ტრამპის „ბლიცკრიგი“ ანუ მადურო, შენ გეუბნები და აიათოლა, შენ გაიგონეო?! - კვირის პალიტრა

ტრამპის „ბლიცკრიგი“ ანუ მადურო, შენ გეუბნები და აიათოლა, შენ გაიგონეო?!

2026 წლის 3 იანვარს კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ სინამდვილეში რა ძალა აქვს ამერიკას და მის წინაშე რა უსუსურები არიან ის დიქტატორები, რომლებიც ტყუილად იბრიქებიან ხოლმე, ვაშინგტონს ემუქრებიან, მაგრამ რეალურად მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ტანჯვისა და შეშინების თავი აქვთ. დიქტატორებს წარსულის გამოცდილებიდან გაკვეთილები არ/ვერ გამოაქვთ.

ნიკოლას მადურომდე იყო პანამის ლიდერი მანუელ ნორიეგა. მადუროსგან განსხვავებით, ნორიეგა თავის დროზე ამერიკელების მხარდაჭერით სარგებლობდა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმატორი იყო. თუმცა შემდეგ ნარკოტრაფიკში ისე ჩაეფლო თვითონაც და მისი ქვეყანაც, რომ ამერიკელების მხარდაჭერა დაკარგა. 1989 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უფროსმა პანამაში ინტერვენციისა და ნორიეგას დაკავების ბრძანება გასცა. პანამელი დიქტატორის რეჟიმი უცბად ჩამოიშალა, თავად ქვეყნის ყოფილი ლიდერი კი ლამის ერთი წლის განმავლობაში სამარცხვინოდ იმალებოდა ვატიკანის საელჩოში და შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებს ჩაჰბარდა. მან ნარკოვაჭრობის მუხლით ამერიკის ციხეში 20 წელი გაატარა, შემდეგ ამერიკელებმა საფრანგეთს გადასცეს, სადაც ფულის გათეთრებისთვის გაასამართლეს. საფრანგეთმა ნორიეგა პანამას დაუბრუნა, სადაც პოლიტიკური მკვლელობებისთვის გაასამართლეს. მანუელ ნორიეგა 2017 წელს პანამის ციხეში გარდაიცვალა.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიქტატორებს წარსულიდან გაკვეთილები ვერ გამოაქვთ და ძალაუფლება ისე უბრმავებთ გონებას, რომ თავი უძლეველი ჰგონიათ. ზუსტად ასეთი იყო ნიკოლას მადურო, უგო ჩავესის მემკვიდრე. ჯერ ჩავესმა და შემდეგ მადურომ ვენესუელა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადოები აქვს, აქციეს ღარიბ და ღატაკ ქვეყნად, სადაც ტუალეტის ქაღალდი ფუფუნების საგანია, აქვთ წყლის მწვავე დეფიციტი და იმის მაგივრად, პრობლემები მოეგვარებინათ, ჯერ ჩავესი და შემდეგ მადურო იმით იყვნენ დაკავებული, რომ ტელევიზორიდან ხალხს ლექციებს უკითხავდნენ, როგორ მიეღოთ შხაპი სწრაფად, რათა წყლის ეკონომია გაეკეთებინათ.

მადუროს ხელისუფლება ეყრდნობოდა, ერთი მხრივ, პოლიციას, ხოლო მეორე მხრივ, ნარკოკარტელებთან დაკავშირებულ ბანდებს. დიახ, 2019 წელს, როდესაც ვენესუელა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, პოლიციელები და ბანდიტები საერთო ძალებით უსწორდებოდნენ უკმაყოფილო მოქალაქეებს. წესით, ნიკოლას მადუროს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. შეგახსენებთ, 2018 წლის 20 მაისს ნიკოლას მადურო მეორედ "აირჩიეს" ვენესუელის პრეზიდენტად. ეს "არჩევნები" არ ცნეს დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. მადუროს გაპრეზიდენტება მხოლოდ რუსეთმა, კუბამ, სალვადორმა და ჩინეთმა მიულოცეს. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები. 2019 წელს დასავლეთმა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა პრეზიდენტად ცნეს მთავარი ოპოზიციონერი - ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გაიდო, თუმცა მისთვის კონკრეტული დახმარება არ აღმოუჩენიათ. შესაბამისად, მადურომ შეძლო პროტესტის ჩახშობა და ჭანჭიკები უფრო მაგრად მოუჭირა თავისი ქვეყნის მოსახლეობას.

მადუროს დასასრულის დასაწყისის თარიღია 2025 წლის 24 ნოემბერი, როდესაც ვაშინგტონმა "კარტელ დე ლა სოლესი" ("მზის კარტელი") გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად, ნიკოლას მადურო კი მის ხელმძღვანელად. რატომ "მზის კარტელი"? ვენესუელელ გენერლებს, რომლებიც, გამომძიებელ-ჟურნალისტების ვერსიით, ნარკობიზნესს "კრიშავენ", სამხრეებზე მზე აქვთ გამოსახული. ეს სახელწოდება ჯერ კიდევ 1993 წელს გაჩნდა.

ვენესუელა კოკაინის "ექსპორტით" მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ჟურნალისტ-გამომძიებლების ვერსიით, კოკაინს თავად ვენესუელაში კი არა, მეზობელ კოლუმბიაში ამზადებენ და შემდეგ შეაქვთ ვენესუელაში, იქიდან კი ზღვითა და ხმელეთით აშშ-სა და ევროპას ამარაგებენ. ამ კარტელის სათავეში იყვნენ ნიკოლას მადურო და ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელიო.

რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, არანაირი "მზის კარტელი" არ არსებობს და ეს ყველაფერი ამერიკელებმა მოიგონეს მადუროს დასამხობადო. მათი მტკიცებით, "კარტელ დე ლა სოლესი" ვენესუელის კორუმპირებული რეჟიმის პუბლიცისტური დახასიათებაა. ასეა თუ ისე, ფაქტია - დღეს ნიკოლას მადურო ამერიკელების ტყვეობაშია.

აშშ-ის გენერალური პროკურორ პემ ბონდის ინფორმაციით, მადუროს ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს. "ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში. ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ", - წერს ბონდი X-ზე. ეს ისეთი მუხლებია, რომ ამერიკული კანონმდებლობით, მადურო თავისუფლებას ვეღარასოდეს ეღირსება. თუმცა საინტერესოა, გაასამართლებენ თუ არა მას იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინა. ერთი საინტერესო ფაქტია - მადუროს მმართველობისას ვენესუელიდან ბევრი ხალხი გაიქცა, მათ შორის, მოსამართლეები. მათ კოლუმბიაში ჩამოაყალიბეს "უზენაესი სასამართლო დევნილობაში" და მადუროს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მექრთამეობისთვის.

თუმცა მთავარი კითხვა ის არის, რა ელის თავად ვენესუელას. როდესაც ეს სტატია იწერება, ვენესუელაში ისევ მადუროს ხელისუფლებაა (ოღონდ უმადუროდ), რომელიც მოსახლეობას წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს და აქეთ გაეროს სთხოვს, რომ მკაცრად დაგმოს ამერიკის აგრესია. 3 იანვრის მდგომარეობით, ამერიკელები არ გეგმავენ ვენესუელაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ანუ კარაკასის აღებას და რეჟიმის შეცვლას (როგორც სადამ ჰუსეინის შემთხვევაში მოხდა), თუმცა თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ამერიკელების გათვლაა, რომ მადუროს დაკავება დიდ ბიძგს მისცემს უკმაყოფილო მოსახლეობას, ახალი ძალით განაახლოს პროტესტი და უკვე შიგნიდან მასშტაბურ დაწოლას ვერ გაუძლებს დემორალიზებული ხელისუფლება (რომელმაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მადუროს დაკავების შემდეგ დიქტატორის მომხრეებს კარაკასის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა. დიდი ეჭვია, რომ რეჟიმი ხალხის ცოცხალ ფარად გამოყენებას გეგმავს). მოვლენების ასე განვითარება ძალზე რეალურია, თუ, რა თქმა უნდა, იქაური ოპოზიცია შეძლებს სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას, სანამ რეჟიმი შოკიდან გამოვა. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია უგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს მემკვიდრეებმა შეძლონ ძალაუფლების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება ახალი ჩავესი ან მადურო და იგივე გაგრძელდება. რაც მთავარია, გეოპოლიტიკურად არაფერი შეიცვლება. არადა, რეჟიმის დამხობისა და ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალების მოსვლის შემთხვევაში რუსეთი დაკარგავს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს ლათინურ ამერიკაში, რაც ძალიან დიდი მოვლენა იქნება და ეს პირველ რიგში, ამერიკის ინტერესებში უნდა იყოს. ასე რომ, ალბათობა იმისა, რომ ტრამპი მადუროს დაპატიმრებაზე არ გაჩერდება და "ბოლომდე გავა", დიდია. შესაძლოა ჯერ დააკვირდეს, რას იზამს იქაური ოპოზიცია და შემდეგ გადავიდეს გადამწყვეტ ქმედებებზე.

შორეულ ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება ჩვენ, ქართველებსაც გვაწყობს. კერძოდ, კარაკასს აღიარებული ჰყავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" (აფხაზი მარიონეტების ე.წ. საელჩო დაბომბვაშიც მოყვა) და ძალიან გვესიამოვნებოდა, თუ ეს აღიარება მადუროსთან ერთად გაქრება.

რა ხდება ირანში

ირანი არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ ერთ დღეს როგორ შეიძლება ამოხეთქოს დაგროვილმა უკმაყოფილებამ - მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური ან პოლიტიკური. ამ შემთხვევაში "აფეთქების" მიზეზი სოციალური თემა გახდა. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ირანული რიალი ორჯერ გაიაფდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ინფლაციამ კი 52% შეადგინა. ეს ყველაფერი გამოიწვია დასავლურმა მკაცრმა სანქციებმა (სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა ირან-ისრაელის ომის შემდეგ), რომელსაც ირანი სხვადასხვა მეთოდით წლების განმავლობაში უმკლავდებოდა, თუმცა ერთ დღეს "იბუთქა" და ეკონომიკა რეალურად დადგა ჩამოშლის საფრთხის წინაშე.

28 დეკემბერს მაღაზიის მეპატრონეებმა პროტესტის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დახურეს. ჯერ უკმაყოფილებას მცირე ჯგუფები გამოხატავდნენ და შემდეგ ეს მასობრივ პროტესტში გადაიზარდა, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა. არის მსხვერპლი. სოციალურ ნიადაგზე დაწყებულმა პროტესტმა მალევე მიიღო პოლიტიკური ხასიათი. მომიტინგეები სკანდირებენ "სიკვდილი დიქტატორს" (სავარაუდოდ, იგულისხმება ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი) და "გაუმარჯოს მეფეს" (ირანში მონარქიის ადღგენის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება). ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა, რომელიც გამოირჩევა პროგრესული იდეებით, განაცხადა, რომ ხელისუფლება ყურადღებით მოუსმენს ხალხის ხმას. თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა - რეალური ძალაუფლება აიათოლას ხელშია და პეზეშკიანის შემრიგებლურ განცხადებებს აქციის მონაწილეებზე სისხლიანი ანგარიშსწორებები მოჰყვა. მთავარი კი დონალდ ტრამპის განცხადებაა - თუ ირანში მშვიდობიან მოსახლეობას დახოცავენ, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ და ამისთვის მზად ვართო. შესაბამისად, იბადება კითხვა - მზად არის თუ არა ამერიკა, რომ ირანში გააკეთოს იგივე, რასაც აკეთებს ვენესუელაში?

ირან-ისრაელის ომმა, რომელშიც ამერიკაც ჩაერთო და საჰაერო დარტყმები მიაყენა ამ ქვეყანას, კარგად აჩვენა, რომ რეალურად ირანი და აშშ სამხედრო სიძლიერით როგორც ცა და დედამიწაა. თუმცა ერთია საჰაერო დარტყმები და მეორე - სახმელეთო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე, რაც შეიძლება დაჯდეს დიდი სისხლის ფასად. კერძოდ, სამხედრო ექსპერტების აზრით, ირანის არმია ირანის ტერიტორიაზე სერიოზული ძალაა. ამას დავუმატოთ ის ხალხი, რომელსაც გულწრფელად სჯერა აიათოლას ხელისუფლების და მიიჩნევს, რომ ირანი დიდ სატანას ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების სახით. თუმცა სამხედრო ექსპერტები 2003 წელსაც აშინებდნენ ყველას სადამ ჰუსეინის არმიის სიძლიერით და ფანატიკოსი მოსახლეობით, თუმცა ამერიკელებმა 2003 წლის 20 მარტს დაიწყეს და 9 აპრილს დაამთავრეს ბაღდადის აღებით.

მოკლედ, ასეა თუ ისე, სავარაუდოდ, ვაშინგტონი დააკვირდება, თუ რა მასშტაბს მიიღებს პროტესტი ირანში და რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ ირანის ხელისუფლებამ რყევა დაიწყო, შესაძლოა მათ წერტილოვანი დარტყმებიც მიაყენოს. აი, შემდეგ კი... შეიძლება კიდევ ერთი სიურპრიზი ვიხილოთ დონალდ ტრამპისგან.

გიორგი კვიტაშვილი