10 აქტიური მეწყერი თბილისში, სმოგი და გადატვირთული ქუჩები - კვირის პალიტრა

10 აქტიური მეწყერი თბილისში, სმოგი და გადატვირთული ქუჩები

შესაძლებელია თუ არა სტიქიური უბედურების წინასწარ პროგნოზირება და პრევენცია, ასევე ემუქრებათ თუ არა თბილისისა და დიდი ქალაქების მცხოვრებლებს სერიოზული საფრთხე - "კვირის პალიტრა" ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.

- როგორი ზამთარი ელის საქართველოს?­

- ჯერჯერობით ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. არც შარშან ველოდით ასეთ დიდთოვლობას და არც ახლა ვიცით, როდის რომელი ციკლონი შემოაღწევს საქართველოში. სამწუხაროდ, ბუნებრივ კატასტროფას მარტივად ვერ ავიცილებთ თავიდან. მეტეოროლოგიის სამსახურს აქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა და მოსახლეობას აფრთხილებს კიდეც, უბრალოდ, ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია... მეორე მხრივ, ცნობილია, სად არის გააქტიურებული მეწყერი, რაც ასევე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი ტიპის ბიულეტენები ყოველთვის ეგზავნება ადგილობრივ თვითმმართველობებს, რის შემდეგაც ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ.

- საქართველოში თუ არსებობს კერები, სადაც შესაძლოა შოვის ტრაგედიის მსგავსი სტიქიური უბედურება განვითარდეს?

- რა თქმა უნდა, და ეს არის ცენტრალური კავკასიონი, აჭარა და თრიალეთის­ ქედი. რამდენადაც ვიცი, გამოიკვეთა საფრთხის ზონები და შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მომზადდა სპეციალური რუკებიც, რომელსაც, ვიმედოვნებ, მალე გამოაქვეყნებენ. საფრთხის ზონა ისაზღვრება იმის მიხედვით, არის თუ არა სიახლოვეს დასახლებული პუნქტი - ანუ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, სად არის ყველაზე დიდი რისკი... შემდეგ მოდის დაუსახლებელი პუნქტები. გაფრთხილების­ ისეთი სისტემა, როგორიც დევდორა­კზე გაკეთდა, ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ამ სისტემამ კარგად იმუშავა და დევდორაკის მეწყრის გააქტიურებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობა გაიყვანეს. ამიტომ ამ ტიპის სისტემების არსებობა კრიტიკული მნიშვნელობის ადგილებზე აუცილებელია.

- სად მდებარეობს მეწყერსაშიში ზონები­ თბილისში?

- დედაქალაქს ბევრი მეწყრული კერა აქვს, მათ შორის აქტიურია 10 მეწყერი, რომლებზეც მუდმივად ხორციელდება დაკვირვება, განსაზღვრულია მათგან მომდინარე საფრთხეებიც. ეს არის ვაკე, ვაშლიჯვარი, ცირკის მიმდებარე ტერიტორია, ძალიან დიდი მეწყერია კონიაკის დასახლებაში, საკმაოდ მოძრავი ქანებია­ მუხათგვერდში­ და ა.შ. არსებობს ამ კერების­ რუკაც და ხელმისაწვდომია ყველასთვის. დეველოპერებმა, რომლებიც ამ ზონებში მშენებლობებს აწარმოებენ, უნდა დაიცვან შესაბამისი სტანდარტები, ხოლო კონტროლს უნდა ახორციელებდეს მერია.

- ქვეყნის მასშტაბით თუ არის საკმარისი ის 2 რადარი, რომელიც ქუთაისთან და თბილისთან ახლოსაა დამონტაჟებული, დიდი ნალექის პროგნოზირებისთვის?

- რადარები იძლევა ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის ნალექი მოვიდა, ასევე იძლევა სურათს ქარების მიმართულების შესახებ, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი მეტეოროლოგები დამატებით ხელსაწყოებს ითხოვდნენ მაღალ მთაში საჭირო სამუშაოებისთვის.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა ტექნიკურად უზრუნველყოფილია ამ თვალსაზრისით?

- ქვეყანა მეტ-ნაკლებად უზრუნველყო­ფილია მეტეოროლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას და შემდგომ ქმედებებს, საინტერესოა, როდის გამოქვეყნდება ის რუკები,­ რომლებიც შეიქმნა, რადგან სად არის საფრთხის ზონები, დეტალურად უნდა ავუხსნათ და მივაწოდოთ მოსახლეობას. ეს ეხება მეწყრულ ზონებს, ღვარცოფებს, მათ შორის გლაციოლოგიურ ღვარცოფებს და ა.შ. უკეთესი იქნება, თუ მეტი დაკვირვების პუნქტი გვექნება საქართველოში.

- გვერდს ვერ ავუვლით ზემო იმერეთის ზოგიერთ სოფელში არსებულ ვითარებასა და რიკოთის­ ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობას. რამდენად არის დაცული საერთაშორისო სტანდარტები, რომ გარემოსა და ადგილობრივებს ზიანი არ მიადგეს და არ მივიღოთ კატასტროფული შედეგები?

- არაერთხელ განვაცხადე, რომ ჯერ უნდა გაემყარებინათ ის არეალი, სადაც საფრთხეებია მოსალოდენლი, ანუ ჯერ კონკრეტული ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო და მერე ეზრუნათ გზის საფარზე. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა. ფერდების გამაგრება მოგვიანებით დაიწყეს. დღეს, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, აკვირდებიან ყველა ფერდობს და სადაც კი ჩატარდა საგზაო სამუშაოები, ის ტერიტორია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. რაც შეეხება დაზარალებულ სოფლებს, ბევრ სოფელში ისედაც იყო მეწყერი და მეწყერსაშიში ბუნებრივი ფონი, გზის მშენებლობამ კი ხელი შეუწყო პროცესის განვითარებას. მაგრამ ეს კვლევის ნაწილია და საჭიროა ვითარების კარგად შესწავლა. წინაწარ იმის მტკიცება, რომ მაინცდამაინც გზის მშენებლობამ გამოიწვია ეს მოვლენები, შეუძლებელია.

untitled-design-2023-04-24t170644-1767524849.240.png

- ანუ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს?

- მოსახლეობა მშვიდად მხოლოდ მაშინ იქნება­, თუ ყველა სოფელს გააფრთხილებენ, რა შეიძლება გამოიწვიოს იქ მიმდინარე სამუშაოებმა. როდესაც გამოქვეყნდება საფრთხის ზონების ამსახველი რუკები, ამის შემდეგ სახელმწიფო დონეზე უნდა შედგეს მოქმედებათა გეგმა, პრევენციული ღონისძიებების მიზნით.

- თბილისის თავზე რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი სმოგი დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოწვია. როგორ უნდა იქცეოდეს ამ დროს სახელმწიფო?

- მოსახლეობა იღებს შეტყობინებას­ 112-ით, როცა რაიმე სახის გაუარესებაა მოსალოდნელი, მაგრამ ხშირად მოქალაქემ არ იცის, როგორ მოიქცეს. ევროპულ ქვეყნებში შეტყობინების შემდეგ შეგიძლია გადახვიდე სპეციალურ ლინკზე,­ სადაც უფრო დეტალურადაა მოცემული, ვისთვის რა საფრთხის შემცველია ესა თუ ის ვითარება, ვინ როგორ უნდა მოიქცეს... მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ქართულ ინტერნეტსივრცეშიც, რადგან ასეთ დროს გადამწყვეტია ადამიანის ქცევის წესი.

zona-mewyersashishi-47288-1767524848.jpg

- რამდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით?

- ზემოთ სმოგი ვახსენეთ და ის მარტო­ სხვა ქვეყნიდან არ შემოდის, თბილისის თავზე სმოგი სულ არის იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ელემენტარული სტანდარტი არ არის დაცული. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნაა, მშენებარე ობიექტების შეფუთვა. გინახავთ საქართველოში შეფუთული მშენებარე შენობები?! არადა, აუცილებელია შეიფუთოს, რათა გარშემო მტვერი არ იფრქვეოდეს. შესაბამისი სტანდარტი­ და წესები დამტკიცებულია, თუმცა, არავინ ასრულებს, მაგრამ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამას უნდა აკონტროლებდეს.

ამასთან, ჩვენთან არ არსებობს სატრანსპორტო პოლიტიკა და დიდ ქალაქებში სერიოზული პრობლემებია - ეს იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. პირველ რიგში, საჭიროა თითოეული ქალაქისთვის შემუშავდეს სწორი სატრანსპორტო­ პოლიტიკა და კონკრეტული ნორმები. როგორც ვიცი, ევროდირექტივის მიხედვით შეიქმნა ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სისტემა და ზონირება, ასევე კონკრეტული ღონისძიებების გეგმა, მათ შორის ერთი ტიპის მანქანების ჩანაცვლება მეორე ტიპის მანქანებით და ა.შ. ყველაფერი გაწერილია, მაგრამ მის აღსრულებას სჭირდება სისტემური მიდგომა და დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. ეს არის მთავარი ამოცანა. შედეგის მისაღებად საჭიროა არა მხოლოდ ფინანსები, არამედ კვალიფიციური კადრებიც. სატრანსპორტო პოლიტიკა პირველ რიგში ტრანსპორტის სპეციალისტებმა უნდა დაწერონ ისე, რომ გადაიჭრას არა მხოლოდ საცობების პრობლემა, არამედ უნდა მივაღწიოთ იმასაც, რომ დიდხანს აღარ იდგეს ავტომობილი ჩართული ძრავით, რადგან ეს იწვევს გამონაბოლქვის კონცენტრაციის მატებას. ეტაპობრივად უნდა დაინერგოს მხოლოდ კატალიზატორიანი ავტომობილებით მოძრაობაც. ასევე გაიზარდოს ქუჩების გამტარიანობა. ეს არის ტრანსპორტის მოძრაობის სწორი ორგანიზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმეორებ, ეს გეგმა შემუშავებულია და კარგი იქნება, თუ ყველა დაინტერესდება და ჩაიხედავს დოკუმენტში. კიდევ ერთი ელემენტია ბევრი მწვანე უბნის მოწყობა ქალაქებში.

- დაბინძურების ის ხარისხი, რაც ჩვენ გვაქვს, უქმნის თუ არა საფრთხეს თბილისისა და დიდი ქალაქების მცხოვრებლებს?

- ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩვენ უნდა ვაწარმოებდეთ ობიექტურ სტატისტიკას, რაც დასკვნისთვის სრულ სურათს მოგვცემდა. სამწუხაროდ, ამ ტიპის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ამას სჭირდება სერიოზული კოორდინირება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ტარდება თუ არა, უცნობია.

პირველი ნაბიჯი აღსრულების სისტემის გაუმჯობესებაა. უნდა დაიწყოს იმ სტანდარტების აღსრულება, რაც დოკუმენტებში დაიწერა. ბევრი დოკუმენტი მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, არსებობს არაერთი რეკომენდაცია და გაწერილია კონკრეტული ქმედებებიც.

- კმაყოფილი ხართ გარემოს დაცვის­ საკითხებზე უწყებებს შორის კოორდინაციით?­

- რა თქმა უნდა, არა. გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და ყველა შესაბამისი უწყება უნდა იყოს ერთმანეთთან კოორდინაციაში.­ რეგიონებს ძალიან უჭირთ, რადგან­ ცენტრალურ უწყებებს ყველგან არა აქვთ წარმომადგენლობები და კონკრეტული­ ქმედებები მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, ვერ ხერხდება. ლოკალურ ადგილებზე კარგად მუშაობენ არასამთავრობო­ ორგანიზაციები. თუმცა, მნიშვნელოვანია, მეტი ღონისძიება­ დაიგეგმოს და მასში კომპეტენტური ადამიანები ჩაერთონ.

შორენა ბიწაძე