"მე გადავიხდი გირაოს - მირჩევნია, დამიჭირონ უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა"
ერთი კვირაა ჩემს გარშემო მთავარი თემაა, გადავიხდი თუ არა გირაოს... მე გადავიხდი ამ გირაოს, ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე წერს.
მისივე განმარტებით, „ეს არ არის რეჟიმთან თანამშრომლობის ან არ თანამშრომლობის საკითხი“.
როგორც ჯაფარიძე წერს, მისი ხელმეორედ დაპატიმრების ძალიან მაღალი ალბათობაა, თუმცა, არ სჯერა, რომ ეს გირაოს გადახდაზეა დამოკიდებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ მისი ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება გახდება ხელახალი პატიმრობის საფუძველი, ამიტომ, როგორც თავად განმარტავს, ურჩევნია მნიშვნელოვანი საქმის კეთების გამო ჩასვან საპატიმროში, ვიდრე გირაოს გადაუხდელობის გამო.
„წინასაახალწლო მილოცვების ტრადიცია არსებობს და მეც დამიწერია ასეთი ტექსტები, თუმცა ამჯერად მხოლოდ მილოცვის ტექსტი არ გამოვა.
რაღაც სხვაც მაქვს სათქმელი:
ერთი კვირაა ჩემს გარშემო მთავარი თემაა, გადავიხდი თუ არა გირაოს და ერთი კვირაა, ყველას ვპასუხობ, რომ ბოლოსკენ გადავწყვეტ. მივხვდი, რომ არასწორია ეს პასუხი. არ შეიძლება ამ სასპენსში ადამიანების დატოვება.
პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც მომწერეთ, ვინც მნახეთ, ვინც რუსთაველზე დამელაპარაკეთ, ყველას, ვინც რჩევა მომეცით. ზვიად ცეცხლაძეს განსაკუთრებით. ციხიდან რომ ჩემთვის იცლი და მეხმიანები, არც კი ვიცი, მადლობა როგორ შეიძლება გადაგიხადო.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გირაოს თემა ჩემთვის არის პირადი საკითხი და ვერაფერი მაიძულებდა, ეს თემა განმეხილა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით. როცა რეჟიმი გაიძულებს გააკეთო რაღაც მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაგტეხოს და არ დამორჩილების შემთხვევაში გემუქრება ციხით, ეს ჩემთვის სცდება პოლიტიკურად სწორია/არასწორიას ფარგლებს და ხდება პირადი ამბავი. ეს არც რეჟიმთან თანამშრომლობა/არ თანამშრომლობის საკითხია. ჩემთვის მთავარია არ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ღამე აღარ დამაძინებს და გამხდის დისფუნქციურს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
მე გადავიხდი ამ გირაოს, ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები და მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია.
ერთი - მე მგონია, რომ ჩემი ხელახლა გამოკეტვის ალბათობა არის ძალიან მაღალი, ოღონდ არ მჯერა, რომ ეს ამბავი დამოკიდებულია იმაზე, გადავიხდი თუ არა გირაოს. მე არ გავჩერდები. მე არსად წავალ ამ ქვეყნიდან და ჩემი გამოკეტვის მიზეზი იქნება ეს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა.
მეორე - ჩემი სიჯიუტე ამ წლების განმავლობაში იქცა ერთი მხრივ ჩემს სისუსტედ, ხოლო მეორე მხრივ იარაღად რეჟიმის ხელში.