ხალისითა და იუმორით სავსე რესპონდენტს და ისიც ჩვენი მკითხველისთვის საგანგებოდ შერჩეული ამბებით დაგვხვდა.
"სახლში ჩვენ ვერ გვატევ და ამდენ კალათას რაფერ ატევ?"
- მოგეხსენებათ, საახალწლოდ ორგანიზაციები ცნობილ სახეებს უგზავნიან ხოლმე ნობათს - კალათებს ხილითა და ტკბილეულით, კალენდრებს, სასმელს, უბის წიგნაკებს და ა.შ. თავიანთი დაბრენდილი ჩანთებით. არც ერთ წელს არ ვუჩივი საჩუქრებს, მომდის და მომდის ბანკებიდან, სამინისტროებიდან თუ კერძო ბიზნესებიდან, ახალ წელს მილოცავენ და, რა თქმა უნდა, ეს მახარებს. ჩემი ოპერატორი ონისე მელქაძე ძალიან ენამახვილი ადამიანია. სულ მეუბნება, ერთხელ შენთან დაგვპატიჟე სახლშიო. რაც ოჯახი შევქმენი, მეათე წელია ოროთახიან ბინაში ვიწროდ ვცხოვრობ (წლების უკან კი შევიძინე ოთხოთახიანი, ახლა ვარემონტებ და გადასვლას ვაპირებ), ვერც ბევრ რამეს ვატევთ ბინაში, ორი კაცი რომ მომივიდეს სტუმარი, მე გარეთ უნდა გავიდე. ჰოდა, ონისეს ვეუბნები, ხომ იცი, ვიწროდ ვცხოვრობ და ამიტომ ვერ გეპატიჟებით-მეთქი. ახლა ხომ ხედავს, დღე არ გავა, დღეში 4-5 უზარმაზარი კალათა არ მოვიდეს ჩემთვის, იქვე ვცხოვრობ, სამსახურთან, და გადამაქვს და გადამაქვს სახლში. ონისე მეუბნება, ბიჯო, სახლში ვერ ვეტევიო, ჩვენ ვერ გვატევ და ამდენ კალათას რაფერ ატევ, ერთი მაინც გახსენი სამსახურში, დავლევთ და შევჭამთო.
სამარშრუტო იუმორი
- იუმორს, ძირითადად, "მარშრუტკებიდან" ვიღებ, თქვენთანაც მომიყოლია. ამას წინათ, 11 ნომერ სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი და იქ კამათი წავიდა: ერთი კაცი ეკითხება მეორეს, რომლიანი ხარო და ის ეუბნება, 68-ანიო. წინ რა აქვს, წინო. წინ რა უნდა ჰქონდეს, 1700-იანი ხომ არ ვიქნები, შენი დედა ვატირეო. ამაზე თითქოს უნდა ეცინათ, მაგრამ სასწაული ჩხუბი აიწია...
მეორე შემთხვევას მოგიყვებით: "მარშრუტკიდან" კაცი ჩადის და მანდილოსანს გამოსძახა:
- თქვენი აღებულია, ქალბატონო (დაპატიჟა).
- დიდი მადლობა, მაგრამ ვერ გიცანით.
- მე ის ვარ, შარშან რომ ვიწექი თქვენთან, ნინოშვილის ქუჩაზეო.
- აა, გამახსენდით, გამახსენდით, გენაცვალე, გაიხარეთ.
ახლა უკვე ამ ქალს უყურებს მთელი "მარშრუტკა". ქალი მიხვდა და - ვაიმე, გენაცვალე, რეანიმაციის ექთანი ვარ კლინიკურ საავადმყოფოშიო, მოიბოდიშა.
"რაის დანქე შონ, რაის ბითე შონ?!"
