„საქართველოს ბედი არ წყდება მოსკოვში, არც ბრიუსელსა და ვაშინგტონში“ - კვირის პალიტრა

„საქართველოს ბედი არ წყდება მოსკოვში, არც ბრიუსელსა და ვაშინგტონში“

33 წელია ვისმენთ, თითქოს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს შორის, დახურულ ფორუმებსა და კაბინეტებში, ავტორიტარული ლიდერების შეხვედრებსა და სხვა ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც არჩევანი უკვე გაკეთებულია და ჩვენ მხოლოდ რეალობას უნდა მოვერგოთ. "ხისა და შეძახილის" ამბის არ იყოს, ამ შეგონებას იმდენად ხშირად და მიზანმიმართულად გვიმეორებენ, რომ პოლიტიკური განცხადების სტატუსს გასცდა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ინსტრუმენტად იქცა, თითქოს საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება. ხალხიც ცხოვრობს წლიდან წლამდე მოლოდინში, რას იტყვის ან გადაწყვეტს ტრამპი, პუტინი ან ნებისმიერი სხვა, ვინც პოლიტიკურ ველზე რაიმე ფორმით და მასშტაბით შეიძლება დაწინაურდეს. როდემდე?

პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ვეკუა მიიჩნევს, რომ ეს გზავნილი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და კლასიკური იარაღია, რომლის მიზანიც არა მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის შეცვლა, არამედ საზოგადოების ფსიქოლოგიური გატეხაა.

- მტერი აღარ გვესხმის ტანკებითა და რაკეტებით, იერიში მოაქვს ცნობიერებაზე,­ რათა დაგვარწმუნოს, რომ არჩევანი არ გვაქვს­ და არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ საკუთარ ხვედრზე. კრემლისა და მისი ქართული საცეცებისთვის ხელსაყრელი­ ეს ნარატივი ქადაგებს იდეას, თითქოს საქარ­თველო "პატარა სოფელია", რომელსაც დამოუკიდებელი გზა არა აქვს და იძულებულია რომელიმე დიდი სახელმწიფოს ორბიტაზე იმოძრაოს. თითქოს ქართველი ხალხი­ არ არის სუბიექტი. რაც არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ეწინააღმდეგება როგორც ჩვენი ისტორიის გამოცდილებას, ისე თანამედროვე სახელმწიფოებრივი განვითარების ლოგიკას, რომლის მიხედვითაც პატარა ქვეყნების წარმატება არ ეფუძნება მხოლოდ ძალას, არამედ ასევე ითვალისწინებს სწორი არჩევანის, ღირებულებების ერთგულებისა და გრძელვადიანი ხედვის აუცილებლობას.

- და არ ემსახურება ავტორიტარულ ბლოკებში გაერთიანებას.

- ბელარუსის მაგალითი გვიჩვენებს,­ რა მოაქვს ავტორიტარულ ბლოკებში გაერთიანებას: გვპირდებიან მოკლევადიან სიმშვი­დეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნიან ჩიხს, რაც იწვევს იზოლაციას, ეკონომიკურ ჩამორჩენას და ადამიანური კაპიტალის დაკარგვას, განათლების სისტემის პროპაგანდის ინსტრუმენტად გადაქცევას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას, კრიტიკული აზროვნების ჩახშობას, რეპრესიების ზრდას, მომავალი თაობების­ მორალურ დათრგუნვას, მოთვინიერებას, ომებში საზარბაზნე ხორცად წასხმას, ან ემიგრაციაში იძულებით წასვლას. ვერც ბიზნესი და ინოვაციები ვითარდება იქ, სადაც წესები პოლიტიკური ლოიალურობის საფუძველზე მუდმივად იცვლება და ვერც უსაფრთხოება იქნება მყარი იქ, სადაც გადაწყვეტილებები საზოგადოების გარეშე მიიღება. ეს არის უარყოფითი დღის წესრიგი, რომელიც გამორიცხავს წინსვლას და ქვეყანას მუდმივი დამოკიდებულების მდგომარეობაში ტოვებს­. ასეთ რეალობაში­ სახელმწიფო ხდება­ ფორმალობა, რითაც იქცევა არა შესაძლებლობების შექმნის, არამედ საზოგადოებრივი კონტროლის, შიშისა და კონფორმიზმის გავრცელების მექანიზმად. ასეთი გროტესკული წარმონაქმნი სახელმწიფო კი არა, უფრო განახლებული და მოხერხებულად შენიღბული გულაგია. დღემდე გაგრძელებულ ამ მოჯადოებულ წრეს სხვანაირად სისტემური კრიზისი შეგვიძლია ვუწოდოთ, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

- შეიძლება უსაფრთხოების ან განვითარების გარედან შემოტანა?

- ეს იდეა კლასიკურ პოლიტიკურ თეორიაშიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯონ სტიუარტ მილი ნაშრომში "რამდენიმე სიტყვა ჩაურევლობის შესახებ" წერს, რომ ვერანაირი თავისუფლება და მდგრადი სახელმწიფოებრივი მოწყობა ვერ იარსებებს იქ, სადაც ის უცხო ძალის მიერ არის დაწესებული ან შენარჩუნებული. ინსტიტუტები ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ საზოგადოება თავად იცავს და ავითარებს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მოდელი, რომელიც სტაბილურობას სთავაზობს მოქალაქეობრივი სუბიექტობის ფასად, რეალურად არ ქმნის უსაფრთხოებას - ის ქმნის დამოკიდებულებას, სადაც სახელმწიფო ფორმალურად არსებობს, მაგრამ შინაარსობრივად დაცლილია.

- იქნებ იმიტომაც ვართ ამ რეალობაში, რომ ჯერაც ვსწავლობთ, როგორ დავიცვათ და განვავითაროთ ინსტიტუტები და ამ დრომდე საზოგადოების სრულფასოვან დეფინიციასაც ამიტომ ვერ ვირგებთ.

- ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი მცირე სახელმწიფოებს, რეალურად ორი გზა აქვთ: დამოკიდებულება - ძლიერი მფარველის ქვეშ ყოფნა, სადაც უსაფრთხოება გარეგნულად გარანტირებულია, მაგრამ სანაცვლოდ იკარგება სუვერენული­ არჩევანი, ეკონომიკური განვითარება და მოქალაქის ღირსება. მეორე გზა რთულია, მაგრამ შედეგიანი - საკუთარი ინსტიტუტების გაძლიერება, პარტნიორობებზე დაფუძნებული პოლიტიკა და განვითარების ღია, ინკლუზიური მოდელი.

საქართველოს რეალური ალტერნატივა­ არ არის ყალბი დილემა "რუსეთი თუ ქაოსი",­ როგორც ეს ხშირად უნდათ წარმოაჩინონ. ეს არა მხოლოდ მანიპულაციურია, ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. ბოლო წლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არაერთმა ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ მცირე სახელმწიფოები არ არიან გეოპოლიტიკის ობიექტები - ისინი საერთაშორისო სამართლის სრულფასოვანი სუბიექტები არიან, თანაბარი სუვერენიტეტითა და პასუხისმგებლობით.

- საქართველოს რეალური ალტერნატივა რა არის?

- პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ეფუძნება ქვეყნის გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს.

არათუ საქართველოს ბედი არ უნდა წყდებოდეს სხვა ქვეყნებში, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორედ აქ უნდა წყდებოდეს მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური გადანაწილების საკითხები, რადგან საქართველო უნდა იყოს მაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის - ახალი სავაჭრო, სატრანზიტო, ფინანსური და საინვესტიციო სივრცის ცენტრი. ეს პერსპექტივა გულისხმობს რეგიონულ თანამშრომლობას, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გაძლიერებას და კავკასიის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში.

პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილია ეროვნულ საფუძველზე დამყარებული დასავლური კურსი, ეს არც იდეალების­ ბრმა მიბაძვაა და არც რომელიმე ქვეყნისადმი მორჩილება. ეს არის არჩევანი თამაშის წესებზე - კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ და კონკურენტულ ეკონომიკაზე, განათლებაზე, რომელიც ადამიანს არა მორჩილ მოქალაქედ, არამედ დამოუკიდებელ პიროვნებად აყალიბებს. ეს გზა არც სწრაფია და არც მარტივი, მაგრამ ის ერთადერთია, რომელიც რეალურ განვითარებას იძლევა. ასეთი მოდელი არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ის არ ემსახურება არც რუსეთის იზოლაციას და არც რომელიმე ძალის გაძლიერებას საქართველოს ხარჯზე. ემსახურება ერთი მარტივი მიზნის მიღწევას - ქართველ ხალხს ჰქონდეს უსაფრთხო და ღირსეული სახელმწიფო.

წლებია დასავლელი ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტები ერთსა და იმავეს იმეორებენ: საქართველოს ბედი არ წყდება მოსკოვში, არც ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ის წყდება თბილისში და ამ გადაწყ­ვეტის მთავარი გასაღები არის არა რუსეთის­ აქაური საოკუპაციო რეჟიმი, არამედ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ეს არ არის დიპლომატიური თავაზიანობა - ეს არის რეალობის აღიარება.

ვერც ერთი გარე ძალა ვერ ააშენებს სახელმწიფოს, თუ თავად საზოგადოება არ აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მომავალზე. სწორედ ჩვენ გვეკუთვნის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ქართველ ხალხს წაგვართვეს კრემლის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ტერიტორიული საკითხის მოგვარებით არ შემოიფარგლება. ის გულისხმობს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს დეოკუპაციას - პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და აზროვნების საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას­ და პუტჩის შედეგად წარმოქმნილი ნეობოლშევიკური ნომენკლატურის ანტიეროვნული სისტემის დემონტაჟს. ამის განსახორციელებლად ქმედითი მექანიზმი შეიძლება იყოს გონივრული, ზეპარტიული, საზოგადოებაზე­ დაფუძნებული ანტიკრიზისული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს განსხვავებული შეხედულებების­ ადამიანებს ერთი მიზნის გარშემო - ქვეყნის გადარჩენა, მისი სამშვიდობოზე გაყვანა და განვითარება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დღეს ასე ჟღერს: გვინდა ქვეყანა, სადაც მომავალს ვიღაც სხვა განსაზღვრავს, თუ ქვეყანა, სადაც ხვალინდელ დღეს თავად ვქმნით? ეს არჩევანი არ არის გეოპოლიტიკური თეორია - ის ეხება პრაქტიკულ საკითხებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: განათლებას, სამუშაო ადგილებს, უსაფრთხოებას და ღირსეულ ცხოვრებას.

- გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ საქართველოს მომავალი არ წყდება სხვაგან?

- ის წყდება აქ - ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს არჩევანში, იმის მეშვეობით, დავიჯერებთ თუ არა, რომ საკუთარი ქვეყნის ბედი თავად შეგვიძლია განვსაზღვროთ პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით, თავისუფლების რწმენით, განვითარებულ სამყაროსთან მზარდი თანამშრომლობით. საქართველოს მომავალი მის ხალხს ეკუთვნის და ეს არჩევანი ჩვენზეა დამოკიდებული. თავისუფალ მსოფლიოს კი შეუძლია დაგვეხმაროს და მხარში დაგვიდგეს, რითაც თავადაც მოგებული დარჩება.