"პატრიარქმა მკაცრად უთხრა მოძღვარს: ხვალ ტაძარი უნდა ეკურთხოს და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს!" - შობა ხევში. ამბები უწმინდესზე და უნიკალურ ტრადიციებ - კვირის პალიტრა

"პატრიარქმა მკაცრად უთხრა მოძღვარს: ხვალ ტაძარი უნდა ეკურთხოს და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს!" - შობა ხევში. ამბები უწმინდესზე და უნიკალურ ტრადიციებზე

"ჩვენ მუდამ ვიცავდით საქართველოს ჩრდილო კავკასიის ხალხებისაგან, იმათი­ შემოსევისაგან. დღეს, სამწუხაროდ, ცოტა დარჩა ხალხი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს­ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა დაბრუნდეს ხევში... ნიჭიერი ხალხია მოხევეები, თითქმის ყველა პოეტია ჩემ გარდა, ერთი მე არა ვარ პოეტი"

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

ხევში სტუმრობისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ თითქოს მთელი ხევი ერთი დიდი მონასტერია. აქაურებს ეამაყებათ, რომ მოხევეები და შიოლა ღუდუშაურის შთამომავლები არიან. გზად შემხვედრ მოხევეებს ვეკითხები, როგორია აქაური კუთხის შვილის ბუნება-მეთქი? მპასუხობენ: პირდაპირები და ალალები, ადათ-წესების დამცველები და ქვეყნის მოყვარულები ვართ, გაბრაზებაც და სიხარულიც სახეზე გვატყვია, აქაურებმა თუ შეგიყვარეს, სამუდამოდ თავისად მიგიღებენ. ჩვენც ერთი ღვთისშვილთაგანნი ვართ, რომელნიც ქვეყნის ჭირზედა ვსტირით, ვისაც ყური აქვს, ისმინოს, თუ არადა, უფალი ხომ ყველას გულისხმას უგდებს ყურსო...“ მე სოფელ სნოში უწმინდესის სოფლისკენ გავემართე, სადაც ადგილობრივებს­ - ასმათ­ და ნანა ჯანუყაშვილებს ვესტუმრე.

ასმათი: - ცხოვრება იცვლება და იცვლება ხევიც. ბევრი გადადის თბილისში­ საცხოვრებლად... წინათ მოხევეები დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ და ოჯახში ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. ქალი საოჯახო საქმეებს აკეთებდა, მამაკაცები ცხვარში მიდიოდნენ. ხევში ქალის საქმე საქონლის, ოჯახის მოვლა-პატრონობაა.­ ტრადიცია არ შეცვლილა და ჩვენც მივდევთ. ოჯახის თავი ისევ კაცია, უფროს-უმცროსობა იყო, არის და იქნება. აქ ჩამოსული­ სასულიერო პირები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხევი მონასტერივით არის, სნო კი გამორჩეულია, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ უფალმა უწმინდესი აქედან აირჩიაო. პირველად ეს მამამ გრიგოლ კობახიძისგან მოვისმინეთ 1993-1994 წლებში, როცა მამაო აჩხოტის მამამათა მონასტრის წინაძღოლი იყო.

ჩვენში ქორწილიც კარგი ვიცით და სტუმრის პატივისცემაც. ვცდილობთ, მომავალ თაობებს გადავცეთ ხევის ტრადიციები... თუმცა დრო შეიცვალა, ძველი დრო სჯობდა, მაშინ სინდისი ჰქონდა ხალხს. ვისურვებდი, საქართველოში მშვიდობა­ გვქონოდეს და სოფელში სიცოცხლე ჩქეფდეს. თუ მოსახლეობა არ იცხოვრებს, დაიცლება აქაურობა.

- ცნობილია, რომ ამ კუთხის შვილები ძალიან მორწმუნეები ხართ...

- ასეა. მოხევეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მტკიცე რწმენით. ადრე მოხევეები­ უფრო ტრადიციებს მისდევდნენ, მერე თანდათან შეიცვალა წესები და მართალი სარწმუნოების გზას დაადგნენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუფე­ იეგუდიელს... გვინდა უწმინდესს დიდი მადლობა შევუთვალოთ, ბავშობიდან საუკეთესო­ მოგონებები გვაქვს პატრიარქზე. როცა მის ქადაგებებს ტელევიზიით ვუსმენთ, თვალზე ცრემლი გვადგება,­ გვეამაყება, რომ ჩვენი კუთხის შვილია.

