"აღიარება თვითმიზანი არ არის" - რას პასუხობენ აფხაზი მარიონეტები თბილისს?! - კვირის პალიტრა

"აღიარება თვითმიზანი არ არის" - რას პასუხობენ აფხაზი მარიონეტები თბილისს?!

აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოდისეი ბიგვავა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ძირითადი აქცენტი კეთდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაზე, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთში სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას, მისი ხალხის ნების ჩანაცვლების გარეშე“, - აღნიშნა ბიგვავამ.

მისი თქმით, „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ განცხადებებს სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია და ხელს არ უწყობს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.

„ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, ყურადღებით და პასუხისმგებლობით განვიხილოთ ნებისმიერი სიგნალი, რომელიც რეგიონული პოლიტიკისადმი უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი თანაარსებობის, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპების მიმართ. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ პირობით, რომ დაცული იქნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპები“, - აღნიშნა ბიგვავამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა