ოთხწლიან ომში ჩაფლული პუტინი შურით სკდება - ტრამპმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 40 წუთში ჩაამთავრა...
24 თებერვალს 4 წელი შესრულდება, რაც პუტინის რუსეთი უკრაინასთან დიდი ომის ჭაობშია ჩაფლული, თუმცა ვინც რუსეთში გაბედავს და ამ ომს ომს დაუძახებს, აჯარიმებენ ან სულაც იჭერენ, კრემლი უკრაინასთან ამდენწლიან საშინელ სისხლისღვრას „მოკრძალებით“, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს...
მაგრამ, წარმოიდგინეთ რა განწყობაზე იქნებოდა გუშინ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, როდესაც მისმა ამერიკელმა კოლეგამ, ტრამპმა თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სულ რაღაც... 40-იოდე წუთში ჩაამთავრა და დასახულ მიზანს მიაღწია - გაიტაცა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ახლა მას აშშ-ებში გაასამართლებს...
როდესაც პუტინი 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას კიევთან, ჰოსტომელის აეროდრომზე საშვეულმფრენო ტაქტიკურ დესანტს სხამდა, ალბათ მასაც იმედი ჰქონდა, რომ ეს მედესანტეები სწრაფად შეძლებდნენ 25 კმ-ში მდებარე კიევის ცენტრში საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეჭრას და უკრაინის პრეზიდენტის ზელენკის ასევე მოტაცებას ან ლიკვიდაციას, რის შემდეგაც კრემლს ბევრად გაუადვილდებოდა მთელი უკრაინის დამორჩილება, მაგრამ ასე არ მოხდა და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში რუსი ოკუპანტებს დიდ სისხლსღვრად უჯდებათ თითოეული გოჯი უკრაინული მიწის დაპყრობა...
ტრამპის „დელტას“ სპეცრაზმმა კი უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა საბრძოლო დანაკარგების გარეშე (ყოველ შემთხვევაში ამერიკული მხარე მხოლოდ ერთ დაზიანებულ შვეულმფრენისა და რამდენიმე დაჭრილი სპეცრაზმელის თაობაზე იუწყება) და მოახერხა სხვა ქვეყნის პრეზიდენტის გატაცება...
რამდენად სამართლიანია აშშ-ის ასეთი მოქმედება სუვერენული ვენესუელის მიმართ, სხვა საკითხია-უბრალოდ როგორც ყველაზე ძლიერი იმარჯვებს პირველყოფილ ადამიანებში გამოქვაბულში უფრო თბილი ადგილის დასაკავებლად, ისე 21-ე საუკუნეშიც იმარჯვებს ძლიერი,გამარჯვებულებს კი არ, უფრო კი ვერ ასამართლებენ...
ვენესუელის „მოპარული“ პრეზიდენტი მადურო რომ უკვე „ჩამოწერილია“, გასაგებია, მაგრამ როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები,ნავთობით ძალზე მდიდარ სამხრეთ ამერიკის ამ ეკონომიურად ძალზე გაჭირვებულ ქვეყანაში?
პრეზიდენტი ტრამპი იძახის, რომ სანამ სიტუაცია საბოლოოდ დალაგდება, სწორედ აშშ-ი „უხელმძღვანელებენ“ ვენესუელას, რაც ძალიან ბუნდოვნად წარმოისახება-ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და მთავრობა სულაც არ აპირებენ თეთრი სახლის მმართველობის ქვეშ გადასვლას და არც ნავთობის იმ საბადოებზე დაშვებას, რომელთა დაბრუნებას ამერიკულ კორპორაციებისთვის დაჟინებით მოითხოვს ტრამპი, იმ მოტივით, რომ ისინი ამერიკული ფულითაა შექმნილი და ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა თავის დროზე მათი უკანონო ნაციონალიზაცია მოახდინაო...
დიდი ბჭობა არ სჭირდება იმას, რომ ყველაფერი საბოლოოდ სწორედ ნავთობზე და დიდ ფულზე დადის,დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვისა თუ ნარკოვაჭრობის თემებით გადაფარვა კი მხოლოდ შირმაა...
ჯერ მხოლოდ ორი დღეა გასული ვენესუელის პრეზიდენტის გატაცებიდან და ბევრი დეტალი კვლავ უცნობი რჩება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მისსავე არმიამ და პირველ რიგში გენერლებმა უღალატეს, რადგან რაც გინდა „უნივერსალური ჯარისკაცები“ არ უნდა ყოფილიყვნენ ამერიკული „დელტას“ სპეცრაზმელები, როდესაც მათი ცხრა შვეულმფრენი (მათ შორის ური „მფრინავი ძროხა“-„ჩინუკი“) კარაკასის თავზე დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა მადუროს რეზიდენციამდე, მათი დაზიანება/ჩამოგდება ძალიან ადვილი გახლდათ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გაშვებული საზენიტო რაკეტებით, რაც ვენესუელმა სამხედროებმა არ გააკეთეს,არადა მოტაცებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა მადურომ რიხიანად დაიქადნა-პუტინის გამოგზავნილი 5 ათასი საზენიტო „იგლა“ მაქვს და ერთი გაბედონ ტრამპის თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა ვენესუელის ცაში შემოფრენაო...
რა მოხდება თუკი მადუროს გარეშე დარჩენილმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს „თავი მაინც არ დაუხარა“?
ტრამპი გაიმეორებს პუტინის გზას უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის სახით და ვენესუელას წინააღმდეგ უკვე 40 წუთიან „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ კი არა, არამედ სრულფასოვან და ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას წამოიწყებს?