„მოპარული ბავშვები“ - საქართველოში გაყიდული 100 ათასზე მეტი ახალშობილის დაუჯერებელი ამბავი HBO-ს ფილმში - კვირის პალიტრა

„მოპარული ბავშვები“ - საქართველოში გაყიდული 100 ათასზე მეტი ახალშობილის დაუჯერებელი ამბავი HBO-ს ფილმში

ამერიკული პრემიუმ სატელევიზიო და სტრიმინგ პლატფორმა HBO-ზე ქართველი ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ" დამფუძნებლის შესახებ დოკუმენტური ფილმი მაყურებელთა ფავორიტია. Warner Brother-ის დოკუმენტური ფილმი "მოპარული ბავშვები" თამუნა მუსერიძის პირად ისტორიასა და საქმიანობას შეეხება. საქართველოდან საზღვარგარეთ მოპარვით გაყიდული ჩვილების ამბავი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ მოექცა, მაგრამ საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ის მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული პლატფორმის ინტერესის სფერო. ჰოლივუდურ ისტორიასა და HBO-ს ფილმის პრემიერაზე პოლონეთში თამუნა მუსერიძეს ვესაუბრეთ:

- თამუნა, როგორ დაიწყო HBO-სთან თანამშრომლობა?

- 2023 წელს დაგვიკავშირდა Discovery, რათა გადაეღოთ სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი. ჩამოვიდნენ და რამდენიმე კვირაში გადაიღეს. ფილმი 2024 წლის სექტემბერში უნდა გამოსულიყო, აგვისტოში კი ვიპოვე ჩემი ოჯახი. ფილმში საუბარია, რომ სხვებს ვეხმარები, მაგრამ თავადაც ვეძებდი ოჯახს და როცა ვიპოვე, Discovery-ს მივწერე. მაშინვე­ დამიკავშირდნენ და უკვე გადაღებული ფილმის სატელევიზიო სივრცეში გაშვებაზე ლაპარაკი აღარ იყო, რადგან მშობლები ვიპოვე. მომწერეს, რომ მოფრინავდნენ და როცა მე ზუგდიდში მამასთან შესახვედრად ჩავედი, Discovery-ის გადამღები ჯგუფიც ჩამოფრინდა. თუმცა­ ისინი ჩამოვიდნენ არა როგორც Discovery, არამედ როგორც ჭარნერ Bროს-ს წარმომადგენლობა. როცა მივწერე, რომ მშობლები ვიპოვე, მაშინვე გადაწყვიტეს, რომ უნდა გაკეთებულიყო დიდი დოკუმენტური ფილმი... გადაიღეს მამასთან შეხვედრა, მათ სურდათ ჩემს ნათესავებთან ინტერვიუებიც. მამის მხარე მარტივად დაგვთანხმდა გადაღებაზე, თუმცა დედის მხარემ უარი განაცხადა, თავად დედამაც. დედის მხარე ავსტრიაში ცხოვრობს, ამიტომ გადამღებ ჯგუფს ავუხსენი, რომ აზრი არ ჰქონდა წასვლას, მაგრამ ისინი მაინც წამომყვნენ ავსტრიაში. როცა ჩავფრინდით, კვლავ მქონდა საუბარი ჩემს დეიდაშვილებთან და მათ მხოლოდ ჩვენი შეხვედრის კადრების გადაღების ნებართვა მისცეს, მაგრამ დედამ ისევ უარი თქვა გადაღებაზე.

ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ორჯერ ჩამოვიდნენ, გადაიღეს იურისტი, რომელთანაც მე დავაკავშირე. ასევე ისტორიკოსი და ბავშვთა სახლის, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი - მე ამ ხალხის ფილმში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და გამიხარდა, რომ ფილმში მათი ინტერვიუები ვნახე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების ერთ ფენას დღემდე არ სჯერა ჩემი.

"მოპარული ბავშვები" - ასე ჰქვია ფილმს, სადაც ნაამბობია ჩემი პირადი ისტორია და გორის სამშობიაროს დედების ამბები. გაშიფრულია სქემაც, თუ როგორ ყიდდნენ ბავშვებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რამდენიმე თვეში, როცა ფილმის გადაღება დამთავრდა და მომწერეს, რომ დოკუმენტური ფილმი მზად იყო ეკრანებზე გასასვლელად, ჩემთვის ეს შოკი იყო.

tamuna-muserize-1764927883-1766963001.jpg

- ფილმის ევროპულ პრემიერაზეც მოგვიყევით...

- სანამ ფილმის პრემიერაზე დაგვპატიჟებდნენ, დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა ჩამოფრენილიყვნენ და ფილმი ეჩვენებინათ ჩვენთვის. ჩამოვიდნენ, სივრცე იქირავეს, სადაც ვუყურეთ ნამუშევარს და წავიდნენ. ამის შემდეგ წავედით პოლონეთში პრემიერაზე მე და ტყუპი, რომლებიც არიან ფილმში და მათი ამბავი არაერთმა საერთაშორისო მედიამ გააშუქა. ეს იყო სამი დაუვიწყარი დღე. თავი ჰოლივუდის ვარსკვლავები გვეგონა. ქუჩაში უცხო ხალხი გვაჩერებდა და გვეუბნებოდნენ, რომ გვნახეს ფილმში, შეძრული არიან ჩვენი ისტორიით და მადლობას მიხდიდნენ, რომ ოჯახის წევრებს ვეხმარები ერთმანეთის პოვნაში. HBO-ს ფილმების ჩვენებამ შეძრა საზოგადოება. ჩვენთვის მთავარია და ფილმის მთავარი მიზანიც ის არის, რომ ყველამ­ გაიგოს - ის ბავშვები, რომლებიც­ საზღვარგარეთ გაყიდეს, მშობლებს არ გაუყიდიათ, არ უარუყვიათ, მშობლებიც ეძებენ მათ და თავადაც დაიწყეს ძიება. ეს არის მთავარი მიზანი, რატომაც მინდოდა, რომ ფილმი გადაეღოთ. წარმოიდგინეთ, 100 ათასი დედაა, რომელიც შვილს ეძებს. ჩვენ არ ვიცით, რამდენია მართლა გარდაცვლილი და რამდენი მოპარული.

მხოლოდ ერთი ინტერესი მქონდა ახლაც და მაშინაც, რომ რაც შეიძლება მეტი დაკარგული შვილი ვაპოვნინო მშობელს და ოჯახის მაძიებელ ბავშვებს - მშობელი. ეს საქმე სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხიმგებლობაა. ყველას ხომ ვერ იპოვი,­ შეუძლებელია. ამას ბევრი მიზეზი აქვს: ზოგი მშობელი არ ეძებს შვილს, ზოგ შემთხვევაში ბავშვმა არ იცის, რომ ნაშვილებია, ზოგი მშობელი გარდაცვლილია. თუ დაიწყება გენეტიკური ტესტირება, უფრო მეტი ადამიანი იპოვის ერთმანეთს.

BBC-მ მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში შემიყვანა.­ ეს იყო ჩემი საქმის აღიარება. თუმცა ყველაფერი ბრიტანული Daily Telegraph-ით დაიწყო, სადაც ერთი ქართველი ჟურნალისტი მუშაობს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ინტერვიუ ნახა BBC-ის წარმომადგენლობამ და აქედან დაიწყო ყველაფერი. BBC-მ სამ ისტორიაზე გადაიღო ფილმი,­ რომელიც ბევრი ქვეყნის ცენტრალურ არხებზე აჩვენეს, რის შემდეგაც არაერთი საერთაშორისო­ მედია დამიკავშირდა. მათ შორის იყო ავსტრიის ABC, რომელმაც რეპორტაჟი გააკეთა დაკარგულ ტყუპზე, რომლებმაც ერთმანეთი სოციალურ ქსელში იპოვეს. "მოპარული ბავშვების" ისტორიით მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მედია დაინტერესდა, მათ შორის იყვნენ CNN, Fox News. მთელი მსოფლიო შეძრა ამბავმა, თუ როგორ ყიდდნენ საქართველოში საზღვარგარეთ ბავშვებს 90-იან წლებში - მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული ქართველი ბავშვები.

სოფო კაჭარავა