ხილული კავშირი მიწასა და ზეცას შორის - სვეტი-ცხოველი
14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სოლომონის ტაძარში ცხოვრებისას იმდენად კარგად ისწავლა ხელსაქმე, რომ წმინდათაწმინდას კრეტსაბმელი (ფარდა) სწორედ მას შეაკერინეს და მოაქარგინეს.
მართალი იოსების ოჯახში დამკვიდრების შემდეგ ქალწული მარიამი უდრტვინველად ასრულებდა დიდი ოჯახის დიასახლისის მძიმე მოვალეობას. როდესაც ღვთაებრივი ყრმა, იესო შეეძინა, მზრუნველი დედა არც მას აკლებდა ყურადღებასა და სიყვარულს. თავისი ხელით მოუქსოვა მხოლოდშობილ ძეს მეწამული კვართი, რომელიც უკერველი იყო, და მოქსოვილი გახლდათ ზევიდან ქვევით. სიმბოლურად ეს კვართი ქრისტეს ეკლესიის მთლიანობასა და განუყოფლობას აღნიშნავდა; ნაქსოვის მიმართულება კი იმის მანიშნებელი იყო, რომ ეკლესიის თავი ქრისტეა. ყოვლადწმინდა დედამ ეს კვართი ჯერ კიდევ ყრმა იესოს ჩააცვა, რომელსაც იმ დღიდან გაუხდელად ემოსა იგი - კვართი სასწაულებრივად იზრდებოდა მაცხოვართან ერთად.
როდესაც მოიწია ჟამი, ქრისტე შეიპყრეს, გაშოლტეს და ჯვარცმა გადაუწყვიტეს. გოლგოთაზე ასულ გატანჯულ მაცხოვარს იარებიდან გადმოდენილი სისხლით შესვარული კვართი განძარცვეს და "კვართსა მისსა ზედა იყარეს წილი."
ქრისტეს პერანგი წილად ერთ რომაელ ჯარისკაცს ერგო, რომელმაც გადაწყვიტა, მისი გაყიდვით მაინც მიეღო რაიმე სარგებელი. ჰოდა, მყიდველიც გამოჩნდა - უფლის ნებით, კვართი შეისყიდა მცხეთელმა ებრაელმა, ელიოზმა, რომელსაც საკუთარი დისათვის სურდა იგი. ელიოზი შემთხვევით არ აღმოჩენილა მაშინ იერუსალიმში - იმისათვის, რომ ქრისტეს დასჯისათვის კანონიერი სახე მიეცათ, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსოფლიოში გაფანტულ ებრაულ თემებს მაცნეები დაუგზავნეს და მაცხოვრის სამსჯავროზე მიიწვიეს. მცხეთელმა ებრაელებმა საკუთარ წარმომადგენლებად, სხვებთან ერთად, ელიოზიც აირჩიეს, რომელიც თავისი მართალი ცხოვრებით იყო ცნობილი. უფლის მადლის ჭურჭლები იყვნენ, ასევე, მისი დედა და და, სიდონია. დედამ სთხოვა, არაფრით დათანხმებოდა ქრისტეს სასიკვდილო განაჩენს, ხოლო დამ დააბარა, პყრობილის რაიმე ნივთი ჩამოეტანა სამახსოვროდ მისთვის.
ელიოზი გაემგზავრა, მაგრამ, უფლის ნებით, სამსჯავროს ვეღარ მიუსწრო - ქრისტე უკვე ჯვარზე გასაკრავად წაეყვანათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ უდიდესი დანაშაულის თანამონაწილენი სწორედ ქართველი ებრაელები არ გახდნენ. უკვე ჯვარცმული იესოს ხილვისას ელიოზს დის დანაბარები გაახსენდა და მისთვის ტანჯულის კვართი შეიძინა. უკან დაბრუნებულს სიდონია მცხეთის კარიბჭესთან შემოეგება, კვართი გულში ჩაიკრა და აღესრულა, რადგანაც მთელი არსებით განცდილ მაცხოვრისეულ ტკივილს მისმა გულმა ვერ გაუძლო. კვართი ვერც მიცვალებულს გამოართვეს ხელიდან, ამიტომ მასთან ერთად დაფლეს. ამ ადგილას შემდეგში კედარი ამოვიდა.
ამ მოვლენებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მცხეთაში ჩამოვიდა ქალწული, რომელსაც სიყრმიდანვე უამბობდა გამზრდელი უფლის კვართის ამბავს. ამ ქალწულს სახელად ნინო ერქვა - სწორედ მას ხვდა წილად, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა და გაეფანტა მცხეთის მთებში ჩაბუდებული ცოდვისა და კერპთაყვანისმცემლობის არმური.
წმინდა ნინომ, ღვთისმშობლის მადლითა და შეწევნით, თავისი ქადაგებით, ლოცვითა და ცხოვრების წესით მოაქცია მთელი ქართლი, მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა, და ქართლის ჭეშმარიტ დედად იქცა, რადგან სწორედ მისი მეშვეობითა და ძალისხმევით იშვა ქრისტეში ქართველი ერი. ახალგაქრისტიანებულმა მირიან მეფემ უფლისათვის ტაძრის აშენება მოიწადინა. ტაძრის სვეტების დასამზადებლად სამეფო წალკოტში ხე მოჭრეს და მისგან შვიდი სვეტი გააკეთეს. ეს სწორედ სიდონიას საფლავზე ამოსული ხე გახლდათ. როდესაც სვეტების აღმართვა დაიწყეს, ექვსი სვეტი აღმართეს, მაგრამ მეშვიდე ადგილიდანაც კი ვერ დაძრეს. და მაშინ წმინდა ნინომ დაიწყო ლოცვა მთელ ახალმოქცეულ მცხეთელ მრევლთან ერთად. ამ ლოცვისას ზეცით გარდამოხდა ნათლით მოსილი ჭაბუკი და თავად ასწია ჰაერში სვეტი, რომელმაც უცბად იცვალა ფერი და ნათლის სვეტად იქცა. ყველა დაიძრა 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერებული სვეტის სანახავად, რომლის თავიც ზეცას სწვდებოდა, ხოლო ძირი-სიდონიას საფლავს.
სვეტი-ცხოველი ანუ ცოცხალი სვეტი ბრმებს თვალისჩინს უბრუნებდა, მკელობელთ-სიარულის უნარს, სნეულთ-ჯანმრთელობას. ამ სვეტის აღმართვითა და დამყარებით განესრულა ქართული ეკლესიის მოწყობა - ეს სვეტი მეშვიდე იყო, ხოლო შვიდი სისრულის ნიშანია. სვეტი-ცხოველი დასტური იყო ქართული სულის ფერისცვალებისა, მიწის ზეცასთან შერიგებისა და ქართული მიწის მადლმოსილებისა. თავად სვეტიცხოვლის ტაძარი ამიტომაც აღიმართა ნიშნად საქართველოს ერთიანობისა და ძლიერებისა, რომლის დამცველიც თავად უფალია.
კვართი განუყოფელი იყო, ჰოდა, ქართული ეკლესიაც არასოდეს განშორებია ქრისტეს და არ შეუბილწავს თავისი წიაღი მწვალებლობისა თუ ფანატიზმის თაყვანისცემით. იგი ყოველთვის ქრისტეს ერთგული იყო და მასავით სისხლიანი ნაბიჯებით მიუყვებოდა გოლგოთისაკენ სავალ გზას. ამიტომაც არც უფალს მოუკლია მისთვის მადლი და შეწევნა. არც მოაკლებს, თუკი კვლავაც მისი ერთგულნი დავრჩებით-ქართველ ხალხს ხომ "ერი საზეპურო" და "ვენახი უფლისა" თავად უფალმა გვიწოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან საუბრისას. ამიტომაც დაეფლა ჩვენთან კვართი; ამიტომაც გაბრწყინდა სვეტი-ცხოველი; ამიტომაც დგას დღემდე ამაყად მტკვრისა და არაგვის შესაყართან სვეტიცხოველი.
მარიამ ბურჯანაძე(სპეციალურად საიტისათვის)