ნანა: - წლების წინ უწმინდესს ველოდებოდით საპატრიარქოს რეზიდენციასთან. ცუდი ამინდი იყო: წვიმა, სიცივე, ქარი. რომ ჩამობრძანდა, გამგებელმა შეწუხებული სახით უთხრა, - უწმიდესო, როგორი ცუდი ამინდი დაგახვედრეთო... პატრიარქმა­ ღიმილით უპასუხა, - აქ ყველანაირი ამინდი ჩემთვის კარგიაო.

ჩვენ ძველი სნოელები ვართ და რაც თავი გვახსოვს, უწმინდესიც გვახსოვს. აქ რომ ჩამოვიდოდა, მთელი სოფელი ფეხზე ვიდექით. უწმინდესის ყოველი ჩამობრძანება დიდი დღესასწაული იყო, განსაკუთრებული სიხარულით სავსე. ახლა, ისე თბილად გვახსენდება ეს დღეები...

ჩვენი ტაძარი, დარყის წმინდა გიორგის­ სახელობის ეკლესია, 1990 წლის 16 ივლისს, სიყვარულის დღეს იკურთხა. ჯერ ლიტურგია ჩატარდა გერგეტის სამების ტაძარში. თბილისში ვიყავი და წინა საღამოს ჩამოვედი. რა თქმა უნდა, ავედით ტაძართან. მისი უწმინდესობაც ახალი მიბრძანებული იყო. ტაძრის გარშემო უამრავი სამშენებლო ნარჩენი, ხარაჩოები ეყარა... ისე ჩანდა, რომ არ იყო დასრულებული. უწმინდესმა შეხედა ამ ეზოს, თითქოს ცოტა ეწყინაო და მკაცრად უთხრა მოძღვარს: ხვალ ტაძარი უნდა ეკურთხოს და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს, წირვის მერე ჩამოვალთ, ვაკურთხებ ამ ტაძარსო! დიდი თუ პატარა, ყველა ერთად მივესიეთ­ და დილით გასუფთავებული იყო ეზო. მახსენდება ჩვენი პატრიარქის გაბრწყინებული სახე, ასე რომ დავახვედრეთ ტაძრის ეზო. ძალიან ხშირად გზავნიდა აქ მისი უწინდესობა სასულიერო ლიტერატურას და თითონაც ჩამოჰქონდა...

ასმათი: - უწმინდესი სოფელ სნოს საშუალო სკოლაში სწავლობდა... მახსენდება მოგვიანებით მისი შეხვედრა თავის მასწავლე­ბელთან, სიდო ღუდუშაურთან. 1981-1982 წლები იყო, ლომისობა დღე. მე ამ დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი. უწმინდესმა გადაიხადა პარაკლისი სოფელ სნოში, ნიშთან. მთელი სოფელი იქ ვიყავით და ყველას სათითაოდ კითხულობდა პატრიარქი. მოკითხვაც კი ისეთი უბრალო და მამაშვილური იცის, გგონია, შენი უახლოესი ადამიანია. იქ იყო ეს მასწავლებელიც, რომელმაც ხმამაღლა მიმართა პატრიარქს: შენ საუკეთესო მოსწავლე იყავი, სულ 5-იანებს გიწერდიო. მასწავლებელი რომ აქებდა, უწმინდესს ერიდებოდა და თავს ხრიდა: არ ვიყავი კარგი მოსწავლე, ძალიან აჭარბებთო... როგორ არ იყავი, ერთ-ერთი საუკეთესო იყავი მთელ სკოლაშიო...

53318-7-1-1767532588.jpg

- შობის ტრადიციებზეც მოგვიყევით. მთაში ხატში შობის ან ახალი წლის ღამეს მიდიოდნენ...

- კი ასე იყო. ადრიანად იწყებდნენ წმინდობას. ცხოვრობდნენ სუფთა“ადგილას. შობის წინადღეს მისული ხატის მსახურები მთის მდინარეში აუცილებლად ცხრაჯერ განიბანებოდნენ, რაც გაწმენდის რიტუალის შემადგენელი ნაწილი იყო.

შობა ძველ საქართველოშიც ღამის­ თენებით აღინიშნებოდა, შემდეგ ხსნილდებოდა­ 40-დღიანი მარხვა და იწყებოდა დღესა­სწაული. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მოგეხსენებათ, ყველა რელიგიური დღესასწაული აიკრძალა. და რაც ჩვენმა მართალმა, სულმნათმა წინაპრებმა მოახერხეს,­ ის იყო, რომ ამა თუ იმ ფორმით, ეს დიდი დღესასწაულები არ დაკარგულიყო და ფარულად, ჩუმად აღნიშნავდნენ. 6 იანვარს აღინიშნებოდა მიცვალებულების დღე, იდგმებოდა 7 მაგიდა და ერთ მაგიდას­ შობის მაგიდას ეძახდნენ. მიცვალებულების სუფრას­ მიიყვანდნენ ხოლმე 7 იანვრის დილამდე, მერე კვერები ცხვებოდა თითოეული ოჯახის წევრის სახელზე და გრძელდებოდა ლხინის სუფრა... 18 იანვრის ღამესაც­ ცეცხლს ანთებდნენ მოხევეები და მიცვალე­ბულებს იხსენიებდნენ, 19 იანვარს კი წყალკურთხევის დღეს აღნიშნავდნენ. რადგან ტაძარში ვერ მივდიოდით და წყალი არ იკურთხებოდა, ამ სახით შემოინახეს ამ დღის ხსოვნა წინაპრებმა.

ნანა: - შობის წინაღამეს ცხვებოდა ყორბეული - დიდი, ბეჭდიანი პური, რომელსაც ქრისტეს პურს ეძახდნენ. რამდენიმე ჯვარს დაუსვამდნენ ხის ბეჭდით და შობა დილით მიირთმევდნენ. ასევე ცხვებოდა საკვლევი პური - ერთი დიდჯვრიანი გამოსახულებით. ამას ერთი კვირით შეინახავდნენ და ძველით ახალ წელს მეკვლე შემოაგორებდა ხოლმე ზღრუბლიდან­. თუ ჯვრიანი მხარე ზემოთ მოექცეოდა, ის წელი ოჯახისთვის კარგი იქნებოდა... კეთდებოდა ასევე ბედის კვერები - ოჯახში რამდენი წევრიც იყო, იმდენს გამოაცხობდნენ და ყველას სახელზე ნიშანს დაადებდნენ. ხშირად აცხობდნენ თესლის კვერს, რომელსაც გაზაფხულამდე ინახავდნენ და ხვნის დროს შუაზე ტეხდნენ, ნახევარს ხარს აჭმევდნენ, ნახევარს გუთნისდედა ჭამდა.

- თქვენი პაპაც მორწმუნე გყავდათ, ხომ?

- პაპაჩემი იყო სნოს დარყის წმინდა გიორგის ტაძარში ბოლო მედავითნე და მგალობელიც. შობის დღეს სახლში ყოველთვის სანთელს ანთებდნენ და შესაბამისად აღნიშნავდნენ კიდეც, მაგრამ ჩუმად და ეს მარტო ჩვენს ოჯახში არ ხდებოდა. პაპა გიორგი ნაადრევად, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ზრუნავდა ობლებსა და გაჭირვებულზე. როცა გავიზარდეთ მე და ჩემი და, სულ გვესმოდა მისი სიკეთის შესახებ არაერთი ისტორია. გვეუბნებოდნენ, ისეთი კაცის შვილიშვილები ხართ, უნდა იამაყოთო. უწმინდესის აღსაყდრების შემდეგ უკეთესად გავაცნობიერეთ შობის დღესასწაულის არსი, ამ სასწაული დღის სიდიადე.

- დაბოლოს, საშუალება გაქვთ მის უწმინდესობას მიმართოთ...

- უწმინდესო, ჩვენი ერის სულიერო მამავ! გილოცავთ პატრიარქად აღსაყდრებისა და დაბადების დღესაც. მრავალ ქრისტეშობას დაესწარით, იცოცხლეთ, იდღეგრძელეთ, იხარეთ! გვინდა, რომ უფალმა მრავალ წელს კიდევ ისმინოს თქვენი წმინდა ლოცვა-ვედრება! ღმერთმა კიდევ ბევრჯერ შეგაძლებინოთ სნოს ჩამოსვლა, გვინდა, რომ აქედან ისმოდეს თქვენი ლოცვა საქართველოსთვის. უსაზღვროდ გვიყვარხართ, გვეიმედებით. სნოელების სახელით, ასმათ და ნანა ჯანუყაშვილები.

რუსუდან შაიშმელაშვილი