"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხ - კვირის პალიტრა

"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

„ემანუელ მაკრონმა პატივი მიაგო ბრიჯიტ ბარდოს ხსოვნას“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორის - ჯეიმს კრისპის მიერ განხილულია ცნობილი კინოვარსკვლავის მოღვაწეობისა და შემოქმედების მომენტები, ასევე, ყურადღება გამახვილებულია მსახიობის ცხოვრების შუქ-ჩრდილებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ემანუელ მაკრონმა ბრიჯიტ ბარდოს ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილი ფრანგი მსახიობი, რომელიც პოლიტიკური აქტივისტიც იყო, „საუკუნის ლეგენდად“ შერაცხა.

ბრიჯიტ ბარდო, 1960-იანი წლების სექს-სიმბოლო, კვირას გარდაიცვალა, თავის სახლში, სამხრეთ საფრანგეთში, 91 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი არ გამოცხადებულა, მაგრამ როგორც ცნობილია, ოქტომბრის შემდეგ იგი ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში.

ბრიჯიტ ბარდომ, რომელიც ერთდროულად სძულდათ და უყვარდათ, ეზიზღებოდათ და აღმერთებდნენ, სახელი გაითქვა ფილმით - „და ღმერთმა შექმნა ქალი“. შემდეგ კი მან განასახიერა „სექსუალური კნუტის - ახალგაზრდა ქალის“ არქეტიპური როლი, ვიდრე ეკრანიდან წავიდოდა და ცხოველთა დამცველი გახდებოდა.

ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, იქს-ქსელში ჩაწერა: „კინოვარსკვლავი განასახიერებდა თავისუფალ ცხოვრებას... თავისი ფილმებით, თავისი ხმით, თავისი დამაბრმავებელი სილამაზით და დიდებით, ცნობილი ინიციალებით, სევდით და უსაზღვრო სიყვარულით ცხოველების მიმართ. მისი ცხოვრება ფრანგი ხალხისთვის საყოველთაო ნათებას წარმოადგენდა. მან სულის სიღრმემდე შეძრა საზოგადოება. ჩვენ ვგლოვობთ საუკუნის ლეგენდის გარდაცვალებას“.

მათეო სალვინიმ, იტალიის ვიცე-პრემიერმა, ბრიჯიტ ბარდოს „მარადიული ვარსკვლავი“ უწოდა, თუმცა მისივე თქმით, „იგი უპირველესად იყო ქალი - თავისუფალი, გმირი და [ჰუმანური] ტრადიციების დაუღალავი დამცველი“.

1956 წლის რომანტიკულმა დრამამ - „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომელიც მისმა პირველმა ქმარმა, რეჟისორმა როჟე ვადიმმა გადაიღო, ბრიჯიტ ბარდოს მსოფლიოში დიდება მოუტანა. ამ როლით იგი გახდა სიმბოლო და მანიშნებელი იმ მორალურ-ზნეობრივი ცვლილებებისა, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო, „დიდი კულტურული რყევებითა და რევოლუციებით“.

მსახიობის დიდების პიკზე შარლ დე გოლმა, საფრანგეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, თქვა, რომ „ბრიჯიტ ბარდო ფრანგული კულტურის მსოფლიოში გავრცელებისა და პროპაგანდის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს“. პრეზიდენტმა მსახიობი ფრანგული ექსპორტის უმნიშვნელოვანეს პროდუქტს - ავტომობილ „რენოს“ შეადარა, რაც ბევრმა არასწორად ჩათვალა, თუმცა გასაგები იყო, რა ჰქონდა დე გოლს მხედველობაში.

მაგრამ პრეზიდენტს შარლ დე გოლს ყველა არ დაეთანხმა - ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო „ბოროტების განსახიერებად“ შერაცხა, ხოლო აშშ-ში იმ კინოთეატრების ხელმძღვანელები, რომლებმაც „და ღმერთმა შექმნა ქალი“ აჩვენეს, დააპატიმრეს ბრალდებით, რომ საჯაროდ მსგავსი ღია სექსუალური შინაარსის მქონე ფილმების ჩვენება აკრძალული იყო.

ბრიჟიტ ბარდო შთამაგონებელი პიროვნება გახლდათ, ფრანგი ინტელექტუალებისა და ფილოსოფოსებისთვის, იგი გახდა ცნობილი ფილოსოფოსის, სიმონ დე ბოვუარის ესეს მთავარი გმირი. მსახიობს პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა მარინ ლე პენთან, უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერთან, რომელსაც „21-ე საუკუნის ჟანა დ’არკი“ უწოდა და რომელსაც, კინოვარსკვლავის აზრით, „საფრანგეთის გადარჩენა შეუძლია“. ბრიჯიტ ბარდო მხარს უჭერდა მარინ ლე პენის კანდიდატურას, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

კვირას, 28 დეკემბერს, მარინ ლე პენმა პატივი მიაგო ბრიჯიტ ბარდოს ხსოვნას. მისი თქმით, მსახიობი „განსაკუთრებული და საოცარი ფრანგი ქალი იყო“, ყველასაგან გამორჩეული, თავისი ადამიანური თვისებებით.

ბრიჯიტ ბარდოს მეოთხე და ბოლო ქმარი 1996 წლიდან სიკვდილამდე იყო ბერნარ დ’იურმალე, რომელიც „ეროვნული ფრონტის“ იმდროინდელი დამაარსებლის - ჟან-მარი ლე პენის მრჩევლად მუშაობდა. სწორედ ამ ქმარმა შეუწყო ხელი მსახიობში პოლიტიკურ გარდატეხას. ბევრს სადავოდ მიაჩნია ბრიჟიტ ბარდოს შეფასებები „მომხიბლავი და ინტელიგენტური“ ჟან-მარი ლე პენისადმი ანუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა ჰოლოკოსტს და რომელიც არა ერთხელ იქნა დაჯარიმებული დიდი თანხით - „რასობრივი სიძულვილის გაღვივებისათვის“.

ჯორდან ბარდელამ, ლე პენის პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბრიჯიტ ბარდოს გარდაცვალება ემოციურად შეაფასა და მას „საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი პატრიოტი“ უწოდა: „ბრიჯიტ ბარდო იყო დიდი და კეთილი გულის მქონე ქალბატონი, თავისი რწმენითა და ხასიათით, ის იყო თავისი სამშობლოს უდიდესი პატრიოტი და ცხოველთა მოყვარული, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იცავდა. იგი განასახიერებდა საფრანგეთის ისტორიის მთელ ეპოქას“.

კინოვარსკვლავი ოთხჯერ იყო გათხოვილი. მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. 1984 წელს მსახიობს ძუძუს კიბო დაუდგინეს. მან უარი თქვა ქიმიოთერაპიაზე, მაგრამ დათანხმდა სხივური თერაპიით მკურნალობას და გამოჯანმრთელდა.

მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ბრიჯიტ ბარდომ აღიარა, რომ მას ცხოვრებაში 100-მდე საყვარელი ჰყავდა - როგორც მამაკაცები, ასევე - ქალები და რომ მას ძალიან დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდა თავის ერთადერთ ვაჟთან. „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი... და როცა ვნება მთავრდებოდა, ჩემოდანს ვალაგებდი და მივდიოდი“, - აღიარა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობის ყველაზე შემოსავლიან ჰიტად იქცა კინოფილმი „რწმენა“, რომელშიც მან შეასრულა მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილი ქალის როლი. ბრიჯიტ ბარდო 1963 წელს მონაწილეობდა, აგრეთვე, რეჟისორ ჟან-ლუი გოდარის ფილმში „ზიზღი“, რომელიც მსოფლიოს კინემატოგრაფში „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ სრულყოფილ ნიმუშად იქცა. მოგვიანებით, 1967 წელს, მსახიობი ნომინირებული იყო Bafta-ს პრემიაზე, ლუი მალის კომედია - „გაუმარჯოს მარიასში“ მონაწილეობისათვის, ჟანა მოროსთან ერთად.

ბრიჯიტ ბარდოს სახე, რომელსაც „სენ-ტროპეს მუზა“ უწოდეს, გამოხატულია ბრინჯაოს ძეგლში, რომელიც ფრანგულ „ლაჟვარდოვან ნაპირზე“ მდებარე ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა აღმართული, მას შემდეგ, რაც ფილმი „და ღმერთმა შექმნა ქალი“ გადაიღეს. ის იყო მაგნიტივით მიმზიდველი მსოფლიოს მდიდარი და ცნობილი ადამიანებისათვის.

