„მჯეროდა, რომ ნიცა იცოცხლებდა“ - კვირის პალიტრა

„მჯეროდა, რომ ნიცა იცოცხლებდა“

გასულ წელიწადსაც ბევრი სირთულე იყო. გასულმა წელიწადმაც გვანერვიულა, მაგრამ არც ერთი წელიწადი არც არასდროს ყოფილა, რომ ცუდთან ერთად კარგი ამბებიც არ ყოფილიყო. ასეა ყოველთვის: ბოროტს კეთილი ცვლის, ბნელს ნათელი, ელდას - სიხარული და სიცოცხლის ძალა.…ჰოდა, გასულ წელს საქართველოში ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა.

სამშობიარო სახლ "პინეოში" პირველი 500-გრამიანი გოგონა, ნიცა კოპაძე დაიბადა. მერე ამ ჩვენმა ნიცამ ისე ძლიერად ჩასჭიდა პატარა თითები ექიმებსა და სიცოცხლეს, რომ ახლა შინაა და სამყაროს უღიმის. დიახ, უკვე ღიმილიც ისწავლა! გაიღიმე, პატარავ, შენ იმედი ხარ, მე კი ხელისგულზე დატეულ შენს 500-გრამიან სიცოცხლეზე შენს დედიკოსთან, ნანა წვეროშვილსა და "პინეოს" სამედიცინო ეკოსისტემის ექიმ გოჩა მახარაძესთან ვისაუბრებ, თუ როგორ გამოგიყვანეს პაწაწკუნტელა სამშვიდობოს, მაგაზე ვინ არ ინერვიულებდა, მაგრამ, ალბათ, სულ სხვანაირი იყო მათი ნერვიულობა, ვინც 24 საათი გდარაჯობდა სამედიცინო ზონდებში გადახლართულს, რათა შენი პაწია ნაბიჯები სადღაც არ შეჩერებულიყო.

გოჩა მახარაძე, ექიმი: - სიამოვნებით გაგესაუბრებით, მაგრამ იმდენად ძნელია ასეთი ემოციების სიტყვებით აღწერა, შეიძლება ვერც აღვწერო სრულყოფილად.

- სხვა დროსაც ხომ არ დაგვბადებია 500-გრამიანი გოგო-ბიჭები? წარმომიდგენია, რა კარგი სმენა უნდა გქონდეს, რომ მათი გულის ფეთქვა გაიგონო.

- აი, ეგ გულისფეთქვა ითვლება იმის ნიშნად, რომ მცირე წონის მიუხედავად, სამყაროში ახალი სიცოცხლე მოვიდა, ხელი უნდა მოჰკიდო და სამშვიდობოს გაიყვანო. დაახლოებით ორი წლის წინ ასეთივე ციცქნა გვყავდა, მილანდა კალანია, ოღონდ ის 550-გრამი დაიბადა. ახლა უკვე ნიცაც შეგვემატა. ეს წონა მაინც იშვიათია მედიცინაში, თუმცა სწორედ 500 გრამი და ფეხმძიმობის უკვე 22-ე კვირაზე დაბადება ნიშნავს, რომ ეს სიცოცხლე უნდა გადარჩეს.

დღენაკლული ბავშვების დაბადება არცთუ იშვიათი მოვლენაა. მაგალითად, ჩვენთან დაბადებული 18 ბავშვიდან დაახლოებით 13 დღენაკლულია. ეს დედების ორგანიზმიდან გამომდინარეობს, მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.

- წარმომიდგენია, რისი გადატანა უხდებათ დედას და თქვენ, სამედიცინო პერსონალს მას შემდეგ, რაც 500-გრამიან­ არსებას ხელისგულზე მოითავსებთ და ფიქრობთ, როგორ უდარაჯოთ მის გულისცემას,­ რათა ნამცეცი სამყაროს დამტეველ ადამიანად აქციოთ.

- უპირველესად თავად ამ პატარა არსებებს სჭირდებათ ძალის მოკრება. ისინი თავად ამტკიცებენ, სიცოცხლე რა დიდი ძალაა, სამედიცინო პერსონალმა კი მანამდე არ უნდა მოხუჭოს თვალი, ვიდრე ეს პაწიები დამოუკიდებლად ისუნთქავენ - 24 საათის განმავლობაში წამითაც კი არ უნდა მოდუნდნენ.

- შესაძლოა სწორედ ეს წამი აღმოჩნდეს საბედისწერო, ხომ?

- აბა, როგორ?! მათზე ზრუნვა ასევე იქცევა იმ უხილავ ძალად და სიყვარულად, რომელიც ადამიანს ყველაფერს შეაძლებინებს. მათზე მზრუნველი სამედიცინო პერსონალი ასეთ პატარებს ენით აღუწერელი განცდებით ეჯაჭვება. დედაზე უფრო შვილი ვის უყვარს, მაგრამ როდესაც დედები არ არიან სარეანიმაციო ბლოკში, პატარებს სწორედ დედებივით მზრუნველად უვლიან. ამ დროს განა მხოლოდ სამედიცინო მომსახურება გვაქვს: ბავშვებს უვლიან, უცვლიან, აჭმევენ და ესაუბრებიან კიდეც. წვეთი საკვებით ვიწყებთ და ყოველდღე წვეთწვეთობით ვამატებთ, რათა როცა შინ წავლენ, პრობლემა არ ჰქონდეთ.

- უსათუოდ მშვენიერი გრძნობა იქნება, როდესაც ასეთ პატარას ათასნაირი სამედიცინო ზონდიდან ჩახსნით, ის უკვე თავისით სუნთქავს და კვებასაც კი ითხოვს.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ პატარებს სამშობიაროდან წასვლის შემდეგაც სჭირდებათ ექიმების მეთვალყურეობა, თუმცა სულ ცოტა ხნით, სანამ თანატოლებს დაეწევიან განვითარებით.

- შინ გაწერის შემდეგ თქვენც ხომ მოგენატრებათ?

- ნიცას სამი თვე ვუვლიდით და აბა, როგორ არ მოგვენატრება?

ნანა წვეროშვილი, ნიცას დედიკო: -…როდესაც დაფეხმძიმებიდან 6 თვეც არ არ იყო გასული და მშობიარობა დამეწყო, შოკში ჩავვარდი. თუმცა, იმას კი მივხვდი, რომ შოკიდან სასწრაფოდ უნდა გამოვსულიყავი და რამე მომემოქმედებინა, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. ღუდუშაურის კლინკაში, სადაც ჩემი ნიცასავით დღენაკლული პატარები იბადებიან, იმ მომენტში იმდენი დღენაკლული ბავშვი ჰყავდათ, რომ ნიცასთვის ადგილი აღარ იყო. "პინეომ" მიგვიღო და სასწაული ქნა. მიუხედავად იმისა, რომ ნიცას სიცოცხლის გარანტია არ იყო. იქნებ მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ ნიცა იცოცხლებდა.

- როდესაც ასეთი ციცქნა კლინიკაში სხვებს დაუტოვეთ მოსავლელად, ალბათ, ბევრი ინერვიულეთ.

- არ მეძინა და თუ თვალს მოვხუჭავდი, მაშინვე ნიცა მესიზმრებოდა და მაღვიძებდა. ვერ აღგიწერთ, რამხელა ნუგეშია ამ დროს იმ ადამიანის ხმა, ვინც შენი შვილის გვერდით არის და გეუბნება, აი, ახლა წამოიტირა ნიცამ, ახლა ჭამა, ამდენი და ამდენი გრამი მოიმატაო. როდესაც ნიცა დიდი გოგო იქნება, აუცილებლად მოვუყვები ამ ხმებისა და ამ ადამიანების სიყვარულის ამბავს.