ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს?
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
2024 წელს შემიცვალეს ჩემს სახელზე რეგისტრირებული (2014 წელს ნაყიდი) უძრავი ქონების საზღვრები - სასოფლო-სამეურნეო მიწა, შედეგად შემიმცირდა მიწის ფართობის რამდენიმე ასეული კვმ. ამ დროს საქართველოში არ ვიყავი და ჩამოსვლისას შემთხვევით შევამჩნიე ცვლილება. იმავე წელს მივმართე იუსტიციის სახლს საზღვრების დაკორექტირებაზე, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. მხოლოდ საჯარო რეესტრში წაშალეს ის ამონაწერი, სადაც აღნიშნული იყო ფართობის ძველი საზღვრები. მაქვს თუ არა ჩემი ფართობის დაბრუნების შესაძლებლობა?
- ჯერ უნდა დადგინდეს ნამდვილად არის თქვენს მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიღებული თუ არა, შესაძლოა მიღებულია და პასუხი არ ჩაგბარებიათ. ფართობის ცვლილების შესახებ ჯერ უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრს, თუ ის უარს გეტყვით, უნდა გაასაჩივროთ სასამართლოში. ასევე დასადგენია, რის საფუძველზე მოხდა ცვლილება. შესაძლოა მიწის ნაკვეთი ვერ დაიბრუნოთ, თუმცა მოითხოვოთ შემცირებული ფართობის შესაბამისი კომპენსაცია.
7-სართულიანი კორპუსი აშენდა დარღვევით, გზის სიგანე, არ აღემატება 5 მეტრს. ამასთან, კორპუსის გვერდით არის (იყო) კერძო 2-სართულიანი სახლი და სახლსა და კორპუსს შორის მანძილი დაახლოებით (სულ რაღაც) 5-6 მეტრია (მიუხედავად ამისა, კორპუსს გაუკეთეს აივნები კერძო სახლის მხარეს). ჩემი აზრით, ეს კორუფციის ნათელი მაგალითია. უბნის მობინადრეების ხელი აქვთ ჩაქნეული (მაინც არაფერი გამოვაო). რა შეიძლება გაკეთდეს?
- ახალაშენებულ კორპუსსა და კერძო სახლებს შორის 3-მეტრიანი დაშორება უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა აივნების კერძო სახლის მხარეს გაკეთება დარღვევაა. მიმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას, თუკი აღმოჩნდება, რომ დარღვევით არის აშენებული კორპუსი, ის მიიღებს შესაბამის ზომებს და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დააჯარიმებს მშენებელს.
მყავს პატარა ძაღლი, რომელსაც ყველანაირი აცრა აქვს გაკეთებული. შემთხვევით გავიგე, რომ აუცილებელია ცხოველების დაჩიპვა. დავრეკე და ჩაუდგეს ჩიპი, თუმცა დამაჯარიმეს. მითხრეს, რომ ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი, ეს კანონი თუ არსებობდა და არც ვეტერინარს უთქვამს. ჰქონდათ თუ არა ჩემი დაჯარიმების უფლება? როგორც გავიგე, იანვრიდან ჯარიმები 1.500 ლარი იქნება. იქნებ განგვიმარტოთ, რა ცვილებებია შესული კანონში და რისთვის შეიძლება დავჯარიმდეთ? აქვე განვმარტავ, რომ არც მონიტორინგის სამსახურის გვერდზე დევს ამაზე ინფორმაცია.
- „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება ეტაპობრივად 2026 წლის 1-ლი ივნისიდან, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1.500 ლარის ოდენობით ამოქმედდება 2027 წლის 1-ლი იანვრიდან. შესაბამისად, თქვენი დაჯარიმების უფლება არ ჰქონდათ.
ვარ რუსეთის მოქალაქე, ვცხოვრობ რუსეთში. შარშან მამა გარდამეცვალა და მინდა ქონების გადაფორმება, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ასევე ხომ არ შემექმნება პრობლემა იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქე ვარ?
- სამკვიდროს მისაღებად მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიგემართათ ნოტარიუსისათვის განცხადებით. ვინაიდან აღნიშნული ვადა გასულია, იმისათვის, რომ მიიღოთ მემკვიდრეობა, მოგიწევთ იურიდიული ფაქტის დადგენა, რათა დაამტკიცოთ, რომ სამკვიდროს დაეუფლეთ ფაქტობრივად. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობას, აღნიშნული გარემოება არ არის ხელის შემშლელი მემკვიდრეობის მისაღებად.
მამა იყო რუსეთის მოქალაქე, რომელიც გარდაიცვალა. მას მეორე ქორწინებაში ჰყავს შვილი და ცოლი, რომელთანაც აქვს ოფიციალური ქორწინება. დარჩა ქონება, შემიძლია თუ არა მეც მოვითხოვო წილი ამ ქონებიდან? მე საქართველოს მოქალაქე ვარ.
- პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად მდებარეობს ქონება. პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებით თქვენც, მეორე მეუღლე და შვილიც, სამკვიდროს მისაღებად მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს და მოითხოვოთ სამკვიდროს მიღება.
"საქართველოს ბანკში" მაქვს არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც ვეღარ ვიხდი, ბანკი თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ყადაღა ჯერ არ მადევს. ჩემს სახელზე არა მაქვს არაფერი, არც იქ ვცხოვრობ, რაც საცხოვრებელ მისამართად მაქვს მითითებული. ბანკს რა შეუძლია რომ გააკეთოს?
- ბანკს შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ ნებაყოფლობით არ გადაიხდით დაკისრებულ თანხას, მოხდება იძულებითი აღსრულება და ყადაღა დაედება თქვენს საბანკო ანგარიშებს.
მიწის ნაკვეთს ჰყავს სხვადასხვა თანამესაკუთრე, არ არის გაყოფილი წილები. ერთი მესაკუთრე მოვალეთა რეესტრშია. აუქციონზე რომ გაიტანონ მიწის ნაკვეთი, მთლიან ქონებას გაყიდიან თუ მხოლოდ ერთ წილს?
- მხოლოდ იმ პირის წილს, რომელიც არის მოვალეთა რეესტრში.
მამა გარდაიცვალა მოულოდნელად, ჰქონდა სესხი ბანკში, რომელიც დაზღვეულია. ყველანაირად გვავიწროებენ და გვთხოვენ გვამის ექსპერტიზას. დაკრძალულია და გვაქვს ფორმა 106, გარდაცვალების ცნობა და საბუთი, სადაც წერია, რომ ის თრომბით გარდაიცვალა. ბანკი სადაზღვევოში გვამისამართებს, სადაზღვევო ითხოვს გვამის ექსპერტიზას. რა შეიძლება გავაკეთოთ?
- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იყო, თუ არა სიცოცხლის დაზღვევა. ასევე მამის გარდაცვალებიდან რა პერიოდი არის გასული, წარადგინეს თუ არა გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოთხოვნა (სარჩელი). თუ ამ ვადაში არ არის წარდგენილი, მაშინ მოთხოვნა ხანდაზმულია.
საჯარიმო ავტოსადგომზე სხვა მანქანას გაუჩნდა ცეცხლი და გადმოედო ჩემსასაც. ვინ უნდა მომცეს კომპენსაცია, ვის უნდა მივმართო?
- უნდა დადგინდეს, ვისი ბრალეულობით გაჩნდა ცეცხლი სადგომზე და მას უნდა მოსთხოვოთ ზიანის ანაზღაურება.
სესხი გამომატანინა სხვამ და არ იხდის. რამდენიმე თვეა მე ვიხდი, ახლა კი ვეღარ ვახერხებ გადახდას. როგორ შეიძლება მოვაგვარო პრობლემა, რომ მან გადაიბაროს ეს ვალდებულება?
- თუ აღნიშნული სესხი თქვენს სახელზეა გაცემული, თქვენ მოგიწევთ მისი გადახდა, ვინაიდან თქვენ გაქვთ ნაკისრი ვალდებულება.
გარდამეცვალა მეუღლე, ბინა და მანქანა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელზეა. მინდა ეს ქონება მე გადმოვიფორმო, რადგან შვილს აქვს პრობლემები. როგორც მითხრა, უნდა თავის სახელზე გაიფორმოს ქონება, ჩემი შვილი ჩემი თანხმობის გარეშე შეძლებს თუ არა ქონების თავის სახელზე გადაფორმებას?
- მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეებმა სამკვიდროს გახსნის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ ნებისმიერ ნოტარიუსს, ხოლო 6 თვის შემდგომ საჭირო იქნება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი გზით მიღების წესის დადგენა. თქვენს შვილს შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლად მიმართოს ნოტარიუსს და მისი კუთვნილი წილი მიიღოს სამკვიდროდან 6 თვის ვადაში, 6 თვის შემდგომ კი თუ თქვენი წილი არ გექნებათ მიღებული, არსებობს იმის რისკიც, რომ სრული სამკვიდრო ქონება მხოლოდ მან მიიღოს.
სარეკრეაციო ზონაში მომცემენ თუ არა სახლის აშენების უფლებას?
- კანონის თანახმად, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთში შედის სარეკრეაციო ზონა.
შეიძლება თუ არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და რა შემთხვევაში?
- სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო.
- როგორც შევიტყვე, გამოდის ამნისტია და ჩამორთმეული მართვის მოწმობები უბრუნდებათ პატრონებს. მეც მქონდა სიმთვრალის გამო შეჩერებული მართვის უფლება. მეც დამიბრუნდება? ჯარიმიდან გასულია 4 თვე.
- პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
ანუ მძღოლებს, რომლებიც ავტომობილს მართავდნენ: ალკოჰოლური სიმთვრალისას; მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ სიმთვრალეში მანქანის მართვის გამო, თუმცა მაინც ისხდნენ საჭესთან; მძღოლებს, რომლებმაც სიმთვრალეში ავტომობილის მართვისას დააზიანეს სხვისი ქონება ან ადამიანს მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება; მძღოლებს, როლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, თუმცა მათ შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ; მძღოლებს, რომლებსაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო.
ამდენად, თქვენს შეჩერებულ მართვის უფლებაზეც მოახდენს გავლენას და დაგიბრუნდებათ მართვის უფლება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამ კანონის აღსრულება უნდა მოხდეს 2026 წლის 1-ლ თებერვლამდე. ამიტომ თვალი ადევნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს.