"ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა" - კვირის პალიტრა

"ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა"

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია 2025 წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ შობის მეორე დღეს შესთავაზებს საზოგადოებას გამარჯვების გზის ხედვას.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, 2025 წელი ნეგატივის ხვედრითი წილით გამორჩეული წელი იყო. მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის გარანტი არა კონსტიტუცია, არამედ კონკრეტული ადამიანების ნებაა.

„პოლიტტექნოლოგიაში ასეთი ხრიკი არსებობს - დღესასწაულის დამდეგს გაკეთებულ განცხადებას თუ ის სადღესასწაულო სუფრაზე შეაღწევს, აქვს შანსი, გახდეს მსჯელობის საგანი. რადგან წელს საახალწლო სუფრაზე ფიზიკურად ვერ შევაღწევ, გადავწყვიტე, ამ ხრიკს მივმართო და ასე მოგაწვდინოთ ხმა. ახალი წლის მიჯნა საუკეთესო დროა განვლილი წლის ანალიზისთვის და გეგმების დასახვისთვის, საახალწლო სუფრა კი - საუკეთესო ადგილი.

ასევე ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი ნეგატივს უფრო ისრუტავს და აქცევს ყურადღებას, ვიდრე პოზიტივს. ამიტომ, მინდა ვეცადო ტვინის და ფსიქიკის ამ მახეში არ გავებათ და შეძლებისდაგვარად სრული სურათი დავინახოთ.

2025 ნეგატივის ხვედრითი წილით აშკარად გამორჩეული წელი იყო - სისასტიკის, ძალადობის, ტყუილის, უტიფრობის, უსამართლობის, იმედგაცრუების მასშტაბი ხშირად ალბათ აუტანელიც კი გვეგონა. „როდემდე?“, „რამდენის ატანა შეიძლება?“, „აი, ამას კი ვერ წარმოვიდგენდი!“, თითქოს უფსკერო, უძირო ვარდნაში ვართ.

ის იყო ევროპაში უიკენდებზე გამგზავრება ჩვეულ ყოფად უნდა ქცეულიყო, რომ უვიზოს დაკარგვის საფრთხე რეალური გახდა; ანწუხელიძის მკვლელები დამცინავი ტონით ე.წ. მთავრობას აქებენ; ევროპა მტრად გამოცხადდა; პენსიონერ დევნილ ქალს ახალგაზრდა ქართველი კაცი იზოლატორში მიერეკება; ქალებს ქუჩაში ურტყამენ; პატივცემულ მასწავლებლებს იჭერენ; აშხაბადში „ქვეყნის ბედს წყვეტენ“; არც მეტი არც ნაკლები ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 5000 ლარით აჯარიმებენ (ეგ ისეთია, ვინ იცის ტროტუარზე დადგომასაც იკადრებდა); პროდუქტის ფასებს სუსი არეგულირებს; ჩვენ მშობლიურ ქუჩებში ქიმიურ შხამს გვასუნთქებენ (მათ შორის სკოლის მოსწავლეებს) და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ევროპა ასე ნანატრ სიტყვებს ამბობს: „ჩვენი კარი საქართველოსთვის ღიაა!“ საქართველოს “ხელისუფლებისგან” კი ისმის - „აუ გადი რა, შე დაქცეულო, მე აშხაბადში მივდივარ“. და ეს ჩამონათვალი არასრულია. და ეს ჩვენ თავს ხდება.

ამის გაცნობიერებისას შეუძლებელია, არ გაიფიქრო, ხომ არ ვიღუპებით? ან უკვე ხომ არ დავიღუპეთ. ეს სიტყვები ხშირად გვესმის გარშემო და ეს განწყობა კატასტროფის განცდას გვიჩენს.

ოღონდ ეს არ არის ჩემი სათქმელი თქვენს საახალწლო სუფრაზე. რაც მე მინდა გაგიზიაროთ და რისიც ძალიან ღრმად მჯერა არის ის, რომ 2025 წელი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, ძვირფასის, ჩვენში და ჩვენს ქვეყანაში რაღაც სრულიად ახლის დაბადების წელია. მშობიარობა (კარგად მომეხსენება) ტკივილით სავსე პროცესია, ისეთი ტკივილით, რომელსაც მომენტებში გგონია ვეღარ გაუძლებ, მაგრამ, როგორც კი იაზრებ, რომ ამ ტკივილს შენთვის ყველაზე ძვირფასის დაბადება მოჰყვება, როცა იაზრებ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი და მისი შექმნა შენი პასუხისმგებლობაა, ასმაგად გემატება ძალა.

(სხვათა შორის, პატარა ლირიკული გადახვევა, მშობიარობისას სიკვდილიანობა საკმაოდ ცოტა ხნის წინ, ჩვეულებრივი ამბავი იყო, ევროპულმა ცივილიზაციამ კი ის 0-მდე დაიყვანა - ადამიანზე ზრუნვით, ჯანდაცვით, ტექნოლოგიური განვითარებით და ძლიერი ეკონომიკით.)

კი ვართ საახალწლო სუფრასთან, მაგრამ ლადო კახაძის სადღეგრძელოსავით რომ არ გამომივიდეს, ძალიან კონკრეტულ მოვლენებზე და ამ დაბადების ძალიან კონკრეტულ ნიშნებზე მინდა გესაუბროთ.

საზოგადოება, სახელმწიფო, ისევე როგორც ადამიანი, გამოწვევებზე რეაგირებაში ვითარდება, იძენს ხასიათს და სახეს. კერძოდ, ყველა გამოწვევა გვაყენებს არჩევანის წინაშე - შევეგუო? თავი მოვიტყუო? ჩემი საქმე არაა, სხვამ მიხედოს და ა.შ. თუ ვიმოქმედო, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა და პასუხისმგებლობაც ჩემია. ეს მარტივი არჩევანი არ არის, რადგან არც ბრძოლის გზაა კომფორტული და არც გამარჯვების გარანტია არსებობს. მაგრამ შენ ამაზე არ ფიქრობ, უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია და თუ არ იმოქმედებ, შენ - შენ აღარ იქნები, შენი ქვეყანა შენი აღარ იქნება. 2024 წლის 28 ნოემბერს, სწორედ ასე იმოქმედა ქართველმა ხალხმა. თქვა, რომ ეს ჩვენი ნებაა - ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა ევროპულია. მოქალაქეებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედება. ამ თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ ბევრ საფრთხესთან დაკავშირებული არჩევანის დროს დაიბადა ორი რამ: თავისუფალი მოქალაქე და ევროპული არჩევანი. გაგიკვირდებათ და არ დამეთანხმებით, თავისუფალი მანამდეც ვიყავითო და ევროპული არჩევანი მთლად კონსტიტუციაში გვეწერაო. მაგრამ სინამდვილეში, თაობისთვის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა, შეგნებული, გააზრებული, საკუთარ ნებაზე და რაც მთავარია პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული არჩევანი სწორედ ამ დღეებში დაიბადა.

წაიკითხეთ სრულად