პუტინის მიერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილი ორი ატომური რეაქტორი ნუთუ უკრაინელმა წყალქვეშა დივერსანტებმა ჩაძირეს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე?!
ერთი წლის თავზე ხდება ცნობილი,რომ თურმე რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილი ორი ატომური რეაქტორი ჩაუძირიათ...
თუმცა დავიწყოთ თავიდან...
2024 წლის 27 დეკემბრის ამავე ბლოგის სტატიაში კრემლი გაცოფებულია - ვინ აუფეთქა რუსებს კრეისერ „მოსკვას“ ზომის გემი ხმელთაშუა ზღვაში?! ვწერდით:
...კრემლი გაცოფებულია -2024 წლის 23 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის კარტაჰენის პორტიდან სამხრეთით 70 საზღვაო მილის დაშორებით ჩაიძირა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანია „ობორონლოგისტიკის“ კუთვნილი უნივერსალური მშრალტვირთმზიდი გემი Ursa Major-ი...
რუსეთის ხელისუფლების სიბრაზის მიზეზი გასაგებია, რადგან ეს 142 მ სიგრძის,23 სიგანისა და 9 490 დედვაიტის(დედვაიტი არის გემის მიერ გადატანილი ტვირთის, საწვავის, სამანქანო ზეთების, ტექნიკური და სასმელი წყლის, პროდუქტებისა და მგზავრების საერთო მასა) სატვირთო გემი Ursa Major-ი, რომელიც „ობორონლოგისტიკის“ ფლაგმანს წარმოადგენდა, თავისი ამ მონაცემებით უახლოვდება მეორე ჩაძირულ რუსულ ხომალდს-შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“(სიგრძე 186 მ, სიგანე 20 მ, სრული წყალწყვა 11 490 ტ)...
მაგრამ, თუკი რუსეთის შავი ზღვის სიამაყე სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა „ნეპტუნებმა“ „სამ ასოზე“ ჯერ კიდევ 2022 წლის 14 აპრილს გაუშვეს(კრემლი დღემდე ჯიუტად არ აღიარებს, რომ „მოსკვა“ სწორედ უკრაინული „ნეპტუნების“ მოხვედრამ იმსხვერპლა), ოთხი დღის წინ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემის Ursa Major-ის ჩაძირვის მიზეზად მოსკოვში...დივერსიას ასახელებენ...
23 დეკემბერს Ursa Major-ის ეკიპაჟმა კიჩოზე, სადაც სამანქანო განყოფილებაა განთავსებული, სამი აფეთქების ხმა გაიგო, რის შემდეგაც გემმა 25 გრადუსიანი დაფერდება მიიღო მარჯვენა ბორტზე და რამდენიმე საათში ჩაიძირა კიდეც-16 კაციანი ეკიპაჟიდან 14 გადარჩენა მოხერხდა, ორი კი უგზო უკვლოდ დაიკარგა...
ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვამდე მის კორპუსზე გარედან აღმოაჩინეს დაახლოებით ნახევარმეტრიანი ნახვრეტი, რომლის ბოლოები შიგნით იყო შეზნექილი ანუ აფეთქების ტალღის მიმართულება გარედან შიგნით გახლდათ...
ეს რუსული გემი ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ვიწრო ყელში, საერთაშორისო წყლებში მიცურავდა და თითქმის ერთნაირად , 70-70 საზღვაო მილით იყო დაშორებული ესპანეთისა და ალჟირის ნაპირებიდან. შესაბამისად კარგად მომზადებულ და აღჭურვილ საზღვაო დივერსანტებს არ გაუჭირდებოდათ მის კორპუსზე გარედან კუმულაციური მოქმედების მაგნიტური ნაღმების მიმაგრება...
და,აი,ერთი წლის შემდეგ ესპანურ პრესაში ქვეყნდება სენსაციური მასალა იმის შესახებ,რომ გამოძიებამ დაადგინა-რუსული Ursa Major-ის გემბანზე განთავსებული ყოფილა ორი ВМ-4СГ ტიპის რუსული ატომური რეაქტორი,რომელიც ამ გემს არათუ ვლადივასტოკში,არამედ ჩრდილოეთ კორეაში უნდა ჩაეტანა!
ВМ-4СГ ტიპის ატომური რეაქტორები მონტაჟდებოდა ჯერ საბჭოთა,შემდეგ კი რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავებზე და მათი გაგზავნა რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა ნიშნავდეს-პუტინი კიმ ჩენ ინს იმ ატომური წყალქვეშა ნავების შექმნაში ეხმარება,რომლებითაც ჩრდილოეთ კორეა პირველ რიგში აშშ-ების საზღვაო ფლოტს უნდა დაუპირისპირდეს,მათ შორის წყნარ ოკეანეშიც და ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთანაც...