- მოგეხსენებათ, გიდიც გახლავართ, ტურებს ვაკეთებ... გერმანული ოჯახი იყო ჩამოსული, რომელსაც თან ახლდა სტუდენტი გოგონა, ვისაც სტუმრობდნენ. ეს გოგონა 2 წელი იქ ცხოვრობდა და, ასე ვთქვათ, მათი შვილობილია. მან დაპატიჟა გერმანული ოჯახი და ათვალიერებინებს საქართველოს. ქუთაისში გიდად მე ამიყვანეს, გასამრჯელოზე შევთანხმდით და მეც შევუდექი საქმეს - ვათვალიერებინებ ქუთაისს. სტუმრები სასტუმრო "მემუარში" ცხოვრობდნენ, რომლის გვერდით ფოტომუზეუმია, სადაც ქუთაისის ძველი ფოტოებია გამოფენილი, მე-19 საუკუნის ბოლოს ერმაკოვის გადაღებული ქალაქი, ფოტოები ორიგინალებია და ამას მოყოლებული, მთელი ქალაქის ისტორიაა ჩატეული. მუზეუმს "ფოტომატიანე" ჰქვია და უფასოა (მუნიციპალური მუზეუმია). რადგან უფასო იყო, თან გერმანელებიც იქვე, სასტუმროში ცხოვრობდნენ, მუზეუმი ბოლოსთვის მოვიტოვე. დავარტყი წრე მთელ ქალაქს, შემოვატარე კათოლიკური უბანი, ებრაელების უბანი და ვუთხარი, "ფოტომატიანეში" სტუმრობით ვამთავრებთ-მეთქი. ოჯახის უფროსმა მუზეუმში საფულე გახსნა და ამოიღო ევროს კუპიურა. მეგონა, მუზეუმის ფულს იხდიდა და ვეუბნები, საჩუქარია, პრესენტ (ინგლისურად), გერმანულად - შენქე (ცოტა გერმანულიც ვიცი), ხო არ გადაირიეთ, უფასოა, საჩუქარია თქვენთვის და ფულს როგორ ავიღებ-მეთქი. სულ Danke schön და Bitte schön იძახა და ფული უკან ჩააბრუნა. დავიშალეთ, ვემშვიდობებით, ოჯახის უფროსი გადამეხვია და უკვე მიდის. მათ თანმხლებ გოგონას ვეუბნები მორიდებით, ჩემს ჰონორარს არ მომცემთ-მეთქი? გოგონამ, ის გაძლევდათ და თქვენ ხომ არ გამოართვითო. გადავირიე, რაის ბითე შონ, რაის დანქე შონ, ჩემი ფული მომეცით, მუზეუმი იყო უფასო, თორემ მე ფასიანი ვარ-მეთქი. ასეთ გაუგებრობაში მოვყევი, მაგრამ ჩემი ფული დავიბრუნე. ისე გადამეხვია, ერთმანეთს თანაკლასელებივით ვუტყაპუნეთ ზურგზე ხელი და ჩათვალა, ფულს საერთოდ არ ვართმევდი.
ქუთაისის ბაზარში
- ჩვენს ბაზარში ისეთ ფრაზებს გაიგონებ, მოკვდები სიცილით. მაგალითად, ყველის გამყიდველი ეუბნება ერთ ქალს:
- ვაიმე, ყველა ყველს ნუ აჭერთ ხელს, როგორ შეიძლება!
- არა, ძაან დაცემული ყველია.
- მომისმინე. შვილო, მე გოდოგნიდან (ქუთაისთან ახლო სოფელია) ფეხით ჩამოვედი, გზაზე არსად დავცემულვარ და ყველს რა დასცემდაო.
გამყიდველს ვეკითხები:
- რა ღირს ყველი?
- 20 ლარი.
- 17 ლარად ჰქონდა აგერ, გვერდით.
- მერე, იყიდე, შვილო...
- იმას გაუთავდა და მიტომ გადმოვედი თქვენთან.
- მეც რომ გამითავდება, მეც ქე მოგცემ 17-ად და უფრო იაფადაც.
კიდევ, ასეთ რაღაცას გაიგონებთ:
- ქალბატონო, მაგ ქიშმიშს სინჯავთ თუ სადილობთ? (ეტყობა, მეტი მოუვიდა).
გადაძახილი ბაზარში:
- ეს ანანასი ქართულია? (მოუნდა ქართული ანანასი).
მოკლედ, ძალიან სასაცილო ფრაზებს გაიგონებთ ქუთაისის ბაზარში.
"80-ლარიანო მონებო!"
- ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი იმართებოდა და ბილეთი, ძირითადად, 80 ლარი ღირდა (იყო ძვირიანიც ე.წ. სამთავრობო ლოჟაში). იმხანად აქციები იყო გამძაფრებული, მისი მონაწილეები მივიდნენ თეატრთან, კორიდორი გააკეთეს და ვინც მიდიოდა, ეძახდნენ: "მონებო! 80-ლარიანო მონებო!" უცებ მანქანა გაჩერდა, გადმოვიდნენ სოლიდური, მაღალი სოციალური კლასის ქალბატონები, ძვირფასი ქურქებით და შედიან კარში. ამ მონების ძახილზე ერთმა გამოიხედა (ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ქალი იყო) და ახალგაზრდებს მიმართა, უკაცრავად, ჩვენ 120 ლარი გადავიხადეთ ბილეთშიო...
"ე, შეხედე, ბოზეები!"
