„მრავალშვილიანობა გაცემული და უკან ათმაგად დაბრუნებული სიყვარულია“
დიდი ოჯახი ხშირად ციფრებით განისაზღვრება, რამდენი შვილი, რამდენი ოთახი, რამდენი სირთულე... სინამდვილეში მრავალშვილიანობა სიყვარულის მასშტაბია, - ამაში ჩემი რესპონდენტის მონათხრობიდან დარწმუნდებით. ნინო საგინაშვილი 9 შვილის დედაა, ამბობს, რომ 9 შვილი 9 განსხვავებული სამყაროა: ლაშა, ნიკოლოზი, თინათინი, დემეტრე, მათე, შიო, ანა, დავითი და იოანე. ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ იზრდება ბედნიერება...
- ნინო, როგორ შეხვდით ახალ წელს?
- საჩუქრებით, სიხარულით, სიყვარულით და ერთმანეთის იმედით... საახალწლო სამზადისს აგვისტოდან ვიწყებ - ანაბარს ვხსნი, რომ ყოველთვიურად დაზოგილი თანხით ყველასთვის საჩუქრების შეძენა მოვახერხო. მე და ჩემი მეუღლე საჩუქრებს 12 საათამდე საგულდაგულოდ ვმალავთ, ფეიერვერკი რომ იწყება და გარეთ გადიან, ამ დროს სამალავებიდან მოვარბენინებთ ჩვენს საჩუქრებს და ნაძვის ხესთან ვალაგებთ. შინ რომ შემოდიან, მთავარი ამბავი მაშინ იწყება, დიდი ჟრიამულია. პატარები თოვლის ბაბუას წერილებს უგზავნიან. იციან, მათ იმედებს არ გაუცრუებს...
თავად ერთი და და ერთი ძმა მყავს და ამდენ შვილს თუ გავაჩენდი, ვერც ვიფიქრებდი. იმ პერიოდის ნინოსთვის ვინმეს რომ ეთქვა, 9 შვილის დედა იქნებიო, წარმოუდგენლად მომეჩვენებოდა. ოჯახი რომ შევქმენი, 19 წლის ვიყავი. როცა პირველი შვილი შეგვეძინა, მაშინ ვთქვი, ეს იმდენად დიდი სიხარულია, აქამდე განცდილს ვერაფერს შევადრი და აუცილებლად ბევრჯერ უნდა გამოვცადო-მეთქი. ეს იყო პირველი ემოცია, მაგრამ ყველა ბავშვის დაბადებას ასეთივე უდიდესი სიხარული ახლდა.
- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- მე და ჩემი მეუღლე შოთა კალანდარიშვილი ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები მათემატიკოსები იყვნენ. კომუნისტების დროს ორგანიზაციები თანამშრომლებს მიწებს ურიგებდნენ. ჩვენმა მშობლებმა აგარაკები ააშენეს და ყოველ ზაფხულს ერთად ვისვენებდით. მერე მეგობრობა დიდ გრძნობაში გადაიზარდა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მშობლებს გაუჭირდათ ჩემს გათხოვებასთან შეგუება, ვსწავლობდი, სამომავლო გეგმები მქონდა, მაგრამ გამოგვივიდა, დღეს იმაზე კარგია ჩვენი რეალობა, ვიდრე მაშIინ წარმოგვედგინა.
- რა არის მრავალშვილიანობის ყველაზე დიდი ხიბლი?
- ოჯახში 10 წყვილი (პირველი წყვილი \მეუღლის არის) მზრუნველი თვალი მიყურებს, მრავალშვილიანობა გაცემული და უკან ათმაგად დაბრუნებული სიყვარულია, ბედნიერი მეუღლე, ძლიერი ოჯახი და უზარმაზარი სამეგობრო, სანაცნობო წრეა. თბილისის ნახევარი, ალბათ, ჩემი შვილების თანაკლასელების მშობლები არიან. მრავალშვილიანობა სიძლიერის განცდაცაა, იმის დასტურია, რომ წუთებს არ ფლანგავ, არსებობას ახსნას უძებნი. ყველანი ვშრომობთ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. უფროსი 29 წლის არის, პატარა - 6-ის.
- თქვენი მეუღლე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა...
- ჩემი მეუღლე პროფესიით ავტოინჟინერია, თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ ადეკვატური შემოსავალი არ გვქონდა. მეოთხე შვილს ველოდებოდით, ძალიან კარგი შემოთავაზება რომ მიიღო. მაშინ ავტომობილების ერთ-ერთი ბრენდის ცენტრში მუშაობდა და ნიგერიაში უნდა წასულიყო... თავიდან მარტო დარჩენა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გავუძელით. ისეთი ხელშეკრულება ჰქონდა, წელიწადში 3-ჯერ ჩამოდიოდა და ერთხელ მე მივდიოდი. მონატრებაც იყო, ეგზოტიკაც, ფინანსურადაც მოვძლიერდით...
- შვილების გაჩენის პარალელურად 3 პროფესიას დაუფლეთ, როგორ მოახერხეთ?
- ამ ეტაპზე ბავშვთა ფსიქოლოგიით ვარ დაინტერესებული... მეორე შვილს ველოდებოდი, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის და მარკეტინგის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ ბუღალტერია ვისწავლე, თუმცა ეს ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და ამის შემდეგ სადაზღვევო საქმე ვისწავლე. ახალი სამეგობრო წრე შევიძინე, ახალი სამსახური... მრავალშვილიანი დედობა არ ნიშნავს პროფესიასა და თვითგანვითარებაზე უარის თქმას. თუმცა მქონდა პერიოდი, შინ ბავშვებთან ყოფნა მერჩივნა. თითქოს მზადაც ვიყავი, უარი მეთქვა პროფესიულ განვითარებაზე, მაგრამ დედამ არ დამანება. მაშინ ბავშვთა ფსიქოლოგთან რჩევის მოსასმენად მივედი. მან მითხრა, - ბავშვს სჭირდება რეალიზებული მშობელი. უნდა ხედავდეს დედას საზოგადოებაში რომ აქვს თავისი ადგილი, ნუ გგონია, შინ მჯდომი დედა ბავშვისთვის უკეთესიაო. ამ სიტყვებმა კიდევ უფრო მომცა სტიმული სწავლა გამეგრძელებინა.
- რა გაძლიერებთ ყველაზე მეტად?
- შვილების სიყვარული. ამაზე დიდი ძალა არ არსებობს! გავცემ ზრუნვას და უკან ათმაგს ვიღებ.
- როგორია თქვენი ერთი დღე?
- პატარებს სკოლაში ვისტუმრებ, უმცროსი მე მიმყავს. შემდეგ შინ ვბრუნდები, სახლის საქმეებს ვაგვარებ. ბავშვები დადიან ფეხბურთზე, ცეკვაზე, სიმღერაზე... განსაკუთრებით მიყვარს საღამო, როდესაც ყველანი ვიკრიბებით, თითოეულთან ვცვლი ემოციებს, ვის როგორი დღე ჰქონდა... არდადეგებზე ერთად ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ფილმებს, გვიყვარს სამაგიდო თამაშები.
ამჟამად ჩემი მეუღლე ალავერდში, მონასტრის მეურნეობაშია დასაქმებული. კვირა დღეს ხშირად ვსტუმრობთ. იქ საოცარი გარემოა, ლამაზ მოგონებებს ვაგროვებთ. სხვა დღეებში თავად ჩამოდის თბილისში. სულ მონატრება გვაქვს, მაგრამ არა - ურთიერთობის დეფიციტი. ახლახან, ერთ ბიჭს უნდოდა თმა გადაეპარსა, სხვებიც აიყოლია და ოჯახის ყველა მამაკაცმა ერთნაირი ვარცხნილობა გაიკეთა. ყოველდღიურობას ასეთი ამბებითაც ვიხალისებთ.
- მრავალშვილიან ოჯახებში გაზრდილი ბავშვები გამორჩეულად მზრუნველები არიან...
- ამაზე კარგი სანახავი არაფერია, როცა ვუყურებ, როგორ არიან ჩართული ერთმანეთის ცხოვრებაში. უფროსები მეხმარებიან, ჩაიბარონ პატარების გაკვეთილები. ოჯახში მათემატიკის დიდი სიყვარულია და მათემატიკურ სკოლებში დადიან.
მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მე და ჩემი მეუღლე ერთად, ან ბავშვების ნაწილთან ერთად სადმე წასვლას როცა ვგეგმავთ, მეორე ნაწილს, ან ყველას ერთად, უფროსები იტოვებენ. შეკითხვასაც კი არ სვამენ, ამას სიხარულით აკეთებენ... 4 წლის წინ სხვა უბანში გადავედით და პატარებს სკოლის შეცვლამ მოუწიათ, ვნერვიულობდით, როგორ შეეგუებოდნენ ახალ გარემოს, მაგრამ ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. მრავალშვილიან ოჯახებში გაზრდილი ბავშვები ურთიერთობებს მარტივად ამყარებენ.
- როგორი იყო უფროსების რეაქცია, როდესაც იგებდნენ, რომ ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი დაიბადებოდა?
- ძალიან უხაროდათ, უკვე აღარ მაქვს ის ასაკი, შვილები გავაჩინო, მაგრამ დღესაც მთხოვენ. უფროსი გოგონა ოჯახის მესამე შვილია, ყოველ ჯერზე მას გოგოს მოლოდინი ჰქონდა, ტიროდა, ჩემს შვილს დეიდა არ ეყოლებაო. ზედიზედ 3-ჯერ ბიჭები დაიბადნენ, მერე დაიბადა გოგონა.
- დღეს, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე, თქვენნაირი ოჯახები ასმაგად დასაფასებელია.
- გაჭირვება მრავალშვილიანობის თანმდევი მდგომარეობა არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსური ბარიერები არ გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერს ვახერხებთ. მეორე შვილმა სკოლა რომ დაამთავრა, დიდი სურვილი ჰქონდა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. ვფიქრობდით, ფინანსურ ხელშეწყობას ვერ შევძლებდით, მაგრამ შევძელით, თავადაც მალევე დაიწყო მუშაობა. უფროსმაც საზღვარგარეთ ჩააბარა მაგისტრატურაში. გოგონაც გაცვლითი პროგრამით იყო წასული. ისეთი მიზანდასახულები არიან, უფროსები ფინანსურად ახლა აქეთ გვაძლიერებენ. მინდა ჩემმა შვილებმა დროის ფასი იცოდნენ, უკან ხშირად მიიხედონ და საკუთარ თავს ჰკითხონ, სწორად გაიარეს თუ არა ის გზა? ამას საკუთარ თავსაც ვუსურვებ. ბებო 4 შვილის დედა იყო, ჩემი მრავალშვილიანობა ძალიან ახარებდა, სულ ამბობდა, ნეტავ, კიდევ 4 შვილი რატომ არ გავაჩინეო. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერი სირთულე სიყვარულით შეიძლება დაიძლიოს.
- რას ეტყოდით იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ბევრი შვილი გააჩინონ, მაგრამ შიში აჩერებთ?
- გვესტუმრონ! ნახონ როგორი გარემოა, როგორია ის სიხარული, რომელსაც ჩვენ ვიღებთ შვილებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ შიშებს დაძლევენ.
თამუნა კვინიკაძე