ტრამპი "პანდორას ყუთს" ხსნის - ვენესუელას შემდეგ კოლუმბია, მექსიკა და... გრენლანდიაც?! - კვირის პალიტრა

ტრამპი "პანდორას ყუთს" ხსნის - ვენესუელის შემდეგ კოლუმბია, მექსიკა და... გრენლანდიაც?!

ვენესუელის პრეზიდენტის წარმატებით მოტაცების შემდეგ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს „მადა ჭამაში მოსდის“ და არ გამორიცხავს უკვე... კოლუმბიისა და მექსიკის „დასჯასაც“, ხოლო შემდეგ კი - დანიის გრენლანდიაში ამერიკული ვარსკვლავებიანი დროშის აფრიალებასაც...

საპრეზიდენტო თვითმფრინავის - Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების წინაშე, შესაძლოა, კოლუმბია და მექსიკაც აღმოჩნდნენ, თუ ისინი არ შეამცირებენ შეერთებულ შტატებში უკანონო ნარკოტიკების ნაკადს.

„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, კუბა, რომელიც ვენესუელის ახლო მოკავშირეა, „როგორც ჩანს, მზადაა თავისთავად დაეცეს“, აშშ-ის სამხედრო ქმედებების გარეშე.

„ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს იმავე Air Force One-ის ბორტზე.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენჯერმე, არცთუ ხუმრობით და დაჟინებით, აშშ-ის ახალ შტატად „გადაქცევა“ შესთავაზა ჩრდილოეთელ მეზობელს - კანადას...

გამოდის, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს სრული ამერიკული დომინირება დაამყაროს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე, რის აღსასრულებლად ის არც ამ სუვერენული ქვეყნების პრეზიდენტების მოტაცებაზე იტყვის უარს და არც იქ ამერიკული საექსპედიციო კორპუსების გადასროლაზე...

ეს კი ძალზე წააგავს ერთგვარი „პანდორას ყუთის“ გახსნის მცდელობას, რამაც შეიძლება დიდი უბედურება მოუტანოს, ერთი მხრივ, ამერიკის კონტინენტების ქვეყნებსა და მეორე მხრივ - მთელ მსოფლიოსაც, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის ასეთი ქმედება ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთს ახალი თავდასხმებისთვის მეზობელ ქვეყნებზე, ხოლო ჩინეთს კი -ტაივანის ომით დასაბრუნებლად - თუკი ტრამპს შეუძლია ვენესუელის პრეზიდენტის გატაცება, კოლუმბიისა თუ მექსიკის „დამორჩილება“, მაშინ პუტინს ვინ უნდა აუკრძალოს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა თუ ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის ახალი იმპერიის აღდგენა?

და მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამარჯვებულად მიიჩნევს თავს, მადუროს წარმატებით მოტაცების ოპერაციის შემდეგ, სიტუაცია ვენესუელაში ამერიკული მხარისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ ვითარდება -ვენესუელის ვიცეპრეზიდენტი და მისი მთავრობა არ აპირებენ გახდნენ ტრამპის ყურმოჭრილი მონები და თეთრი სახლის ყველა მოთხოვნები უსიტყვოდ შეასრულონ...

„ჩვენ სრული წვდომა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება წვდომა ნავთობზე და მათ ქვეყანაში არსებულ სხვა რაღაცებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, მათი ქვეყანა აღვადგინოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დაიმუქრა: „თუ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ადმინისტრაციის დარჩენილი წევრები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე, ქვეყანაში ვითარების გამოსწორების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა განახორციელოს“.

ეს კი ნიშნავს ვენესუელაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების საშიშროებას ვაშინგტონისთვის, რის შემთხვევაშიც, ტრამპის არმია შეიძლება, ისეთივე დიდი ომის ჭაობში აღმოჩნდეს, როგორშიც პუტინის საოკუპაციო არმია უკრაინის ომში მეოთხე წელია, „იხრჩობა“...

ასევე დაგაინტერესებთ: ოთხწლიან ომში ჩაფლული პუტინი შურით სკდება - ტრამპმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 40 წუთში ჩაამთავრა...

ტრამპმა მადურო შეიპყრო - რითი განსხვავდება მისი ქმედება პუტინის წამოწყებული ომებისგან?

პუტინის მიერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილი ორი ატომური რეაქტორი ნუთუ უკრაინელმა წყალქვეშა დივერსანტებმა ჩაძირეს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე?!

პუტინს ლუკაშენკოსთვის „ორეშნიკი“ მხოლოდ ოთხ კმ-ზე „შეუწევია“...