როგორც გაარკვიეს ესპანელმა გამომძიებლებმა, Ursa Major-ის აფეთქების შემდეგ,როდესაც ის დაზიანებული დრეიფობდა,მასთან მიცურდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი Иван Грен-ი,რომლის ეკიპაჟმაც ესპანურ სამაშველო გემებს იქაურობის დატოვება მოსთხოვა,რის შემდეგაც სეისმოგრაფებმა დააფიქსირეს მცირე სიმძლავრის წყალქვეშა აფეთქება და Ursa Major-იც ხმელთაშუა ზღვის 2 500 მ-ის სიღრმეში ჩაიძირა,რაც იმაზე მიუთითებს,რომ ეს დაზიანებული გემი რუსული სადესანტო ხომალდიდან გადასულმა ამფეთქებლებმა კონტროლირებადი აფეთქებით ჩაძირეს,ალბათ იმიტომ,რომ ესპანელ მაშველებს მის გემბანზე არ ენახათ ჩრდილოკორეული წყალქვეშა ნავისთვის განკუთვნილი ორი რუსული ატომური რეაქტორი...
უფრო მეტიც,გარკვეული ხნის შემდეგ Ursa Major-ის ჩაძირვის ადგილას დრეიფობა დაუწყია რუსულ ოკეანოგრაფიულ გემს Янтарь,რომელიც თითქოს წყალქვეშა სამეცნიერო კვლევებისთვისაა შექმნილი,სინამდვილეში კი „გუგი“-ს ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაშია და მის ბორტზე განთავსებულ ორ ავტონომიურ ღრმაწყლოვან აპარატს 6 კმ-ზე ღრმად შეუძლიათ ოკეანეში ჩაყვინთვა და იქ დისტანციურად მართვადი მანიპულიატორებით კაბელების გადაჭრა თუ ასაფეთქებელი მოწყობილობების დადება...
ესპანური გამოძიება ეჭვობს,რომ რუსულმა „იანტარმა“ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე სპეციალური ოპერაცია განახორციელა ჩაძირული რუსული გემის საიდუმლო ტვირთის-ჩრდილოეთ კორეისთვის განკუთვნილი ორი ატომური რეაქტორის საიდუმლო მოწყობილობების გასანადგურებლად...
საგულისიხმოა,რომ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოინახულა პირველი ჩრდილოკორეული ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობა,რომელიც ფხენიანის მტკიცებით დამთავრებულია,მაგრამ როგორ ჩაამონტაჯეს მის შიგნით ორი ატომური რეაქტორი,თუკი ისინი,ჯერ კიდევ ერთი წლის წინანდელი დივერსიის შედეგად ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდნენ?
ან იქნებ პუტინმა ახალი ორი რეაქტორი გაუგზავნა კიმ ჩენ ინს,ოღონდ ამჯერად უფრო უხიფათო გზით?
ვის შეეძლო ატომური რეაქტორების გადამტანი რუსული გემის აფეთქება და იყვნენ თუ არა ამ დივერსიაში ჩართულნი უკრაინული სპეცსამსახურები?
იქიდან გამომდინარე, ომის დაწყების შემდეგ თუ რამდენი და რა სახის სპეციალური საზღვაო ოპერაციები განუხორციელებიათ უკრაინელ წყალქვეშა დივერსანტებს,იქნება ეს „ჩრდილოეთის ნაკადის“ წყალქვეშა გაზსადენების აფეთქება ბალტიის ზღვის ფსკერზე თუ რუსული სამხედრო ხომალდებისა და ტანკერების დაზიანება/ჩაძირვა შავ და ხმელთაშუა ზღვებში,მაშინ ყველაფერი შესაძლებელია,მითუმეტეს,რომ უკრაინელებს პუტინის გარდა, კიმ ჩენ ინის მიმართაც დიდი ჯავრი აქვთ,ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების უკრაინაში რუსების მხარეზე საბრძოლველად გაგზავნის გამო...
თუმცა. არ იმის გამორიცხვა შეიძლება,რომ ატომური რეაქტორების გადამტანი რუსული გემის ამფეთქებლები დასავლეთის,კერძოდ კი აშშ-ს სპეცსამსახურები იყვნენ და ჯოხი უკრაინელებზე გადატეხონ...