"ქალბატონო, მე ის ვარ, შარშან რომ ვიწექი თქვენთანო..." - დათო ლიკლიკაძის ამბები 80-ლარიან "მონებზე", "გადამგდებ" გერმანელზე და "ქართულ" ანანასზე
ჟურნალისტი, მსახიობი, გიდი და ა.შ. დათო ლიკლიკაძე თავს გადახდენილ თუ ყურმოკრულ ამბებს, როგორც წესი, თავს უყრის ხოლმე, იუმორესკებად აქცევს და ახარებს მკითხველს თუ მსმენელს. მოყოლასაც ხომ გააჩნია? ამაშიც არ ჰყავს ბადალი. წელსაც, ტრადიციულად, შევეხმიანეთ ხალისითა და იუმორით სავსე რესპონდენტს და ისიც ჩვენი მკითხველისთვის საგანგებოდ შერჩეული ამბებით დაგვხვდა.
"სახლში ჩვენ ვერ გვატევ და ამდენ კალათას რაფერ ატევ?"
- მოგეხსენებათ, საახალწლოდ ორგანიზაციები ცნობილ სახეებს უგზავნიან ხოლმე ნობათს - კალათებს ხილითა და ტკბილეულით, კალენდრებს, სასმელს, უბის წიგნაკებს და ა.შ. თავიანთი დაბრენდილი ჩანთებით. არც ერთ წელს არ ვუჩივი საჩუქრებს, მომდის და მომდის ბანკებიდან, სამინისტროებიდან თუ კერძო ბიზნესებიდან, ახალ წელს მილოცავენ და, რა თქმა უნდა, ეს მახარებს. ჩემი ოპერატორი ონისე მელქაძე ძალიან ენამახვილი ადამიანია. სულ მეუბნება, ერთხელ შენთან დაგვპატიჟე სახლშიო. რაც ოჯახი შევქმენი, მეათე წელია ოროთახიან ბინაში ვიწროდ ვცხოვრობ (წლების უკან კი შევიძინე ოთხოთახიანი, ახლა ვარემონტებ და გადასვლას ვაპირებ), ვერც ბევრ რამეს ვატევთ ბინაში, ორი კაცი რომ მომივიდეს სტუმარი, მე გარეთ უნდა გავიდე. ჰოდა, ონისეს ვეუბნები, ხომ იცი, ვიწროდ ვცხოვრობ და ამიტომ ვერ გეპატიჟებით-მეთქი. ახლა ხომ ხედავს, დღე არ გავა, დღეში 4-5 უზარმაზარი კალათა არ მოვიდეს ჩემთვის, იქვე ვცხოვრობ, სამსახურთან, და გადამაქვს და გადამაქვს სახლში. ონისე მეუბნება, ბიჯო, სახლში ვერ ვეტევიო, ჩვენ ვერ გვატევ და ამდენ კალათას რაფერ ატევ, ერთი მაინც გახსენი სამსახურში, დავლევთ და შევჭამთო.
სამარშრუტო იუმორი
- იუმორს, ძირითადად, "მარშრუტკებიდან" ვიღებ, თქვენთანაც მომიყოლია. ამას წინათ, 11 ნომერ სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი და იქ კამათი წავიდა: ერთი კაცი ეკითხება მეორეს, რომლიანი ხარო და ის ეუბნება, 68-ანიო. წინ რა აქვს, წინო. წინ რა უნდა ჰქონდეს, 1700-იანი ხომ არ ვიქნები, შენი დედა ვატირეო. ამაზე თითქოს უნდა ეცინათ, მაგრამ სასწაული ჩხუბი აიწია...
მეორე შემთხვევას მოგიყვებით: "მარშრუტკიდან" კაცი ჩადის და მანდილოსანს გამოსძახა:
- თქვენი აღებულია, ქალბატონო (დაპატიჟა).
- დიდი მადლობა, მაგრამ ვერ გიცანით.
- მე ის ვარ, შარშან რომ ვიწექი თქვენთან, ნინოშვილის ქუჩაზეო.
- აა, გამახსენდით, გამახსენდით, გენაცვალე, გაიხარეთ.
ახლა უკვე ამ ქალს უყურებს მთელი "მარშრუტკა". ქალი მიხვდა და - ვაიმე, გენაცვალე, რეანიმაციის ექთანი ვარ კლინიკურ საავადმყოფოშიო, მოიბოდიშა.
"რაის დანქე შონ, რაის ბითე შონ?!"
- მოგეხსენებათ, გიდიც გახლავართ, ტურებს ვაკეთებ... გერმანული ოჯახი იყო ჩამოსული, რომელსაც თან ახლდა სტუდენტი გოგონა, ვისაც სტუმრობდნენ. ეს გოგონა 2 წელი იქ ცხოვრობდა და, ასე ვთქვათ, მათი შვილობილია. მან დაპატიჟა გერმანული ოჯახი და ათვალიერებინებს საქართველოს. ქუთაისში გიდად მე ამიყვანეს, გასამრჯელოზე შევთანხმდით და მეც შევუდექი საქმეს - ვათვალიერებინებ ქუთაისს. სტუმრები სასტუმრო "მემუარში" ცხოვრობდნენ, რომლის გვერდით ფოტომუზეუმია, სადაც ქუთაისის ძველი ფოტოებია გამოფენილი, მე-19 საუკუნის ბოლოს ერმაკოვის გადაღებული ქალაქი, ფოტოები ორიგინალებია და ამას მოყოლებული, მთელი ქალაქის ისტორიაა ჩატეული. მუზეუმს "ფოტომატიანე" ჰქვია და უფასოა (მუნიციპალური მუზეუმია). რადგან უფასო იყო, თან გერმანელებიც იქვე, სასტუმროში ცხოვრობდნენ, მუზეუმი ბოლოსთვის მოვიტოვე. დავარტყი წრე მთელ ქალაქს, შემოვატარე კათოლიკური უბანი, ებრაელების უბანი და ვუთხარი, "ფოტომატიანეში" სტუმრობით ვამთავრებთ-მეთქი. ოჯახის უფროსმა მუზეუმში საფულე გახსნა და ამოიღო ევროს კუპიურა. მეგონა, მუზეუმის ფულს იხდიდა და ვეუბნები, საჩუქარია, პრესენტ (ინგლისურად), გერმანულად - შენქე (ცოტა გერმანულიც ვიცი), ხო არ გადაირიეთ, უფასოა, საჩუქარია თქვენთვის და ფულს როგორ ავიღებ-მეთქი. სულ Danke schön და Bitte schön იძახა და ფული უკან ჩააბრუნა. დავიშალეთ, ვემშვიდობებით, ოჯახის უფროსი გადამეხვია და უკვე მიდის. მათ თანმხლებ გოგონას ვეუბნები მორიდებით, ჩემს ჰონორარს არ მომცემთ-მეთქი? გოგონამ, ის გაძლევდათ და თქვენ ხომ არ გამოართვითო. გადავირიე, რაის ბითე შონ, რაის დანქე შონ, ჩემი ფული მომეცით, მუზეუმი იყო უფასო, თორემ მე ფასიანი ვარ-მეთქი. ასეთ გაუგებრობაში მოვყევი, მაგრამ ჩემი ფული დავიბრუნე. ისე გადამეხვია, ერთმანეთს თანაკლასელებივით ვუტყაპუნეთ ზურგზე ხელი და ჩათვალა, ფულს საერთოდ არ ვართმევდი.
ქუთაისის ბაზარში
- ჩვენს ბაზარში ისეთ ფრაზებს გაიგონებ, მოკვდები სიცილით. მაგალითად, ყველის გამყიდველი ეუბნება ერთ ქალს:
- ვაიმე, ყველა ყველს ნუ აჭერთ ხელს, როგორ შეიძლება!
- არა, ძაან დაცემული ყველია.
