„ჩატჯიკომ ქართულ რეცეპტებზე გაჭედა და გააბდლდა“
ქართული გასტრონომიის ნახტომი, გაწბილებული ჩატჯიპიტი და გასტრონომიის ექსპერტი ქეთი კვიჭიძე - შეიძლება ითქვას, ეს სამი ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი იდენტობის შენახვაში. ყველანი მოწმე ვართ, როგორ ფართოვდება ქართული რესტორნების ქსელი მთელ მსოფლიოში, რომელთა დახმარებით მსოფლიო არა მხოლოდ ქართულ კულინარიულ გემოებს ეცნობა, არამედ საქართველოსაც. ქეთი კვიჭიძემ დიდი ხნის წინ აუღო ალღო, რომ ეს სწორედ ასე იქნებოდა და დაახლოებით 20 წლის წინ თითქმის უსახსროდ მოიარა საქართველო ქართული კულინარიის აღმოჩენებისთვის. დღეს უკვე მსოფლიოში მოგზაურობს და აგრძელებს მსოფლიოს კულინარიული გამოცდილების გაზიარებას და საკუთარი კულინარიის საზღვრებს მიღმა გავრცელებას. მას ერთი ნიჭიც აღმოაჩნდა: მსოფლიოს კულინარიის მეტრებთან მეგობრობის უნარი, რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთ ქვეყნებში ქართულ სამზარეულოს უდგანან გვერდით. დღეს ის ამ საინტერესო ამბებზე ჩვენთან საუბრობს.
- ისეთი ოჯახიდან ვარ, სადაც ქართული, აღმოსავლურ-დასავლური, გურულ-კახური გემოები სულ ტრიალებდა, მეგრელზე დაქორწინებით კი "მეგრული გემოც" შევიმატე და ამით, ალბათ, უფრო მივეჯაჭვე ჩვენს გასტრონომიულ საოცრებებს. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად, სიტყვა "გასტრონომიაც" კი არ ვიცოდი, თუმცა გულის ხმა ამ საქმეში მიმიწევდა, თანაც ისე, რომ როდესაც ჩვენი კულინარიის საფუძვლიანი შესწავლა და ამისთვის საქართველოს შემოვლა გადავწყვიტე, საამისო სახსრებიც არ გამაჩნდა.
XXI საუკუნე ჩვენთვის ტურისტების მოზღვავების საუკუნეა, რაც წარმოუდგენლად დაეხმარა ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას. ჩვენს კულინარიასთან ჩვენი იდენტობაა დაკავშირებული და საკუთარ კარ-მიდამოსავით უნდა გავუფრთხილდეთ.
- თქვენ მსოფლიო გასტრონომიის მეტრები საქართველოში ჩამოგყავთ და ჩვენი სამზარეულოს მსოფლიოში გატანას უზრუნველყოფთ.
- ქართული გასტრონომია ხომ იმითაც არის უნიკალური, რომ უნიკალურ ურთიერთობებსაც მოიცავს, ისე მხოლოდ მე რას შევძლებდი, იდენტობისთვის ბრძოლა საერთო ქართული სურვილი რომ არ იყოს. როდესაც 2023 წელს აჭარაში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გაიმართა, პირველად მაშინ მთხოვეს მსოფლიოდან ცნობილი შეფმზარეულების მოწვევა. არადა, იმ დროს, ასე თუ ისე, მხოლოდ ერთი საფრანგეთის კულინარიული სკოლის, Ferrandi-ის წარმომადგენელს ვიცნობდი. სამაგიეროდ, იმ კაცს იმდენად მხურვალედ აღვუწერე ჩვენი ქვეყნის კულინარიული შესაძლებლობები, რომ აღფრთოვანდა და მისი სკოლის მენეჯერთან დამაკავშირა. ეს სკოლა 1920 წელს არის შექმნილი და იქ ლამის მთელი მსოფლიოს კულინარები სწავლობენ. საბოლოოდ ამ სკოლის მენეჯერიც მოვხიბლე ჩვენი გემოებით, რამაც მსოფლიოს შეფებისკენ გამიკვალა გზა. ახლა ეს ხალხი უკვე ნელ-ნელა სტუმრობს საქართველოს, რაც მთავარია, ამბობენ, რომ აქ ბევრად მეტი დახვდათ, ვიდრე ელოდნენ.
- მაგალითად, შვეიცარიის გასტრონომიის ექსპერტი, მწერალი სებასტიან რიპარი ჩვენი კულინარიის შესახებ ხშირად საუბრობს მედიაში.
- არა მხოლოდ ის. რიპარი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. საზოგადოდ, კულინარიული დიპლომატია ქვეყნის მატერიალური აღმავლობის ერთ-ერთი საშუალებაა. ახლა ანდორის მაგალითს მოგახსენებთ. ეს ძალიან პატარა სახელმწიფოა, სადაც 80 000 კაციც არ ცხოვრობს, მაგრამ წელიწადში 10 მლნ ტურისტს მასპინძლობს. უკვე ყოველწლიურ კულინარიულ ფესტივალებს აწყობენ, სადაც ჩვენც ვიყავით მიწვეული და თავი არ დავზოგეთ, რომ ქვეყანა ძალიან მაღალი დონის გასტრონომიით წარმოგვედგინა: საქართველოს რუკა გამოვიტანეთ და ფესტივალის მონაწილეებს ჯერ საქართველო გავაცანით თავის წარსულითა და ტრადიციებით, მერე ჩვენი გასტრონომია. წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული, როდესაც ყველა დამსწრემ სათითაოდ გვითხრა, იმდენად დავინტერესდით თქვენი ქვეყნით, აუცილებლად ჩამოვალთო. განსაკუთრებული კერძები მოვამზადეთ, ჩვენმა მწვანე სოუსმა ტარხუნითა და სხვა ბოსტნეულით საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. მწვანილეულს ევროპაში ნაკლებად მოიხმარენ და აღფრთოვანდნენ ჩვენს მწვანე სოუსებზე. ჩვენმა შეფებმა ჩვენი ველური ქაცვისაგან ქაცვის ქაფი გააკეთეს, რომლის არომატმა ყველა აღაფრთოვანა. ნორვეგიელებმა გვითხრეს, თქვენ შეგიძლიათ გასტრონომიაში ახალ ნორვეგიად იქცეთ, მსოფლიო ეძებს ახალ გემოებს და ამის დიდი პოტენციალი სწორედ თქვენ გაქვთო. ნორვეგია თანამედროვე გასტრონომიის ტექნიკური შესაძლებლობების ჰაბია.
- დიახ, მდიდარი ქვეყანაა, ძალიან ძვირი გასტრონომიით. ამიტომაც ნათია ყურავამ ნორვეგიაში რომ ქართული ღვინის ბარი გახსნა, მისასალმებელია. ნათია ამბობს, იქაურ კულინარიულ კოლეჯში გვითხრეს, ღვინო პირველად ეგვიპტეში დაიწურა 5000 წლის წინო და ისე გავმწარდი, ნორვეგიაში ქართული ღვინის ბარი გავხსენიო... მსოფლიოში ქართული რესტორნების ქსელი იზრდება.
- ამ რესტორნებს ყოჩაღი ქართველები ხსნიან მუხლჩაუხრელი შრომით. ნამდვილად არ არის მარტივი კეთილდღეობის ქვეყნებში ხალხის ყურადღება მიიქციო საკუთარი კულინარიით, მაგრამ როდესაც იცი, როგორ წარმოაჩინო სხვებისაგან გამორჩეული შენი ქვეყნის კულინარია, საამისო საშუალებებსაც პოულობ. ყველა ქართული რესტორანი უცხოეთში უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, ძალიან კარგი ქართული რესტორანი გავხსენით ქართველებმა სერბეთში. ის დღეში 400-მდე სტუმარს იღებს; ტოკიოშიც გაიხსნა ქართული რესტორანი და ქართული ღვინის ბარი "აჯიკა". სხვათა შორის, რესტორნის ქართველი დამფუძნებელი ამბობს, სიტყვა "აჯიკა" იაპონური სიტყვა "აჯი"-დან მოდის და გემოს ნიშნავსო. რესტორანი იაპონურ რძის კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელსაც რესტორნისთვის იმერული ყველი და სულგუნი ამოჰყავს.

- ამერიკულ-ქართულ გასტრონომიულ ობიექტებზე რას იტყვით?
- ამერიკაში არაერთი ქართული რესტორანია. მეტსაც გეტყვით. აშშ-ში ქართულ ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა წლიურად 10-15%-ით იზრდება. ასეთ ნახევარფაბრიკატებში იგულისხმება ხინკალი და, რა თქმა უნდა, ხაჭაპური.
- როგორც ვიცი, უცხოეთის არაერთი ქართული რესტორანი გთხოვთ საქართველოდან შეფმზარეულის გაგზავნას. ბევრი გაგზავნეთ?
- რამდენიმე. თუმცა დიდი სიამოვნებით უნდა ვთქვა, რომ ქართული გასტრონომია საქართველოშიც დგება ფეხზე. უკვე არაერთი შემთხვევა მაქვს, როდესაც ქართველები უცხოეთში დასაქმებასა და ხანგრძლივ ცხოვრებაზე უარს ამბობენ.
- მიხარია. სამშობლოდან რატომ უნდა წახვიდე, თუკი იძულებული არ გახდები. მაინტერესებს ქართული სამზარეულოსა და ხელოვნური ინტელექტის დამოკიდებულება - ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ქართული გასტრონომიის სწავლება?
- ერთ რესტორანში ვახშამი გვქონდა დაგეგმილი და გადავწყვიტეთ გურული კერძები თანამედროვე ტექნიკით გაგვეცოცხლებინა - ანუ "გაცოცხლების" მენიუ გავუგზავნე მარკეტინგს და გაცოცხლება ვთხოვე. მაგალითად, ძიგურას ჭყიმას ესპუმათი, კალმახის სათალი ძაღეძმრის სოუსით, საკალანდო გოჭი კვაწარახის გელით და…ა.შ., მაგრამ ჩვენმა ჩატჯიკომ გაჭედა. ვეღარაფერი თარგმნა ვერც ინგლისურად და ვერც ქართულად, დაიბნა და გააბდლდა. გაიმართა მარკეტინგისა და ჩატჯიბიტის ხელჩართული ბრძოლა და საბოლოოდ ბრძოლის ველზე ეყარნენ ორივენი. ეს ხუმრობით. რეალურად კი ხელოვნური ინტელექტი სოცქსელით გენერირდება, სადაც ძაღეძმრისა და კვაწარახის რეცეპტები არ არის და მას საიდან ექნება? არა მგონია, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის ხელი ჩაანაცვლოს.