სენ-ტროპეს საქალაქო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ბრიჯიტ ბარდოს „ფრანგული კინოს ხატი“ უწოდა: „დღეიდან ბრიჯიტ ბარდო მარადიულად შევიდა სენ ტროპეს კოლექტიურ ხსოვნაში... იგი მუდამ ცოცხალი იქნება თანამოქალაქეებისათვის“.

ბრიჯიტ ბარდოს ვნებიანი რომანი ჰქონდა მომღერალ სერჟ გენსბურთან, მათ ერთად ჩაწერეს სკანდალური სიმღერა „მიყვარხარ“ და როცა ღალატი მისმა იმდროინდელმა ქმარმა, გერმანელმა ბიზნესმენმა ჰიუნტერ საქსმა გაიგო, სთხოვა სერჟს, რომ სიმღერა წაეშალა. მომღერალი დათანხმდა თხოვნას, შემდეგ კი მან სიმღერა განმეორებით ჩაწერა თავის სხვა მეგობარ ქალთან - ჯეინ ბირკთან ერთად. სიმღერა მსოფლიო ჰიტი გახდა. თავის მხრივ, ბრიჯიტ ბარდო ჰიუნტერ საქსს მალე გაშორდა.

ბრიჯიტ ბარდო 1934 წლის 28 სექტემბერს დაიბადა მდიდარ ოჯახში, პარიზში. 15 წლის ასაკში იგი პირველად გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის - Elle-ს ყდაზე, მოდელის სახით. 16 წლის ბრიჯიტმა რეჟისორი როჟე ვადიმი გაიცნო, რომელსაც ცოლად 1952 წელს გაჰყვა, როცა 18 წლისა გახდა, მაგრამ მალე ბრიჯიტს ჟან-ლუი ტრენტინიანი შეუყვარდა, რომელთანაც მთავარი გმირის როლი შეასრულა ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“. იმ დროისათვის ფილმი ყველაზე შემოსავლიან კინოსურათად იქცა აშშ-ის ისტორიაში, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამერიკაში ფილმის ჩვენება შეიზღუდა.

1959 წელს ბრიჯიტ ბარდო ცოლად გაჰყვა ფრანგ მსახიობს და პროდიუსერს ჟაკ შარეს, რომელთანაც მას ვაჟი ეყოლა. მან ვერა და ვერ მოახერხა საკუთარ შვილთან - ნიკოლ-ჟაკთან ურთიერთობების დალაგება. თავის მემუარებში ბრიჟიტ ბარდომ 1997 წელს ისიც აღიარა, რომ როცა ფეხმძიმობა გაიგო, მას აბორტის გაკეთება სურდა. „ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პატარა ლეკვი გამჩენოდა“, - თქვა მან. როგორც კი მსახიობის ასეთი პოზიცია გამოქვეყნდა, მისმა ვაჟმა და ყოფილმა ქმარმა ბრიჯიტს სასამართლოში უჩივლეს.

ბრიჯიტ ბარდო და ჟაკ შარე ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდნენ, რაც ბრიჯიტმა რომანი გააბა ჰოლივუდის ვარსკვლავთან - გლენ ფორდთან. დედის მიერ მიტოვებული ნიკოლ-ჟაკი მამასთან იზრდებოდა.

1972 წელს მსახიობმა კინოდან წასვლა გადაწყვიტა, რაც შეასრულა კიდეც. 1986 წელს მან თავისი სახელობის ფონდი დააარსა, ცხოველთა დაცვის მიზნით. „მე ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე მამაკაცებს შევწირე, ახლა კი ჩემს სიბრძნეს და გამოცდილებას ანუ იმ საუკეთესოს, რაც ჩემშია, ცხოველებს ვუძღვნი“, - განაცხადა მან.

კინოდან წასვლის შემდეგ ბრიჟიტ ბარდო მუდამ რჩებოდა კონტინენტის ერთ-ერთ ბრწყინვალე მსახიობ ქალად, რომელმაც ჯინა ლოლობრიჯიდასა და კლაუდია კარდინალესთან ერთად დიდებული ეპოქა შექმნა. ჯინა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, კლაუდია კი - 87 წლისა, ახლახან, სექტემბერში. სოფი ლორენს და ურსულა ანდერსს კი კვლავ მიაქვთ დიდების ჩირაღდანი. მშვიდობით, „ბბ“!

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო