შიში და გაურკვევლობა კარაკასში - რა ხდება ვენესუელაში, რომლის პრეზიდენტი 3 იანვარს "მოიპარეს" - კვირის პალიტრა

შიში და გაურკვევლობა კარაკასში - რა ხდება ვენესუელაში, რომლის პრეზიდენტი 3 იანვარს "მოიპარეს"

„ჩვენ არავის კოლონიად ყოფნა არ გვსურს“: ვენესუელის მთავრობა სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს // ნიკოლას მადუროს რეჟიმი აშშ-ის სამხედრო რეიდის შემდეგ“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 5 იანვრის ნომერში, რომლის ავტორები ანა როდრიგეს-ბრაზონი და ჯო დენიელსი ამჟამად კარაკასში იმყოფებიან და მდგომარეობას საკუთარი თვალით ნანახის შესაბამისად აღწერენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის სპეცოპერაციის შემდეგ, რომელმაც წერტილი დაუსვა ნიკოლას მადუროს 13-წლიან მმართველობას, კარაკასის ქუჩებში საოცარი და საშინელი სიჩუმე იდგა: ტრანსპორტი არ მოძრაობდა, მაღაზიები დაკეტილი იყო, ქუჩები - პრაქტიკულად უკაცრიელი. შემდეგ, ნელ-ნელა, თავმოკვეთილი რეჟიმი კონტროლის აღდგენას შეეცადა.

პოლიციელები და გასამხედროებული სამთავრობო ქვედანაყოფის - „კოლექტივოსის“ წევრები ქუჩაში გამოვიდნენ. კარაკასის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის -„მირაფლორესის“ წინ, დიდი ეკრანი დაიდგა, სადაც ონლაინრეჟიმში გადაიცემოდა ინფორმაციები მთავრობისა და ნიკოლას მადუროს მხარდასაჭერად.

დაიწყო აქციები მოტაცებული დიქტატორის მხარდასაჭერად: "მირაფლორესის" ახლოს შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ: „დაგვიბრუნეთ მადურო!“ და ხელში პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც გამაფრთხილებლად ეწერა, მთავრობის საყურადღებოდ; „ვინც უნდა იყოს ქვეყნის მეთაური, არანაირი გარიგება არ დაიდოს ვაშინგტონთან“, „არც ერთი წვეთი ვენესუელური ნავთობი აშშ-ისთვის, ვიდრე მადურო სამშობლოში არ დაბრუნდება“. მიტინგს აკვირდებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმლიანი მამაკაცები, ავტომატებით ხელში.

როცა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნიკოლას მადურო ამერიკულმა სპეცრაზმმა გაანეიტრალაო, ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი ანუ ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი, 12 საათის განმავლობაში არსად გამოჩენილა. იგი პრაგმატიკოსის რეპუტაციით სარგებლობს ქვეყნის მთავრობაში, რომლის წევრთა უმრავლესობა ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა, თუმცა ვიცეპრეზიდენტს ამჯერად, შაბათს, როცა იგი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა, საკუთარი პრაგმატული ხედვა - ვაშინგტონთან გარიგების სურვილი - არ გამოუმჟღავნებია.

„ვენესუელაში მხოლოდ ერთი პრეზიდენტია და მას ნიკოლას მადურო ჰქვია“, - განაცხადა დელსი როდრიგესმა ტელევიზიით, პირდაპირი ჩართვით, მაღალჩინოსნებთან ერთად - შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ჩათვლით. იქვე იდგა მისი ძმა ხორხე, ცნობილი პოლიტიკოსი. „ჩვენ არავის კოლონია არ ვიქნებით. ის, რასაც ვენესუელას უკეთებენ, ბარბაროსობაა“, - ხაზი გაუსვა ვიცეპრეზიდენტმა.

ეს იყო აშკარა უარყოფა იმისა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა პრესკონფერენციაზე - თითქოსდა, ვენესუელის ვიცეპრეზიდენტი, რომელიც შეთავსებით ნავთობის მინისტრიც არის, ამერიკელებს ნავთობით მდიდარი ქვეყნის მართვაში დაეხმარებოდა. „დელსი როდრიგესი თანახმაა ჩვენთან თანამშრომლობისათვის. იგი მზადაა, რომ ვენესუელა ისევ დიდებული ქვეყანა გახდეს“, - თქვა აშშ-ის ლიდერმა. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა ვენესუელის ვიცეპრეზიდენტს: „მე კარაკასის მოქმედებას საქმით შევაფასებ და არა იმით, თუ რას ამბობენ ისინი საჯაროდ, მოსახლეობის გასაგონად“.

შაბათს, საღამოს, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ოფიციალურად დაავალა დელსი როდრიგესს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, მას პრეზიდენტის მოვალეობა შეესრულებინა. კვირას კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ როდრიგესი ჭკვიანად არ იქნება და ვაშინგტონის მითითებებს არ შეასრულებს, მას უარესი ბედი ელოდება - უფრო ცუდი, ვიდრე - ნიკოლას მადუროს“.

მოქალაქეები, რომლებსაც „ფაინენშელ ტაიმსის“ კორესპონდენტი ესაუბრა კარაკასში, ღიად აკრიტიკებდნენ მთავრობას იმ რეპრესიების გამო, რომლებსაც ხელისუფლება მიმართავდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თითქმის 16 თვის განმავლობაში.

„რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ნიკოლას მადურო დაემხო, მაგრამ დელსი როდრიგესის პრეზიდენტად დატოვებაც არანაირად არ შეიძლება“, - ამბობს ვილა ოვედო, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც აფთიაქში მიდიოდა წამლის საყიდლად, - „იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია დამშვიდდება და დელსის ადგილს ედმუნდო დაიკავებს“. ვილა ოვედოს მხედველობაში ჰყავდა ედმუნდო გონსალესი, რომელიც 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებში აშშ-მა გამარჯვებულად აღიარა - მას შემდეგ, რაც მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, მარია მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ოპოზიციის გამოთვლით, გონსალესმა მადუროსთან შედარებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო.

მთავრობის მხარდამჭერი მირიამ ბოლივარი ამბობს, რომ: „ყველა კეთილი ნების გამომხატველი ვენესუელელი, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს, ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ და აღშფოთებულნი ვართ იმ დანაშაულებრივი მოქმედებით, რაც აშშ-მა ჩაიდინა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ... მათ ჩვენი პრეზიდენტი გაიტაცეს!“.

„ჩვენ ვითხოვთ ნიკოლას მადუროს დაბრუნებას“, - აცხადებს მარიან კორენიო, რომელიც მეზობლად მდგარ სოციალურ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს, მადუროს წინამორბედ უგო ჩავესის დროს აშენებულ კორპუსში, - „აშშ ისე მოქმედებს, თითქოსდა, მას მთელი მსოფლიო ეკუთვნის“.

არტურო სოსა, პენსიონერი, რომელიც პურს ყიდულობდა უბნის საცხობში, აღნიშნავს, რომ „ახლა, როცა ტრამპმა მადურო წაიყვანა და მიიღო ის, რაც უნდოდა, დელსი როდრიგესმა არჩევნები უნდა დანიშნოს და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს“.

შაბათს, მთელი დღის განმავლობაში, მაღაზიების უმრავლესობა კარაკასში დაკეტილი იყო. მოსახლეობა ქუჩაში აქა-იქ თუ ჩანდა. უმრავლესობა სახლებში, ტელეეკრანების წინ იჯდა და ახალ ამბებს უსმენდა იმის გასაგებად, თუ რა მოხდა და ქვეყანას ვინ მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ: ოთხწლიან ომში ჩაფლული პუტინი შურით სკდება - ტრამპმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 40 წუთში ჩაამთავრა...

10 მოვლენა, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო - რა ემუქრება დონალდ ტრამპს?!

"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

"რატომ აშენებს სომხეთი მსოფლიოში იესო ქრისტეს ყველაზე მაღალ ძეგლს?!" - Der Spiegel

კვირას, 4 დეკემბერს, ვენესუელის დედაქალაქი გამოცოცხლდა: ქუჩებში მოძრაობამ იმატა და ხალხიც გარეთ გამოვიდა. აქციები გრძელდებოდა, იგეგმებოდა ნიკოლას მადუროს მომხრეთა მსვლელობები. ვენესუელის ეროვნულმა ავიაკომპანიამ საერთაშორისო და შიდაფრენები განაახლა. მაღაზიები გაიხსნა, მაგრამ გრძელი რიგებით, მოსახლეობა საკვებს და სასმელ წყალს იმარაგებდა. იგივე ხდებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც უამრავი ავტომობილი იდგა საწვავის მოლოდინში.

საინტერესოა, რომ ოპოზიციონერთა საჯარო გამოსვლები ქუჩებში არ ხდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი უშიშროების ძალების მიერ მოწყობილი მრავალრიცხოვანი პოსტები და გაძლიერებული პატრული იყო.

ოპოზიციონერმა მარია მაჩადომ, ნობელის პრემიის ლაურეატმა, მაღალ დონეზე შეაფასა აშშ-ის სპეცოპერაცია ნიკოლას მადუროს შეპყრობის თაობაზე და განაცხადა, რომ ედმუნდო გონსალესი „დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს თავის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას, ვენესუელის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე“. მარია მაჩადო დეკემბრიდან ნორვეგიაში იმყოფება, ნობელის პრემიის მისაღებად, რისთვისაც მას კანონის დარღვევა მოუხდა - აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ მაინც მოახერხა. ედმუნდო გონსალესი ესპანეთში იმყოფება (ემიგრაციაში) და 5 იანვარს კარაკასში დაბრუნებას აპირებს. თვითონ მარია მაჩადო ვენესუელის პრეზიდენტად დონალდ ტრამპმა არ ისურვა - აშშ-ის ლიდერმა კატეგორიულად უარყო მისი კანდიდატურა.

კარაკასში კვირა დღის განმავლობაში ავიაბაზა „ლა კარლოტადან“ კვამლი ამოდიოდა, მიყენებული სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამბობენ, ზოგიერთმა სამხედრო მოსამსახურემ არმიიდან დათხოვნა გადაწყვიტა, რეპრესიების თავიდან ასაცილებლად.

ერთ-ერთი ტაქსის მძღოლის თქმით, მის საცხოვრებელ კვარტალში „კოლექტივოსის“ წევრები მკაცრად აკონტროლებენ ქუჩებს და მძღოლებს მოუწოდებენ, დროებით გარეთ გამოსვლისაგან თავი შეიკავონ: „ისინი მთელ საცხოვრებელ მასივში დადიან და სიტუაციას თვალს ადევნებენ“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