- ახალგაზრდული ცენტრი გვაქვს ქუთაისში და ნუკრი კაპანაძე იყო ჩამოსული, საანგარიშო ღონისძიება იყო და ნუკრიმ გაგვილამაზა საღამო. დამთავრდა კონცერტი და ნუკრი ბანკეტზე უნდა წაგვეყვანა. ორგანიზატორებმა მითხრეს, შენ მოიყვანე ვახშამზეო. მანქანა კი მყავდა, მაგრამ ერთი ბულვარი უნდა გადაგვეჭრა, იქვე იყო კაფე-რესტორანი, ამიტომ ნუკრის შევთავაზე, ფეხით ხომ არ გადავიდეთ, კარგი ამინდია, გაიარე ქუთაისში, ძალიან უყვარხარ ქუთაისელებს და ნახე, რა სითბო და დადებითი ენერგია მიიღო ქუჩაში-მეთქი. მე რომ სახლიდან სამსახურში გადავდივარ, იმდენ ენერგიას ვიღებ, ისეთი სითბოთი მხვდებიან, ხალხი ფოტოებს იღებს ჩემთან და წარმოვიდგინე, ნუკრიზე რა ამბავი ატყდებოდა. დამთანხმდა. მიმყავს ხელკავით და ნუკრიმ სიგარეტი ამოიღო, სოლიდარობისთვის მეც გავაბოლე. ვიღაც კაცი მოდის და ხედავს, ქალი ქუჩაში ეწევა სიგარეტს და დაიძახა: - ე, შეხედე, ბოზეები! ნუკრი მომიბრუნდა და მეუბნება: ძალიან დიდი მადლობა, დათო, ეს როგორ ვყვარებივარ, გადასარევად მიმიღო ქუთაისმაო. მერე ამას ყველა შეხვედრაზე ვიხსენებთ და ვიცინით. შეგიძლიათ დაბეჭდოთ, ნუკრისგან თანხმობა მაქვს, ისედაც ყველგან ვყვები.
"ვიღაცის ჯიპი კი არა, "შიტოკი" გააკეთე, ბიჭო!"
- ქუთაისში მღვდელთან მივიდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც გაჩერებულ ჯიპს დასჯახებია და დაუმტვრევია. პატრონი იქ არ იყო და ამასაც უსარგებლია, გაპარულა. მერე ეტყობა, სინდისმა და ცოდვის სიმძიმემ შეაწუხა და მივიდა აღსარების სათქმელად (მარხვის დღეებია). ეუბნება, შემინდე, მამაო, ვიღაცის ჯიპს დავეჯახეო. იმან გამოხედა და მიუგო, ვიღაცის ჯიპი კი არა, "შიტოკი" გააკეთე, ბიჭო, თორემ სასწაულს გიზამ, ვერ ეღირსები ზიარებასო. ჯიპი მამაოსი ყოფილა და რას წარმოიდგენდა ის ბიჭი.
"ყაჩაღობა ქუთაისში"
- ბოლო ზარის ღონისძიებას ვაკეთებ ხოლმე ქუთაისში და ასეთი გამოთქმა არსებობს: "ყაჩაღობა ქუთაისში" (ყველა ქალაქშია ეს, მაგრამ), რაც შემდეგს ნიშნავს: ბანკეტი - 1000 ლარი, ვიდეოგრაფი - 200 ლარი, ფოტოგრაფი - 300 ლარი, დიზაინი - 300 ლარი, წამყვანი - 200 ლარი, ექსკურსია სვანეთში - 600 ლარი, ექსკურსია კაბადოკიაში - 2.000 ლარი. ასე რომ, ქუთაისში ბოლო ზარი ჩვეულებრივი ყაჩაღობაა.
ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის საღამოს ვდგამ და მოსწავლეები მიყვებიან: შარშან ისეთი ღონისძიება გავაკეთეთ, მაყურებელი ფეხზე მდგომი გვიკრავდა ტაშსო. მეორე პასუხობს, ფეხზე მდგომი იმიტომ გიკრავდა ტაშს, დარბაზში სკამები არა გვაქვს, შე უპატრონოო. ამას ქუთაისში თუ მოისმენ, ანეკდოტი არ არის?
"პაროლია თუ ნოველა?"
- ქუთაისის ერთ კაფეში ვაიფაის პაროლი ვიკითხე. თანამშრომელმა ახლავეო, და იქიდან მიძახის: "ჯომოლუნგმა 12345678", დიდი ასოებით "კავკასიონი", ქვედა ტირე, "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა", 1999 წელი. ეს იყო პაროლი, ვერასდროს რომ ვერ გამოიცნობდი, ისეთი. გამეცინა და ვუთხარი, ყოჩაღ თქვენს ფანტაზიას, პაროლი კი არა, ნოველა დაგიწერიათ-მეთქი.
მე და ცელოფანის პარკები
- მე თუ კარგი იუმორი მაქვს, სხვის იუმორსაც კარგად ვიღებ. მაღაზიაში შევედი და კონსულტანტი მეკითხება:
- პარკი გნებავთ?
(ფიქრებში ვარ წასული და)
- რისი პარკი?
- რისი და, ბორჯომ-ხარაგაულისო (კონსულტანტი ჩემზე უარესი გამოდგა).
ყველამ იცის ჩემი ამბავი, მაღაზიაში ცელოფანის პარკს პრინციპულად არ ვყიდულობ. ამ 10-თეთრიან პარკზე იმდენი მაქვს ნახუმრები შოუებში, იმდენი ამბავი მაქვს მონაყოლი... ერთი სიტყვით, კონსულტანტები პარკს აღარც მთავაზობენ, მირჩევნია, რასაც ვყიდულობ, ხელში დავიკავო, ან საცხა ჩავაკვეხო. ერთ დღეს ფასდაკლებაში აღმოჩნდა შოკოლადიანი ორცხობილა, რომელიც ჩემს შვილს უყვარს და ხშირად ვყიდულობ. ავდექი, ჩავედი მარკეტში და სადღაც 12 შეკვრა ვიყიდე. ცხადია, ამდენ ყუთს ვერც ხელში დავიკავებდი, ვერც იღლიაში ამოვიჩრიდი, ამიტომ მოვითხოვე ცელოფანის პარკი:
- პარკი გამიტარეთ, - ვეუბნები ახალგაზრდა მოლარეს.
- პარკი გაგიტაროოოთ? (დაიბნა ეს გოგონა).
- დიახ, დიახ!
მოლარემ ჯერ დამჯდარმა ნელ-ნელა შემოჰკრა ტაში, მერე მოუმატა დაკვრას, ნელ-ნელა წამოდგა, იქიდან კონსულტანტებმაც დაიწყეს ტაშის დაკვრა და ჩემკენ დაიძრნენ. ტაშის დაკვრა დაიწყეს რიგში მყოფმა მოქალაქეებმაც, ბოლოს მენეჯერი გამოვიდა საიდანღაც, დიდი ხნის უნახავი თანაკლასელივით გადამეხვია და ზურგზე საკმარისზე მეტხანს მიბრაგუნა ხელები. ამ სცენის შემსწრე შემთხვევით შემოსულმა დისტრიბუტორმა ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლი წასკდა. ბოლოს ყველანი ვტიროდით, ეს სიხარულის ცრემლები იყო, მე იმ დღეს 10 თეთრად უამრავი ადამიანი გავაბედნიერე.
"კინოში არაა ნამყოფი, ექსკურსიაზე არაა გაშობილი..."
- რეკლამებს ხომ ვაკეთებ და ამ ხალხს ჰგონია, მე უნდა მომთხოვონ პასუხი ყველაფერზე - ხან გოჭის შეკვეთას მაძლევენ, ხან მწერენ და მეჩხუბებიან, თქვენს აჩმას მარილი ჰქონდა მეტიო. ერთი მწერს, თქვენთან რომ გასაბერი ლეიბი ვიყიდე, ცოტას აპარებსო. ვუთხარი, გეშლებათ ქალბატონო-მეთქი, ვერ მოვედი აზრზე. არაფერიც არ მეშლება, ბატონო დავით, ზუსტად ვიცი, ვისაც ვწერო. მერე მივხვდი, მაღაზიის რეკლამა იყო გასაბერ ლეიბებზე და ის ჰქონდა ნაყიდი. მეორე მწერს, ბოტასებს ძირი გასძვრა, რას ჰგავს ესო, და უკვე ვხვდები, ბოტასების რეკლამა აქვს ნანახი. მესამე მსაყვედურობს, ხაჭაპურში ყველი მარილიანი იყოო... სასწაულ დღეში ვარ, ყველაფერზე პასუხს მე მთხოვენ.
ჰოდა, ამას წინათ ერთმა ქალიშვილის გასათხოვარ ვიდეორეკლამაში მონაწილეობა შემომთავაზა, კრიტიკულ ასაკშია და ვიდეო ჩავწეროთო. კი მაგრამ, რეკლამა როგორ ჩავწეროთ-მეთქი. როგორ და, უცებ შემოვარდები ჩვენთან სახლში, ისე, მაღაზიაში რომ იცი შევარდნა, დაატრიალებ ჩემს გოგოს და მოჰყვები მის პლუსებზე, რომ კინოში არაა ნამყოფი, ექსკურსიაზე არაა გაშობილი, მამალ კოღოსაც კი არ უკბენია მისთვისო და ამისთანები. პატრონი იმდენს იხდიდა, ერთი გაფიქრება ვიფიქრე, ახალი სტარტაპი ხომ არ მოვქოქო-მეთქი, მარა მერე დედაჩემის და ჩემი დის შემეშინდა, უეჭველი მომკლავდნენ. ისედაც ჩემი და ყველაფერზე მეჩხუბება და ასეთი რეკლამა რომ ჩამეწერა, რას მიზამდა?