ტრამპმა მადურო შეიპყრო - რითი განსხვავდება მისი ქმედება პუტინის წამოწყებული ომებისგან? - კვირის პალიტრა

ტრამპმა მადურო შეიპყრო - რითი განსხვავდება მისი ქმედება პუტინის წამოწყებული ომებისგან?

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ახალი, 2026 წლის დადგომის საზეიმო აღნიშვნა ვენესუელელებს ბოლომდე არ დააცადეს და 3 იანვრის ღამეს ამერიკულმა ავიაციამ და სარაკეტო ხომალდებმა მასიური საჰაერო იერიშები მიიტანეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მდებარე სტრატეგიულ და სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე აეროდრომებსა და პორტებზე...

დაიწყო ახალი წლის ახალი ომი და ის წამოიწყო აშშ-ის 47-ე, იმ პრეზიდენტმა, რომელიც აქამდე „რვა ომის დამამთავრებლად“ აცნობდა თავს მსოფლიოს...

საერთაშორისო ნარკოვაჭრობაში ვენესეულის ხელისუფლებისთვის ბრალის წაყენებას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმთავრესი მიზანია ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობა სამხედრო ძალის გამოყენებით,რადგან თეთრმა სახლმა ეს პოლიტიკური მეთობით ვერ მოახერხა...

რითი „დაიმსახურა“ ვენესუელამ ასეთი ყურადღება იმ აშშ-სგან, რომელთანაც არც სახმელეთო და არც საზღვაო საერთო საზღვარი არ აქვს?

ეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთება ჯერ კიდევ ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ყოფნის დროს სურდა...

2019 წლის 23 იანვარს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის „პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად“ ოპოზიციის ლიდერი ჰუან გუაიდო აღიარა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლას მადურო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა,რასაც კარაკასის მხრიდან აშშ-ებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვა.

თეთრმა სახლმა საპასუხოდ ვენესუელაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესა, რის გამოც ამ ლათინოამერიკული ქვეყნის მთავარი შემოსავალი-ნედლი ნავთობით ვაჭრობიდან მიღებული მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა და კიდევ უფრო გაართულა ისედაც ძალიან ღარიბი ვენესუელების სოციალური მდგომარეობა.

2025 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნიკოლას მადურო ვენესუელის არაკანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა, მას „მზის ნარკოკარტელის“ ხელმძღვანელობა დააბრალა და მასზე გამოცხადებულ ძებნაში დახმარებისთვის ჯილდო 50 მლნ დოლარამდე გაზარდა... რა ძებნა სჭირდება ვენესუელის პრეზიდენტს, რომელიც კარაკასში საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება, მაგრამ ამით ტრამპმა ღია მინიშნება გააკეთა, რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ვერ მოსწრებულის ახლა დამთავრებას აპირებს,რისი დამადასტურებელიცაა ვენესუელის სანაპიროებისკენ მძლავრი ამერიკული სამხედრო ესკადრის გაგზავნაც...

ამერიკული სამხედრო ხომალდები ვენესუელის საზღვაო ბლოკადას შეუდგნენ,რათა დაეკავებინათ ვენესუელის ნედლი ნავთობით სავსე ტანკერების სვლა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისკენ,რამაც დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა მადუროს რეჟიმს.

გასული წლის სექტემბერში ამავე ბლოგში გამოვთქვით შემდეგი ვარაუდი- „არ არის გამორიცხული რომ „ომების შემაჩერებელმა“ პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ომი წამოიწყოს,ვენესუელის მიწაზე საზღვაო დესანტის გადასხმისა და მადუროს რეჟიმის ძალის გამოყენებით დამხობის მიზნით,რის საბაბადაც იქცევა მადუროს ხელისუფლების ჩართულობა საერთაშორისო ნარკოვაჭრობის სისტემაში,რისი ფაქტების მოპოვებაც(ან სულაც მოგონებაც) ამერიკულ სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებათო...

სირიის არ იყოს,ვენესუელაც თითზე ჩამოსათვლელ იმ ქვეყნების სიაშია,ვინაც პუტინის საამებლად აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი ნაწილის „დამოუკიდებლობა“ და საერთო ჯამში,რაც მოუვათ თავის თავს დააბრალონ...

ოღონდ მაინც ჩნდება ერთი კითხვა-თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ადგება და მართლაც საჰაერო დარტყმებს მიაყენებს მადუროს რეჟიმს ან სულაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების დესანტს გადასხამს ვენესუელის სანაპიროზე,მაშინ რით იქნება განსხვავებული ტრამპი იმ პუტინისგან,რომელმაც რუსი ოკუპანტები ჯერ საქართველოს და მერე უკრაინას შეუსია?“

როგორც ხედავთ,ჩვენი ვარაუდი მთლიანად მართლდება-ვენესუელის დედაქალაქი და სხვა ადგილები ამერიკული ავიაციისა და სამხედრო ხომალდებიდან გაშვებული მართავდი რაკეტებით იბომბება,ხოლო ვენესუელის ღამისეულ ცაში დაფრინავენ ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები ტაქტიკური სადესანტო ჯგუფების გადასასხმელად,რომლებიც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების მებრძოლებით არიან დაკომპლექტებულნი და რომელთა მთავარი ამოცანა გახლდათ თავად პრეზიდენტ მადუროსა და მისი მთავრობის წევრების მოძებნა და მათი დაპატიმრება ან სულაც ფიზიკური ლიკვიდაცია...

და ეს ამოცანა შესრულებულია-ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტ ტრამპის დავალებით შეიპყრეს და აშშ-ში გაიტაცეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლითურთ...

როგორ განვითარდება მოვლენები პრეზიდენტის გარეშე დარჩენილ ვენესუელაში,ეს რამდენიმე საათში გამოჩნდება...