"პუტინმა დიპლომატიური ეტიკეტით მიუღებელი პოზა - ფეხების "გაჩაჩახვა" აირჩია, რაც თანამოსაუბრისადმი ერთგვარი სიგნალია" - რა ეშმაკობებს იყენებენ სახელმწიფოს მეთაურები და პოლიტიკოსები საშინაო და საგარეო "ფრონტებზე"?
ახალი წლის დღეებია და ძალიან–ძალიან სერიოზულ თემებზე საუბრით არ გადაგღლით. თუმცა ვფიქრობ დღევანდელი საკითხიც ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია:
რა ეშმაკობებსა და ხრიკებს იყენებენ სახელმწიფოს მეთაურები და სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები, რომ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ საშინაო და საგარეო „ფრონტებზე“? პოლიტიკა „გლადიატორთა“ ბრძოლების თანამედროვე კოლიზეუმია, თავად პოლიტიკოსები კი „გლადიატორები“ არიან. მათგან ის იმარჯვებს, რომელიც უფრო კარგადაა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული. ზოგადად კი, პოლიტიკოსობა ისეთივე პროფესიაა, როგორც ინჟინრობა და მრავალწლიან სწავლა/პრაკტიკას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ ვინმე ანდობს ხიდის აგებას ყოფილ მუსიკოსს ან ხელბურთელს? ნორმალურ ქვეყანაში რა თქმა უნდა არა.
პოლიტიკოსის მინიმალური საბაზო განათლება და კვალიფიკაცია სჭირდება, რაც ახალი კანონების მიღება/მონიტორინგისთვისაა აუცილებელი. ამასთან ერთად ყველა პოლიტიკოსი გვერდიდანაც უნდა ხედავდეს საკუთარ თავს, რათა უკეთესად წარმოაჩინოს ძლიერი მხარე და დაფაროს ნაკლი. ამიტომ პოლიტიკოსებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ იმიჯმეიკერი და ხშირ კონსულტაციებს უნდა გადიოდნენ მათთან. ეს თვალსაჩინო განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში ვიზიტისას და საერთაშორისო დონის შეხვედრა/მოლაპარაკებების დროს ხდება. ამ დროს ასწლეულების მანძილზე მოქმედი დიპლომატიური პროტოკოლი არეგულირებს უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. იმიჯმეიკერი კი პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ იცვამს, საუბრობს, მოძრაობს, ჟესტიკულირებს, დგას ან ზის პოლიტიკოსი. განსაკუთრებით გამოწრთობილი „გლადიატორები“ დიპლომატები არიან.
დიპლომატია ხომ ტყუილის თქმის ხელოვნებაა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად: ერთი მხარე ცდილობს მაქსიმალური დამაჯერებლობით იცრუოს, მეორე მხარე ვითომ ეთანხმება და თავს უქნევს, თუმცა იცის, რომ მის მოტყუებას ცდილობენ. რეალური ბრძოლა კი კულუარებში მიმდინარეობს. საუკუნეების წინ სპეციალური „დიპლომატიურ/პოლიტიკური ეტიკეტი“ შეიმუშავეს, რათა უცხო ქვეყნის ელჩი წინდაწინ ჩაეყენებინათ უხერხულ/დამამცირებელ მდგომარეობაში. ამიტომ იყო, რომ აღმოსავლურ მონარქიებში (ოსმალეთი, სპარსეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ.) იმპერატორ/შაჰ/სულთნის აუდიენციის დარბაზში შესასვლელი კარები განზრახ დაბალი გახლდათ, ეს იმიტომ იყო გაკეთებული, რომ ყველა შემსვლელი აუცილებლად თავდახრილი შესულიყო, რაც მბრძანებლისადმი სიმბოლურ მორჩილებას გამოხატავდა. ამასთან ერთად დიდი ყურადღება ენიჭებოდა და ახლაც ენიჭება „სხეულის ენის“ წაკითხვას, როგორც წარმატებული კომუმიკაციის წინაპირობას. „სხეულის ენა“ ეს არავერბალურ სიგნალებია, რომლებსაც ადამიანები იყენებენ თავიანთი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად. ის მოიცავს: სახის გამომეტყველებას, ჟესტებს, სხეულის პოზას, თვალით კონტაქტს, ხმის ტონს და ა.შ. დიპლომატიაში „სხეულის ენა“ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წარმოთქმული სიტყვები და მას შეუძლია გამოხატოს გულწრფელობა, ნდობა, საიმედოობა და პატივისცემა, ან პირიქით – თანამოსაუბრის დამცირების მცდელობა. როგორც წესი „სხეულის ენა“ იმიჯმეიკერებთან მუშავდება, თუმცა იყვნენ და არიან ისეთი მბრძანებლები, რომლებიც თავად ირჩევენ „სხეულის ენას“, როგორც მალიპულირების იარაღს. ეს განსაკუთრებით იმ

ელემენტებს ეხება, რომელიც მბრძანებლის აშკარა უპირატესობას უნდა აჩვენებდეს. ეს ფოტო სავარაუდოდ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთშია გადაღებული არაუგვიანეს 1936 წლის 28 დეკემბრისა. მარჯვნიდან მარცხნივ სხედან: ნესტორ ლაკობა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა საეჭვი ვითარებაში 1936 წლის 28 დეკემბერს), მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკი (დახვრიტეს 1937 წლის 12 ივნისს), იოსებ სტალინი, თავდაცვის სახალხო კომისარი კლიმენტ ვოროშილოვი და მარშალი ალექსანდრე ეგოროვი (დახვრიტეს 1939 წლის 23 თებერვალს). უნდა ვივარაუდოთ, რომ შავ ზღვაზე დასასვენებლად მყოფმა სტალინმა თავის აგარაკზე ტუხაჩევსკი, ეგოროვი, ლაკობა და ვოროშილოვი მიიწვია. ორივე მარშალი სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, თავდაცვის სახალხო კომისარი კლიმენტ ვოროშილოვი კი ზღვაზე დამსვენებლის „უნიფორმით“ გამოცხადდა „დიდ ბელადთან“. ამ ფოტოზე განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი გარემოება იწვევს: სტალინი ცენტრში ზის და მისი თავისუფალი „სხეულის ენა“ აშკარად ავიწროვებს მარჯვნივ და განსაკუთრებით მარცხნივ მსხდომთ. მარშალი ტუხაჩევსკი აშკარად დაძაბული გამოიყურება – შესაძლოა გული უგრძნობს აღსასრულის მოახლოებას. იოსებ სატალინი ადამიანთა მანიპულირების დიდოსტატი იყო, რისი დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა დღეს ჩვენი საუბრის „მთავარი გმირი“ სულ სხვა დიქტატორ/მბრძანებელი იქნება, რომელიც სანქტ–პეტერბურგის მერის „ხელის ბიჭობიდან“ საკმაოდ მოკლე პერიოდში უზარმაზარი იმპერიის მბრძანებელი გახდა.
ვლადიმერ პუტინის მცირე ბიოგრაფიული და ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაც კი მეტად რთული და უმადური საქმეა. მისი ბიოგრაფიის რეალური ფურცლები ან უკვე ამოხეული და განადგურებულია, ანდა საგულდაგულოდაა გადამალული. საათი მარჯვენა ხელზე, “მეზღვაურული” სიარული და სხვებისგან რამენაირად გამორჩეულობისკენ სწრაფვა – ეს პუტინის პიროვნული კომპლექსების (რაც ნამდვილად ბავშვობიდან იღებს სათავეს) დაძლევი ცდებია,სამბო-ძიუდოთი გატაცებაც ერთგვარი თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა იყო. ბავშვობაში ალბათ ბევრს დასცინოდნენ და აბრაზებდნენ პატარა ტანისა და ჟღალი თმის გამო. ვინც მისი ბიოგრაფიის და ცხოვრების ისტორიის დაწერას მოინდომებს, გაურკვევლობების ჭაობი უცბადვე ჩაითრევს. ახალგაზრდობის პერიოდიდან მივადევნოთ თვალი ამ, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი კაცის ბიოგრაფიას. პუტინმა 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დიპლომის აღებისთანავე ჩაირიცხა სუკ-ის ლენინგრადის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში „იდეოლოგიური კონტრდაზვერვის“ ხაზით. იმ პერიოდში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სუკ-ში მუშაობის დამწყებ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ორი წლის მუშაობის სტაჟი ან წლების მანძილზე სუკ-ის “ფარული ფრონტის ახალგაზრდა მებრძოლი” ანუ კონფიდენტი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ პუტინი სტუდენტობის პერიოდიდანვე, როგორც აგენტი–ინფორმატორი, თანამშრომლობდა კა-გე-ბესთან და ინფორმაციას აწვდიდა სტუდენტებისა და ლექტორების შესახებ, რაც იმ პერიოდში საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო.
პუტინის პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული კვალი კა-გე-ბეში სამსახურმა დატოვა, სადაც ის 1975 წლიდან მსახურობდა. ათი წელი სუკ-ის ლენინგრადის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში მუშაობის შემდეგ, 1985 წელს, ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიავლინეს. საბჭოთა დაზვერვაში მიჩნეული იყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაპრესტიჟული აღმოსავლეთ გერმანიაში სამსახური გახლდათ. დრეზდენში ის მუშაობდა “ს” ხაზით და გერმანელ ახალგაზრდებში არალეგალური მზვერავების კანდიდატურების შერჩევა/გადაბირება ევალებოდა. “ბერლინის კედლის” ნანგრევებს გადარჩენილ და საბჭოთა კავშირში დაბრუნებულ რუსეთის მომავალ პრეზიდენტს კვლავ ოპერატიული საქმიანობა დაევალა, ოღონდ საგარეო დაზვერვასთან შედარებით უფრო არაპრესტიჟულ უბანზე: უმაღლეს სასწავლებელში “ოდეერად” და 1990 წელს ის ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწედ დაინიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი იურიდიულ საკითხებში ლენინგრადის საბჭოს თავმჯდომარის, ანატოლი სობჩაკის მრჩევლად დაინიშნა. რა ევალებოდა მას? მაშინ ანატოლი სობჩაკის მძიმე ჩემოდნების თრევა ჩვეულებრივი ამბავი იყო ვოვა პუტინისთვის.

მალევე, სობჩაკის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ პუტინი ლენინგრადის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. რუსეთის მომავალი მმართველი იმ წლებში პოლიტიკურ კარიერაზე, რომ არ ფიქრობდა ქვედა ფოტოზეც კარგად ჩანს.

ჩაცმის სტილი და გემოვნება – ესეც ნიჭია, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა. ამ ფოტოზე იმპოზანტური ანატოლი სობჩაკის გვერდით მდგომი ვლადიმერ პუტინი ისეთ ფერებშია „გადაწყვეტილი“ , რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს უფრო ჰგავს, ვიდრე „რუსეთის კულტურული დედაქალაქის“ ერთ–ერთ ხელმძღვანელს. პუტინს ფორტუნა აქამადე ყოველთვის სწყალობდა. 1998 წლის ზაფხულში ის “თეთრ ცხენზე” ამხედრებული დაბრუნდა რუსეთის კონტრდაზვერვის ორგანოებში, როცა პრეზიდენტმა ელცინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად დანიშნა, რის შემდეგაც ამ სპეცსამსახურის მოქმედებები განსაკუთრებით დაუნდობელი გახდა. ერთი წლის შემდეგ პუტინი რუსეთის პრემიერ–მინისტრი, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ – პრეზიდენტი გახდა. ეს მართალც უნიკალური აღმასვლაა თვით აღმოსავლური ტიპის იმპერიებისთვისაც კი. უკვე გაპრეზიდენტებულმა პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ რუსულ საზოგადოებაში “37 წლების” საყოველთაო ჯაშუშომანია კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი “მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა.
აშშ–ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტებმა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობამ მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში მივიწყებული რუსეთი და მისი პრეზიდენტი კვლავ დააბრუნა საერთაშორისო პოლიტიკურ ორბიტაზე. სწორედ იმ პერიოდიდან შეიცვალა ვლადიმერ პუტინის „სხეულის ენაც“.

საგარეო პოლიტიკის „სხეულის ენის“ ერთ–ერთი მაგალითი: ყაიმი
მან იმიჯმეიკერებისგან ისწავლა, რომ თუ მისი უცხოელი კოლეგა მხარზე ხელს მოხვევს (რაც „სხეულის ენის“ ანბანით ახალბედა პოლიტიკოსზე ერთგვარ მფარველობა–ზრუნვისა და სტატუსობრივი უპირატესობის დემონსტრირებას გულისხმობს), მაშინ პუტინმა ხელისჩამორთმევის დროს კოლეგის ხელს თავისი მეორე ხელი ზემოდან უნდა დააფაროს და ამით საკუთარ დომინაციას, კონტროლს და მფარველობით დამოკიდებულებას გაუსვას ხაზი. აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში–უმცროსის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტოზე ასახული „დუელი“, როგორც ვხედავთ ყაიმით დასრულდა.
„სხეულის ენის“ დიდი არსენალიდან ვლადიმერ პუტინმა ერთ–ერთი, თანამოსაუბრის ყველაზე დამამცირებელი აირჩია. ესაა შეხვედრის დროს დიპლომატიური ეტიკეტით მიუღებელი პოზა – ფეხების „გაჩაჩახვა“, რაც თანამოსაუბრისადმი ერთგვარი სიგნალია და

პუტინის მისდამი დამოკიდებულებას გამოხატავს. ამ ფოტოზე ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმერ პუტინის 2010 წლის 4 მარტის შეხვედრაა ასახული. მაშინ ქალბატონმა–პოლიტიკოსმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრა იმით ახსნა, რომ სურდა: „განესაზღვრა ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენის მიზანშეწონილობა და გაერკვია რუსული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“. სურვილი სურვილად დარჩა, ფაქტი კი ფოტოზეა.
(პირველი ნაწილის დასასრული)