„საქართველო უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია“ - კვირის პალიტრა

„საქართველო უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია“

"უკრაინაში ომი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მხოლოდ სამხედრო კონფლიქტი აღარ არის. ამ ომმა შეცვალა საერთაშორისო წესრიგი, გავლენის ზონები და ე.წ. ნაცრისფერი ტერიტორიების სტატუსი", - ამბობს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი, რომლის განმარტებით, 2025 წელი შეიძლება გარდამტეხ ეტაპად მივიჩნიოთ როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის. რა ადასტურებს, რომ დასრულდა პოსტსაბჭოთა სივრცეში გაურკვევლობა, როგორ ყალიბდება ზავის რეალური კონტურები ამერიკის ინიციატივით, რა ინტერესები დგას უკრაინისა და რუსეთის უკან და რატომ არის საქართველო ამ გლობალური პროცესების¬ ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, ამ საკითხებზე მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

- 2024 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცე ძველებურად, როგორც სადავო ტერიტორიად, "ნაცრისფერ ზონად" აღიქმებოდა, სადაც დიდი სახელმწიფოები თავიანთ ინტერესებს ათამაშებდნენ,­ 2025 წელი კი იმით გამოირჩევა, რომ დასრულდა თითქმის ოცდახუთწლიანი გაურკვევლობა, რომელიც ამ სივრცეს თან სდევდა...

მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები, რამაც შეიძლება ომი დაასრულოს. ეს შეეძლო მხოლოდ აშშ-ს, რადგან მსოფლიოში დომინანტი ქვეყანაა, მისი ნება გადამწყვეტია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ საქართველოსთვისაც, იმიტომ, რომ საქართველო უკრაინის ომთან ერთად დავის საგნად იქცა და ჩვენი გაურკვევლობაც ამ პროცესთან ერთად უნდა დასრულდეს.

- ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზავის კონფიგ­ურაციაში რუსული ინტერესები უფროა გათვალისწინებული და უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს. თავის მხრივ, პუტინმა ზელენსკი საკუთარ რეზიდენციაზე თავდასხმასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის ცდაში დაადანაშაულა, რასაც ზელენსკიმ ფეიკი უწოდა­ და ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომაც დაადასტურა. პარალელურად, უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რომლის მიზანი სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაა. ამის ფონზე, დაზავება შესაძლებელია?

- ზავის კონტურები უკვე მეტ-ნაკლებად­ ცნობილია. ზავი ერთი თვით ადრე დაი­დება­ თუ სამი თვით გვიან გლობალური მოთამაშეებისთვის არსებითი მნიშვნელობა­ არა აქვს. ეს მნიშვნელოვანია რუსებისა და უკრაინელებისთვის, რადგან მათთვის ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია. ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი­ იღუპება, მაგრამ გლობალური მოთამაშეებისთვის მთავარი გეოპოლიტიკური შიგთავსია, რაზეც პასუხები, ფაქტობრივად­, უკვე გაცემულია. რუსეთმა შეიძლება რომელიმე ტერიტორია შეინარჩუნოს, ან ფრონტის­ ხაზმა რამდენიმე კილომეტრზე აქეთ-იქით გადაიწიოს, მაგრამ მთავარ საკითხში, იმპერიული რევანშის თვალსაზრისით, მან ომი წააგო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთისთვის პრობლემა მხოლოდ ტერიტორია არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა­ სანქციებია. თუ რუსეთი ზავს დათანხმდება, მაგრამ სანქციები ძალაში დარჩება, ეს ნიშნავს მისი პრობლემების სამ მეოთხედს მაინც. რუსეთისთვის ეკონომიკური და სოციალური წნეხი უფრო მძიმეა, ვიდრე სამხედრო გამოწვევები. ამის ნათელი მაგალითია ირანი, მრავალწლიანი სანქციების შედეგად ქვეყანა დღეს ეკონომიკური აფეთქების ზღვარზეა. რუსეთსაც სურს არა მხოლოდ სამხედრო დაძაბულობის დასრულება, არამედ სანქციების სრული პაკეტის მოხსნა, რაზეც ევროპა თანხმობას არ იძლევა, ხოლო ამერიკას ევროპელების იძულება­ უჭირს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნება. ეს ბაზარი მას წელიწადში­ დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს აძლევდა. რაც შეეხება უკრაინას, მათი რიტორიკა გასაგებია, რადგან საუბარია უკრაინის ელიტის ღირსებაზე, თვითშეფასებასა და იმაზე, თუ როგორ უყურებენ საკუთარ როლს ამ ომში...

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ფინანსური კუთხითაც მივადევნოთ თვალი. უკრაინაში ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში დასავლეთიდან კოლოსალური ფინანსური რესურსი შევიდა. ყოველთვიურად უკრაინა საშუალოდ 9-10 მილიარდ დოლარს იღებდა - ეს თანხა მოდიოდა როგორც აშშ-დან, დაახლოებით 134 მილიარდი, ისე ევროპიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მსოფლიო ბანკიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ამას ემატებოდა დასავლური სახელმწიფოების ინდივიდუალური დახმარება, ასევე არაევროპული დასავლეთი - კანადა, იაპონია და სხვა ქვეყნები. ჯამში საუბარია თითქმის ნახევარ ტრილიონ დოლარზე. უკრაინის ელიტისთვის ყოველთვიური 10 მილიარდი­ უკიდურესად სერიოზული ფინანსური ნაკადია­ და ბუნებრივია, ზავის მიმართ დამოკიდებულებაზე ეს გავლენას ახდენს. არსებობს ფარული მომენტებიც, მათ შორის ფინანსური. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ავტომატურად დათმობს ყველაფერს, მაგრამ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დათმობას დღეს კატეგორიულად გამორიცხავენ, თუ უკრაინას მისცემენ იმას, რაც მის ელიტას მისცემს უსაფრთხოების, ანუ აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს, შეიძლება კომპრომისზე წავიდნენ.

საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ოფიციალურად ჩამოყალიბდეს როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის სატელიტი­, დაახლოებით ისეთი, როგორიც ისრაელია ახლო აღმოსავლეთში. ასეთ შემთხვევაში ამერიკა ვალდებული იქნება ნებისმიერი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა აღიქვას როგორც საკუთარ ტერიტორიაზე­ თავდასხმა.­ ასეთი გარანტია რუსეთისთვის უკრაინის ნატოში გაწევრებაზე უარესია. ეს ასევე ნიშნავს, რომ უკრაინის მართვის სადავეები მთლიანად გადადის ამერიკის ელიტის ხელში. ევროპა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ პოლიტიკური­ და სამხედრო კონტროლის ბერკეტები, ძირითადად, ამერიკის ხელში იქნება. ფაქტობრივად, უკრაინის მრავალმილიონიან არმიაზე პოლიტიკურ კონტროლს ამერიკა დაამყარებს და უკრაინა გადაიქცევა ამერიკის სამხედრო-სტრატეგიულ საყრდენად ცენტრალურ ევროპაში. კრემლი იძულებულია შეეგუოს იმ მოცემულობას, რომელიც მისთვის არახელსაყრელია, იმიტომ, რომ ამერიკასთან ომი მის შესაძლებლობებს აღემატება. უკრაინასაც მოუწევს არსებულ მოცემულობასთან შერიგება.

- 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამაოდ ელოდა ტრამპის ადმინისტრაციისგან კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გამოკვეთას. როგორ ფიქრობთ, 2026 წლიდან ამ მხრივ რაიმე სიახლე იქნება?

- არსებობს აბსურდული მოსაზრება, თითქოს საქართველო არ აინტერესებთ არც ტრამპს და არც რესპუბლიკურ ადმინისტრაციას. სინამდვილეში, საქართველო და მთლიანად რეგიონი XXI საუკუნის შუა ნახევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სეგმენტად ყალიბდება. ამაზე მიუთითებენ ამერიკული ანალიტიკური ცენტრების შეფასებებიც. მათი ანალიზით, ჩინეთი შუა აზიის გარეშე ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შუა აზია და სამხრეთი­ კავკასია კი ჩინეთისთვის და რუსეთ-ჩინეთის ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამერიკის მიერ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის წართმევა რუსეთისა და ჩინეთისთვის ნიშნავს ჩინური საფრთხის განეიტრალებას და რუსულ-ჩინური ალიანსის დრამატული კონფიგურაციის დაშლას. საქართველო ამ პროცესში უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია. სამხრეთის მარშრუტი“ - ზანგეზურის კორიდორი, ფაქტობრივად, ნიშნავს თურქეთის გაძლიერებას შუა აზიაში, რაც ისტორიულად არც ბრიტანელებს და არც ამერიკელებს არ სურდათ. მათთვის მიუღებელია თურქეთის ლიდერობით შუა აზიისა და ციმბირის კონსოლიდაცია. შესაბამისად, საქართველო რჩება ერთადერთ რეალურ გზად როგორც შუა აზიასთან, ისე შავი ზღვის აუზთან კავშირში.

საქართველოზე უარის თქმა ამერიკისთვის იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე დისკუსიაც კი უაზრობაა. სინამდვილეში, სიგნალები ამერიკიდან უკვე იყო. საუბარია იმ წერილზეც, რომელიც რუბიოს სახელით ბიძინა ივანიშვილს გაეგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა ეს წერილი გარკვეული მოსაზრებების გამო არ მიიღო. ამერიკული შეფასებით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ მას არ სურდა რუსების თვალწინ კომუნიკაცია ამერიკელებთან, მაგრამ თუ ეს კიდევ განმეორდება, უკვე აღიქმება როგორც ამერიკის ხელახალი შეურაცხყოფა. ამიტომ კომუნიკაციის ფორმაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება ამბობს, რომ "ელოდება", მაგრამ მოლოდინი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. უკვე ნათლად ჩანს, ამერიკელებმა ჩართეს პირდაპირი კომუნიკაცია და განაცხადეს, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა ვერ იმუშავებს, სანამ რუსეთიდან გარკვეული შეზღუდვები და პირობები ძალაშია. საუბარია იმაზე, რომ ზავის იურიდიულ პირობებში პირდაპირ ვერ ჩაიწერება საქართველოს თემა, მაგრამ როგორც კი ზავის კონტურები გამოიკვეთება, რუსეთი ვალდებული გახდება საქართველოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ამ დროს ამერიკელებს ექნებათ მთავარი გარანტია, რომ ქართველებს უარის თქმის სურვილი არ ექნებათ და დასავლურ კურსს არ გადაუხვევენ. მიუხედავად სკეპტიციზმისა, ეს ზავი გაფორმდება. როგორც კი პოლიტიკური მორიგება შედგება, საქართველოს საკითხიც ავტომატურად დალაგდება. როდესაც რუსეთი და ამერიკა შეთანხმდებიან, რუსეთს აღარ ექნება რესურსი ერთდროულად შეინარჩუნოს გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე, საზოგადოდ, კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წერტილებზე.

- ჩინეთის როლი ამ კონფიგურაციაში როგორ წარმოგიდგენიათ?

- უკრაინის ომის ფონზე ჩინეთმა მართლაც გაიძლიერა პოზიცია, განსაკუთრებით რუსეთში, მაგრამ არა სამხრეთ კავკასიაში. ჩინეთი არ არის დაინტერესებული შავი ზღვის აუზში კონფრონტაციით. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპმა პირდაპირ დაურეკა უზბეკეთისა და ყაზახეთის ლიდერებს და შესთავაზა ჩ20-ის ფორმატებში სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, რაც თვისებრივად მაღლა სწევს შუა აზიის პოლიტიკურ სტატუსს მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, კულუარულად მზადდება ამერიკასა და ყაზახეთ-უზბეკეთს შორის სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, რაც გეოპოლიტიკურად შეცვლის შუა აზიის კონფიგურაციას. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამერიკა აქტიურად შედის შუა აზიის პოლიტიკურ თამაშში, რათა ჩინეთი არ გახდეს დომინანტი. ეს ნიშნავს,­ რომ უკრაინის შემდეგ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების პრეცედენტი შეიძლება გავრცელდეს საქართველოზეც. თუ ეს პრეცედენტი დაშვებული იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინის შემდეგ ნომერი პირველი კანდიდატი საქართველო იქნება და თუ რუსეთი ამას უკრაინაში შეეგუება, მას მოუწევს ამ რეალობას საქართველოშიც შეეგუოს.

ხათუნა ბახტურიძე