"ახლა რომ ეცხოვრათ, ურთიერთობებს დაათბობდნენ, ერთმანეთს შეგვაყვარებდნენ, ჩვენს ქვეყანას დედაბოძად დაუდგებოდნენ" - კვირის პალიტრა

"ახლა რომ ეცხოვრათ, ურთიერთობებს დაათბობდნენ, ერთმანეთს შეგვაყვარებდნენ, ჩვენს ქვეყანას დედაბოძად დაუდგებოდნენ"

"ვეცდებოდი, მათგან მეტად მესწავლა ქვეყნის, ადამიანების, სამყაროს სიყვარული. ვისწავლიდი, როგორ უნდა იცხოვრო ამ სამყაროში ისე, რომ წლების შემდეგ შენზეც თქვან, ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება", - ამბობს მსახიობი ბექნუ­ ქაფიანიძე და იმ პიროვნებებს იხსენებს, რომლებმაც ცხოვრების წესით, ადამიანობით, დამოკიდებულებებით, პროფესიონალიზმით, სიკეთით, უშუალობით... მასზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.

beqnu1-1767533525.jpg

- ბექნუ, ბავშვობიდან გქონდათ ბედნიერება, საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანების გარემოცვაში გაზრდილიყავით, მაშინ ამას როგორ აღიქვამდით?

- ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, სათანადოდ ვერც ვაცნობიერებდი, მათ აღვიქვამდი, როგორც ოჯახის წევრებს, ბიძებს,­ გულთან ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანები იყვნენ. სანამ მამაზე, ზურაბ ქაფიანიძეზე საუბარს დავიწყებ, დედასთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. დედა კონსერვატორიაში მუშაობდა. ნოდარ ანდღულაძესთან მეგობრობდა. აინტერესებდა, როგორი სმენა მქონდა და ერთ დღეს ნოდართან მიმიყვანა, სთხოვა, ჩემთვის მოესმინა. პატარა ვიყავი, მაგრამ ეს მომენტი კარგად მახსოვს - ბატონი ნოდარი აუდიტორიაში როიალთან იჯდა და ჩემკენ შემობრუნდა, - აბა, ბექნუ, რას გვიმღერებ? - არ ვიმღერებ, ვუპასუხე, მთელი სერიოზულობით. გაუკვირდა, აბა, რას იზამო? ლექსს­ წავიკითხავ-მეთქი. გაეცინა, აბა, წამიკითხეო. აქედან ჩანს, რომ პოეზია თავიდანვე გამორჩეულად მიყვარდა, როგორც აღმოჩნდა, ბავშვობიდანვე უპირატესობას ვანიჭებდი.

მამა, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიასაც არ უნდა ემსახურებოდეს, ბავშვისთვის პირველ რიგში არის მშობელი და მერე სხვა დანარჩენი. ახლა უფრო კარგად ვხვდები, მამას ცხოვრების როგორი წესი ჰქონდა, როგორი მსოფლმხედველობა, რამდენად დიდი პატრიოტი იყო, თხემით ტერფამდე ეროვნული კაცი. როგორც მამაჩემისგან მაქვს ნასწავლი ძალიან ბევრი რამ, ასევე ვსწავლობდი გოდერძი ჩოხელისგან, თენგიზ არჩვაძისგან და დღესაც ვსწავლობ ტარიელ ხარხელაურისგან. გულით მათ დიდ სიყვარულს დავატარებ.

გოდერძი ჩოხელის შვილებთან: ლუკასა და ნიკოლოზთან ერთად გავიზარდე. ეზოში თითქმის სულ ერთად ვიყავით, ვთამაშობდით. ლუკა, ჩემი შვილის ნათლიაა, ახლაც ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობთ. პატარები რომ ვიყავით, ეზოში სტადიონზე ბევრი ბავშვი ირეოდა. გოდერძი რამდენჯერაც მოვიდოდა, სანამ სახლში ავიდოდა, მაინცდამაინც მე დამიძახებდა ხოლმე, მეც მივირბენდი, ის ყოველ ჯერზე გულში ჩამიკრავდა, მეფერებოდა და ისევ სათამაშოდ მიშვებდა, თავად სახლში ადიოდა. ასე დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ აკეთებდა.

4-1767533524.jpg

- თავადაც არაფერს გეუბნებოდათ?

- არა. თუმცა დრო რომ გავიდა, მივუხვდი, ასე რატომ იქცეოდა. ამ ადამიანს ძალიან უყვარდა დედა, ღმერთის სიმაღლემდე ჰყავდა აყვანილი, დედის გარდაცვალების ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე მთელი სიმძაფრით ატარა, ეს კარგად ჩანს მის შემოქმედებაშიც. 13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მტკივნეული პერიოდი­ იყო. მოგვიანებით მივხვდი, იმ გულში ჩახუტებებით ჩემს ტკივილს იზიარებდა, ცდილობდა, სითბო გადმოეცა და ამ ფორმით შეძლებისდაგვარად დამმხმარებოდა. ეს კადრები გონებაში ძალიან ტკბილად მაქვს ჩარჩენილი. მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა ამ ტკივილის ტარება რამდენად რთული იყო. გოდერძი ჩოხელი დიდი შემოქმედი რომ იყო, ეს ხომ ცხადია, მაგრამ ის დიადი ადამიანიც იყო. ერთხელ მისმა შვილმა მითხრა, მამამ სახლში მწერი არ მომაკვლევინა, ფანჯრიდან გამაშვებინაო. ადამიანი, როგორი დიდი შემოქმედიც არ უნდა იყოს, საქართველოში მისგან ყოველთვის ვითხოვთ, პიროვნულადაც ღირსეული იყოს. ბედნიერებაა, როცა ეს ორი რამ თანხვედრაშია. საბედნიეროდ, ბევრი გვყავდა ასეთი და დღესაც გვყავს, დიდ შემოქმედებასთან ერთად, ადამიანობის მატარებლებიც რომ არიან.

მამაჩემის გვერდით ძალიან ხშირად ვიყავი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში - სულ თან ვახლდი, სადაც არ უნდა წასულიყო. სკოლიდან თუ თეატრალურიდან გამოსვლის შემდეგ მთელ დღეს მამასთან ერთად ვატარებდი. ზურა ადამიანებს ძალიან უყვარდათ, უნდა გენახათ, რომ ხედავდნენ, თვალები როგორ უბრწყინდებოდათ. ზურასაც ყველა უყვარდა, ძალიან უშუალო კაცი იყო. რუსთაველი იყო მისი ქუჩა, ნახვა თუ გინდოდათ, იქ უნდა მისულიყავი. პროსპექტის თავიდან ბოლომდე გავლას ლამის ერთი დღე უნდებოდა, იმდენი ადამიანი ხვდებოდა და ეფერებოდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, ასეთი სიცოცხლე ღირს.

deda-1767533524.jpg

- შინ, ოჯახში როგორი იყო?

- ძალიან თბილი, ტკბილი, მზრუნველი,­ მაგრამ არამატერიალისტი. ყოფითი საკითხები ნაკლებად აღელვებდა. შინ თუ გარეთ ყოფნისას, მისი ფიქრები სულ სამშობლოსთან იყო კავშირში.

- ადამიანები, ვინც მას იცნობდნენ, ხშირად ჰყვებიან ამბებს ზურა ქაფიანიძეზე.­ ამ ამბებიდან იყო რაღაც ისეთი, რაც სხვისგან გაიგეთ მამაზე?

- ერთი კონკრეტული ამბის გახსენება გამიჭირდება, ზურას ყველა აღიქვამდა როგორც თავისიანს, ყველასი იყო, თავისი გულწრფელობითა და უშუალობით მართლა სახალხო იყო, ეიმედებოდათ.

ახლახან ჩვენი ტარიელ ხარხელაურის საიუბილეო საღამო იყო, რომლის მონაწილეც ვიყავი. ის ჩემთვის ბიძაა. ნაჩუქარ წიგნზე დამიწერა: "მამაშენის სახელი ძალიან დიდხანს გაგყვებათ შენ და შენს შვილებს,­ მაგრამ არ მინდა მამაშენის სახელით იარო, შენი სახელით იარე, როგორც ბექნუ ქაფიანიძემ, გატყობ, შენ ეს შეგიძლია!"

ეს ადამიანი ისეთი სუფთაა, ისეთი ღირსეული, ისეთი განცდები­ აქვს, სამყაროს სულ სხვაგვარად აღიქვამს. ვკითხე, ტარიელ­ ძია, ლექ­სის წერის დროს, გონებაში რა ხდება-მეთქი? შვილო, წარმოიდგინე, ზეცა მოღრუბლულია, მაგრამ ერთ წამში­ გადაი­ყრებიან ეს ღრუბლები, უეცრად მოკრიალებული ზეცა ჩნდება, აი, გონებაში­ ასეთი რამ ხდებაო... განა არ არის საგრძნობი, ამ ადამიანის გულსა და გონებაში­ მოკრიალებული ზეციდან წამოსული მადლის სხივი რომ ეშვება და მერე ფურცელზე გადადის?

- თენგიზ არჩვაძის და ზურა ქაფიანიძის იუმორი ცალკე თემაა.

- სულ კინკლაობდნენ და სულ ერთმანეთის მოფერებაში იყვნენ. ბრწყინვალება იყო იქ, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. თენგიზის ქება-დიდებით ალბათ, არასდროს დავიღლები. ქალაქგარეთ "დაჩა" ჰქონდა, სახლი 300 არაგველის ქუჩაზე იდგა და ზურამ­ მიუწერა 300 + 1, 3001-ე არაგველს ეძახდა. რომ შეხედავდი, გულს გაგინათებდა, გესიამოვნებოდა. ღირსებით სავსე კაცი იყო. მეუბნებოდა, ყველაზე კარგი ქაფიანიძე ხარო! სუფრასთანაც ხშირად მინახავს, თქმა იცოდა: "არც განზე ვარ, არც შუაზე, თენგიზი ვარ, არჩუაძე!"

მაშინ ამ საოცარ ადამიანებთან ერთად ყოფნა ჩემთვის იმდენად ცხოვრებისეული, ორგანული და ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, ახლა ცოტათი გულიც კი მწყდება­, დეტალებს სხვაგვარი თვალით რომ არ ვუყურებდი. მაღალი თამასა ჰქონდათ ურთიერთობაში, ძმაკაცობაში, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულში. სამყაროს, ბუნებას, ხეს, წყალს, სხვაგვარად აღიქვამდნენ.

- პროფესიულ არჩევანზე რა გითხრეს?­

- ამ მიმართულებით განათლების მიღებას საერთოდ არ ვაპირებდი. თეატრალურში ჩაბარება ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე. მაშინ რექტორი გიგა ლორთქიფანიძე იყო. მამა და გიგა მეგობრები იყვნენ. ხომ არის ხოლმე შემთხვევები, მამები შვილებს ნაცნობებით ეხმარებიან, ჩემს შემთხვევაში პიქირით მოხდა. მამა გიგასთან მივიდა და უთხრა: იცოდე, არ დამღუპო და შვილიც არ დამიღუპო, ხათრით არ ჩააბა­რებინო, მთელი ცხოვრება დაიტანჯება, მასში მარცვალს მაინც თუ ვერ დაინახავ, რომლის გაღვივებაც შემდეგ შესაძლებელი იქნება, არ მიიღოთ, არ დამიღუპოთო. ეს ამბავი ვიცოდი და ის ნერვიულობა, რომელიც მისაღებ გამოცდებზე გავიარე, ალბათ, სულ მემახსოვრება.

- ბექნუ, დღეს ეს ადამიანები თქვენ გვერდით რომ იყვნენ, რას ჰკითხავდით, რას ეტყოდით, რა რჩევას მოისმენდით?

- სულ მათთან ერთად ვიქნებოდი. ვეცდებოდი, მათგან მეტად მესწავლა ქვეყნის, ადამიანების, სამყაროს სიყვარული. ვისწავლიდი, როგორ უნდა იცხოვრო ამ სამყაროში ისე, რომ წლების შემდეგ შენზეც თქვან, ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გული მტკივა, ადამიანები მკაცრები, დაუნდობლები გახდნენ. ახლა რომ ეცხოვრათ, ურთიერთობებს დაათბობდნენ, ერთმანეთს უფრო მეტად შეგვაყვარებდნენ, დედაბოძად დაუდგებოდნენ ჩვენს ქვეყანას და უდგანან კიდეც, თავიანთი ნაცხოვრებით, დღესაც შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ! ბედნიერი ვარ, ასეთი ადამიანების გარემოცვაში რომ გავიზარდე.

თამუნა კვინიკაძე