"40 კილო დავიკელი, მაგრამ არა ბარიატრიით... ეს სიყვარულთან იყო დაკავშირებული" - ჩცდ-სა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის საოცარი ტრანსფორმაცია
თამარ ტყემალაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, არაერთ საინტერესო სპექტაკლში აქვს ნათამაშევი. ამასთან ჩვენში არსებულ თეატრები სცენებზეც აქვს ძალები მოსინჯული... უზომოდ უყვარს თავისი პროფესია... მასობრივად პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გახდა, ფართო მაყურებელმა იქიდან გაიცნო. მრავალშვილიანი ქალის როლი ჰქონდა, რომლის პერსონაჟი მაყურებლის რისხვას ვერ ასცდა, თუმცა ამ ყველაფერმა პოპულარობა მოუტანა.
რას საქმიანობს ახლა თამარ ტყემალაძე, რატომ გახდა მსახიობი და როგორი საახალწლო განწყობა აქვს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარ ტყემალაძე:
- ბებია მიყვებოდა, პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის თოჯინების თეატრს ვაწყობდი, რაღაცას გავაბამდი, რასაც ფარდის დატვირთვა ჰქონდა და თოჯინებს „ვალაპარაკებდი“... არ ვიცი, ალბათ ამან ბევრი რამ განსაზღვრა... სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ყოველთვის მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და ამასთან კარგი მსახიობი.
- ვინ იყო თქვენი საყვარელი მსახიობი?
- მე და ჩემი თაობა 90-იანელებად ვითვლებით. თავიდან დიდ დოზით იყო ის ფილმები, რასაც იმ პერიოდში ტელევიზიით აჩვენებდნენ და მერე 2000-იანი წლებიდან ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ ჰოლივუდის მსახიობები. ჩემი თინეიჯერობა დიკაპრიოს და მის თაობას, მათ ფილმებს დაემთხვა, რაზეც შეგვეძლო ღამე გაგვეთენებინა... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გოგი გვახარიას, რომ იმ დროისთვის ისეთ არაჩვეულებრივ გადაცემაზე მუშაობდა, როგორიც „ფსიქო“ იყო, რასაც აქტიურად ვუყურებდით. იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც ჩემს მშობლებსაც კი არ ჰქონდათ ნანახი. ისინი თუ ამა თუ იმ ფილმის ყურების ნებართვას არ მომცემდნენ, მერე ჩუმად ფილმის გარჩევას მაინც ვუყურებდი ხოლმე... ხელოვნების მიმართ თავიდანვე დიდი ინტერესი მქონდა და ოჯახშიც ამ ყველაფერს დიდად აფასებდნენ.
- მიზანს ადვილად მიაღწიეთ?
- კი, ზედმეტი ძალისხმევა არ გახდა საჭირო. იმდენად ბავშვურად, გულწრფელად და ლაღად მივუდექი „თეატრალურში“ გამოცდების ჩაბარებას, რომ რაღაც დიდი სირთულესთან არ ყოფილა დაკავშირებული. ძირითადად ასეა - როცა ბავშვი ხარ, ლაღი ხარ, რაღაცებზე არ ფიქრობ... მოკლედ, ჩემით მივედი, დედა გამომყვა და გამოვიდა, რომ ჩავაბარე. მშობლების მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა და ამას მათგან სულ ვგრძნობდი. „თეატრალურში“ სხვა სასწავლებლებთან შედარებით გამოცდები ყოველთვის ადრე იყო. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ამიტომ მამამ მითხრა, ჯერ იქ გადი და მერე საბუთები უნივერსიტეტში შეიტანე. თუ „თეატრალურში“ არაფერი გამოგივა, უნივერსიტეტში ჩააბარებო. სადღაც ალბათ ეგონა, რომ „თეატრალურში“ არაფერი გამომივიდოდა. მოკლედ, დიპლომატიურად მომიდგა. როცა ჩავაბარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ამაყი იყო და ძალიან გაუხარდა.
- თავად რამდენად კმაყოფილ ხართ არჩეული პროფესიით? მსახიობები ხშირად ამბობენ, რომ რეჟისორზე დამოკიდებულები ვართ და ისინი ხშირად სათანადოდ ვერ გვიყენებენო...
- ნამდვილად დამოკიდებული პროფესიაა, მაგრამ ხანდახან ეგ მსახიობებისგან თავის მართლებაც არის. საერთოდ ადამიანის ბუნებაა ასეთი და მხოლოდ მსახიობებს არ ახასიათებთ, - თუ იქ ხარ და იმ ადგილას, ან რამე თუ არ გამოგივიდა, ეს იმის ბრალია, რომ რაღაც დაგაკლეს. კი, დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორს, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ მომენტში მე დავაკელი ჩემს საქმეს და კარგად იმიტომ არ გამოვიდა. ოდნავ თუ მოდუნდები, რაღაცას დააკლებ, მიხვდები, რომ რაღაც დააკელი, ცოტა იზარმაცე, კარგად არ მოეპყარი და შედეგიც ადეკვატურია. ნამდვილად დამოკიდებული პროფესიაა, ყველა მსახიობს ვუსურვებ, განსაკუთრებულად კარგ გარემოსა და სამუშაო ატმოსფეროში მოხვედრას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ბევრი ნიუანსი და დეტალია, რაც მსახიობებისთვის ცოტა ინტიმური საკითხებია. რეალურად კი მაინც ვფიქრობ, მეტად განვითარებისთვის იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. საბოლო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბეწვის ხიდზეა გასავლელი და ეს რაღაც-რაღაცები ჩვენი გასავლელია. გარკვეულ ეტაპზე თვითონაც უნდა მიხვდე რაღაცებს და ანალიზი გაუკეთო...
- მიუხედავად იმისა, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ხართ, სხვადასხვა თეატრში გაქვთ ნათამაშევი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნადი მსახიობი ხართ?
- არ ვიცი, მოთხოვნადი ვარ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ვცდილობ, გამოწვევები მივიღო, მოვსინჯო, ვნახო, გამოვცადო, ეს ყოველთვის საინტერესოა. ჩემი საყვარელი თეატრიდან, მოზარმაყურებელთა თეატრიდან გასვლა და სხვაგან თამაში კიდევ ახლი ახალი ძალიან საინტერესო თავგადასავალია.
- ერთ-ერთი გამოწვევა ალბათ პოპულარულ სერიალში თამაში იყო. რა მოგიტანათ "დაქალებში" ეკას როლმა და თქვენს კარიერაში რა ადგილი დაიკავა ამ ნამუშევარმა?
- იმ პერიოდს ძალიან ტკბილად და თბილად ვიხსენებ. ჩემთვის საინტერესო სამუშაო და გარემო იყო. საინტერესო მსახიობებთან გადასაღებ მოედანზე მომიწია ყოფნამ. ესენი იყვნენ - ბაიკო დვალიშვილი, ბესო მეგრელიშვილი, გიორგი სვანიძე - ჩემს მეუღლეს თამაშობდა, ასევე პატარა ბავშვები, ვინც ჩემს შვილებს თამაშობდნენ. გარდა ამისა, საოცარი შემოქმედებითი გუნდი იყო. რა მომიტანა და პოპულარობა. არ მეგონა, რომ ეს პერსონაჟი ამდენი წლის განმავლობაში სერიალში დარჩებოდა. თავიდან ეპიზოდი იყო, რაც გავიდა, რასაც შემდეგ მაყურებლის რეაქცია-განხილვა მოჰყვა, ძირითადად მლანძღავდნენ.