ღვინის ტრადიციული მარანი თბილისურ ეზოში
თბილისში ღვინის მარნები იშვიათობაა, ერთ-ერთი მათგანი ძველ თბილისში, სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩაზე აღმოვაჩინეთ. ის არქეოლოგ გიორგი ირემაშვილს ეკუთვნის, საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული და სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან ქვევრში ტრადიციულ ქართულ ღვინოს აყენებს. გიორგი ირემაშვილი გურჯაანში ღვინის ფესტივალზე გავიცანი და შემდეგ თქვენთვის გაცნობაც გადავწყვიტე.
- მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგი ვარ და ჩემი პროფესიული გზა მეცნიერებას უკავშირდება, ღვინისა და ვაზის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ჩემი დედულეთი სოფელი პატარძეულია, გარეკახეთში, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. პაპა ბავშვობიდან მინერგავდა ვაზის სიყვარულს, ვეხმარებოდი მარანში ღვინის დაყენებაში, გადაღებაში, ასევე ვაზის მოვლაში. ვუყურებდი, როგორ საქმიანობდა, როგორ ზრუნავდა და როგორ უვლიდა თითოეულ ძირს. ამ ყველაფრის შემდეგ სულ მქონდა სურვილი ჩემი ღვინო დამეყენებინა.

გიორგი ირემაშვილი:
- ჩემმა პროფესიამაც, არქეოლოგიური საქმიანობისას ველზე მუშაობამ, ძალიან შემაყვარა თიხის ჭურჭელი, რომელსაც სამარხებში ხშირად ვპოულობდით. აქედან გამომდინარე, მისი ფორმები და მასშტაბურობა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, გამორჩეულად კი ქვევრის უნიკალური ფორმა და მნიშვნელობა. ამიტომაც დამებადა იდეა, შემექმნა სივრცე, სადაც ამ უნიკალურ სითხეს ქვევრში ტრადიციული მეთოდით დავაყენებდი. მინდოდა ამით სიამოვნებაც მიმეღო და ინტერესიც მქონდა, ეს საქმე კარგად შემესწავლა.
2015 წელს გადავწყვიტე ქვევრის ღვინოს წარმოება სოლოლაკში, ძველ თბილისში, ჩემს ეზოში მდებარე სარდაფში. სივრცე, როგორც შევძელი, გავასუფთავე, ამოვიღე მიწა და ქვევრები ჩავყარე. ეზოში ერთ-ერთი დიდი სარდაფი გვქონდა, საიდანაც ყველაფერი გამოვალაგე, გავასუფთავე და ქვევრები ტრადიციული წესით, კირით დავადუღაბე. თავად ქვევრები ტყემლოვანიდან წამოვიღე... რაკი გადაწყვეტილი მქონდა, ამ დარგში ბევრი რამ სიღრმისეულად შემესწავლა, ამასაც სერიოზულად მივუდექი, რაშიც ღვინის კლუბი დამეხმარა. იქ კურსებსა და ტრენინგებზე საბაზისო ცოდნა მივიღე. იმავდროულად, ღვინისა და ვენახის შესახებ უცხოურ ლიტერატურასაც ვეცნობოდი. ბევრ რამეს ვაანალიზებდი, მათ შორის ღვინის დაყენების ევროპულ ტექნოლოგიებს.

პირველად რომ დავაყენე ღვინო, საკუთარი ვენახი არ მქონდა. ყურძენს ვყიდულობდი და უკვე მიღებული ცოდნით ყურადღებას ვაქცევდი, რა პრეპარატებით იყო ვენახი შეწამლული, როგორი იყო ყურძნის შაქრიანობა, მისი ხარისხი, რამდენად იყო გზისგან მოშორებული. რთვლის პერიოდში ხშირად ვენახიდან ვენახში დავდიოდი, ვსწავლობდი ყურძნის სხვადასხვა ჯიშს.
2016 წელს თბილისში ქვევრის ღვინო დავაყენე. ექვსი თვე სრულ ჭაჭაზე, კლერტის გარეშე მქონდა დაყოვნებული. ორი სახეობის ღვინო - რქაწითელი და საფერავი მივიღე. მეღვინეობაში ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი. ზოგჯერ მეღვინეს მეძახიან, მაგრამ ჩემს თავს მეღვინეს არ ვუწოდებ. მოყვარული მეღვინე ვარ, მიყვარს ეს საქმე და დიდ პატივს ვცემ ტრადიციას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს და შემდეგ ჩვენ განვავითარეთ. მოკლედ, მას მერე, რაც ბევრ მეთოდს გავეცანი, ქვევრის ღვინოზე შევჩერდი. ქვევრს ექვს თვეში ვხსნი - ზოგჯერ აღდგომამდე სამი დღით ადრე. მარნიდან საოცარი არომატი გამოდის, მთელი უბანი მეუბნება, ეს რა გახსენიო? გადაღების დროს სამეზობლო გვერდში მიდგას და მეხმარება. როგორც ამ სითხის დაბადებაა უნიკალური მოვლენა, ასევე მისგან გამოწვეული ყველა ემოცია.

