ტრამპისთვის „ბრწყინვალე“, მსოფლიოსთვის გამაოგნებელი სამხედრო ოპერაცია - კვირის პალიტრა

ტრამპისთვის „ბრწყინვალე“, მსოფლიოსთვის გამაოგნებელი სამხედრო ოპერაცია

3 იანვარს აშშ-მა ვენესუელაში უპრეცედენტო სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკულმა ძალებმა ვენესუელაში სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, მადუროსა და მის მეუღლეს იმავე დღეს ნიუ-იორკში ოფიციალურად წაუყენეს ბრალდებები ნარკოტერორიზმში, კოკაინის კონტრაბანდასა და იარაღის უკანონო შენახვაში. იმ დროისთვის, როდესაც სტატია მომზადდა, მადუროს დაკავების დეტალებზე ინფორმაცია ძალიან მწირი იყო. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ვენესუელის ცაში უპრობლემოდ გადაადგილდებიან არა მხოლოდ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, არამედ ვერტმფრენებიც, რაც აჩვენებს, რომ აშშ სრულად აკონტროლებდა სამიზნე ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

სამხედრო ექსპერტების თქმით, საერთოდ ვერ იმუშავა ვენესუელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რაც მხოლოდ მათი გაუმართაობით ვერ აიხსნება. გამოითქმის ვარაუდები, რომ ამერიკელებმა შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით ვენესუელაში რადარების მუშაობა ჩაახშვეს. ჩBშ-ის ინფორმაციით, მადურო აშშ-ის არმიის ელიტურმა კონტრტერორისტულმა დანაყოფმა "დელტა ფორსმა" დააკავა. რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ესაუბრა, განაცხადა, რომ „ვენესუელაში დამატებითი ქმედებები აღარ იგეგმება, რადგან მადურო აშშ-ში, პატიმრობაშია და აღნიშნა, რომ "დარტყმები „გამოყენებული იყო დაკავების ორდერის აღსრულების დასაცავად". აშშ-ის განცხადებით, მათი მხრიდან სპეცოპერაციისას მსხვერპლი არ ყოფილა. 2 იანვრის საღამოსთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობები ვენესუელაში დაშვებულებსა და დაღუპულებზე.

როგორ რეაგირებს მსოფლიო მომხდარზე

ვენესუელის მოკავშირეებმა, მათ შორის რუსეთმა, დაგმეს აშშ-ის დარტყმები - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია „"ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაზე". დოკუმენტში აღნიშნულია მოსკოვის სოლიდარობა ვენესუელის ხალხის მიმართ და "ბოლივარიანული ხელმძღვანელობის კურსის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას ისახავს მიზნად".

კიდევ ერთ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს „დაუყოვნებლივ გაირკვეს“პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის ქვეყნიდან„ძალადობრივი გაყვანის“ საკითხი. უწყება ამას "დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე მიუღებელ თავდასხმად“ აფასებს და საერთაშორისო სამართალს მოიხმობს.

აშშ-ის ქმედებები დაგმეს კუბამ და ირანმაც. თეირანმა განაცხადა, რომ "შეტევა ვენესუელის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა" და გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა აშშ-ის დარტყმების შემდეგ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერ პირობებში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის ნორმები".

"მე ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ჩვენს ელჩს კარაკასში. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ვითარებას ვენესუელაში", - დაწერა კალასმა სოციალურ ქსელ X-ში. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს "არაერთხელ განუცხადებია ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურობის შესახებ და მხარს უჭერს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას".