დაარტყეს თუ არა უკრაინელებმა პუტინის რეზიდენციას?! - კრემლის ბინადარი შურისძიებით იმუქრება
თუკი პუტინის რეზიდენციას 18 დრონმა შეუტია,91 როგორ ჩამოაგდეს?
დიდ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მათ შორის...დაჩივლებაც...
სხვანაირად ვერ დაარქმევ, ტრამპთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს პუტინის ქცევას - დონალდ, მას შემდეგ რაც ზელენკისთან შეხვედრა გქონდა, ღამით უკრაინულმა დრონებმა ნოვგოროდის ოლქში ჩემს რეზიდენციაზე მიიტანეს იერიშიო - უთქვამს პუტინს და ტრამპს სინანულით თავი გაუქნევია-ძალიან ცუდია პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმაო...
პირად სატელეფონო საუბრებში პუტინი ტრამპს ბევრ რამეს რომ აჯერებს, არ ახალია,მაგრამ 28-29 დეკემბრის ღამეს მართლაც მიიტანეს თუ არა იერიში უკრაინულმა დრონებმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე,სადაც პუტინი უფრო ხშირად იმყოფება,ვიდრე მოსკოვის კრემლში?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ბრაზიანი ტონით განაცხადა, რომ „...უკრაინელები ისე გათავხედნენ, რომ 91 დრონი გამოუშვეს პუტინის რეზიდენციისკენ, მაგრამ ყველა ჩამოვაგდეთო“...
ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 28-29 დეკემბრის ღამეს რუსეთის საჰაერო სივრცეში საერთო ჯამში ჩამოგდებული იქნა 89 უკრაინული დრონი და აქედან ნოვგოროდის ოლქის თავზე მხოლოდ 18 ერთეული...
თუკი ნოვგოროდის ოლქში მხოლოდ 18 დრონი შეფრინდა, 91 როგორ ჩამოაგდეს? ვის ეშლება ციფრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ თავდაცვის უწყებას?
მოგვიანებით რუსმა სამხედროებმა ამ დაბნეული სიტუაციიდან გამოსავლელად დამატებით განაცხადეს, დანარჩენი დრონებიც ეტყობა პუტინის რეზიდენციისკენ მიფრინავდნენ და ისინი ჯერ კიდევ ბრიანსკის ოლქში ჩამოვაგდეთო, მაგრამ ბრიანსკის ოლქიდან ნოვგოროდის ოლქის ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციამდე მთელი 450 კმ-ია და ასე შორიდან რას უნდა მიხვედრილიყვნენ რუსი მეზენიტეები, რომ დრონებს გეზი სწორედ პუტინის რეზიდენციისკენ ჰქონდათ აღებული და არა რომელიმე მორიგი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ?
პრეზიდენტი ზელენსკი კი კატეგორიულად უარყოფს ვალდაიში პუტინის რეზიდენციის შესატევად უკრაინული კამკაძე-დრონების გაგზავნას და თვლის, რომ ამ თემის აგორება რუსულ მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩასაშლელად სურს...
თავის მხრივ, კრემლმა უკვე შერაცხა ეს ტერორისტული აქტად, მიმართული რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ და დაიმუქრა, რომ კიევში, უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობების შენობების კომპლექსებს მალე კარგი დღე არ დაადგებათო...
მართლაც შეუტიეს თუ არა უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა პუტინის რეზიდენციას?
უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ვალდაის რეზიდენციამდე პირდაპირი ხაზით უმოკლესი მანძილი 630 კმ-ს შეადგენს, რისი გადალახვაც პრობლემას არ წარმოადგენს უკრაინული „ლიუტებისთვის“.
თუმცა, თანამგზავრული ფოტოებიდან კარგადაა ცნობილი, რომ პუტინის ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენცია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ დაცულ ადგილს წარმოადგენს საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად, რადგან იქ მოწყობილია ეშელონირებული ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ძალიან საეჭვოა უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ვალდაის პრეზიდენციამდე მიაღწიათ...
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის მიერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილი ორი ატომური რეაქტორი ნუთუ უკრაინელმა წყალქვეშა დივერსანტებმა ჩაძირეს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე?!
პუტინს ლუკაშენკოსთვის „ორეშნიკი“ მხოლოდ ოთხ კმ-ზე „შეუწევია“...
შეძლებს თუ არა უკრაინის არმია მეორედ კუპიანსკის სრულ დეოკუპაციას?!
ამასთან, ვალდაის მაცხოვრებლები არ აქტიურობენ სოციალურ ქსელებში და არაფერს ამბობენ რუსული საზენიტო საშუალებების გამოყენებაზე, რაც ღამისეულ ცაში აუცილებლად შესამჩნევი გახდებოდა, თუკი უშუალოდ ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციის სიახლოვეს საზენიტო რაკეტებით მართლაც მასიურად ჩამოაგდეს უკრაინული კამიკაძე-დრონები...
სიმართლე, ალბათ, სადღაც შუაშია - უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა შეიძლება მართლაც შეუტიეს ნოვგოროდის ოლქში რომელიმე რუსულ ობიექტს და ამ ფაქტის პოლიტიკური პიარის სახით გამოყენება სცადა კრემლმა თავად პუტინის პირით, როდესაც ამაზე ტრამპს „შესჩივლა“ და ეს გახდა მოსკოვის ერთგვარი საპასუხო ნაბიჯი, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დამთავრებისთანავე რამდენიმე საათში რუსული „გერანები“ და „ისკანდერები“ კიევს მასიურად უტევდნენ, რასაც ზელენსკის ტრამპისადმი ვედრება მოჰყვებოდა ხოლმე - დონალდ, ხედავთ, დაამთავრეთ თუ არა სატელეფონო საუბარი პუტინთან, მაშინვე დაგვბომბაო...
ასე თუ ისე, ახალი წლის ღამეებში უკრაინის ხელისუფლება დიდი ალბათობით უნდა ელოდოს კიევში პრეზიდენტის რეზიდენციასა და მთავრობის სახლზე მასიურ რუსულ საჰაერო შეტევას, რისი გამართლებაც კრემლმა წინასწარ გააჟღერა - აბა, უკრაინულმა დრონებმა რომ სცადეს ვალდაიში პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმაო?!