"უკვე აღარ დავდივარ იქ, სადაც ჩემი გამოჩენა არ უხარიათ, ვცდილობ თვალში არავის შევეჩხირო" - კვირის პალიტრა

"უკვე აღარ დავდივარ იქ, სადაც ჩემი გამოჩენა არ უხარიათ, ვცდილობ თვალში არავის შევეჩხირო"

შობა-ახალი წელი იმედის და სიხარულის დღესასწაულია. ამ დღეებში ყველაზე პესიმისტ ადამიანსაც კი უჩნდება განცდა, რომ ახალ წელს ცხოვრება „ახალი ფურცლიდან“ დაიწყება და ყველაფერი უკეთესად იქნება. რა მოლოდინი აქვთ ახალი, 2026 წლისგან საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქართველებს? - ეს შეკითხვა პოპულარულ მომღერალს გიორგი სუხიტაშვილს დავუსვით:

- ჩემი მშობლიური მხარე ახალ წელს იმავე საფიქრალით ხვდება, როგორც მთელი საქართველო. კარგია, რომ თბილისის მთავარი ქუჩები მორთული და განათებულია, გორიც ძალიან ლამაზად მორთეს, მაგრამ სხვა საკითხია, აქვს თუ არა საზეიმო განწყობა ჩვენს ხალხს. შობა-ახალი წლის წინა დღეებში ევროპის ქვეყნებშიც ვყოფილვარ და გაოცებული ვიყავი, დღესასწაულს როგორი სილაღითა და სიხარულით აღნიშნავენ. ძალიან მინდა ეს განწყობა ჩვენს სამშობლოშიც იგრძნობოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ ბედნიერები. მათ მაინც სჯეროდეთ, რომ ახალი წლის დღეებში თოვლის ბაბუა არა მარტო ლამაზ საჩუქრებს, არამედ უკეთეს მომავალს მოუტანს.

- თქვენი ბავშვობის ახალი წელი როგორ გახსენდებათ?

- 1-ლ იანვარს გორში აღვნიშნავდით, მერე კი სოფელში მივდიოდით. სოფელში მეტი თავისუფლება მქონდა, შეშის ღუმელი ღუღუნებდა, ერთი დიდი ოთახი კი ტკბილეულით და ჩურჩხელებით იყო სავსე. რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუას საჩუქრებიც მოჰქონდა, მაგრამ მე ძალიან მალე მივხვდი, ვინ იყო "თოვლის ბაბუა", სასთუმალქვეშ საჩუქრებს ჩემი მშობლები მიდებდნენ და არა სანტა-კლაუსი. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ტკბილი მოგონებებია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. ახლა შობა-ახალი წლის დღეებს სულ სხვა განცდით ვეგებები, რადგან ეს მუსიკოსებისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია.

- ევროპაში სახლების მორთვის და განათების ტრადიცია დიდი ხანია არსებობს. ეს ტრადიცია თქვენც მოგწონთ?

- ჩემს ეზოს და სახლს ყოველ ახალ წელს ვრთავ ხოლმე. წელსაც მოვრთე და ელექტრონათურებით გავანათე. მიხარია, როცა ჩემს სოფელში განათებულ ეზოებს ვხედავ. ქართველებმა მამა-პაპის ფუძე არ უნდა დაივიწყონ. ამდენი დაცარიელებული სოფელი მთელი საქართველოს ტკივილია.

რა თქმა უნდა, გული იმაზეც მტკივა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილს არ ეზეიმება, მაგრამ ამის გამო მეორე ნაწილს ხომ ვერ ვეტყვით, შობა-ახალი წელი არ იზეიმოთო? ეს ჩვენ შორის არსებულ უფსკრულს უფრო Mგააღრმავებს. ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, ქართველებს შორის დაპირისპირება გაქრეს, რადგან ეს ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. კარგია, როცა ვიღაცას საშუალება აქვს თავისი შვილი გაახაროს, მაგრამ ამას ყველა ხომ ვერ ახერხებს? სამწუხაროდ, ვისაც მატერიალური შესაძლებლობა მეტი აქვს, მის მიმართ ძალიან დიდი აგრესია იგრძნობა და ზოგჯერ უსამართლოდ. ხომ შეიძლება ადამიანს ყველაფერი თავისი შრომით და ცოდნით ჰქონდეს მოპოვებული და არა კორუფციით და ვირეშმაკობით? თუ ადამიანი თავისი შრომით რაღაცას მიაღწევს, მაგრამ მაინც ლანძღვის და აგრესიის ობიექტი ხდება, მაშინ ყველაფერი ფასს კარგავს. მსგავსი აგრესიის ობიექტი მეც ვყოფილვარ და კარგად ვიცი, ეს რა მძიმეა. ამიტომ უკვე აღარ დავდივარ იქ, სადაც ჩემი გამოჩენა არ უხარიათ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვცდილობ თვალში არავის შევეჩხირო.

იცით, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის? - ვერ გავითავისეთ, რომ ერთი სამშობლო, რომ ერთი სატკივარი და საზრუნავი გვაქვს. გადაწყვეტილებებს მხოლოდ გულის კარნახით ვიღებთ, შეცდომებს ვუშვებთ და მერე ეს ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. წესითა და რიგით, ის გზები უნდა მოვძებნოთ, რომელიც ერთმანეთთან დაგვაახლოებს, მაგრამ ჩვენ ამის საპირისპიროდ ვიქცევით. ერთმანეთის შური და დაპირისპირება საქართველოში ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, მაგრამ დღეს სიძულვილი იმდენად ჭარბობს, რომ სიკეთე აღარ ჩანს.

- ყველაფრის მიუხედავად, რას უსურვებთ საახალწლოდ თქვენს მშობლიურ მხარეს და მთელ საქართველოს?

- ალბათ, დევნილთა დასახლებები ყველას გინახავთ, აქაც, გორიდან ცხინვალის გზაზე რომ გადაუხვევთ, სამაჩაბლოდან დევნილების პატარა სახლებს დაინახავთ. საოცარი სანახავია, ეს პატარა სახლები როგორ გაალამაზეს. ხშირად მანქანას ვანელებ და ვაკვირდები, როგორ ცხოვრობენ ისინი ამ პატარა სახლებში. აბა, ამ ხალხს სხვა რა უნდა ვუსურვო მამა-პაპის მხარეში დაბრუნების გარდა? როცა ვფიქრობ, რომ მე მამაპაპისეულ სახლში ვცხოვრობ, ეს ხალხი კი თავის კერას რა ხანია მოწყვეტილია, ძალიან განვიცდი. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში მყოფ ხალხს და ქვეყანას მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს და თუ ვინმე გვაპირისპირებს, სწორედ ჩვენი მტერია. ამიტომ კიდევ ერთ საახალწლო ნატვრას გაგიმხელთ: მინდა ჩვენი მტერი ისე დასუსტდეს და დაჩიავდეს, ჩვენთვის ვერასოდეს მოიცალოს - აი, ამას ვუსურვებ ჩემს მხარეს, მთელ საქართველოს.

ხათუნა ჩიგოგიძე