თუშური ცხენების რანჩო ქართლში: ახალგაზრდა ცოლ-ქმრის წარმატების ისტორია - ცხენს როგორც თანასწორს, ისე უნდა მოექცე, მაგრამ თან მის თვალში ავტორიტეტად უნდა დარჩე"
აღმოსავლურ კალენდარს თუ მივყვებით, 2026 წელი ცეცხლოვანი ცხენის იქნება. რას "მოუტანს" ეს სამყაროს, ამის შესახებ სხვა რუბრიკებში ისაუბრებენ, ჩვენ კი ისეთი რესპონდენტები შევარჩიეთ, ვისაც, შეიძლება ითქვას, ცხენის ენა ესმით და ბავშვობიდან მასთან არიან შეზრდილი. კასპის რაიონის სოფელ თეზში არის რანჩო, საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმა, რომლის პატრონი ახალგაზრდა მეუღლეები, ლაშა გაგოიძე და ანა ნადირაძე არიან. ლაშას თქმით, ცხენი მას დიდ ენერგიას აძლევს და ეხმარება, რომ აქტიურად იცხოვროს.
ლაშა გაგოიძე:
- წარმოშობით თუში ვარ, ზაფხულს შენაქოში ვატარებდი, იქ გავიზარდე და ცხენის სიყვარულიც იქიდან მომდევს. ბავშვობაში, 90-იან წლებში, როცა ტურიზმი საქართველოში არც არსებობდა, ჩვენთან მთაში ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა იყო. ჩვენც გვყავდა საქონელი და ცხენები. 6 წლისას ცხენი გამომიყვეს, თუმცა მერე როგორც მივხვდი, ჩემი თავი ძალიან ჭკვიან ცხენს ჩააბარეს, შემეძლო საღამოობით თავისუფლად გამომეყენებინა ხბორებისა და საქონლის მოსარეკად. 9 წლისამ თუშეთში დოღში პირველად მივიღე მონაწილეობა და დოღის ადრენალინით "მოვიწამლე".
- ჯირითი რა ემოციებს აღძრავს?
- გინდა სწრაფად გააჭენო, ან ისეთ რელიეფზე, რომელიც უსაფრთხო არ არის, ტყეში შევარდე გაჭენებული ცხენით, ხეებსა და ტოტებში სწრაფად გაიარო. ცხენის ჭენებისას გამოყოფილი ადრენალინი, თავისუფლების განცდას ბადებს და ეს უდიდესი სიამოვნებაა...

- ყველა ცხენი გიჯერებთ?
- კი, თუ სწორად მიუდგები, ყველა ცხენი იხედნება, თუმცა თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა უნდა. თუ გაუგებ, ისიც აუცილებლად გაგიგებს და დაგემორჩილება.
გახედვნისას არ უყვარს დაყვირება, ცემა, ჯოხის დარტყმა, როგორც თანასწორს, ისე უნდა მოექცე, მაგრამ თან მის თვალში ავტორიტეტად უნდა დარჩე. შენს ხმას უნდა შეეჩვიოს, შენი სუნიც უნდა აიღოს.
როდესაც მიხვდება, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენ, თან შენი ხმა ესმის და სუნი სცემს, აღარ დაფრთხება. ამის შემდეგ უნაგირის შეჩვევას იწყებ და რომ მიეჩვევა, ჯდები კიდეც.
ადრე უნაგირის გარეშეც ვხედნიდით, დავიჭერდით, შევბოჭავდით, ან დავღლიდით და პირდაპირ ვსხდებოდით. ეს მის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს. როდესაც ნელ-ნელა გადის სხვადასხვა ეტაპს, ყველაფერს ეჩვევა, მშვიდ, გაწონასწორებულ ცხენად ყალიბდება.

- რა მანძილის გავლა შეუძლია?
- დილიდან საღამომდე 100 კილომეტრიც გამივლია. თუშურ ცხენებს კარგი ამტანობა აქვთ. ჯიში ბუნებრივი სელექციის გზითაა ჩამოყალიბებული და ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეგუებული. ისეთ რელიეფზე უწევდათ სიარული, სადაც სხვა ჯიშის ცხენები ვერ დადიან, ის მწყემსურ კულტურასთან ერთად ჩამოყალიბდა.
თუშური ცხენები თავიდანვე ტვირთმზიდავები იყვნენ, თანაც კლდოვან გზებზე. აკიდებული ბარგით ცხენი ორჯერ განიერი ხდება, შესაბამისად, ვიწრო ბილიკზე კლდეს რომ არ წამოედოს, პატარა ტანის უნდა იყოს, დიდი ცხენი კი კლდის ქიმს წამოსდებს ბარგს და გადავარდება... ამ ცხენსაც, ასე ვთქვათ, კვადრატის ფორმა აქვს, საშუალოდ 1,4 მეტრი 1,4 მეტრზეა სიმაღლესა და სიგანეში. უკანა და წინა ფეხს ერთსა და იმავე ადგილას დგამს. იორღა არ არის... ფერით მოწაბლისფრო, მოლურჯო ან ნაცრისფერია, სიბერეში თეთრდება. მეტ-ნაკლებად შავიც არის. თეთრ ცხენად არ იბადება. 30-დან 40 წლამდე ცოცხლობს, თუმცა ცხენის ასაკი მაინც მოვლასა და პირობებზეა დამოკიდებული.
რანჩოში უმეტესად თუშური ჯიშის ცხენები გვყავს, რადგან ჩვენი გამოცდილებიდან და მათი თვისებებიდან გამომდინარე უპირატესობას მათ ვანიჭებთ, თუმცა სხვა ჯიშის ცხენებიც არიან ჩვენს რანჩოში.

- მხედარი როგორი უნდა იყოს?
- როგორიც გნებავთ, ყოველთვის მოიძებნება ცხენი, რომელიც მის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს მოერგება. ცხენები რემებად ცხოვრობენ. რემაში ერთი ულაყია (დიდი ოჯახია), რამდენიმე ფაშატი და მათი კვიცები არიან. რემის ლიდერი ასაკიანი ფაშატია, უხუცესი. რემა მას დაჰყავს, ირჩევს საძოვარს, მხარეს, საით წავიდნენ. ულაყის მთავარი მოვალეობა რემის დაცვაა სხვა ულაყებისა და მტაცებელი ცხოველებისგან... რბოლისას ფაშატი უფრო იღლება, განსაკუთრებით თუშური, მეგრული და სხვა ჯიშის ცხენებშიც ასეა, რადგან ფაშატი გაცილებით სუსტია...
ანა ნადირაძე:
- ცხენები ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ჩემთვის მიუწვდომელი იყო, თუმცა სადაც შემხვდებოდა, აუცილებლად ვჯდებოდი. ძირითადად, ციფრულ სივრცეში ვიყავი, სტარტ-აპებში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ საქმეს დავუკავშირდებოდი. მე და ლაშა მაგისტრატურაზე სწავლისას შევხვდით, აღმოვაჩინეთ, რომ ცხენები ორივეს გვიყვარდა.
მაშინ ლაშა 1000-კილომეტრიან ტრანსკავკასიურ ბილიკს გადიოდა, 29 დღეში საქართველოს გარშემო ცხენით იმოგზაურა.
მაგ მარშრუტზე დავემგზავრე და მითხრა, ამ ექსპედიციის დროს საქართველოში ისეთი ადგილები ვნახე, რომლებსაც როგორც ტურისტულ პაკეტს, არავინ ყიდის, ჩვენ შეგვიძლია ეს ტურები გავყიდოთ. შენ ციფრული ამბები იცი, მე ცხენი მესმის და ეს უნარები გავაერთიანოთო. ასე დავიწყეთ ბიზნესი. შემდგომ სტარტ-აპად ვიქეცით, რომელიც საქართველოს გარშემო საცხენოსნო ტურს აერთიანებს. მოთხოვნაც გაჩნდა და ამ ყველაფრის განსავითარებლად გადავწყვიტეთ, თბილისთან ახლოს მიწა გვეყიდა.
ლაშა:
- საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმა უკვე გვქონდა და გვინდოდა მიწა იქ ყოფილიყო, სადაც წლის ნებისმიერ დროს საცხენოსნო ტურებთან ერთად მეგობრები, ოჯახის წევრების დიდი ჯგუფები (20 კაცამდე) კორპორაციულ წვეულებებს გამართავდნენ და ეს შესაძლებლობაც შევქმენით. საცხენოსნო ტურზე 20 კაცის მიღება შეგვიძლია, თბილისიდან 25 წუთის გზაა. ახალი წლიდან კვების ობიექტიც დაგვემატება... ზოგი მხოლოდ ფოტოების გადასაღებად მოდის, მოდიან ცხენის მოყვარულები და ისეთებიც, ცხენზე საერთოდ რომ არ მსხდარან. ვიზიტიორების 60% უცხოელია, 40% - ქართველი. მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვართ ამ ყველაფერში ჩართული. ანა, ყველაფერთან ერთად, კარგი მოჯირითეა, გვიან კი დაიწყო, 4 წელიწადია, მაგრამ აქტიურად. ჩვენთან მუშაობენ სამი გიდი და ცხენების მომვლელი. ცხენი კი ამჟამად 53 სული გვყავს.
ანა:
- ცხენები თუშეთიდან ჩამოვიყვანეთ, 16 საათს გზაში ვიყავით. თავიდან სახლიც არ გვქონდა, ერთი კვირა კარავში გავატარეთ. ნელ-ნელა განვავითარეთ რანჩო. მოკლედ, ჩვენი ოჯახის შექმნას თავიდან მეგობრობა, ბიზნესპარტნიორობა უძღოდა... ვინაიდან ადგილობრივი ჯიშის ცხენები გვყავს, მათი მოვლა ადვილია. გაშვებული გვყავს, არ არიან თავლაში ჩაკეტილი.
ლაშა:
- გვყავს თუშური მეცხვარე ნაგაზები, რომლებიც ყოველთვის ცხენებთან არიან, ღამითაც კი. აქაურებისგან ვიცით, რომ აქ მგელი, ტურა, მელაც ყოფილა, მაგრამ ჩვენი ძაღლების დამსახურებით ცხენებს არაფერი ეკარება. შემოღობილ ტერიტორიაზე არიან, ღია ცის ქვეშ. ჰავას ადვილად ეგუებიან, ესენი თუშეთშიც უძლებენ ყინვას. ბეწვი იმ დონემდე ეზრდებათ, სადამდეც სჭირდებათ, სიცივისგან დასაცავად.

- როგორ უვლით?
ლაშა:
- ყოველდღიურად სუფთა წყალი უნდა დალიონ და აუცილებელი რაციონი მიიღონ. ზამთარში მშრალ თივას ვაძლევთ, ზაფხულში მათი საკვები, ძირითადად, მწვანე ბალახია. დამატებით ვაძლევთ შვრიას, კვებითი ღირებულებით მათთვის უპირველესი პროდუქტია. ტურიდან დაბრუნების შემდეგ დამატებით ვიტამინებად ვაშლს, სტაფილოს ვაჭმევთ, რაც ენერგიის შენარჩუნებაში ეხმარებათ.
- აღმოსავლური კალენდრით 2026 ცეცხლოვანი ცხენის წელია, ხალხიც სიხარულით ელოდება ახალ წელს.
- ჩვენც გვიხარია, თან კალენდრით ზუსტად ასეთივე 60 წელიწადში ერთხელ არისო. იმედია, მომავალი 2026 წელი, ცხენის წელიწადი, კარგი იქნება ჩვენი ცხენებისთვისაც, ყველა ჯანსაღი იქნება და ბევრიც მოგვემატება. 1-ლ იანვარს ცხენითაც გავისეირნებთ. შარშან ბედობას, ორში, ბევრი ადამიანი გვესტუმრა, ცხენი დაგვებედოსო, წლეულს, რადგან ცხენის წელია, ალბათ, მეტი მოვა.
დამწყებ მხედრებს კი ვურჩევ, გაბედონ და გამოცდილი, გაწვრთნილი, გახედნილი - ასე, 10 წლის ცხენი შეარჩიონ. პარკის შრიალის, ბუჩქებში ჩიტების შეფრთხიალების არ უნდა ეშინოდეს. მომავალი მხედრები თავიდან ფრთხილობენ, ვერ ბედავენ, ჰგონიათ, ცხენი გაიქცევა. არსად გაიქცევა, ზედმეტი სირბილი არ უყვარს და არც დაფრთხება, ხოლო თუ კვიცს შეიძენენ, სწორად უნდა გაზარდონ, ცუდი ჩვევები რომ არ განუვითარდეს. არასწორად გაზრდილმა ცხენმა შეიძლება კბენაც კი იცოდეს.
ყველას ვულოცავთ დამდეგ 2026 წელს. ყველას ვუსურვებთ ჰქონდეთ ცხენთან ურთიერთობის ბედნიერება და ეს სიხარული გამოცადონ.