- მომისმინე. შვილო, მე გოდოგნიდან (ქუთაისთან ახლო სოფელია) ფეხით ჩამოვედი, გზაზე არსად დავცემულვარ და ყველს რა დასცემდაო.
გამყიდველს ვეკითხები:
- რა ღირს ყველი?
- 20 ლარი.
- 17 ლარად ჰქონდა აგერ, გვერდით.
- მერე, იყიდე, შვილო...
- იმას გაუთავდა და მიტომ გადმოვედი თქვენთან.
- მეც რომ გამითავდება, მეც ქე მოგცემ 17-ად და უფრო იაფადაც.
კიდევ, ასეთ რაღაცას გაიგონებთ:
- ქალბატონო, მაგ ქიშმიშს სინჯავთ თუ სადილობთ? (ეტყობა, მეტი მოუვიდა).
გადაძახილი ბაზარში:
- ეს ანანასი ქართულია? (მოუნდა ქართული ანანასი).
მოკლედ, ძალიან სასაცილო ფრაზებს გაიგონებთ ქუთაისის ბაზარში.
"80-ლარიანო მონებო!"
- ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი იმართებოდა და ბილეთი, ძირითადად, 80 ლარი ღირდა (იყო ძვირიანიც ე.წ. სამთავრობო ლოჟაში). იმხანად აქციები იყო გამძაფრებული, მისი მონაწილეები მივიდნენ თეატრთან, კორიდორი გააკეთეს და ვინც მიდიოდა, ეძახდნენ: "მონებო! 80-ლარიანო მონებო!" უცებ მანქანა გაჩერდა, გადმოვიდნენ სოლიდური, მაღალი სოციალური კლასის ქალბატონები, ძვირფასი ქურქებით და შედიან კარში. ამ მონების ძახილზე ერთმა გამოიხედა (ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ქალი იყო) და ახალგაზრდებს მიმართა, უკაცრავად, ჩვენ 120 ლარი გადავიხადეთ ბილეთშიო...
"ე, შეხედე, ბოზეები!"
- ახალგაზრდული ცენტრი გვაქვს ქუთაისში და ნუკრი კაპანაძე იყო ჩამოსული, საანგარიშო ღონისძიება იყო და ნუკრიმ გაგვილამაზა საღამო. დამთავრდა კონცერტი და ნუკრი ბანკეტზე უნდა წაგვეყვანა. ორგანიზატორებმა მითხრეს, შენ მოიყვანე ვახშამზეო. მანქანა კი მყავდა, მაგრამ ერთი ბულვარი უნდა გადაგვეჭრა, იქვე იყო კაფე-რესტორანი, ამიტომ ნუკრის შევთავაზე, ფეხით ხომ არ გადავიდეთ, კარგი ამინდია, გაიარე ქუთაისში, ძალიან უყვარხარ ქუთაისელებს და ნახე, რა სითბო და დადებითი ენერგია მიიღო ქუჩაში-მეთქი. მე რომ სახლიდან სამსახურში გადავდივარ, იმდენ ენერგიას ვიღებ, ისეთი სითბოთი მხვდებიან, ხალხი ფოტოებს იღებს ჩემთან და წარმოვიდგინე, ნუკრიზე რა ამბავი ატყდებოდა. დამთანხმდა. მიმყავს ხელკავით და ნუკრიმ სიგარეტი ამოიღო, სოლიდარობისთვის მეც გავაბოლე. ვიღაც კაცი მოდის და ხედავს, ქალი ქუჩაში ეწევა სიგარეტს და დაიძახა: - ე, შეხედე, ბოზეები! ნუკრი მომიბრუნდა და მეუბნება: ძალიან დიდი მადლობა, დათო, ეს როგორ ვყვარებივარ, გადასარევად მიმიღო ქუთაისმაო. მერე ამას ყველა შეხვედრაზე ვიხსენებთ და ვიცინით. შეგიძლიათ დაბეჭდოთ, ნუკრისგან თანხმობა მაქვს, ისედაც ყველგან ვყვები.