უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?! - კვირის პალიტრა

უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!

2026 წელი მსოფლიოსთვის ხმაურიანად დაიწყო - 3 იანვარს დილით გავრცელდა ინფორმაცია ვენესუელის ტერიტორიაზე სამხედრო იერიშის შესახებ, რაშიც ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ს დასდო ბრალი. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების თაობაზე. მალევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვენესუელაზე იერიშის ნებართვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. "ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო", - განუცხადა ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში დონალდ ტრამპმა The New York Times-ს. სწორედ მან დაადასტურა ამერიკელი სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს შეპყრობის ამბავი. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგი არ განუცდია. CBS News-ის ინფორმაციით კი მადუროს შეპყრობის ოპერაცია აშშ-ის ელიტურმა დანაყოფმა "დელტამ" ჩაატარა. ცნობილია, რომ ის მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაიყვანეს. "ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება", - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ზე.

მოგეხსენებათ, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ასაზრდოებდა ჩინეთ-რუსეთ-ირანის მხარდაჭერა და ამასთანავე, ვენესუელა ამ ქვეყნებისა და პლუს კუბის ინტერესების საყრდენი იყო რეგიონში. მადუროს რეჟიმის დამხობა არა მხოლოდ ვენესუელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ბევრ რამეს ცვლის.

სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ 2026 წელს ჩვენი რუბრიკის პირველი ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxaaa_effaf.jpg

- ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და უპირველესად ახალი წელიწადი მივულოცო თქვენს მკითხველს. წარმატება და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, ამან ის ყალბი ილუზიები, რომ თითქოს არ არსებობს საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, მტკიცება, რომ აშშ უარს ამბობს გლობალური მოთამაშის ფუნქციაზე, ფაქტობრივად, გააქარწყლა. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, დიფ სთეითი აბობოქრდა. ეს ყელყელაობა, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასაც, მათი რიტორიკა, რომ არ დაუშვებენ დასავლეთის რაღაცებში ჩარევას, ამ პროპაგანდისტული ნარატივის მიღმა კი საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობენ, დაუსჯელი არ დარჩება. ამას დღევანდელ სამყაროში არავის აპატიებენ.

ჩვენ ახლა ვენესუელასთან ერთად, ვუყურებთ ირანში განვითარებულ მოვლენებსაც. მოგეხსენებათ, რა მასშტაბური გამოსვლებია... ანუ წრე ვიწროვდება... ჩემი აზრით, რუსეთთან აშშ-ის ეს ბოლოდროინდელი ლოიალური დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ერთგვარი შირმა იყო იმისთვის, რაც მზადდებოდა სინამდვილეში და ეს ემსახურებოდა რუსეთის მოდუნებას, რათა ნელ-ნელა მის გარშემო წრე დაევიწროებინათ. ეს პოზიტიური პროცესია და მინიშნება უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვისაც, რომ მათი იმედები და ილუზიები, რომ საქართველოში, რასაც უნდა იმას იზამენ და ამას არავინ მიაქცევს ყურადღებას, რომ მათ ამის უფლება აქვთ, ქრება.

ამ ტიპის რეჟიმებს რეალური დასაყრდენი ხალხში არა აქვთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვენესუელა ამ დღეებში ამ ყველაფერს იზეიმებს. ამგვარი რეჟიმები ლიდერის მოშორების შემდეგ ნაცარტუტად იქცევიან ხოლმე. დაახლოებით იგივე ხდება ირანში, როგორც კი რეჟიმი მოირყევა, იქაც მთელი ქვეყანა იზეიმებს ამას.

screenshot-2026-01-03-171240-1767446113.png

დროა, საქართველოშიც ერთმა კაცმა გაიღვიძოს და რეალურად დაინახოს ის მომავალი, რაც მას შესაძლოა ემუქრებოდეს, თუ გააგრძელებს ქვეყნის ფსევდოფასეულობებსა და ურაპატრიოტიზმზე აგებულ პროპაგანდისტულ მართვას, ისევ და ისევ საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის ხარჯზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, საქართველოს დღეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელური ნავთობის გაკონტროლება პირდაპირ მიმართული იქნება რუსეთის დასუსტებაზე. კრემლს ისედაც აღარ შერჩა ბევრი პარტნიორი. ერთადერთი სერიოზული პარტნიორი ჩინეთია, მაგრამ ისიც მხოლოდ სიტუაციური და არა სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთისგან ხელი დაიბანოს. რუსეთის ერთგული მოკავშირეები იყვნენ ვენესუელა და ირანი, დღეს ორივეს თავისი გასჭირვებია. ევროპაში უნგრეთს განიხილავდნენ პარტნიორად, მაგრამ აპრილში არჩევნებია და, დიდი ალბათობით, ორბანის მთავრობას წასვლა მოუწევს. ეს ყველაფერი აისახება რუსეთ-უკრაინის ომზეც.

- შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი საბედისწერო აღმოჩნდა "ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის: ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ექსუფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი და სხვა უწყებათა ყოფილი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის შერჩეული გუნდის წევრები 2026 წელს ბრალდებულის სტატუსით შეხვდნენ, ზოგი საპატიმროში, ზოგიც ძებნილად. ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილს ბრალი ედება კორუფციაში, ფულის გათეთრებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და... ერთ-ერთი მათგანი ახლა უკვე მკვლელობის შეკვეთაშიც კია დადანაშაულებული - ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე. ეს ცნობილი გახდა გასული წლის 29 დეკემბერს, როდესაც სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. მისი თქმით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. ყოფილ გენერალურ პროკურორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეუფარდა.

- ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მთელი ეს პროცესი, ვგულისხმობ, ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ პერიპეტიებს, არ ჰგავს საქმის ძიებას. ეს უფრო მაფიოზური კლანების დაპირისპირებას ჰგავს, მათ შორის გარჩევებს და სამწუხაროდ, ამაში სახელმწიფო ინსტიტუტები არიან ჩათრეული და ჩართული. თუნდაც დარახველიძის ბრიფინგისას ეს ირიბად გამოჩნდა - როდესაც ვიღაცას ბრალს სდებ, მოტივი უნდა დაასახელო.

შსს-ს განცხადებაში მოტივად მოყვანილი იყო ბიზნესუთანხმოება, ბუნებრივად იბადება კითხვა, რა ბიზნესზეა ლაპარაკი? ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხარეც და მეორეც ასოცირდება კრიმინალურ სისტემებთან, რასაც ხელისუფლებაც არ უარყოფს. მაშ, დაასახელონ რა ბიზნესზე მოუხდათ უთანხმოება? რა, სახინკლის წილები ვერ გაიყვეს? ხომ არა გვაქვს აქ საქმე ეკონომიკური საქმიანობის რუხ ზონასთან, მაგალითად, ნარკოტრეფიკთან, ქოლცენტრებთან, კონტრაბანდასთან ან რამე მსგავს უბედურებებთან?

ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიძლება ამ ტიპის კრიმინალური საქმიანობა ბიზნესად მიაჩნდეს. სისტემის მენტალური მანკიერებაა, როდესაც, მაგალითად, ქოლცენტრები ვიღაცას ბიზნესად მიაჩნდეს, რაც სინამდვილეში ძარცვაა.

მოკლედ, ეს არის კლანებს შორის დაწყებული წმინდა წყლის მაფიოზური ომი, რომელიც საქართველოში კონვერტირდა კონკრეტულ პოლიტიკაში. ამ ყველაფერში ჩათრეული არიან სახელმწიფო უწყებები, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ. სად პოლიტიკაა, სად კრიმინალი და სად კორუფციული მამაძაღლობა, ვერ გაიგებ, რადგან ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი.

ამ ტიპის სისტემა ააშენეს, თან მისი ალგორითმი კოპირებულია რუსეთიდან. დიახ, საქართველოში რუსული მოდელის მმართველობითი სისტემა შენდება, რასაც თავისთავად უკავშირდება სუვერენული დემოკრატიის დამყარებას ერთი დომინანტური პარტიით და მისი სატელიტი ოპოზიციით. 2025 წელს ჩვენ ამ პროცესში ვიყავით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა იყო ძალაუფლებასთან პირდაპირ კავშირში არსებული ფულის გაკონტროლება და ამ ამოცანის შესასრულებლად ყველაფერი კეთდებოდა - იჭერდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც მაქსიმალურად ცდილობდნენ განსხვავებული აზრის შეზღუდვას და გაქრობას, ხუთავდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. პარალელურად მიდიოდა ცივილიზებული სამყაროს დემონიზაცია, რაც ირიბად იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ორიენტაცია უკვე აღებული აქვს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციისკენ. გასულ წელს ყველა მანკიერებაზე, რაც კი შეიძლება მომხდარიყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხელი მოაწერა და ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება ამ აღებულ ტემპს გააგრძელებს 2026 წელსაც, თუმცა არის რამდენიმე მომენტო, კერძოდ, საერთაშორისო პოლიტიკა, ანუ რა პროცესები წავა მსოფლიოში და შიდაპარტიული დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რაც ძალიან არის გამწვავებული. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან არსებობდა სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ მეფის კარზე ერთადერთ მემკვიდრედ დარჩენას. ეს ბრძოლა ნაბიჯ-ნაბიჯ კრიმინალური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობდა. ჯანგველაძე-ფარცხალაძის ქეისიც კარგად ააშკარავებს ამ ბრძოლების სახეს. 2026 წელს, როგორც ჩანს, ეს პროცესები კვლავ გაგრძელდება.

გამოითქმის ვარაუდი, რომ მომავალ წელს კობახიძის მორიგი სამიზნე კალაძე იქნება, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე კალაძე მე კობახიძისა და მისი რაზმის სიტუაციური პარტნიორი მგონია. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ახდენს ბიძინა ივანიშვილის გარკვეულ სტერილიზაციას. მთავარი სტრატეგია არის ბიძინას ირგვლივ მათთვის ყველა პოტენციური საფრთხის განადგურება, ანუ მის ერთადერთ მემკვიდრედ დარჩენა. ახლა ბოროტი ბავშვი იბრძვის მდიდარი მამის მემკვიდრეობისთვის - კობახიძე მყავს მხედველობაში. კახა კალაძეს ის ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უფრო პარტნიორად მოიაზრებს, რა თქმა უნდა, მოთვინიერებულ და დამორჩილებულ პარტნიორად და არა თავისუფალ მოთამაშედ. ვიღაცას შეიძლება აქვს ილუზია, რომ კახა კალაძე თავისუფალი მოთამაშეა, მაგრამ ასე არ არის. მას იმდენი სისუსტე აქვს, რომ მისი ნეიტრალიზება და დამორჩილება პრობლემას არ წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ძალაუფლების კონტროლში. ახლა ცდილობენ მისი სისუსტეები გამოიყენონ და მას მანევრირების საშუალება მოუსპონ, შესაბამისად კი ნელ-ნელა შეავიწროონ მისი ძალაუფლება და შესაძლებლობები. მე არ მჯერა, რომ ამას მხოლოდ კობახიძე და მისი ჯგუფი აკეთებენ, ჩემი აზრით, ისინი ვიღაცის ხელში ინსტრუმენტები არიან ამ დიდ თამაშში. მე ვერ დავაკონკრეტებ, ეს ძალა კრემლში ზის, ტრანსნაციონალური კრიმინალია თუ ორივე ერთად, მაგრამ ფაქტია, სერიოზული ზურგის გარეშე ამ ყველაფერს კობახიძე და მისი რაზმი ვერ გაბედავდნენ. ივანიშვილი სულელი არ არის, რომ ვერ ხვდებოდეს, დღეს რა მდგომარეობაშია. იმასაც ვიტყვი, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კობახიძის წამოწყებული პროცესი ბოლომდე მივა. ივანიშვილს თავისი სვლა ჯერ არ გაუკეთებია. მე უკვე მალე, წლის დასაწყისშივე ველი მისგან გარკვეულ ნაბიჯებს ამ ყველაფრის პრევენციისთვის.

- ოპოზიციურ ფლანგსაც გადავხედოთ მომავალი წლის პერსპექტივაში, ასევე, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება წარიმართოს ის პროტესტი, რომელიც უამრავი შემზღუდავი რეგულაციის მიუხედავად, კვლავაც გრძელდება?

- ეს პერმანენტული პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკურ ომში, რა დროსაც საჭიროა მაკონსოლიდირებელი ელემენტი. პროტესტი მასშტაბურია, დიდია, მაგრამ ის დაქსაქსულია. მისი კაპიტალიზაცია, ერთ მდინარებაში მოქცევა შეუძლიათ მხოლოდ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსის გარეშე შეუძლებელია, რომ შენ ბრუტალურ ძალას ადეკვატური ძალა დაუპირისპირო.

რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ კლასს, სამწუხაროდ, მათში, არც თავისუფლებაში მყოფებსა და არც პატიმრად ქცეულებში, ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია მაკონსოლიდირებელი როლის შესრულება. პროტესტი არ ენდობა მათ. ჩვენ დღეს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს და ოპოზიციისაც.

თითქმის ვერაფერს აკეთებენ ხალხთან სამუშაოდ, მათი ნდობის მოსაპოვებლად. არც იციან, რა, როგორ გააკეთონ, არა აქვთ რეალური გეგმები, პოზიტიურ მოლოდინებს ვერ ქმნიან. ვიღაცა მეტყვის, ციხეში სხედან და რა ქნანო, მაგრამ მანამდეც დიდი ავტორიტეტით ვერ დაიკვეხნიდნენ.

ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს - ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი ცდილობდა მაქსიმალური ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი დაეთესა. მისი გზავნილი დაახლოებით ასეთი იყო, მე შეიძლება მამაძაღლი ვარ, მაგრამ დანარჩენები ჩემზე უარესები არიანო. ოპოზიციამაც ამას ვერაფერი დაუპირისპირა, ბევრი ვერაფერი გააკეთა, რომ ხალხთან ჩატეხილი ხიდი აღედგინა. დღესაც არაფერს აკეთებენ, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ... ხალხთან დიალოგში რომელი ოპოზიციური პარტია გეგულებათ? პირადი გმირობის მაგალითზე პოლიტიკის აგება პოლიტიკის დისიდენტური გაგებაა. ამგვარად ვერ მოხერხდება ქვეყანაში არსებულ მასშტაბურ პროტესტთან კავშირის დამყარება და მისი მართვა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება.