„ჩვენ უკვე ისე ვტოვებთ ქვეყანას, რომ სამშობლოს მიტოვების განცდა ბევრს არათუ ლექსიკონში, ფიქრშიც აღარ აესახება“
წლის ბოლოს გონიერი ადამიანი, ალბათ, იმაზეც უნდა ფიქრობდეს, წინა წელიწადს რას მიაღწია და რა შექმნა მომავლის საყრდენად. ცნობილი ისტორიკოსის, ეთნოსების მკვლევარ როლანდ თოფჩიშვილის წლის ბოლო გამონათქვამი უსიამოდ ჩამრჩა გონებაში: "ქართველი ერი თვითმკვლელის სტადიაში გადავიდა. ეს სტადია ფორმით და შინაარსით იმეორებს ეთნოსების გაქრობის მიზეზებს, რომლებიც უკვე აღარ არიან. საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების გატარება, თორემ ძალიან მალე გვიან იქნება".
- ბატონო როლანდ, რას გულისხმობთ ეროვნული თვითმკვლელობის სტატუსში?
- იმ უკიდურესად საგანგაშო მდგომარებას, რომელიც ამჟამად გვაქვს. დაახლოებით ათი წლის წინ ვცდილობდი ამაზე განგაშის ატეხას, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დღეს უკვე უკიდურესობამდე მისულ პროცესებში თითქოს აქა-იქ დაიწყო მოვლენების გაანალიზება, მაგრამ არა სახელმწიფომ, ვინც ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი, რაც ძალიან მაშინებს. ემიგრაციაში წასვლის დიდი ტალღა დაახლოებით 2012 წლიდან 2023 წლამდე წარმოიქმნა, ახლა უკვე სტატისტიკურად დასტურდება, რომ ამ დროს საზღვარგარეთ დაახლოებით მილიონი ადამიანი წავიდა - ანუ დაახლოებით 10 წელიწადში თითქმის მილიონი ადამიანი გაქრა სამშობლოდან, რომელთა უმეტესობა უკან აღარ დაბრუნდება. ახალგაზრდობაში ჩემი თაობა ფიქრობდა, რომ ქართველ ერს ნოსტალგია სხვაზე მეტად აწუხებდა და სამშობლოს ვერ მიატოვებს, თურმე ვცდებოდით და აგერ უკვე თვითმკვლელი ერის სტადიაშიც შევედით. ეს ნიშნავს, რომ ერი, როგორც ორგანიზმი, თვითმკვლელობისთვის ემზადება და ხელის შემშლელი არ ჰყავს. ჩვენ უკვე ისე ვტოვებთ ქვეყანას, რომ სამშობლოს მიტოვების განცდა ბევრს არათუ ლექსიკონში, ფიქრშიც აღარ აესახება. ბევრი სრულიად წელში გამართული ტოვებს ქვეყანას, რადგან თურმე სხვაც წავიდა, რომ თურმე მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს და ისიც რატომ უნდა გაატაროს საქართველოში! ჩვენს თვითმკვლელობაში მეორე ასეთივე სახიფათო პროცესი მონაწილეობს - ეს არის უკონტროლო იმიგრაცია, სხვადასხვა ეთნოსის შეუზღუდავი და მუდმივი შემოდინება, რომლის დასარეგულირებლად გამართული კანონმდებლობა არ გაგვაჩნია. ვერც სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ ვხედავ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელიც აცნობიერებდეს, რა გველოდება, თუ კანონი არ მივიღეთ.
- დღეს მთელ მსოფლიოში მიმღებლური დამოკიდებულებაა იმიგრაციის მიმართ.
- თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა გამოფხიზლდა. სადაც ეს სახელმწიფო დონეზე არ ჩანს, თავად ეთნოსები რეაგირებენ.
მაგალითად, ფრანგები ძალიან წუხან, რომ საუკუნის შემდეგ ფრანგი ეთნოსი იმ სახით, როგორიც დღეს არის, უკვე აღარ იარსებებს. ნებისმიერი ანთროპოლოგი გეტყვით, რომ თუ საფრანგეთში მსგავსი იმიგრაციული პოლიტიკა გაგრძელდა, საუკუნის შემდეგ ფრანგების თავის ქალა სულ სხვანაირი იქნება. რომ შესაძლოა საფრანგეთს კვლავ საფრანგეთი ერქვას, მაგრამ დღევანდელ ფრანგებს ჩაანაცვლებენ ფერადკანიანები, რომელთა წინაპრები დღეს საფრანგეთში უკვე იბადებიან ფერადკანიანებისა და ფრანგების ქორწინებით.
თუმცა ჩვენ არა გვაქვს უფლება სხვა ეთნოსების მაგალითით ვიცხოვროთ. ამ უფლებას არ იძლევა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ასაკი და სტატუსი - ჩვენ დედამიწის 5-6 უძველეს ერს შორის ვართ.
- იქნებ ისევ იმ თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიღვიძოს და გადაგვარჩინოს, რომელიც თითქმის 4000 წელიწადი მუშაობდა.
- უნდა შევიმეცნოთ, რომ ჩვენს გადარჩენაში თვითგადარჩენის ინსტინქტი მთავარ ადგილზე არ დგას. არსებობს, მაგრამ მრავალრიცხოვანი შემოსევების გათვალისწინებით ჩვენს გადარჩენაში უდიდესი როლი იმ ფაქტორმა შეასრულა, რომ ჩვენ მთიანი სახელმწიფო ვიყავით. სხვათა შორის, ისევე მთას აფარებდა თავს სომხეთი, რომელიც ასევე უძველესი ერია. თუმცა, ალბანეთის სახელმწიფო, რომელიც ჩვენსა და სომხებს შორის, დღევანდელი აზერბაიჯანის ადგილზე იყო, სრულიად გადაშენდა, რადგან მას არ გააჩნდა მთები, რომელსაც მტრის შემოსევისას შეაფარებდა თავს. ქართველობა მთას აფარებდა თავს მანამდე, სანამ მტერი წავიდოდა. ამ ფაქტორის გათვალისწინებითც ჩვენი მთა ისე მრავლდებოდა, რომ პერიოდულად სახნავ-სათესი და საძოვარი აღარ ჰყოფნიდა და ბარში ჩამოდიოდა საცხოვრებლად. როგორც კი კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო აოხრდებოდა, მაშინვე დემოგრაფიულად მთა ან დასავლეთ საქართველო შეეშველებოდა, სადაც შედარებით მშვიდობიანობა იყო. ახლა კი მთაც და დასავლეთ საქართველოც დაცლილია.
რამდენიმე წლის წინ გაერო მიიჩნევდა, რომ საქართველოს მოსახლეობა 2030 წელს შემცირდებოდა 3.8 მლნ-მდე. პროცესი დაჩქარდა და უკვე 2024 წელსვე შევმცირდით 3.7 მლნ-მდე. იმავე გაეროს გათვლებით, 2050 წლისთვის 3.394000-მდე უნდა შევმცირებულიყავით, მაგრამ ახლა გაერომ დაითვალა, რომ ასე დაცოტავებული უკვე 2032 წელს ვიქნებით. ალბათ, გიკვირთ, აქამდე რომ არაფერი მითქვამს ჩვენი, ქართველების ცნობიერებით, ორი შვილის "კრიშად" ჩათვლაზე. არ მითქვამს იმიტომ, რომ ამ მდგომარეობის შეცვლას უზარმაზარი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია სჭირდება, რომლის შექმნაც არა მგონია, სახელმწიფომ ისე სწრაფად მოახერხოს, რომ თვითმკვლელის სტატუსიდან გამოგვიყვანოს. ამ მოვლენასაც მრავალი ათეული წლის წინ დაედო საფუძველი, როდესაც ჩვენს ცნობიერებაში შვილების ბოლომდე უზრუნველყოფის სტატუსი შემოვიდა, ამიტომაც სხვა მუცლადმყოფი შვილები გავწირეთ და თითო ან ორ შვილს დავჯერდით.
- თუმცა შეგვიძლია სასიკეთო ტენდენცია შევამჩნიოთ, ბოლო დროს რამდენიმე ცნობილმა წყვილმა განაცხადა, რომ მესამე შვილს აჩენს...
- მათ შეუძლიათ ჩათვალონ, რომ თავიანთი მისია შეასრულეს არა მხოლოდ ქვეყნის, თავად შვილების წინაშეც, რომელთაც ერთმანეთი საყრდენად ეყოლებათ იმ არცთუ მარტივ მომავალში, რომელიც წინ გვაქვს.