ახალი კორეული სცენარი?! - რატომ შეიძლება გახდეს ფლორიდის შეთანხმება მომავალი ომის პაუზა
ფლორიდაში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ მშვიდობის ახალი, 20-პუნქტიანი გეგმის კონტურები გამოკვეთა.
2026 წლის დამდეგისთვის ნარატივი, თითქოს მხარეები შეთანხმების ზღურბლზე არიან, რეალურად ყველა ჩართული მხარის საკმაოდ ღრმა და სისტემურ კრიზისს აჩვენებს. ფაქტია, რომ თეთრი სახლისთვის უკრაინა იქცა ინსტრუმენტად შიდაპოლიტიკური ქულების დასაწერად, სადაც "სწრაფი მშვიდობა" მხოლოდ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირების შესრულებაა და არა ევროპული უსაფრთხოების გარანტია. ტრამპის ადმინისტრაციის მზაობა, აიძულოს კიევი დათმობებზე წავიდეს სამხედრო დახმარების შეწყვეტის შანტაჟით, ანგრევს აშშ-ის, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯს და გზას უხსნის ახალ ავტორიტარულ პრეცედენტებს მსოფლიოში.
რუსეთისთვის ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც არ მოიცავს უკრაინის სრულ დემილიტარიზაციასა და "ნეიტრალიტეტს", აღქმულია როგორც დროებითი შესვენება და არა საბოლოო მშვიდობა, უკრაინის შიდაპოლიტიკური ველი კი რეალურად ნამდვილი დენთის კასრია. ზელენსკის ადმინისტრაცია "ფლორიდის გეგმის" ლობირებით დიდ რისკზე მიდის, რადგან ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. უკრაინული ოპოზიცია და სამხედრო ელიტის ნაწილი ამ გეგმას "ეროვნულ კაპიტულაციად" აფასებს. კრიტიკის მთავარი ისარი მიმართულია იქით, რომ კიევი თანხმდება ბუნდოვან უსაფრთხოების გარანტიებზე ტერიტორიების დე ფაქტო დათმობის სანაცვლოდ. რეფერენდუმის იდეა, რომელიც ფლორიდაში წამოაყენეს, ბევრისთვის აღქმულია როგორც ხელისუფლების ცდა, პასუხისმგებლობა ისტორიულ მარცხზე ხალხს დააკისროს, რაც დემოკრატიული პროცესის კი არა, პოლიტიკური გადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა.
ამ ფონზე ევროპის პოზიცია სუსტი და უმწეოა. ევროპული ქვეყნები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგას ეფარებოდნენ, ახლა აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე, სადაც მათი ბედი ვაშინგტონისა და მოსკოვის გარიგებით წყდება. ფაქტია, ბრიუსელმა ვერ შეძლო ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რათა გამხდარიყო დამოუკიდებელი მოთამაშე ამ მოლაპარაკებებში. შედეგად, ევროპა იძულებულია დათანხმდეს ნებისმიერ დიქტატს, რომელსაც ვაშინგტონი შესთავაზებს, მაშინაც კი, თუ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის კონტინენტზე რუსული გავლენის გაფართოებას ნიშნავს.
საერთო ჯამში, ცხადია, მომავალი ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის, არამედ საერთაშორისო წესრიგის მომავლისთვისაც. თუ "ფლორიდის პროცესი" ამჟამინდელი სახით გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ვიხილავთ ე.წ. კორეულ სცენარს, სადაც ცეცხლი შეწყდება არა სამართლიანი პოლიტიკური შეთანხმების, არამედ ძალთა გამოფიტვის ხარჯზე.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პროგნოზი რამდენიმე საკვანძო მიმართულებით შეიძლება ჩამოყალიბდეს:
პირველი - სამხედრო-პოლიტიკური დინამიკა; 2026 წლის გაზაფხულისთვის მოსალოდნელია ფრონტის ხაზის ფორმალური "გაყინვა" და დემილიტარიზებული ზონების შექმნა. თუმცა ეს არ ნიშნავს მშვიდობას. ეს იქნება პერიოდი, როდესაც რუსეთი შეეცდება დანაკარგების შევსებას და ახალი შეტევისთვის მომზადებას, ხოლო უკრაინა თავდაცვის ახალი ხაზების მშენებლობას ნატოს წევრობის რეალური პერსპექტივის გარეშე;
მეორე - ეკონომიკური ექსპანსია და "რესურსების დიპლომატია"; შავი ზღვის აუზი დარჩება დაძაბულობის კერად. ამერიკული და ევროპული კორპორაციების შესვლა უკრაინის ენერგეტიკულ და სასარგებლო წიაღისეულის სექტორში გააძლიერებს დასავლეთის ინტერესს სტაბილურობის მიმართ, თუმცა ეს პროცესი შესაძლოა კორუფციული სკანდალებისა და უკრაინის ეკონომიკური სუვერენიტეტის შეზღუდვის ფონზე წარიმართოს;
მესამე - შიდაპოლიტიკური რყევები; უკრაინაში ზელენსკის მთავრობას მოუწევს ბალანსირება დასავლურ ზეწოლასა და შიდარადიკალურ განწყობებს შორის. თუ რეფერენდუმი ტერიტორიულ დათმობებზე რეალობად იქცა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე შიდაპოლიტიკური კრიზისი, რაც რუსეთისთვის "რბილი ძალით" გამარჯვების შანსი იქნება;
მეოთხე - დასავლეთის ფრაგმენტაცია; აშშ-სა და ევროპას შორის ნაპრალი უფრო გაღრმავდება. ევროპა იძულებული გახდება დაიწყოს ავტონომიური თავდაცვის არქიტექტურის მშენებლობა, რაც ათწლეულებს მოითხოვს, მანამდე კი კონტინენტი დარჩება მოწყვლადი ვაშინგტონისა და მოსკოვის გარიგებების მიმართ.
საბოლოო ჯამში კი 2026 წლის შუა პერიოდისთვის მსოფლიო მიიღებს არა მშვიდობიან ევროპას, არამედ ახალ "ცივ ომს" უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებადი წესებით. "ფლორიდის მშვიდობა" შესაძლოა ისტორიაში შევიდეს არა როგორც ომის დასასრული, არამედ როგორც პაუზა უფრო მასშტაბური გეოპოლიტიკური კატასტროფის წინ.
ამ ფაქტორებიდან რომელს აქვს უფრო მეტი პერსპექტივა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით:

- პრინციპში, დასავლეთში განხილვებს თუ გადავხედავთ, დიდად არაფერი შეცვლილა. ეს 90%-იანი შეთანხმებაც სათუოა, რადგან ჯერ რაიმე ხელშესახები ზავის დადებისთვის არ მომხდარა, მაგრამ 2026 წელი, ალბათ, გადამწყვეტი თუ არ იქნება, იმას მაინც გამოაჩენს, საბოლოოდ საით წავა ომი.
ფაქტია, ამერიკელები გავიდნენ რუსეთ-უკრაინის ომიდან, დიდად აღარ ეხმარებიან. იარაღის ნაწილს კი აწვდიან, მაგრამ იმასაც ევროპელებს აფინანსებინებენ, და იქაც დეფიციტია "პეტრიოტის" ჭურვების მიწოდებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ რუსეთის შეტევები მოიგერიოს. 2026 წელს გამოჩნდება, შეუძლია თუ არა ევროპას ჩაანაცვლოს ამერიკის სამხედრო და ფინანსური დახმარება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ არ მოიშალოს საჯარო სერვისების ფუნქციონირება, ბიუჯეტი მეტ-ნაკლებად შეივსოს და ა.შ. ეს ორი დიდი კითხვის ნიშანია უკრაინისა და ევროკავშირის მხარეს. რუსეთის მხარეზე კითხვის ნიშანი ის არის, თუ რამდენ ხანს გაუძლებს ე.წ. ომის ეკონომიკაზე გადართული სისტემა წნეხს, რაც ომის პარალელურად მიდის. ამასთან, რაღაც ბუფერი პუტინსაც აქვს იმისთვის, რომ ეს ომი გააგრძელოს კიდევ ერთი, ორი ან სამი წელი. ომის ეკონომიკაც რუსეთისთვის, ასე თუ ისე, მუშაობს. ცხადია, ამას ხანგრძლივვადიან პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები ექნება რუსეთისთვის, მაგრამ ჯერ კარგად მუშაობს. პრინციპში, რუსეთის მთავრობის ეკონომიკური გუნდი გონივრულ პოლიტიკას ატარებს. კაპიტალის კონტროლით ბუფერს ქმნიან იმისთვის, რომ მშვიდად იომონ ერთხანს.
ფაქტია, წელს დიდი ტერიტორიული წინსვლა რუსეთს არ ჰქონია და აქამდე აღებულ ტერიტორიებს ძალიან მცირე ნაწილი დაუმატა.
