მინიატიურები ბავშვობიდან - კვირის პალიტრა

მინიატიურები ბავშვობიდან

ვისაც თინათინ ხეიძის მინიატიურები უნახავს, დაგვეთანხმება, რომ ის საგნებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს: ძველი ღილი მის ხელში ყვავილად იქცევა, პატარა ქვა - მოგონებების წყაროდ, ხოლო ხის ან მუყაოს უმნიშვნელო ნაჭერი - ლამაზ სუვენირად. ქალბატონი თინა თავისი ნამუშევრებით მოგონებებს აცოცხლებს და მნახველს აჩვენებს, რომ სილამაზე ხშირად სიძველესა და სისადავეშია. როგორ იქმნება თინათინ ხეიძის მინიატიურები? - ამის შესახებ ავტორი თავად გვიამბობს.

თინათინ ხეიძე:

- ყველა მინიატიურა, რომელიც შემიქმნია, ჩემი მოგონებების ანარეკლია. მართალია, თბილისში, აფრიკის დასახლებაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უწყვეტი კავშირი მქონდა ჩემს მშობლიურ სოფელ უჯარმასთან. არდადეგებს ამ საოცარ მხარეში, კახეთში ვატარებდი და ჩემს ნახელავსაც იქაური კოლორიტი ასაზრდოებს. ზოგიერთი ნივთი ჩვენც გვქონდა, ზოგი ნათესავებთან ან მეზობლებთან მინახავს. მოგეხსენებათ, ბავშვის თვალი როგორია: ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვიმახსოვრებდი. სოფელთან ხშირი კონტაქტი ჩემს საქმიანობაში ძალიან გამომადგა, რადგან კახეთის თემა ამოუწურავია. შეიძლება ითქვას, ჩემი შთაგონების წყარო ეს მადლიანი ძველისძველი მხარეა.

- ყველაზე ტკბილი მოგონება თქვენთვის რომელია?

- რომელი ერთი ჩამოვთვალო? - ძალიან მიყვარდა თათარაობა! ჩემი ბებიები ხომ უგემრიელეს თათარას ადუღებდნენ, მაგრამ არც დედა ჩამორჩებოდა. თათარის მოდუღების შემდეგ ჩურჩხელებს ამოავლებდნენ და ვიცოდით, რომ ზამთარში ეს ნუგბარი არ გამოგველეოდა. ჩემი ბებია უგემრიელეს თონის პურებს აცხობდა. მთელი რიტუალი მახსოვს: ცომს ხის ვარცლში ზელდა და თონეში აკრავდა. თონიდან ამოღებული სურნელოვანი პური ნებისმიერი დღესასწაულის მშვენება იყო, განსაკუთრებით, საშობაო და საახალწლო სუფრისა. ძალიან ტკბილად მახსენდება ახალი წლის წინა პერიოდიც: დეიდაჩემის ქმარმა ღორის დაკვლა სწორედ ამ დროს იცოდა. მერე თონესთან სუფრა იშლებოდა, მწვადს წვავდნენ და ხინკალს ხარშავდნენ. ყველაზე კარგად ბავშვები ვერთობოდით, ჩვენი ჟრიამული და მხიარულება ლამის მეზობელ სოფლებში ისმოდა. ჩემი მინიატიურები სწორედ იმ დღეების გამოძახილია. იცით, რა მაწუხებს? - ახლა ყველაფერი შეიცვალა: ნათესაობა რთველშიც აღარ იკრიბება, არადა, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაული იყო. უბედნიერესი ვიყავი, როცა რთველში მივდიოდი, რადგან იქ ნამდვილი ზეიმი მხვდებოდა: ყურძნის კრეფის მერე დიდი კაკლის ქვეშ ვიკრიბებოდით, ახალგაზრდების სიცილ-კისკისი და მხიარულება მთელ არემარეს ავსებდა. ახლა სოფლებში მსგავსი არაფერი ხდება, თონეში პურსაც აღარავინ აკრავს, თითზე ჩამოსათვლელია ოჯახები, სადაც ტრადიციული ქართული პური ცხვება.

niori-1767010868.jpg

- გეთანხმებით, რომ თქვენს ნამუშევრებში კახეთის კოლორიტი იგრძნობა, მაგრამ რისგან ქმნით ამ სილამაზეს?

- ძირითადი მასალა, რომელსაც ვიყენებ, არის ხე, მუყაო, აკრილის საღებავები და თვითშრობადი მასა. ზოგჯერ ცხელ წებოსაც ვიყენებ. მაგალითად, თონეში ნაცრის იმიტაციას წებოთი და საგოზავით ვქმნი ხოლმე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმიტაციაა და ამ ყველაფერს თავისი ტექნიკა აქვს.

- ბოლო ხანებში რაზე მუშაობთ?

- ჩემი ნამუშევრები გაყიდულია და ძალიან მინდა ჩემთვის რაღაც მქონდეს. ამიტომ ახალი პროექტი მოვიფიქრე, რომელსაც დავარქვი "ოთახი ჩვენი ბავშვობიდან". თუ სერიოზული გამოფენა მოეწყობა და მონაწილეობის საშუალება მომეცემა, ფართო საზოგადოების წინაშე სწორედ ამ ნამუშევარს გამოვიტან. ვიცი, რომ ეს მინიატიურა ბევრს მოეწონება. "ფეისბუკში" მის ფრაგმენტებს რომ ვაქვეყნებ, ასეულობით ადამიანი მწერს, რომ ბავშვობა სწორედ ასეთ სახლში გაატარა, რომ ზუსტად ასეთ ოთახში იზრდებოდა... ამას, ძირითადად, შუახნის ხალხი მწერს. მაშინ ხომ ყველას ერთნაირი ავეჯი და სკამები ჰქონდა, სახლებიც ერთმანეთს ჰგავდა, ამიტომ ჩემი მინიატიურები ასაკოვან ადამიანებში ნოსტალგიასა და სასიამოვნო გრძნობებს იწვევს.

- თქვენი ბავშვობის ოთახში მამაკაცის შავ-თეთრი ფოტოც მოჩანს, ეს ვინ არის?

- ეს ვასილ ნიკოლაშვილია - დედაჩემის მამა, რომელიც ომში წაიყვანეს და პირველივე თვეებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დარჩა ხუთი შვილი, რომელიც ბებიაჩემმა დიდი შრომით გაზარდა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს კაცი არც მინახავს, არც მახსოვს, მაგრამ დედა მასზე ბევრს მიყვებოდა, მეუბნებოდა, რომ ძალიან ვგავდი. ალბათ, ამიტომ ჩემს პაპასთან უცნაური განცდა მაკავშირებს, რაღაცნაირად მიყვარს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მისი ფოტო ჩარჩოში ჩამესვა და ჩემი მინიატიურული ოთახის ნაწილად ქცეულიყო.

sak-1767010869.manqana.jpg

- შობა-ახალი წელი როგორ გახსენდებათ?

- ჩემს ბავშვობაში ნაძვის ხეებისა და სათამაშოების ასეთი მრავალფეროვნება არ იყო. მახსოვს, ჩვენმა ახლო ნათესავმა მოსკოვიდან ერთი ვერცხლისფერი ნაძვის ხე ჩამოგვიტანა თავის სათამაშოებიანად. ის ვერცხლისფერი ნაძვის ხე ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი გახლდათ. მას დეკემბრის ბოლო კვირაში ვრთავდით, რაც ნამდვილი დღესასწაული იყო. ის ვერცხლისფერი ნაძვის ხე მახსენდება ყველაზე ტკბილად და, ალბათ, ამიტომ ვგიჟდები ძველ სათამაშოებზე, სუვენირებზე, ძველებურ ნაძვის ხეებზე. იმ ნაძვის ხის მორთვა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ნათელი და ლამაზი მოგონებაა.

- ქალბატონო თინა, რამდენად შრომატევადია მინიატიურაზე მუშაობა?

- ადვილი ნამდვილად არ არის. ამ ერთ ოთახს უკვე ორი თვეა ვაკეთებ და თითოეულ დეტალს ვაკვირდები. მარტო კედლის საათის გაკეთებას მთელი დღე მოვანდომე; სამი თუ ოთხი საათი დამჭირდა ძველებური ნახშირის პატარა უთოს გასაკეთებლად. დღევანდელ საქართველოში მინიატიურას ბევრი აკეთებს, მაგრამ მე შემიძლია მხოლოდ 3-4 ადამიანი დავასახელო, რომლებიც მართლაც კარგ მინიატიურებს ქმნიან. კარგი მინიატიურა ძალიან რთული შესაქმნელია, ის დიდ შრომასა და სიყვარულს მოითხოვს. ბოლო ნამუშევარზე იმდენი ვიშრომე, რომ ის ჩემთვის ფასდაუდებელია. ახლა ეზო-მარნის დიორამის შეკვეთა მაქვს და ჩემი ბავშვობის დროინდელი ოთახის დასრულება ისევ გადაიწევს. ეს ნამუშევარი იმდენად მიყვარს, რაც არ უნდა მოხდეს, გასაყიდად მაინც ვერ გავიმეტებ.

- დიორამების შექმნაც მოგწონთ?

- მე უფრო ფასადურ დიორამებს ვაკეთებ, სადაც ძველებური ეზო, მარანი ან სახლი მოჩანს. ძირითადად, შეკვეთები სწორედ დიორამებზე მაქვს, თანაც დიორამა უფრო ადვილად იქმნება. ამ ყველაფერს რომ დავასრულებ, მერე მეგრული ან იმერული ოდა უნდა გავაკეთო - ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ საქართველოში იცოდნენ.

- თქვენს ნამუშევრებში ღუმელზე მოდუღებული ყავის სურნელიც იგრძნობა, ეს 1990-იანი წლების ანარეკლია?

- დიახ, გაცვეთილი იატაკი, ძველი საკერავი მანქანა, "ატამანკა" და ყავის ჭიქები ღუმელზე - ეს მართლაც 90-იანების გამოძახილია. დედამ 50 წელი იმუშავა საბავშვო ბაღში და პენსიის მერე საცხოვრებლად უჯარმაში გადავიდა. ხომ რთული წლები იყო, მაგრამ იმ დროსაც ჰქონდა თავისი ხიბლი: დედას პურები, გოზინაყი, თათარაობა, ჩურჩხელების ამოვლება... ეს ყველაფერი ერთი დიდი ზეიმი იყო, რომელმაც წლების შემდეგ ჩემს ნამუშევრებში გადმოინაცვლა. წლები ისე სწრაფად მიფრინავს, რომ ადამიანი თვალის დახამხამებას ვერ ასწრებს! თითქოს გუშინ იყო, 2025 წლის შემოსვლას რომ აღვნიშნავდით, და უკვე 2026 წელი გვიახლოვდება. რა ნატვრა მაქვს საახალწლოდ? - მინდა ჩემს ხალხს მშვიდობა და ჯანმრთელობა ვუსურვო - ამ ორი რამის გარეშე ადამიანის სიცოცხლე უფერულდება.

ხათუნა ჩიგოგიძე