- ვინ გეხმარებათ?
- არავინ, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თავზე მადგნენ, გადავწყვიტე, ყველაფერი თვითონ გამეკეთებინა. ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, ასევე მზად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. ქვევრების შერჩევისას აზრი მამასაც ვკითხე, მაგრამ უმეტესწილად მარნის მოწყობა მე ვიტვირთე. იქ სისუფთავე, სტერილიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჰიგიენური პირობები მარანში და ღვინის დაწურვისას აუცილებელია. როდესაც სამეზობლოში მეხმარებიან, სულ იმაზეა ლაპარაკი, "ხელები დაიბანე," "მარანში სიგარეტი არავინ მოწიოს". ღვინის გადაღების დროს "მრავალჟამიერს" ვრთავ და ამით შთავაგონებ, ყოველივე კარგისთვის გაიხარჯოს.
პირველი ღვინის დაყენების შემდეგ მინდოდა რაღაც განსხვავებული შემეთავაზებინა საზოგადოებისთვის, თან გამოფენებსა და ფესტივალებზე გავედი. ერთ-ერთი დიდი წარმატება იყო საქართველოში გამართულ ქვევრის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ჩემმა მარანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - 2019 წელს, მარნის გახსნიდან სამ წელიწადში. შემდეგ იყო ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე, ასევე რამდენიმე წელია, გურჯაანის ფესტივალის სტუმარი ვარ. რქაწითელი და ჩინური ("ჩინებული") 2022 წელს ძალიან კარგად შევახამე. პირველი მცდელობა იყო და დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალებზე. წელსაც გადავწყვიტე, იგივე ღვინო დამეყენებინა... მქონდა თავკვერიც, რომელიც ქვევრში დავაყენე და ყველას გაუკვირდა. ოთხ თვეს მქონდა ჭაჭაზე კლერტის გარეშე და საოცრად არომატული იყო. მარნის ისტორიაში კიდევ არის სხვა ღვინოებიც, თუმცა წამყვანი მაინც რქაწითელია. მინდა ვცადო ხიდისთაური ღვინოც, მასში რამდენიმე ჯიშის ყურძენი შედის - ქისი, რქაწითელი, კახური მწვანე და ჩიტისთვალა.

- მეღვინეებთან, ალბათ, მეგობრობთ.
- ახალგაცნობილ მეღვინეებთან ვმეგობრობ. ვეუბნები, თუ რამეში დაგჭირდით, დახმარება შემიძლია, ინვენტარიც გაგვიცვლია, გვითხოვებია. ეს მეგობრული გატანის მომენტია, რაც მსიამოვნებს და ბედნიერი ვარ, როცა ისეთ კარგ ადამიანებთან ვურთიერთობ, როგორიც მეღვინეები არიან.
- რამდენ ბოთლს ასხამთ?
- გააჩნია წარმადობას. ზოგჯერ არის წელიწადი, როცა 600-700 ბოთლამდე გამოდის. მე და ჩემს მარანს ამ ეტაპზე გვყოფნის, მაგრამ სამომავლოდ მინდა აქაურობა გავაფართოო. ჰო, აქვე ვაწარმოებთ ღვინის სპირტსაც, რომელიც სუფთა ჭაჭისგან კეთდება.

- როგორია თქვენი საახალწლო ტრადიცია, მარანში ხომ არ ხვდებით?
- წელიწადში რამდენიმე დღეა, როცა ჩოხა-ახალუხს ვიცვამ - ასეთია 1-ლი იანვარი. როდესაც ტრადიციული ქართული სამოსით შევიმოსები, ხონჩას ნუგბარით გავავსებ და მარანში ჩავდივარ. მე და ჩემი მეუღლე იქაურობას ახალ წელს მივულოცავთ, გავხსნით ძველ ღვინოს, რომელიც მეტად დამჯდარია არომატებით და დავილოცებით. აუცილებლად "მრავალჟამიერს" ვმღერით. შემდეგ მეკვლედ მივდივარ.
მარანი სულ ჩემი ხელითაა გაკეთებული, ბოთლების დასაწვენი ღვინის თაროებიც მე შევქმენი. ერთმა კომპანიამ რომ ნახა, შემომთავაზა დამემზადებინა, თუმცა დროის უქონლობის გამო ვერ შევძელი მათთვის გაკეთება. დაბლა ქვა მაქვს დაგებული, ძველებური აგური. ხეზეც ვმუშაობ.

- საახალწლო ტრადიციებს დავუბრუნდეთ...
- მარნიდან გამოსული პირველად ჩემს მშობლებთან მივდივარ, მერე მეგობრებთან ერთად ვაგრძელებ. ზოგჯერ მარანში მოდის რამდენიმე მეგობარი, ახალი წლის დადგომას რამდენიმე ჭიქით ვულოცავთ ერთმანეთს და ტრადიციულ სუფრაზე ვინაცვლებთ. 15 წელიწადია ასე ვხვდები ახალ წელს.
- პირველი სადღეგრძელო რა არის?
- მშვიდობის - ძალიან მიყვარს და მნიშვნელობასაც ვანიჭებ. მშვიდობა უნდა იყოს ყველგან - სამშობლოში, სამყაროში, ქვეყანაში, ოჯახში. ასეთ დროს მეტი ხალისი გაქვს, რომ მეტი რამ შექმნა, კარგი რამ გააკეთო, კარგზე იფიქრო.

- რას უსურვებთ დამწყებ ფერმერებს, საქართველოს, მეღვინეებსა და ჩვენს მკითხველს?
- მეღვინეებს, ფერმერებს ვუსურვებ დაუღალავ შრომას. ამას შედეგი ყოველთვის აქვს, რაშიც ჩემი საქმიდან გამომდინარე დავრწმუნდი. მარანი ჩემი მეორე ოჯახია. ამიტომ მთავარი სურვილია შრომა და მხოლოდ შრომა. ეს ყველაფერი კარგისკენ გიბიძგებს.
