"იქ ჩასულს, ენით ვერ აღწერ, ისეთი რამ გემართება... შენი კოლხური იდენტობა ყივის, ტირის და სისხლი გიდუღს, სული გეწვის... სხვა რაღაც გემართება, როცა მათ იკრავ გულში - სიყვარული და ტკივილი ერთად"
"ენით ვერ აღწერ, ისეთი რამ გემართება, შენი კოლხური იდენტობა ყივის, ტირის და სისხლი გიდუღს, სული გეწვის, რომ გაიაზრებ, სადღაც, აწ უკვე თურქეთში, შენი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, შენნაირები", - ამბობს ავსტრიაში მცხოვრები ქართველი დიზაინერი - თეონა ტიბუა, რომელიც თავის მიერ შექმნილ ნივთებს წარწერებს ქართულად, მეგრულად, ლაზურად, სვანურად ურთავს და ასე აცნობს ევროპას საქართველოს.
თეონა ტიბუა 23 წელია ავსტრიაშია, წელს პირველად იმოგზაურა ლაზეთში და მისთვის იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ საცხოვრებლადაც ფიქრობს გადასვლას.

- თეონა, პირველად იყავით ლაზეთში, რატომ გაგიჩნდათ ამ მხარეში მოგზაურობის სურვილი?
- დიახ, ლაზეთში პირველად ვიყავი. თქვენს კითხვაზე, თუ რატომ გამიჩნდა ლაზეთში მოგზაურობის სურვილი, შემიძლია ფრთხილად და გულწრფელად გიპასუხოთ: ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ჩემს ნახატებს და ჩემ მიერ შექმნილ ნივთებს ხშირად ჩვენი ქვეყნის ყველა ენაზე ვურთავ წარწერას. ლაზურ სიტყვებს მეგობარი მაწვდიდა და ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე, რომ მეგრულს ტყუპისცალი ჰყოლია - ლაზური, რომ ერთი ოჯახის ორი შვილი ვართ, კოლხების... იქ ჩასულს, ენით ვერ აღწერ, ისეთი რამ გემართება, შენი კოლხური იდენტობა ყივის, ტირის და სისხლი გიდუღს, სული გეწვის, რომ გაიაზრებ, სადღაც, აწ უკვე თურქეთში, შენი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, შენნაირები. ფეხდაფეხ დავიარე ქალაქები: ხოფა, ვიწე, არქაბი, არტაშენი, ათინა, სოფლები: აბუ, პელეგრივათი, თოლიქჩეთი, ზიბარი, ბაქოზი...

- სანამ წახვიდოდით, რამდენად გქონდათ ინფორმაცია ლაზების შესახებ?
- მანამდე, სამწუხაროდ, ლაზებზე მწირი ინფორმაცია მქონდა და რაც მქონდა, ისიც არასწორი. რატომღაც ჩემს ბავშვობაში ლაზებს თურქებს, ან აჭარლებს ეძახდნენ. საკმარისი მიზეზი მქონდა, რომ დამეწყო ლაზურის სწავლა. თუ მეგრული იცი, ლაზურს გაიგებ. წელს კი მომეცა საშუალება ჩემი ოჯახის წევრები, ლაზები გამეცნო. სხვა რაღაც გემართება მათ რომ იკრავ გულში - სიყვარული და ტკივილი ერთად, შენს, ერთმანეთთან ძალით დაშორებულ ოჯახს რომ ხვდები. ლაზეთი იმდენად მშობლიური აღმოჩნდა ჩემთვის, რამდენადაც სამეგრელო.
- რა იყო ყველაზე ემოციური?
- ლაზეთში ძალიან თბილები და უბრალოები არიან. სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილები ჩვენ მიმართ და მათ რომ ტოვებ, შენი გულის ნაწილი იქ რჩება. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო მათთან გატარებული დღეები. ახლაც ემოციებში და მათზე ფიქრში ვარ. შთამბეჭდავი ბევრი რამ იყო, შევეცდები რამე არ გამომრჩეს. პირველ რიგში, ალბათ მეგრელების მსგავსი სტუმართმოყვარეობა. ულამაზესი, არა ხელოვნურად დავარცხნილი, ბუნებრივი ბუნება, ჰაერი. ადამიანების სილამაზე, ცისფერი თვალებით და ქერა თმით. მიუხედავად თურქული კულტურის ზეგავლენისა, მათი ენის მრავალი დიალექტის გაგება, როგორც მეგრელს, არ გამჭირვებია. მათი კოლხური შინაგანი კულტურა, მაინც სხვა სული გიყურებს მათი თვალებიდან, ჩვენებური. ადგილობრივების გაცნობა იყო ასევე ემოციური... ლაზეთში ყოფნა ბავშვობის ფრაგმენტებს მაგონებდა. ჩემი სოფელიც, ჯიხაშკარიც, ადრე მდიდარი იყო ჩაით, მახსოვს, მეც ვეხმარებოდი ოჯახს ჩაის კრეფაში. ამიტომ, უფრო მქონდა მშობლიური კუთხის განცდა. იქ სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო ჩაის წარმოებაა, რაც კარგად ჩანს მაღალმთიან ლაზეთშიც, სადაც ლამის ყველა ფერდობზე ჩაის პლანტაცია გვხვდება. როგორც მითხრეს, გასულ წლებში, საქართველოდან ჩამოსულები, მათ შორის, მეგრელებიც, კრეფდნენ ჩაის. თუმცა, როგორც ლაზები აღნიშნავენ, ბოლო წლებში, თურქული ლირის ინფლაციის მატებასთან ერთად, იკლო საქართველოდან ჩასულმა მუშახელმაც.
თითქმის ყველა ეზოში ვესალმებოდი ადამიანებს. როცა იგებდნენ, რომ მეგრელი ვარ, მეუბნებოდნენ - ჩვენც მეგრელი ვიყავით, ან ჩვენც მეგრელები ვართო. ამას ამბობდნენ და თვალებში დარდი და სიხარული ერთად ირეოდა... მიპატიჟებულს კი მათ საქებარ მუხლამას გიმზადებენ სიამაყით. ეს იმდენად შინაურულად ხდება, გეგონება სანათესავოში ჩახვედი მოსანახულებლად და შენც ეხმარები, ავტომატურად.

იქ რომ სტუმრად ვიყავი, არც მე მიგრძნია თავი უცხოდ და არც მათ ჩემთან. ბავშვები რომ გესალმებიან მორბიან, მაგრამ ვერ გესაუბრებიან ლაზურად, ეს კი გულს გიკლავს. ჩემს ძალიან მტკივნეულ კითხვაზე, თუ რატომ არ იციან ბავშვებმა მშობლიური ენა, ან რატომ არ ესაუბრებით მშობლები შვილებს მშობლიურ ენაზე, პასუხი იყო ძალიან მძიმე, მაგრამ ნაცნობი:
ბავშვებს ოჯახში ლაზურად რომ ვესაუბროთ, თურქულში ლაზური აქცენტი ექნებათ და ამის გამო დასცინებენ სასწავლებლებშიო.
ამ პასუხმა ჩვენი სიტუაცია გამახსენა. სამეგრელოში იმავეს გაიგონებთ, ძალიან ბევრმა მეგრელმა მშობელმა შეწყვიტა ოჯახში შვილებთან მეგრულად საუბარი. ქართულში მეგრული აქცენტის რცხვენიათ და ამის გამო. რადგან იციან, მათ შვილებს სკოლებში ან უმაღლეს სასწავლებლებში პირდაპირ ან არაპირდაპირ, აქცენტის გამო დასცინიან. ეს არის იმდენად შეურაცხმყოფელი სენი, რატომ და ვინ დათესა ეს ლაზებში ან მეგრელებში, არ ვიცი, მაგრამ მიზანმიმართულია, ჩემი აზრით. მსგავსი მიდგომა საკუთარი მშობლიური ენის მიმართ, რომ ლაზისთვის ის ლაზურია და მეგრელისთვის ჯერ მეგრული და შემდეგ ქართული, არის სამარცხვინო. 23 წელია ევროპაში ვარ და სხვაგან ეს არ მინახავს. ვიცხოვრე კატალონიაში, მათ არ რცხვენიათ საკუთარი ენის აქცენტის, პირიქით, ისინი ამით ამაყობენ. ასე ვარ მეც და ჩემი შვილიც აუცილებლად გაიზრდება მეგრული, ლაზური და ქართული ენებით, სვანურსაც ვისწავლი და თან დიდი სიამაყით. ხოლო დანარჩენ უცხო ენებს ისწავლის სკოლაში. ძალიან მტკივნეულია - ახალმა თაობამ რომ ლაზური არ იცის. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც მეგრულს ემუქრება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ამიტომაც ვცდილობთ ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს გაცნობიერებული გვაქვს, რამე შევცვალოთ ამ მხრივ. სახელმწიფო კი დუმილის მოდუსშია. რაც შეეხება მამაჩემის თაობას, ისინი საუბრობენ ლაზურად, მაგრამ დიდია თურქულის ზეგავლენა.

- რა ნახეთ იქ ყველაზე მეტად ქართული?
- ყველაზე ქართული, ალბათ, სიტყვა "გზა", რადგან ლაზებიც გზას იყენებენ. ქართულთან ყველაზე ახლოს მდგომი ალბათ კეთილსინდისიერებაა შემორჩენილი, რადგან კეთილსინდისიერები არიან.
- რამდენ ხანს იყავით ლაზეთში?
- თითქმის ორი კვირა დავყავი ლაზეთის სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. შეიძლება ითქვას, კარდაკარ ვიარე სოფლებში. საკმაოდ ახლოს გავიცანი ადგილობრივები. ქალაქის ქუჩებშიც ძალიან ბევრი გავაჩერე და გავიცანი. აღმოვაჩინე ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. პირველი, ვინც გამიცნო ყველამ სახლში შემიპატიჟა, ჩამეხუტა და არ შემხვედრია არცერთი ლაზი, არც ქალაქში, არც სოფელში, როცა იგებდნენ მეგრელი ვარ, ჩემთვის არ ეთქვას "შკუთი მარგალეფე ვორეთ" (ჩვენც მეგრელები ვართ) ან “ჩქითი მეგრელი ვორტით” (ჩვენც მეგრელები ვიყავით). ერთ-ერთმა ლაზმა ამგვარადაც იხუმრა: "თქვენ მეგრელებს დალევა გიყვართ, ჩვენ არა, ეს არის მხოლოდ სხვაობაო. არადა, მათაც კი უყვართ.

- ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში რა ნახეთ ქართული?
- მუზეუმში ქართველებისთვის და ზოგადად რეგიონისთვის კარგად ნაცნობი, საოჯახო თუ სამუშაო იარაღები იყო. სახელწოდებები ბევრს მეგრულთან იდენტური ჰქონდა, ბევრს თურქულნარევი. ყურძნის გიდელს მგონი გუდელს ეძახიან და ტიკინას პატარა გიდელი ჰქვია.
- ისევ წახვიდოდით?
- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაზეთში კიდევ არაერთხელ წავალ სიამოვნებით. იქ საცხოვრებლად გადასვლაზეც ვფიქრობ. მოგეხსენებათ, მე 23 წელია ულამაზესი, ტიროლის ალპებში ვცხოვრობ, ავსტრიაში, მაგრამ ლაზეთი არის თვალწარმტაცი ბუნებრივი სილამაზე. ის აუცილებლად უნდა ნახოთ. თან ჩვენთან ის უფრო ახლოსა არის, ვიდრე ავსტრიის ან შვეიცარიის ალპები.
(სპეციალურად საიტისთვის)