10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო - რა ემუქრება დონალდ ტრამპს?! - კვირის პალიტრა

10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო - რა ემუქრება დონალდ ტრამპს?!

ბრიტანული „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 30 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მოვლენები, რომლებმაც 2025 წელს მსოფლიო პოლიტიკა განსაზღვრეს“ (ავტორი - გიდეონ რიჩმენი, პოლიტიკური მიმომხილველი). „ამბები, რომლებმაც წლის მსვლელობა განაპირობეს: დაწყებული ჯეიმს ვენსის შოკისმომგვრელი გამოსვლით მიუნჰენში და დამთავრებული - „ეპშტეინის ფაილებით“, - ასეთი მოვლენებია განხილული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგად მომხდარი მოვლენები დომინირებდა: დონალდ ტრამპი ახალი ამბების ისეთ ნაკადს გენერირებს და აფრქვევს, რომ ძალიან ძნელი ხდება ყველაფრის დამახსოვრება, რაც მოხდა და მომხდარი ფაქტის მნიშვნელობის შეფასება.

და მაინც, მოდი, გადავხედოთ უკვე მიწურული 2025 წლის მოვლენებს და ვნახოთ, რომელი მოვლენა გამოირჩევა მართლაც დიდი მნიშვნელობით და რეიტინგით.

14 თებერვალს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლამ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დასავლურ ალიანსში სიტუაცია ღრმა განხეთქილებამდე მიიყვანა.

ჯეიმს ვენსის არგუმენტმა - ანტიდემოკრატიული ტენდენციები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და გერმანია, ევროპის თავისუფლებას უფრო დიდ პრობლემებს უქმნის, ვიდრე რუსეთის აგრესია არისო, - აუდიტორია აღაშფოთა.

28 თებერვალს ვიცეპრეზიდენტმა, ასევე, ცენტრალური როლი შეასრულა სატელევიზიო კონფრონტაციაში, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით.

ჯეიმს ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკის უმადურობის გამო უსაყვედურა, ხოლო დონალდ ტრამპმა იგი „მესამე მსოფლიო ომთან“ დაკავშირებით თამაშში დაადანაშაულა. ამ საუბარმა გამოიწვია შიში, რომ აშშ აღარ დაეხმარებოდა უკრაინას და რუსეთის მხარეს დადგებოდა. მართალია, ევროპელი ლიდერები უკრაინას დაეხმარნენ აშშ-სთან ურთიერთობის ხელახლა აწყობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ვაშინგტონმა მართლაც შეწყვიტა კიევისათვის პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა. ნებისმიერი ვარაუდები, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტი ვენსისა და ტრამპის ექსცენტრიულ გამონათქვამებს წარმოადგენდაო, არ დადასტურდა, რადგან თითქმის იგივე იქნა განმეორებული ევროპის მიმართ ამას წინათ გამოქვეყნებულ „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“.

2 აპრილს დონალდ ტრამპმა მთელ მსოფლიოში ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდა გამოაცხადა (ე.წ. გათავისუფლების დღე).

მართალია, მოგვიანებით ტარიფები რიგ შემთხვევებში ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, მაგრამ ნეგატიური რეაქცია ამ ნაბიჯს მაინც მოჰყვა. ტრამპი შეეცადა გლობალური ვაჭრობის სისტემის დარღვევას, სავაჭრო ომი გამოუცხადა ჩინეთს, ევროპას და სხვებს.

7 მაისს დაიწყო ინდოეთ-პაკისტანის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდა.

მხარეებმა ერთმანეთს, ტერიტორიების სიღრმეში, სარაკეტო დარტყმები მიაყენეს. გაჩნდა შიში, რომ რომელიმე - ინდოეთი ან პაკისტანი - ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, რომელსაც ორივე მხარე ფლობს. კონფლიქტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა პაკისტანს მიმართა, რომ ცეცხლი შეეწყვიტა. რაც შეეხება ინდოეთს, ნიუ-დელიმ ჯერ უარყო, შემდეგ კი - დაეთანხმა. დონალდ ტრამპი მშვიდობისმყოფლად იქნა შერაცხული, რაც მისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის დამსახურებას მოასწავებს, სამომავლოდ.

22 ივნისს დაიწყო ირანის ტერიტორიის დაბომბვა ისრაელის მიერ, ბირთვული ობიექტების განადგურების მიზნით.

აშშ თავდაპირველად განზე რჩებოდა, შემდეგ კი თვითონაც ჩაერია. დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა სარაკეტო დარტყმა მიეყენებინათ ირანისათვის. მართალია აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ჩაიშალაო, მაგრამ ბევრი ექსპერტის მიერ მისი ნათქვამი სკეპტიკურად შეფასდა.

15 აგვისტოს ალასკაში, ქალაქ ანკორიჯში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტი გაიმართა, უკრაინაში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების მიზნით.

მართალია, სამიტს რაიმე მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი არ მოყოლია მშვიდობის დამყარებაში - ომი ჯერაც არ დასრულებულა, მაგრამ შეხვედრის დროს რუსეთმა კვლავ დაადასტურა თავისი პრეტენზიები უკრაინის მიმართ. გარდა ამისა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრით საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდა, აშშ-ისთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ვიდრე ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს იყო].

10 ოქტომბერს ღაზას სექტორში სამშვიდობო გეგმის რეალიზება დაიწყო იმ კონფლიტის მოსაგვარებლად, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მოწყობილმა თავდასხმამ გამოიწვია.

კონფლიქტის დროს 70 ათასი ადამიანი დაიღუპა (ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელი არაბები). ჯერჯერობით სამშვიდობო პროცესი, რომელშიც დონალდ ტრამპიც აქტიურად მონაწილეობს, ძნელად მიმდინარეობს, ხდება ბევრი ინციდენტი.

30 ოქტომბერს სეულში ერთმანეთს შეხვდნენ დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რითაც მოხდა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის დეესკალაცია.

დაიდო შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთს შორის. ექსპერტების აზრით, ამერიკამ ცალმხრივად უკან დაიხია და ამ კომპრომისის მიზეზი არის ის, რომ ჩინეთი ფლობს აშშ-ისათვის აუცილებელ იშვიათმიწა ლითონების საბადოებს. შესაბამისად, ჩინეთთან რომ ვაჭრობა ანუ იშვიათმიწა ლითონების იმპორტი არ შეწყვეტილიყო, ამერიკა იძულებული გახდა, ტარიფები დაეწია. არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოს ამ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორის სავაჭრო ომი ისევ განახლდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: "ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

"რატომ აშენებს სომხეთი მსოფლიოში იესო ქრისტეს ყველაზე მაღალ ძეგლს?!" - Der Spiegel

მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება ანუ "ფოკუსნიკი" ელისეის სასახლიდან - რა ხდება ევროკავშირის კულუარებში?!

ორი სცენარი, როდესაც რუსეთი ომში დამარცხდება - ავღანეთის "აჩრდილი" პუტინისთვის?!

რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, რაც 2025 წელს მოხდა, დონალდ ტრამპს არ უკავშირდება, ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ მაინც. მაგალითად, მარტში ფილიპინების ექსპრეზიდენტის, როდრიგო დუარტიეს, ხოლო ნოემბრის ბოლოს - ბრაზილიის ექსპრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს დაპატიმრებები, მაგრამ ამ ფაქტებით დასტურდება, რომ „ძლიერნი ამა სოფლისანიც" შეიძლება პასუხისმგებლობით წარდგნენ კანონის წინაშე. ბრაზილიის სამართლებრივი სისტემა საკმაოდ საიმედოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ჩაესვათ, სახელმწიფო გადატრიალების წაქეზების მცდელობის ბრალდებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ხოლო როდრიგო დუარტიე ჰააგაში იქნა ექსტრადირებული - იგი სასამართლოს წინაშე წარდგება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის, ე.წ. ანტინარკოტიკული ომის დროს. სხვათა შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, უეჭველია, დაუდგება დრო, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმერ პუტინის საქმეებსაც განიხილავს.

და ბოლოს, ამერიკის ისტორიაში წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელიც დონალდ ტრამპისათვის უსიამოვნოა - გამოქვეყნდა „ეფ-ბე-აის“ ფაილები, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯიუტად უწევდა წინააღმდეგობას, ეძებდა გზებს, რომ თავიდან აეცილებინა მრავალი დოკუმენტური მასალის საჯაროდ გამოქვეყნება, მაგრამ კონგრესმა იგი აიძულა და პრეზიდენტმა საბოლოოდ ხელი მოაწერა შესაბამის გადაწყვეტილებას. ფაილებში დონალდ ტრამპის მოხსენიებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და არის იმის გარანტია, რომ სკანდალი 2026 წელსაც გაგრძელდეს.

რამდენად შეიძლება, რომ დონალდ ტრამპისათვის „ეპშტეინის საქმე“ „უოტერგეიტად“ იქცეს? - ამას მომავალი გვაჩვენებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო