რას უმზადებს პუტინი ახალი წლის ღამეს უკრაინას?!
მთელი დღის, 30 დეკემბრის განმავლობაში რუსეთმა ვერ დადო იმის უტყუარი დასაბუთება, თუნდაც ჩამოგდებული უკრაინული კამიკაძე-დრონების ფრაგმენტების სახით, რომ 28-29 დეკემბრის ღამეს, თურმე, უკრაინამ 91 დრონით სცადა იერიშის მიტანა, ნოვგოროდის რაიონში, ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე, რაზეც პუტინმა ტრამპს სატელეფონო საუბარში შესჩივლა...
სამაგიეროდ, რუსული პროპაგანდა და თავად სხვადასხვა რანგის რუსი ჩინოვნიკები ძალზე აქტიურობენ იმის პროგნოზირებაში, რომ მათი „მეფის“ - პუტინის რეზიდენციაზე საჰაერო თავდასხმის „მცდელობის“ საპასუხოდ უკრაინას და მის დედაქალაქ კიევსაც ძალიან მძიმე ახალი წლის ღამე ელოდება...
პრინციპში, უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიიდან არ მოჰკლებია რუსული კამიკაძე-დრონებისა და რაკეტების „დაუპატიჟებელი სტუმრობები“, ისე, რომ აგრესორ რუსეთს ერთი ღამეც კი არ ჩაუგდია უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო შეტევებისას.
ასე ხდებოდა 2023, 2024 და 2025 წლის ახალი წლების ღამეებში და ამ „სისხლიან ტრადიციას“ კრემლი არც 2026 წლის ახალი წლის ღამეს გადაუხვევს, მაგრამ ამ ახალ წელს რუსეთის საჰაერო შეტევები უკრაინის ქალაქებსა და მათ შორის დედაქალაქზე შეიძლება განსაკუთრებით სასტიკი გამოვიდეს, თუნდაც „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის“ საპასუხოდ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება დასავლეთის დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსების მიერ მოპოვებული და გაანალიზებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის „ენგელსის“, „ოლენიას“, „უკრაინკასა“ და „სავასლეიკას“ სამხედრო აეროდრომებზე 30 დეკემბრის დილიდან განსაკუთრებული აქტიურობა შეიმჩნევა, არადა ეს სწორედ ის რუსული საჰაერო ბაზებია, სადაც ბაზირებენ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-95МС და Ту-160-ები, ასევე, ზებგერითი МиГ-31-ები.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო მზადყოფნაშია ათი Ту-95МС (თითოეულ მათგანს Х-101ტიპის რვა ფრთოსანი რაკეტის წაღება შეუძლია), ოთხი Ту-160 ( თითოეულს 12 ცალი Х-101 მიაქვს) და ცხრა МиГ-31(მათზე მხოლოდ ერთი Х-47М2 Кинжал-ის ტიპის ჰიპერბგერითი კვაზიბალისტიკური რაკეტა იკიდება).
ანუ საერთო ჯამში, რუსეთის ამ საბრძოლო თვითმფრინავებს ერთი ზალპით 137 ფრთოსანი და კვაზიბალისტიკური რაკეტის გაშვება შეუძლიათ ახალი წლის ღამეს, უკრაინის ქალაქებისკენ. თუმცა იმის გამო, რომ რუსული Ту-95МС-ები ძალზე მოძველებულია და მათი საფრენოსნო რესურსი „სულს ღაფავს“, ორ-ოთხ რაკეტაზე მეტის ჩამოკიდებას ვერ ბედავენ.
რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან მომდინარე საფრთხის გარდა, უკრაინას 2026 წლის დადგომისთანავე შეიძლება დაემუქროს შავი ზღვიდან სტარტაღებული რუსული „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებიც.
ამჟამად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მზადყოფნაშია სამი წყალზედა სამხედრო ხომალდი, თითოეულ მათგანს კი რვა „კალიბრის“ გაშვება შეუძლია.
მათ გარდა, სავარუდოდ, ჯერ კიდევ ფუნქციონირებს ორი რუსული დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავიც, რომლებსაც ბორტზე ოთხ-ოთხი „კალიბრი“ აქვთ.
ანუ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს ახალი წლის ღამეს უკრაინის მიმართულებით ერთი ზალპით, თეორიულად 32 „კალიბრის“ გაშვება ძალუძთ.
არ არის დასავიწყებელი კიდევ ერთი დიდი სარაკეტო საფრთხეც, კერძოდ კი - სასტარტო პოზიციების რაიონებში მყოფი „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების არანაკლებ 15 მობილური სარაკეტო კომპლექსი, ორ-ორი კვაზიბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, რომელთა ერთიანი ზალპით რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან უკრაინის მიმართულებით 30-მდე რაკეტის გაშვება შეიძლება.
ასევე დაგაინტერესებთ: დაარტყეს თუ არა უკრაინელებმა პუტინის რეზიდენციას?! - კრემლის ბინადარი შურისძიებით იმუქრება
პუტინს ლუკაშენკოსთვის „ორეშნიკი“ მხოლოდ ოთხ კმ-ზე „შეუწევია“...
და ბოლოს, უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების ყველაზე „პოპულარული“ საშუალება - „შაჰიდ/გერან-2“-ის ტიპის კამიკაძე-დრონები, რომლებიც არანაკლებ 700 ერთეული აქვთ შემონახული რუს აგრესორებს უკრაინისთვის, 2026 წლის ახალი წლის ღამის უკრაინისთვის „სისხლიანად მისალოცად“...
უკრაინის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გარინდებულია და შიშით ელოდება ახალი წლის დადგომას, რადგან მეზობელმა და აგრესორმა რუსეთმა, იმით გამწარებულმა, რომ მეოთხე წელია, ვერ მოუგო ომი უკრაინას, ეს ახალი წელი შეიძლება „სარაკეტო ფოიერვერკებით“ „მიულოცოს“...