როგორ იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ?! - დაიხარჯება 71 მილიონი ლარი
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომავალ წელს 71 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტშია საუბარი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამზირზე დაგეგმილია ტროტუარების, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, ასევე, ველობილიკის მოწყობა.
„აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს კომპლექსური მეთოდით და მოიცავდეს არა მხოლოდ საგზაო საფარის აღდგენას, არამედ მთლიანი საინჟინრო სისტემების განახლებას, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან ეფექტურობას და ქუჩის ფუნქციონირებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
მოხდება საინჟინრო ქსელების მოდერნიზაცია: არსებული, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლა, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას და შეამცირებს ავარიების რისკს; მოეწყობა უსაფრთხო, სტანდარტების შესაბამისი ტროტუარები, ველობილიკები, რაც ხელს შეუწყობს ფეხით მოსიარულეთა და ველო-მოძრაობის უსაფრთხო ინტეგრაციას. ასევე, გათვალისწინებულია ფილები და კაბელარხები (შ. რუსთაველის ქუჩისთვის), მიწისქვეშა კონტეინერების, გარე განათების ბოძების შეძენა/მონტაჟი და გამწვანების ღონისძიებები“, - ვკითხულობთ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 1442 მეტრს. ამასთან, როგორც ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ველობილიკის მოწყობა გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე.