როგორ "მოვიპაროთ" .. პრეზიდენტი - უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები: სად იყო ვენესუელის არმია და ნაქები რუსული იარაღი?! - კვირის პალიტრა

როგორ "მოვიპაროთ" .. პრეზიდენტი - უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები: სად იყო ვენესუელის არმია და ნაქები რუსული იარაღი?!

ახალი, 2026 წლის საზეიმოდ აღნიშვნა ვენესუელელებს არ დააცადეს და 3 იანვრის ღამეს ამერიკულმა ავიაციამ და სარაკეტო ხომალდებმა მასირებული საჰაერო იერიშები მიიტანეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მდებარე სტრატეგიულ და სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე აეროდრომებსა და პორტებზე.

თავიდან ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ დაიწყო ახალი წლის ახალი ომი და ის წამოიწყო აშშ-ის 47-ე, იმ პრეზიდენტმა, რომელიც აქამდე "რვა ომის დამამთავრებლად" აცნობდა თავს მსოფლიოს.

აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში სულ რამდენიმე საათის დაწყებული იყო, როდესაც ეს სტატია დაიწერა და წინასწარ ძნელია განჭვრეტა, თუ რა მოხდება ორი დღის შემდეგ, 5 იანვრისთვის, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისთვის, მაგრამ ერთი რამ ახლავე ცხადია - საერთაშორისო ნარკოვაჭრობაში ვენესუელის ხელისუფლებისთვის ბრალის წაყენებას, რა თქმა უნდა, აქვს ობიექტური მიზეზებიც, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმთავრესი მიზანი გახლდათ ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობა სამხედრო ძალის გამოყენებით, რადგან თეთრმა სახლმა ეს პოლიტიკური მეთოდით ვერ მოახერხა.

რითი "დაიმსახურა" ვენესუელამ ასეთი "ყურადღება" იმ აშშ-ისგან, რომელთანაც არც სახმელეთო და არც საზღვაო საერთო საზღვარი არა აქვს? ეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის აღსრულება ჯერ კიდევ ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ყოფნის დროს სურდა.

2019 წლის 23 იანვარს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის "პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად" ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლას მადურო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც კარაკასის აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოჰყვა.

თეთრმა სახლმა საპასუხოდ ვენესუელას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის გამოც ამ ლათინურამერიკული ქვეყნის მთავარი შემოსავალი - ნედლი ნავთობით ვაჭრობიდან მიღებული მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა და კიდევ უფრო გაართულა ისედაც ძალიან ღარიბი ვენესუელელების სოციალური მდგომარეობა.

2025 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნიკოლას მადურო ვენესუელის არაკანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა, მას "მზის ნარკოკარტელის" ხელმძღვანელობა დააბრალა და მასზე გამოცხადებულ ძებნაში დახმარებისთვის ჯილდო 50 მლნ დოლარამდე გაზარდა. რა ძებნა სჭირდებოდა ვენესუელის პრეზიდენტს, რომელიც კარაკასში საკუთარ რეზიდენციაში იმყოფებოდა, მაგრამ ამით ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ვერმოსწრებულის ახლა დამთავრებას აპირებდა, რისი დამადასტურებელიცაა ვენესუელის სანაპიროებისკენ მძლავრი ამერიკული სამხედრო ესკადრის გაგზავნაც. ამერიკული სამხედრო ხომალდები ვენესუელის საზღვაო ბლოკადას შეუდგნენ, რათა დაეკავებინათ ვენესუელის ნედლი ნავთობით სავსე ტანკერების სვლა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისკენ, რამაც დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა მადუროს რეჟიმს.

გასული წლის სექტემბერში "კვირის პალიტრაში" გამოვთქვით შემდეგი ვარაუდი: "არ არის გამორიცხული, რომ "ომების შემაჩერებელმა" პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ომი წამოიწყოს ვენესუელის მიწაზე საზღვაო დესანტის გადასხმისა და მადუროს რეჟიმის ძალის გამოყენებით დამხობის მიზნით, რის საბაბადაც იქცევა მადუროს ხელისუფლების ჩართულობა საერთაშორისო ნარკოვაჭრობის სისტემაში, რაზეც ფაქტების მოპოვებაც (ან სულაც მოგონებაც) ამერიკულ სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებათ. სირიის არ იყოს, ვენესუელაც თითზე ჩამოსათვლელი იმ ქვეყნების სიაშია, რომლებმაც პუტინის საამებლად აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი ნაწილის "დამოუკიდებლობა" და საერთო ჯამში, რაც მოუვათ, თავიანთ თავს დააბრალონ".

ჩვენი ვარაუდი გამართლდა - ვენესუელის დედაქალაქი და სხვა ადგილები ამერიკული ავიაციისა და სამხედრო ხომალდებიდან გაშვებული მართვადი რაკეტებით დაიბომბა, ხოლო ვენესუელის ღამის ცაში დაფრინავდნენ ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები ტაქტიკური სადესანტო ჯგუფების გადასასხმელად, რომლებიც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების მებრძოლებით იყვნენ დაკომპლექტებული და რომელთა მთავარი ამოცანა უსათუოდ გახლდათ თავად პრეზიდენტ მადუროსა და მისი მთავრობის წევრების მოძებნა და მათი დაპატიმრება, ან სულაც ფიზიკური ლიკვიდაცია.

და ამერიკული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გამოიკვეთა, რომ ეს უფრო სპეცოპერაცია გახლდათ და არა ფართომასშტაბიანი ამერიკული სამხედრო ინტერვენცია მთელი ვენესუელის დასაპყრობად, რადგან თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა: "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიაყენა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერს, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს", - ანუ თეთრი სახლის მთავარი ამოცანა გახლდათ სწორედ ერთი, ცენტრალური პოლიტიკური ფიგურის, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პოლიტიკური ნეიტრალიზაცია, რაც ცნობილი ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმ "დელტის" სპეცრაზმელებმა წარმატებით შეასრულეს და ვენესუელის პრეზიდენტი მეუღლითურთ უბრალოდ მოიტაცეს, თუმცა ამ ოპერაციის დროს თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ პრეზიდენტ მადუროს ფიზიკური ლიკვიდაციაც მომხდარიყო, თუკი მისი მოტაცება და ქვეყნიდან გაყვანა შეუძლებელი გახდებოდა.

3 იანვრის დღის ბოლოს გამოიკვეთა ისეთი სიტუაცია, რომ ამერიკელი სამხედროები აღარ აგრძელებდნენ წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენებას კარაკასის სტრატეგიულ ობიექტებზე და ყველაფერი ამ ეტაპზე მადუროსა და მისი ცოლის გატაცებითა და აშშ-ში ჩაყვანით დამთავრდა, რის შემდეგაც პრეზიდენტ მადუროს ამერიკული სასამართლო გაასამართლებს.

რამდენად ჯდება ეს ყველაფერი მსოფლიო დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ჩარჩოში, მკითხველმა განსაჯოს, ჩვენ კი რამდენიმე კითხვა გვიჩნდება:

პირველი - სად იყო ასე ნაქები ვენესუელის არმია თავისი რუსული საზენიტო "ბუკებითა" და "იგლებით", როდესაც ვერც ერთი იმ ამერიკული დამრტყმელი "აპაჩისა" და მით უმეტეს, სატრანსპორტო "ჩინუკის" ჩამოგდება ვერ შეძლო, როდესაც სპეცრაზმელები კარაკასის ცენტრში პრეზიდენტ მადუროს მოძიების, დატყვევებისა და გატაცების სპეცოპერაციას ატარებდნენ?

განა თავად პრეზიდენტი მადურო არ იქადნებოდა პუტინის გაგზავნილი ხუთი ათასი "იგლათი", ამერიკელებმა ერთი რამე გაბედონ და ციდან ყვავებივით ჩამოვყრით ამერიკულ შვეულმფრენებსო?!

მეორე - ასეთი რა სუსტი პირადი დაცვა ჰყოლია პრეზიდენტ მადუროს, რომ ამერიკულმა სპეცრაზმმა ყოველგვარი დანაკარგის (როგორც თავად პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს) გარეშე მოახერხა მისი გატაცება მეუღლესთან ერთად?

ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპს თურმე ჯერ კიდევ გასული წლის 25 დეკემბრისთვის სურდა მადუროს მოტაცება, მაგრამ მაშინ საჭირო გახდა სასწრაფოდ საჰაერო იერიშები ნიგერიაში, ხოლო შემდეგ კი ამინდის გაუარესებამ შეაფერხა ამ სპეცოპერაციის ახალ წლამდე შესრულება ვენესუელაში.

საგულისხმოა, რომ ამ წარმატებულ ამერიკულ სპეცოპერაციას ადარებენ 2003 წლის 13 დეკემბერს ერაყის ერთ-ერთი სოფლის მიწურში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის აღმოჩენასა და დაპატიმრებას, რომელიც ამერიკელ სპეცრაზმელებს შვიდი თვის განმავლობაში ემალებოდა.

ასევე პარალელს ავლებენ 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში, საკუთარ სახლში უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაციასთან.

თუმცა პირდაპირი პარალელი უფრო უპრიანია გავავლოთ 36 წლის წინანდელ სპეცოპერაციასთან, როდესაც 1990 წლის 3 იანვარს პანამის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი მანუელ ნორიეგა ათდღიანი ალყის შემდეგ ნებაყოფლობით ჩაჰბარდა ამერიკელ სამხედროებს და ექსტრადირებულ იქნა აშშ-ში, სადაც სასამართლომ მას 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საერთაშორისო ნარკოვაჭრობაში მონაწილეობისთვის.

როგორც ჩანს, ვენესუელის 49-ე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს (რომელიც ავტობუსის მძღოლი გახლდათ დიდ პოლიტიკაში "შეტოპვამდე") აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ტრამპი პირად მტრად აღიქვამს და მის მოტაცებასა და ამერიკაში გასამართლებას დიდ პოლიტიკურ შოუდ აქცევს.

ისე კი ტრაგიკომედიაა, რომ მადურო ამერიკელებს ერთხელ უკვე ჰყავდათ დაჭერილი - 2006 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის აეროპორტში ის ამერიკული ეფ-ბი-აის აგენტებმა დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან სამი ავიაბილეთი ნაღდი დოლარებით შეიძინ, არადა, იმ დროს ნიკოლას მადურო... ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ და დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა. ამ ინციდენტმა აშშ-სა და ვენესუელას შორის დიდი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია და ამერიკული სპეცსამსახურები იძულებული გახდნენ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ მინისტრი მადურო.

რა რეაქცია ჰქონდა პუტინის რუსეთს მისი სამხრეთამერიკელი მოკავშირის გატაცებაზე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოხატა შეშფოთება ამერიკული მხარის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის გატაცების გამო და ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე თავდასხმის ტოლფასად შეაფასა.

მაგრამ რეალურად რით შეუძლია დაეხმაროს პუტინი მადუროს? ფაქტობრივად, ვერაფრით, რაც გამოიხატა კიდეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოზომილ განცხადებაში, რადგან პუტინს არ სურს ტრამპის გადამტერება უკრაინის ომის საკითხებში ამერიკულ მხარესთან დაპირისპირების გაზრდის შიშით.

ისე კი პუტინი, ალბათ, თავის გე-ერ-უსა და ეფ-ეს-ბეს რუსული მრავალსართულიანი გინებებით ამკობს, ხომ ხედავთ, რა შესძლებია ამერიკულ "დელტას", ვენესუელის პრეზიდენტი ცხვარივით ადვილად მოიტაცა და თქვენ ომის დაწყებისთანავე კიევში ზელენსკი რომ მოგეტაცებინათ ან სულაც ლიკვიდირება მოგეხდინათ, მთელი უკრაინა დღეს ჩემი იქნებოდაო.

საინტერესოა, ასევე ფიქრობს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპიც - მადურო მოტაცებულია, ვენესუელაში მის ხელისუფლებას უფრო ადვილად დავამხობ და მსოფლიოში ნავთობის მარაგით ერთი-ერთი ყველაზე მდიდარი ვენესეულა ამის შემდეგ მხოლოდ თეთრი სახლის "ჭკუაზე ივლისო".

P.S. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მოტაცებულ და ამერიკაში ჩაყვანილ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს სილია ფლორესს უკვე წაუყენა ბრალი ნარკოტერორიზმში, კოკაინის შეტანის მცდელობასა და იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად შენახვაში.