ალბათ, ამ წლის შუა ხანებში ან უფრო მიწურულს მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება სურათი იმისათვის, თუ რა პირობებზე შეუძლიათ დათანხმება ამ ორ მხარეს, რისი მიღწევა შეუძლიათ კიდევ ომის საშუალებით და რისი არა. ორივეს აქვს სუსტი წერტილები. უკრაინას ფინანსური და სამხედრო, ამას ემატება სამხედრო ძალისა და მობილიზაციის პრობლემა. უკრაინის საზოგადოებაშიც ომი ნელ-ნელა არაპოპულარული ხდება.
კიდევ ერთი საკითხი ის არის, რომ ევროპაში გერმანია უცბად აღმოჩნდა პროუკრაინული კოალიციის ლიდერი, მაგრამ, მეორე მხრივ, საფრანგეთი გადავიდა უკანა პლანზე, იმიტომ, რომ მასაც ბევრი შიდაპოლიტიკური პრობლემა აქვს. ამიტომაც დაიწყო ლაპარაკი, პუტინს ვესაუბროთ, რაღაც ოფციები გვინდაო და ა.შ.
ევროპის საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ელიტებშიც აშკარაა ომით გადაღლილობა. თუმცა მაინც არ სურთ ისე დამთავრდეს ომი, რომ უკრაინა გამოვიდეს წაგებული, რადგან იციან, ამით თვითონ ევროპისთვის საფრთხეები იზრდება.
უფრო მოძლიერებული რუსეთი არ აწყობს ევროპას. ერთი მხრივ, არ სურთ ბევრი რესურსის ჩადება ამ ომში და თან ეშინიათ ბოლომდე ესკალაციის, მეორე მხრივ, არ სურთ გაძლიერებული რუსეთის ხილვა ომის შემდგომ, მაგრამ არც ის იციან, როგორ დაარეგულირონ ეს ორი კონფლიქტური მიზანი. ამიტომ დღეს-ხვალ ზავის დადებას არავინ ელოდება. შეიძლება რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მთავარ პრინციპებზე - უსაფრთხოების გარანტიებზე ვერ თანხმდებიან, ვერც ტერიტორიებზე და დანარჩენი რა არის, რომ შეთანხმებულად ჩაითვალოს? ამიტომ ვფიქრობ, რომ მინიმუმ ექვსი თვე კიდევ გაგრძელდება ომი და მერე არ ვიცი, რა იქნება.
- ფლორიდის შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ გადაუწყვეტელია დონბასისა და ზაპოროჟიეს გაკონტროლების საკითხი. რადგან ეს ორი კონკრეტული ტერიტორია დასახელდა, მასზე შეთანხმების რა შანსია ან ამის გარეშე მოლაპარაკებების გაგრძელების რა პერსპექტივა არსებობს?
- დონბასის საკითხიც უსაფრთხოებაზეა მიბმული, რადგან ის პუტინმა კიდევ გააფართოვა ნეიტრალური, ბუფერული ზონის მისიით - მიაბა სუმი, ხარკოვი და ისე ჩანს, რომ პირიქით, ესკალაციას აკეთებს მოლაპარაკებებისთვის.
ერთი მომენტია კიდევ - ვთქვათ, უკრაინელები გავიდნენ დონბასის იმ ნაწილიდან, რომელსაც აკონტროლებს, მაგრამ ეს ციხესიმაგრესავით რამ არის, მთავარი დამცავი ფარია უკრაინისთვის. ბოლოს და ბოლოს, გამოვლენ, თუ ამაზე იქნება ომის დამთავრება დამოკიდებული, მაგრამ პრობლემა ისაა, არ ენდობიან რუსეთს. თუ არ ექნებათ უსაფრთხოების გარანტიები, შეიძლება ექვსი თვის მერე კიდევ წამოვიდეს ახალი შეტევით და მერე მთლიანად აიღებენ უკრაინის დიდ ნაწილს. ამიტომ არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომ იქ ვიღაც ჩადგება, რომელიც დაიცავს, არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი რამ, რომ მერე კიდევ ერთხელ თავზე გადაახიონ.
ამაზე ამერიკელები თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ, ხან ამბობენ, მივცემთ გარანტიასო, ხან გაიძახიან, არ მივცემთო. სხვა საქმეა, რუსეთი ამას დათანხმდება თუ არა. ახლა ევროპელებიც ცდილობენ თავიანთი სიტყვა თქვან, მაგრამ იმათაც დიდად არ სურთ თავიანთი ჯარის იქ ჩაყენება და პირდაპირი ომის საფრთხის შექმნა რუსეთთან.
ჩემი აზრით, პუტინის გათვლა სწორედ ის არის, რომ დასავლეთი ყოყმანობს, თუ რანაირად მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტია და მას სჯერა, რომ ამ ომის გაგრძელებით, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად ვერ მიდის წინ, მაინც შეძლებს თავისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
მაგალითად, ექვს თვეში ან ერთ წელიწადში კიდეც რაღაც ტერიტორიებს აიღებს, ან დასავლეთის დახმარება ჩამოიშლება, ან უკრაინაში შიდაარეულობა დაიწყება და ამით ისარგებლებს. ამიტომ დღეს არ გააჩერებს ომს. მას ჯერ აქვს ომის გაგრძელების საშუალება.
ევროპაში არავინ ელის, რომ უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება. იანვარში შეკრება კი აქვთ გამოცხადებული, მაგრამ არა მგონია, რამე გადაწყდეს, მით უმეტეს, ბოლო სამი წელია, ასეთი შეკრებები იანვარში სულ იმართება, მაგრამ დიდ გარღვევას ვერ მიაღწიეს. ასე რომ, მე ცოტა პესიმისტური პროგნოზები მაქვს.
- ითქვა ისიც, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებზე ჯგუფები ცალ-ცალკე იმუშავებენ და ეს იქნება საერთო შედეგისთვის არსებითი შედეგის მომტანი?
- ამას სჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე დღეს აკეთებენ. გასაგებია, რომ რუსეთი იზოლირებულია დასავლეთისგან, ისიც ნაწილობრივ. მაგალითად, ამერიკამ შეზღუდვების ნაწილი მოუხსნა.
ევროკავშირის ქვეყნები დღემდე ყიდულობენ რუსეთის თხევად გაზს და ამის გარდა, არის დანარჩენი მსოფლიო, რომელიც ეხმარება რუსეთს. ჩინეთიც ეხმარება ეკონომიკურად, აქვს ვაჭრობა, ინდოეთი ყიდულობს რუსეთის ნავთობსა და თხევად გაზს. სანქციების გვერდის ავლით მიაქვთ გაზი და ნავთობი.
ყველამ იცის ეს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, იმიტომ, რომ არ უნდათ, მაგალითად, ჩინეთისა და ინდოეთისთვის მეორადი სანქციების დაწესება, რადგან გაუფუჭდებათ ურთიერთობა. ჰოდა, ასე ნახევარ-ნახევარი ქმედებებით ვერ მოგუდავენ რუსეთის ეკონომიკას. თუ გინდა რუსეთს დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენო, მაშინ უნდა აიძულო მისი მოკავშირეები, რომ მათაც, მინიმუმ, სანქციებთან თანხვედრაში მოიყვანონ თავიანთი ურთიერთობა რუსეთთან, ეს კი დასავლეთს არ უნდა. ამიტომ არის, რომ მთლად ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა სანქციებმა, როგორსაც ელოდნენ.
ასე რომ, რუსეთის ეკონომიკა მაინც ფუნქციონირებს. ბუნებრივია, პრობლემები აქვს ყველა სფეროში, მაგრამ იმაზე უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე ელოდნენ.
დასავლეთის ეკონომისტებს გათვლები ჰქონდათ მშვიდობიანი ეკონომიკის პარამეტრებით, რუსეთი კი ომის ეკონომიკაზე გადაერთო, რამაც, პირიქით, წაახალისა. პირიქით, ომის შემდეგ უცნაური დინამიკა იყო. მაგალითად, რუსების საშუალო შემოსავალი გაიზარდა. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება გაუმჯობესდა ომისა და პუტინის მიმართაც. გარდა ამისა, რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ომის ეკონომიკაზეა გადართული, იმაზე ნაკლებს ხარჯავს სამხედრო სფეროში, ვიდრე ხარჯავდა, მაგალითად, ამერიკა ვიეტნამის ომის დროს. საბჭოთა კავშირზე საუბარიც აღარ არის - ანუ სხვა სფეროები სამხედრო სფეროს სასარგებლოდ დღემდე არ დაზარალებულა. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი რუსი ეკონომიკურად თავის თავზე ამას ვერ განიცდის. ამიტომაც ამ ყველაფერს გათვალისწინება და ამის მიხედვით მოქმედება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, დღემდე არა ჩანს. ამიტომაც არა მაქვს ჯერჯერობით პოზიტიური მოლოდინი.
რუსა მაჩაიძე